Monday, February 25, 2013

ბლოგზე განთავსებულია გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ტექსტოლოგიური ნაშრომები

მაია ნინიძე. რეალობისა და მითის მხატვრული ინტერპრეტაცია გურამ რჩეულიშვილის ბათარეკა ჭინჭარაულში
(ტექსტოლოგიური და ინტერტექსტუალური დაკვირვებები)
ცნობილია, რომ გურამ რჩეულიშვილისბათარეკა ჭინჭარაულის(იხ. ტექსტი: http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=776) შექმნის შემოქმედებითი იმპულსი გახდა 1959 წლის აგვისტოში მწერლის მეგობრის, მოქანდაკე გოგი ოჩიაურის ორი მონათხრობი (რჩეულიშვილი 2004: 384,385). ერთი ეხებოდა კენტავრის სკულპტურას, რომელსაც ის იმ პერიოდში აქანდაკებდა, მეორე კი - პატარა ხევსური გოგონას თვითმკვლელობას (გოგონა თურმე თამაშში გაერთო და დედისთვის სამკალში საჭმლის წაღება დაავიწყდა. მამამ ამისთვის უსაყვედურა და მან ისე მძიმედ განიცადა ეს, რომ თავი ჩამოიხრჩო). მწერალი დაინტერესებულა, რა ერქვა გოგონას მამას. გოგი ოჩიაურს არ ახსოვდა და უპასუხია, “ვთქვათ, ბათარეკაო”. მითი და რეალობა - კენტავრის სახე, სახელი ბათარეკა და გოგონას თვითმკვლელობა დაუკავშირდა მწერლის იმდროინდელ ფიქრებს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე  და მოკლე ხანში არაჩვეულებრივ მოთხრობად იქცა. ამ შემოქმედებითი პროცესის მემატიანეები  გურამ რჩეულიშვილის ავტოგრაფებია, მაგრამ რამდენადაც ზემოხსენებული თემა მის უფრო ადრეულ ნაწარმოებებშიც აისახა, ვიდრე ხელნაწერებს განვიხილავდეთ და ტექსტს სინქრონულ ჭრილში (მოთხრობის სიბრტყეზე) გავაანალიზებდეთ, საინტერესოდ მიგვაჩნია მცირე დიაქრონიული ექსკურსიც.
ცხოვრება და ხელოვნება: გურამ რჩეულიშვილი მუდმივად ეძებდა პასუხებს მარადიულ კითხვებზე და ამ ძიების პროცესს პარალელურად უზიარებდა მკითხველს. მოთხრობაშიყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა” (1957) ნაჩვენებია ხელოვანის გაორება ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის. მას ვერ გადაუწყვეტია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის. ერთ წუთს ერთი ენატრება, ცოტა ხნის შემდეგ კიმეორე. მძაფრი ცხოვრებისეული განცდა უცებ აღვიძებს მასში შემოქმედს, შემოქმედება კი ისევ აღძრავს ცხოვრებისეულ განცდას: “ახლა ორივენი შორს იყვნენ, ნახატი აკადემიაში იდო, ლეილა სოფელში... სიცოცხლე მაინც სულ სხვაა. უზომოდ მომინდა ისევ ლეილა... ისევ წამოვიდა ახალი კომპოზიცია, ლეილა ისევ იდგა სურათის კუთხეში. “საკმარისია ასეთი ძლიერი განცდა, რომ ახალი ნახატის იდეა მომივიდეს. არა, მოვკლავ ხატვაში ლეილას. თუმცა, ახლა მირჩევნია ლეილა იყოს აქ და მოკლას ხატვა...” (რჩეულიშვილი 2002: 188) ამ შინაგანი მონოლოგის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ხელოვანი ვერც ცხოვრებისეული ბედნიერების და ვერც შემოქმედების გარეშე ვერ ძლებს, ორივეს ესწრაფვის, მაგრამ ორივე ერთდროულად ვერ თავსდება მის ბუნებაში.
მომდევნო წელს დაწყებულ მოთხრობაშიირინა და მე”, რომელიც მწერალმა 1959 წლის შემოდგომაზე დაასრულა, პროტაგონისტი - ახალგაზრდა მწერალი გურამი კლავს საყვარელ ქალ ირინას და თავის ქმედებას ხსნის იმით, რომ მის ბუნებაში შემოქმედების სურვილის მძლავრი ნაკადის შემოჭრამ იგი უნებლიედ ჩაითრია თავის უფლებებში, გაახვიახელოვნების რკინისებურ პრინციპებშიდა წამოუყენა ახალი მოთხოვნები. გურამმა შემოქმედების თვალსაწიერიდან დაუწყო ყურება ცხოვრებას და მისი ყოველი მოთხოვნილება მკრეხელობად მოეჩვენა. შემოქმედებამ მასში სიყვარულის შეთავსებაც კი ვერ შეძლო. იგი საზღვრავდა მის გრძნობასმაღალი აზრის მხატვრული გადმოცემისარასწორი გაგებით”. ლირიკული გმირი ამ მდგომარეობას ადრინდელიდროსტარებისგაგრძელებას უწოდებს და თავის გადაწყვეტილებას - უკვდავყოს მის მიერ მოკლული ქალი ხელოვნების მეშვეობით, თავადვე დასცინის: “ოო, როგორ მომნატრებია ჩემი ოთახი... იქ სხვანაირია ყველაფერი, იქიდან სუპერმენი იბერება, მიზიდავს, ნუთუ ცოტა ხნის წინ მე თავის დახრჩობაზე ვიფიქრე, ?! მიდი, იცოცხლე, იცხოვრე, წერე, გამოისყიდე. დახრჩობა?? არა, ჯერ შენ უნდა ირინას ძეგლი აუგო... მე მას უნდა ძეგლი ავუგო, მხოლოდ მისთვისვე ვრჩები ცოცხალი! სიბრაზის ამოხეთქვასავით იმართება ჩემი სხეული თავისი თავის წინააღმდეგ: გურამ! იყავი მკვლელი, ოღონდ ნუ იქნები მატყუარა! მხოლოდ საკუთარი ვნებისთვის, შენთვის, შენთვის უნდა იცხოვრო შენ, და არა გაქვს არავითარი უფლება, სხვას დააბრალო ეს სიცოცხლე; შენ უნდა იყო, სანამ რამე განცდაა, სანამ არის რამე, საერთოდ, რასაც ხედავ, გრძნობ და გადმოსცემ” (რჩეულიშვილი 2004: 227, 228).
ბათარეკა ჭინჭარაულშიცგრძელდება მწერლის ფიქრი ხელოვნებისა და ცხოვრების ურთიერთმიმართებაზე და აქაც იკვეთება დიდი შინაგანი წინააღმდეგობა. მუდამ სისხლის საქმეებში ჩაბმული და ჩაბურძგნულხასიათიანი ხევსურები საოცრად შემოქმედებითები არიან. “აქ პოეზია განუკითხავად ბატონობს პროზაზე, პოეზია თავისიულოგიკოვნებებითა და გამოხატვის შეუდარებელი დრამატული სიმშვენიერით. შემთხვავითი არ არის, რომ აქ ფოლკლორი, აწყობილი ხევსურული ლექსით, თავისი ღირსების შეგრძნებით, კლასიკურ სიმაღლემდე ადის. ყველა ხევსური, როგორც წესი, პოეტია; ყველაზე კარგს კი იმათგან ის დაწერს, რომელიც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება, ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი, ლექსის თქმამდე”(რჩეულიშვილი 2004: 185, 186). ბუნებით ფაქიზ ადამიანთა ამგვარი გაორების მიზეზი, როგორც ჩანს, ცხოვრებაა. მათ უხეშ ქცევას განაპირობებსრჯულზე უმტკიცესიჩვეულება, რომელსაც დამორჩილებული ჰყავს მათი მგრძნობელობა. კერპ-აგრესიული ხასიათი იპყრობს და ინადირებს ყველაფერს, რისი ფიზიკური წვდომაც შეიძლება, მაგრამ ვერეწევასულს. ამ მიუწვდომლობის ღრმა განცდამ შესაძლოა პიროვნებაში გარდატეხა გამოიწვიოს და აპოვნინოს ის გზა, რითაც ყველაფრის წვდომა შეიძლება, ანუ ხელოვნება.
ამ თემატურ რკალში შემოდის მოთხრობაში კენტავრის მითი. მონადირეს, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ირმის მოკვლა და მაინც მოიწადინა, უცებ მშვილდისმოსაზიდად მოხრილი მკლავი გაუშეშდა, აეყარა ძარღვები წყრთასა და მხარს შუა, არფის სიმებივით გაება და დაეჭიმა. ტანი ცხენს შეეზარდა, რომ არ შეჩერებულიყო მისი ჭენება ნადირის საძებნელად და მეტი სიმწუხარე მიეყენებინა ნადირობის უნარს მოკლებულისათვის; მხოლოდ საისრე მარჯვენა ხელი დარჩა თავის ნებაზე მოძრავი; ჩამოჰკრავდა ამ ხელს სიმებად ქცეულ ძარღვებს და მღეროდა, რადგან არაფერი შეეძლო ნადირობისა და იმ ვნების გამოხატვის გარდა, რომელსაც მასზე მოგონებით სიმებს ათქმევინებდა”(რჩეულიშვილი 2004: 189, 190).
მითოსური ინტერტექსტი: მითოლოგიურ სახეეებს, მათი მრავალფეროვნების, ხატოვანებისა და ტევადობის გამო, ათასწლეულების მანძილზე   უბრუნდებიან მწერლები. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მათზე ალუზიები XX საუკუნის ლიტერატურაში. კენტავრის შესახებ ბერძნული მითის ინტერტექსტზე 1963 წელს ამერიკული მოდრნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჯონ აპდაიკის ცნობილი რომანიკენტავრი" შეიქმნა. იგი მოგვითხრობს განუხორციელებლად ჩაკლულ მისწრაფებებზე, სულიერი და მორალური ღირებულებების დაკნინებასა და უხეშ, უღმერთო გარემოში, სოციალური ქცევის სტერეოტიპების გავლენით, ადამიანის მიერ  საკუთარი სახისა და ცხოვრების არსის დაკარგვაზე. როგორც ვხედავთ, ამერიკულ რომანს არსებითი საერთო აქვსბათარეკა ჭინჭარაულთან”, მაგრამ ნაწარმოების ფილოსოფიური პლასტის შესაქმნელად და პერსონაჟის შინაგანი წინააღმდეგობრიობის წარმოსაჩენად ამ გაორებული მითოსური არსების (ნახევრად ცხენი და ნახევრად კაცი) ბუნება გურამ რჩეულიშვილმა აპდაიკამდე ოთხი წლით ადრე  გამოიყენა, ნაფიქრი კი ამაზე კიდევ უფრო ადრე ჰქონდა, რასაც ადასტურებს სხვადასხვა მოთხრობებისა და დაუმთავრებელი თხზულებების ცალკეული ეპიზოდები (იხ. ცხენისა და კაცის ერთიანობის შეგრძნების შესახებ მარინე რჩეულიშვილის კომენტარები (რჩეულიშვილი 2004: 385).
ცხენკაცების - კენტავრების შესახებ არაერთი ბერძნული მითი არსებობს. ისინი უფრო ხშირად ასოცირდებიან ინსტინქტების ტყვეობასთან, სოფლურ ველურობასთან, სიუხეშესთან, მრისხანებასთან, ნადირობასთან, თრობასა და ძალადობასთან (არისტოფანეს გადმოცემით, ძველ ბერძნულში სიტყვაკენტავრიკოს" ანუ კენტავრულადსიუხეშის" აღსანიშნავად გამოიყენებოდა), მაგრამ არსებობენ სხვაგვარი კენტავრებიც, მაგალითად ჰერაკლეს, იაზონის, აქილევსის, თეზევსისა და ესკულაპის აღმზრდელი, კეთილსინდისიერი და გონიერი ქირონი, რომელიც მომავალ გმირებს მშვილდოსნობის გარდა ლირაზე დაკვრასაც ასწავლიდა (ჰომეროსი 1990) “ბათარეკა ჭინჭარაულშიკენტავრად ქცეული მონადირის მკლავი, რომელზედაც ის უკრავს, როგორც ვნახეთ, არა ლირასთან, არამედ არფასთან არის შედარებული, მაგრამ პითაგორას ფილოსოფიური მოძღვრების მიხედვით, არფაც და ლირაც სიმბოლურად განასახიერებს სამყაროს ჰარმონიას, ხიდს, ცასა და დედამიწას შორის. (ენციკლოპედია)
კენტავრთან დაკავშირებული ზუსტად ისეთი მითოლოგემა, როგორიც გურამ რჩეულიშვილს აქვს გამოყენებული მოთხრობაში, არსად არ გვხვდება, მაგრამ ცალკეული დეტალების მსგავსება მჟღავნდება სხვა ბერძნულ მითებთან და ქართულ ფოლკლორთანაც. ირმის დაჭრის ან მოკვლის გამო ნადირობის ქალღემღთის მრისხანება არაერთ ბერძნულ მითში გვხვდება. საგულისხმოა, რომ რჩეულიშვილის მოთხრობის ადრეულ ვერსიაში მონადირე არა მხოლოდ უმიზნებდა, კლავდა კიდევაც აკრძალულ  ირემს: “..მთელ ღამეს სდია უგონოდ და დილით მოკლა. გატეხა პირი.” ჰერაკლემ კერინეის მთებში დაჭრა და დაატყვევა არტემიდეს ოქროსრქიანი ირემი და ქალღმერთის რისხვას მხოლოდ იმით გადარჩა, რომ ეს არა თავისი ნებით, არამედ ევრისთენეს დავალებით გააკეთა (ბერძნული მითოლოგია).
კეოსის ველზე ბინადრობდა ნიმფებისთვის მიძღვნილი უმშვენიერესი ირემი, რომელთანაც მეგობრობდა მეფისწული კვიპაროსი. ერთხელ, როდესაც ირემი ფოთლოვანში ემალებოდა მზის მხურვალებას, კვიპაროსმა ვერ იცნო თავისი მეგობარი და შუბით განგმირა. ამ გამოუსწორებელი შეცდომის გამო ჭაბუკმა აპოლონს სთხოვა მარადიული გლოვა დაეწესებია მისთვის და მართლაც, იგი ცრემლმდინარე ხედ იქცა (ელინური მითები 1938).
აქტეონის მითში ვხვდებით არტემიდეს რისხვით ადამიანის ირმად ქცევას. ფინიკიელთა მეფის შვილიშვილი, აქტეონი საუკეთესო მონადირე იყო. ერთხელ, კითერონის ტყეში ნადირობისას იგი გადაეყარა ქალღმერთი არტემიდეს მოსასვენებელ წალკოტს და ნახა შიშველი ქალმერთი, რის გამოც მისი რისხვა დაიმსახურა. უკან დაბრუნებულ აქტეონს თავზე ირმის რქები ამოეზარდა, კისერი დაუგრძელდა, ხელები ფეხებად ექცა, ჩლიქები გაეზარდა, მთელი სხეული ბალნით დაეფარა და ირმად იქცა. ჭაბუკი თავის ძაღლებს ჩვეულებრივი ირემი ეგონათ და დაგლიჯეს. (ოვიდიუსი 1977, 206)
კიდევ ერთი ბერძნული მითის მიხედვით, არტემიდემ მისი ირმის მოკვლის გამო აგამემნონს ქარიშხალი მოუვლინა და მიკენის მეფემ ამ რისხვისგან თავის დასაღწევად ქალღმერთს  თავისი ქალიშვილის, იფიგენიას მსხვერპლად შეწირვა აღუთქვა. არტემიდამ სამსხვერპლოზე მიყვანილი იფიგენიას ნაცვლად ირემი შეაწირინა, აგამემნონის ქალიშვილი კი თავის ქურუმად აქცია (Щеглов 2006).
ირმის საკრალიზებული სახე და მისი მოკვლით გმირის ბედისწერის უკუღმა დატრიალება ხშირად გვხვდება ქართულ ფოლკლორშიც. ლეგენდის ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით ამირანმა მოკლა ირემი, რომლის რქებიც ცას სწვდებოდა და როცა აღმოაჩინა, რომ მას შუბლზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული, მიხვდა, რომ ეს დანაშაული მისთვის საბედისწერო გახდებოდა: “მივიდა, ბევრი იტირა, რო ჯვარი ნახა რქასაო”. (ჩიქოვანი 1981, 21).
ირმის, როგორც განსაკუთრებული, საკრალური ცხოველის სახე ქართულ წერილობით წყაროებსა და  ზეპირ გადმოცემებში კიდევ ბევრგან გვხვდება: მეფე ფარნავაზი დაჭრილმა ირემმა მიიყვანა განძთან, მეფე მირიანს ირმებზე ნადირობისას დაუბნელდა მზე, რამაცნინოს ღმერთისაღიარებამდე მიიყვანა, ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდის ერთ-ერთი ძველი რედაქციით გოგირდოვან წყალში განიკურნა მის მიერ დაჭრილი არა ხოხობი, არამედ ირემი. ირმის სახე იდუმალი და საკრალური მნიშვნელობით გადადის მხატვრულ პროზაშიც. ილია ჭავჭავაძისგლახის ნაამბობიირმის მონადირების ეპიზოდით იწყება, შემდეგ კი ხდება ამ ფაქტის განზოგადება და დაკავშირება ადამიანის ცოდვილ ბუნებასთან.  ოთარაანთ ქვრივშიგანსაკუთრებული მხატვრული და შინაარსობრივი დატვირთვა აქვს თევდორეს მიერ ირმის ცოცხლადმონადირებას”.
გურამ რჩეულიშვილიბათარეკა ჭინჭარაულშითითქოს კრებს და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა მითოლოგემათა ელემენტებს: კენტავრის უხეშ ხასიათს, ქირონის მუსიკალურ შესაძლებლობებს;  ირმის საკრალურობას, მასზე ნადირობის აკრძალვას, ირმის მოკვლისთვის ადამიანის გადაქცევას სხვა არსებად (ირმად, კვიპაროსად) და ქალწულისა და ირმის, როგორც მსხვერპლის ურთიერთჩანაცვლებას (მამის მიერ ირმის მოკვლის გამო უნდა დასჯილიყო იფიგენია, მაგრამ შემდეგ ისევ ირემი შეიწირა მის ნაცვლად). სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ხევსურულ კონტექსტში ბუნებრივად ჩასვას ბერძნული მითოსური ელემენტები, მწერალი საგანგებოდ არ ახსენებს სიტყვა კენტავრს, ასევე ცხოველთა მფარველად იხსენიებს არა არტემიდეს, არამედ ოჩოპინტრეს (არაბუნებრივი იქნებოდა, რომ ხევსურ გოგონას ბერძნულ მითოლოგიაზე ფიქრით დაეძინა ყოველ საღამოს), მაგრამ ამ ინტერტექსტების წყაროზე იგი ირიბად მაინც მიგვანიშნებს: “ნახევრად დანგრეულ შატილს ვინც ნახავს, ეგონება, რომ ბერძენმა ღმერთებმა ოლიმპოს მიტოვების შემდეგ აქ გადმოინაცვლეს, ამ პოლისში...”
სხვადასხვა სიმბოლოლოგიური განმარტებებით ირემი მზის, სულის, ჭეშმარიტების ძიების და საიდუმლოსთან ზიარების სიმბოლოა. წმინდა წერილის კომენტატორები ღვთის მაძიებელ სულს ხედავენ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნისეულ მწყურვალე ირემშიც (41: 2). ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელობა კარგად ესადაგება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში არსებულ მითოსურ ინტერტექსტსაც. მონადირეს აკრძალული აქვს ირემზესულზე ნადირობა, კენტავრს კი მისი - სულის წვდომა შეუძლია მუსიკით. ვფიქრობ, რომ რჩეულიშვილის მხატვრული ინტერპრეტაციით მონადირე ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ცხოვრებაზე პირდაპირი ზემოქმედება შეუძლია (ააშენოს, დაანგრიოს, მოკლას, განკურნოს), მაგრამსულის მოხელთება” - არა, კენტავრი კი არის ადამიანი-ხელოვანი, რომელიც სულს სწვდება არა ისრით და შუბით, არამედ ბგერით, ფერით და მხატვრული სიტყვით (მას შეუძლია განაცდევინოს - გაახაროს, აატიროს, სიბრალული ან სინანული აღუძრას).
მწერალი ვერ შეცვლის იმას, რაც ცხოვრებაში მისგან დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ მას შეუძლია, რომ მომხდარის განცდაში და ამ განცდილით სულიერ ამაღლებაში დაეხმაროს მკითხველს. მისთვის მთავარი ის არის, თუ რას იგრძნობსჩაბურძგნულხასიათიანიცოცხალიბათარეკაამ მოთხრობის წაკითხვისას, ისევ ჩაწიხლავს საკუთარი გულის სიღრმეში მიმალულ სიფაქიზეს და ჯიუტად შეეცდება, რომ ყველაფერი, სულიც კი, ძალით  დაიმორჩილოს, თუ გაიღვიძებს და მიხვდება, რომ არაფერს, არცერთ საქმეს  დედამიწის ზურგზე ფასი არა აქვს სიყვარულის გარეშე. პავლე მოციქულის თქმით: “ენათა-ღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნოებაი, ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არავე რაი ვარ. შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა”(1 კორინთ. 13, 1-3).
მოდერნისტული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი ვიკი მეჰეფი ჯეიმს ჯოისისულისესანალიზისას წერს, რომ გმირის მარცხი შესაძლოა მკითხველის გამოცოცხლების საწინდარი გახდეს: “ტექსტის მსგავსად, მკითხველი (ფურცელია), მაგრამ ესაა მთვლემარე, შევსებული, შესწორებადი ფურცელი, რომელსაც სხვების გაღვიძების უნარი შესწევს. მკითხველის ახალი ცხოვრება მაშინ იბადება, როდესაც მას ჯვარზე აკრავენ სხვა მკითხველები ან ტექსტი, ან კიდევდამარცხებული (და არა წარმატებული) გმირი (მეჰეფი 2008).
ბათარეკა და მონადირე: მოთხრობაში შეინიშნება პარალელები ბათარეკასა და ლეგენდისეულ მონადირეს შორის: “აღუკვეთა მას (მონადირეს) ნადირი...” || “ვერ ეგუება... ზამთრის უმოქმედობას” (ბათარეკა); “არაფრის კეთება არ შეეძლო მონადირეს გარდა ნადირის ხოცვისა” ||  ძლივს მიეჩვია ოჯახს ბათარეკა ჭინჭარაული”; “დადის ახლა (მონადირე), ეძებს ფსიტს, ნიამორს, ჯიხვს... საკმარისია თვალი მოჰკრას ჭიუხის ბოლოში, რომ ისინი გაქრნენ... ჩამოხმა ვაჟი, გაუტყდა სხეული” ||  თავისუფლად დადიან ჭიუხებიდან ქვევით დაწეული ჯიხვები. გმინავს ბათარეკ...”; “მოუვიდა ისევ ნადირი (მონადირეს), აევსო ხორცი, აუყვავდა სული, ამღერდა მისი ბუნება” || “...ჩათბა სახლში (ბათარეკა), თითქოს დაიღალა და მოეწონა საქალო საქმე”; “არცერთი წამით არ ავიწყდებოდა (მონადირეს), რომ არ უნდა მოეკლა ხარირემი” || “არ დატოვა არცერთი კუთხე აუქოთებელ დაულაგებელი და ზემო კოშკში ავიდა მესამე დღეს”; “სხივები ქედის გასწვრივ გაწვნენ და დააბრმავეს თავისი სიმშვენიერით მონადირე” || “მზიას... ქუთუთოები უფრო გაუბრწყინდა მამის დანახვაზე. გული მოულბა ბათარეკას და თვალებმა არგამოსამჟღავნებლად უფრო ავად დაიწყეს ყურება”; “მთის დატეხილ ხერხემალზე ხეობიდან ავარდნილ ხარირემს გამოუდგა (მონადირე), მთელი ღამე სდია გონებაგაშავებულმა და დილით მიეწია” || “ასულის თვალების მოშორებამ თავისი მაგნიტური წრისგან გაუშვა ის (ბათარეკა) და... ბრაზის გადმონთხევის საშუალება მისცა”.
ოჩოპინტრეს მიერ დასჯილ მონადირეს და ზამთრის გამო სახლში ჩაკეტილ ბათარეკას ორთავეს საშინლად აწუხებს ის, რომ ვერ აკეთებენ ჩვეულ საქმეს. შეწყალების შემდეგ ნადირთმფარველი სამოქმედო არეალს შეუზღუდავს მონადირეს და ბათარეკაც იძულებით გადაერთვება სახლის საქმეზე, მაგრამ ბოლოს ერთს მზის სხივის, მეორეს კი მზიას გაბრწყინებული თვალების დანახვაზე ახსენდებათ, რომ არის რაღაც, მათ საქმეზე უფრო მშვენიერი, მაგრამ მათთვის მიუწვდომელი და დაბრმავებულები ცდილობენ ამ მიუღწევლის ძალით მოხელთებას.
სხვაგვარი ხდება ცხენკაცად ქცეული მონადირე. მას ნადირის მხოლოდ დევნაღა შეუძლია, მაგრამ არა მონადირება, რის გამოც  ვერმიღწეულის ვნება კიდევ უფრო უძლიერდება, მაგრამ მას ახლა სხვა იარაღი აქვსარფად ქცეული მკლავი და სიმღერა. მისი ტანჯვა მთავრდებაამოთქმით”, მაგრამ მაშინვე ახლდება ახალი სიტყვების, ფერებისა და ბგერების ადევნებით.  
მზე და მზია: მოთხრობაში მზიას გამოჩენის წინ ასე გვამზადებს ავტორი: “აღარ არიან ქედების ძირში ნაზი იები, აღარ იკრიფება ქედზე შეფენილი შავშალა ხილი...” მზია ამ გაყინულ გარემოში ამოსული მარტოსული ყვავილიალამაზი და ფაქიზი. ის არის აღსავსე ერთადერთი გრძნობით, რომელსაცვერ არქმევს სახელს", ალბათ იმიტომ, რომ სახელს არქმევენ საგნებს და მოვლენებს ერთმანეთისგან განსასახვავებლად, მზიას კი ერთადერთი გრძნობა ჰქონდა, ის ერთ დიდ სიყვარულად აღიქვამდა მთელ სამყაროს და ერთი დიდი სიყვარულით უყვარდა ირგვლივ ყველაფერი. მზია არ არის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული პორტრეტი. იგი სახე იდეაა, რომელიც გვეხმარება მთავარი პერსონაჟისბათარეკას რთული ხასიათის გახსნაში. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მოთხრობის სათაურიაბათარეკა ჭინჭარაულიდა არამზია”, ან რაიმე სხვა. მზია არის მზესითბო და სინათლე. ის არის სიყვარული და სიფაქიზე, რომელიც ჩაკლა თავის თავში ბათარეკამ. ამიტომაც მზია, რომელიც კიბის საფეხურებსაც კი სიყვარულით აღავსებს, ვერ ალბობს მამის გულს.
ბათარეკას საყვედური მზიასადმისოფლის" თვალთახედვით ლოგიკურია, რადგან აბლაბუდები რეალურია, მაგრამ არსებობს უფრო მაღალი, ზეადამიანური ლოგიკაც, რომლისთვისაც გულის სითბო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოყვანილი ტყავი, გარჩეული სისხლის საქმეები და ჩამოწმენდილი ჭერი. ეს ლოგიკა მისაწვდომია მხოლოდ იმათთვის ვინც ესუკეთესი ნაწილი გამოირჩია” (ლუკა 10, 42). მზია ამ ლოგიკით არის მართალი. იგი ყველაზე ძვირფას თესლს - სიყვარულს თესავს და მისი თვალები იმდენად არის სავსე ამ გრძნობით, რომ აბლაბუდებს ვერც კი ამჩნევს.
მზია სრულიად განსხვავდება უსიყვარულო მოვალეობებით შეკრული იმ საზოგადოებისაგან, რომელიც მას გარს აკრავს. “თითქოს არ იცნობს მზია სოფლის მცხოვრებლებს, თავისი დედ-მამაც კი არ იცის როგორია..." სამყაროში, რომელსაც იგი ხედავს, ყველაფერი ერთმანეთშია არეული: “კაცები, კოშკები, საქონელი, შუღლი და თვითონ". კაცები ამ საზოგადოების დომინანტური ძალაა, კოშკები, მათი მოსაწყენი ცხოვრების ასპარეზი, საქონელისისხლის გამოსასყიდი, შუღლი კიცხოვრების წესი. მზია თითქოს გაურბის ამ ყველაფერს და ცდილობს თავი შეაფაროს უზარმაზარ ცხვრის ქურქს.
ბათარეკასა და მზიას სახეები პირველად გაჩნდა დაუმთავრებელ რომანში სათაურითსაიდან მოვდივარ, საით მივდივარ, რა მინდა”. მასში გვხვდება რემდენიმე მოთხრობის, "ბათარეკა ჭინჭარაული", "ნათელა" დადევების ცეკვა" ელემენტები. ავტოგრაფის პირველსავე აბზაცში რომანის მთავარი პერსონაჟის, ავტორის ალტერ ეგოს - თბილისიდან ხევსურეთს ჩასული 25 წლის გურამის შესახებ ვკითხულობთ: “...აღგზნებული იდგა მთის წვერზე. ქვევიდან ამოდიოდნენ რძისფერი ნისლები... ფარავდნენ ყველაფერს, მხოლოდ მის გარშემო ჭაუხის დაკიდებული ფერდები იდგნენ შიშველი, შავი... ის მაგრად გაეხვია თეთრ ცხვრის ქურქში და გაირინდა... ჯანღი მოედო აქამდე შიშველ ქედებსაც... ნეტარი უსურვილობა დაეუფლა ყველაფერს... გაუქრა ყოველგვარი ნდომა... დაეკარგა ყოველგვარი შეგრძნებები, გარდა ამქვეყნიური, თუ ზედმეტად მიწიერი ნეტარებისა...” ეს იმდენად სუფთა განცდაა, რომ ავტორი მას დედის ძუძუს დაწაფებული ჩვილის განცხრომას ადარებს.
მწვერვალზე მდგომი, ცხვრის ქურქში გახვეული ეს ყმაწვილი, ჯერ შავ-თეთრი ფერების, შემდეგ კი შავის სრული ბატონობის ფონზე ისევე გამოიყურება, როგორც ბათარეკას ასული მზია: “დაუსრულებლივ დევს თოვლი... ზის კოშკის ზემოთა მუხლში ქურქების შუაში ჩამჯდარი მზია... ვიწრო სარკმლიდან იყურება დღე, როცა ფიფქები ჩანან, ღამე, როცა თოვლიც კი შავდება... სიმარტოვისაგან განსაკუთრებით კარგად გრძნობს მზიას სხეული, რომ ის უნაკლოა, ამ შეგრძნების მუდმივი თანხლება, სხვისი ყოფნის უსურვილობის ზღვრამდე, კარგსა ხდის მას... მხოლოდ უზარმაზარი ცხვრის ქურქი, რომელშიაც ის გახვეულა, ეალერსება მის სხეულს...” დაუმთავრებელი მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით, ხევსურეთში ჩასული გურამი შემთხვევით უნდა შეხვედროდა მზიას. შავი ავტოგრაფებიდან მოთხრობის საბოლოო ვერსიამდე მომხდარი უამრავი ცვლილების მიუხედავად, ცალკეული კონკრეტული სახეების შენარჩუნება და გადატანა ტექსტის საბოლოო ვარიანტში, მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. შავი გარემოს ფონზე თეთრი ცხვრის ქურქი ერთ-ერთი ასეთი დეტალია. ეს ის მიკროსამყაროა, რომელიც ვნებებს აცხრობს და უსურვილობის ნეტარება მოაქვს. დაუმთავრებელი რომანის ერთ მონაკვეთში პირდაპირ არის თქმული: “დიდი ცხვრის ქურქი, რომელშიაც მაგრა გახვეულა გურამი, იცავს მას გარე სამყაროს ზედმეტი შეგრძნებისგან და სასიამოვნო ჰარმონიასა ქმნის". ამ ორი ეპიზოდის შედარება სხვა მხრივაც არის საინტერესო. მათი მსგავსება მიგვანიშნებს, რომ მზიას სახეში მწერალმა საკუთარი განცდებიც განასხეულა, მაგრამ თუ გურამს მალე კვლავ უჩნდება მიუწვდომლისკენ სწრაფვის ჟინი, მზია მუდმივად იმ ქურქში რჩება. იგი თავის სურვილებს ვერც სიტყვად და ვერც საქმედ ვერ აქცევს, მხოლოდმატყლში ჩარგული ტუჩებით ასუნთქებს ტყავსაბანს”. მართალია, მზიას სამყარო ბოლომდე თვითკმარი არ არის, ის ელოდება რაღაცას თუ ვიღაცას, მაგრამ არა ცვლილებას, არამედ გაგრძელებას, გავრცობას. ელოდება მისნაირს (ასეთი შეხვედრა მისნაირთან ხდებანათელაში”), რადგან რაიმე უცხოს, მაგლითად, გარემომცველი შურის, მტრობის, მრისხანების თუნდაც მცირე დოზით მიღების შემთხვევაში, მზია უკვე აღარ იქნება ის, ვინც არის – “შეურევნელისიყვარული. კერპ-აგრესიული გარემო ყველგან შეღწევას ცდილობს. ამიტომ მზია მართლაც დგება სულიერიარადქცევისსაშიშროების წინაშე, რისი ალტერნატივაც ხდება  მისი ფიზიკური სიკვდილი.
მზიას განსხვავება მისი გარემომცველი სამყაროსაგან ნათლად ჩანს თავისი სახელებისადმი დამოკიდებულებაშიც. “მზია" მოსწონს ალბათ იმიტომ, რომ იგი მზეს, სითბოსა და ნათელს უკავშირდება და ამ ყველაფერს ის რეალურად გრძნობს საკუთარ თავში, “თამარიმთიელთათვის საფიცარი, ღირსეული და სათანადოდ დაფასებული მეფე-ქალის სახელია, დანარჩენი ორი - “სანდუა და ბუბაკი არის იმ ყოფის ანარეკლები, რომელიც გარს აკრავს მზიას და ამიტომაც ეჯავრება. “ისინი პატარას მომავალ ქმრიან ჯაფაზე უყვებიან ქვეშეცნეულად”, აღნიშნავს ავტორი და თუ მოთხრობას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რა ჯაფა და რა დამოკიდებულებებია ის, რაც განიზიდავს და აშინებს მზიას. მხოლოდ მოვალეობით, უსიყვარულოდ გაკეთებული საქმე, უაზრო, სასტიკი წესები, ცხოველური ინსტინქტები. შატილელი კაცები: “იტაცებენ საქონელს, იღებენ სისხლს, ტეხენ დავას და თვითონ ავალიანებენ სხვებს... წივისა და ვნების სუნით ივსება მთელი სოფელი, ბოლავს, ჟინს იკლავს, იღვივებს, არაყსა ხდის, ლუდსა სვამს და ღრეობს...”
მწერლის დის, მარინე რჩეულიშვილის კომენტარებიდან ვიგებთ, რომ სახელიმზიაუკავშირდება გურამ რჩეულიშვილის პირველ სიყვარულს (რჩეულიშვილი 2004 199), მაგრამ, რამდენადაც მოთხრობაში ხდება ბათარეკას ასულის ოთხი სახელის კონცეპტუალური დაპირისპირება, ვფიქრობთ, რომ ამ - პირადული მოტივით გაკეთებულ - არჩევანში მწერალი განზოგადებულ ინტერპრეტაციასაც დებს. მზიას სახე უკავშირდება მზეს, ნათელს. მისი მსგავსია მოთხრობა "ნათელას" მთავარი გმირი, რომელსაც მზიას ნაცვლად ჰქვია მსგავსი კონცეპტის შემცველი სახელინათელა”. ჩვენი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ "მზია", "ნათელაც" კი იმ რეალურ პიროვნებას უკავშირდებოდეს, ვისშიაც მწერალი ხედავდა სულიერი ნათლის განსახოვნებას, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ სახელთა სემანტიკური რაობაც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მზია არ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ სახე-ხასიათს. ამიტომაც არ არის მასში არავითარი გაორება. ასე რომ არ იყოს, მოთხრობაში, სადაც კვანძის გახსნა მზიას თვითმკვლელობას უკავშირდება, ის მაინც იქნებოდა ნაჩვენები, თუ რა განიცადა მან ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმამდე. გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვისას აქცენტები განცდებზე უფრო კეთდება, ვიდრე ქმედებაზე, აქ კი ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ამის შესახებ.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ბათარეკას ასულმაგამქრალი შუაცეცხლის ჯაჭვზე ჩამოიხრჩო თავი”. ქართული ტრადიციით კერიაზე დანთებული, შუაცეცხლი, ისევე, როგორც დედაბოძზე გამოსახული ბორჯღალი, მზის სიმბოლო იყო და იმაზე მიანიშნებდა, რომ სანამ იქ ცეცხლი ენთო, ოჯახს მზე და სიკეთე არ მოაკლდებოდა. ბათარეკას ოჯახში მზის სიმბოლოშუაცეცხლი და მზია ერთადგაქრა”. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ სიმბოლურია არა მხოლოდ მზიას სახე, არამედ თვითმკვლელობის ფაქტიც, როგორც სიუჟეტური დეტალი.
ნამდვილი, ხორცშესხმული, ფსიქოლოგიური სახე-ხასიათი ამ მოთხრობაში ბათარეკაა. ავტორს კარგად აქვს დანახული მისგაორებული ბუნება. შინაგანად უხეშ თანასოფლელებს საკუთარი სასტიკი ყოფა პრობლემებს არ უქმნის. იგი ტანჯავს მხოლოდ ბათარეკას, რომელიც ბუნებით მგრძნობიარეა, მაგრამ გარემოსთან შეგუებამ, სოფლის წესის მიყოლამ ჩაკლა მასში ყოველგვარი სიფაქიზე და დაუტოვა მხოლოდ მოვალეობის გრძნობა. მოვალეობის გრძნობა, რომელიც საეჭვო ზნეობრივ კანონებზე იყო აგებული. ბათარეკას გაორებული ბუნების შესახებ ავტორი პირდაპირ ამბობს: “ბუნებით ნაზი, ავაზაკივით უჟმური იყო ხასიათითა და ქცევით ბათარეკ". მზია კი თავად სიყვარულია, რომელიც გაუხეშებულ გარემოში თავისით კვდება. ჩვენი აზრით, უმართებულო იქნება ამ პერსონაჟის სახის ფსიქოანალიზი ან მისი ქმედების მორალური განსჯა. ქრისტიანული სწავლებით თვითმკვლელობა მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ დაუშვებელია ნაწარმოების მხატვრული პლასტის სიტყვასიტყვითი გაგება და მასზე დაყრდნობით რაიმე დასკვნების გაკეთება.
ვფიქრობ, რომ გურამ რჩეულიშვილის ეს მოთხრობა კენტავრის ლირის მსგავსად უფრო შორს მწვდომია, ვიდრე მონადირის ისარი. იგი ხვდება მკითხველის გულს და არ შეიძლება, რომ მასში სინანულის გრძნობა და სიყვარულის ნაპერწკალი არ გააჩინოს. 

დამოწმებანი:

ბერძნული მითოლოგია Греческая мифология, greekroman.ru/leg/hercules.htm
ელინური მითები 1938: “ელინური მითები”, ნაწ. I, თბ. 1938.
ენციკლოპედია: Энциклопедия знаков и символов, sigils.ru/symbols/arfa.html
მეჰეფი 2008:  ვიკი მეჰეფი "ჯეიმს ჯოისის კითხვისას", თარგმნა თამარ ლომიძემ "არილი", 12 ოქტომბერი, 2008.
ოვიდიუსი 1977: Публий Овидий Назон. Метаморфозы. книга III Перевод с латинского С.В. Шервинского. М., Художественная литература, 1977. 
რჩეულიშვილი . 2002: რჩეულიშვილი გურამ, თხზულებები ექვს ტომად. . 2, 2002.
რჩეულიშვილი . 2004: რჩეულიშვილი გურამ, თხზულებები ექვს ტომად. . 3, 2004.
ქართული ფოლკლორი 1981: ქართული ფოლკლორი X, “მეცნიერება”, თბ., 1981.
შჩეგლოვი 2006: Г.В. Щеглов, В. Арчер. Мифологический словарь (Ифигения), Астрель, 2006.
ჩიქოვანი 1981: ჩიქოვანი ., ამირანის თქმულების პოეტური ჩანაწერები, ქართული ფოლკლორი X, თბ. 1981.
ჰომეროსი 1990: ჰომეროსი, “ილიადა”, XI 832 ძველბერძნულიდან თარგმნა რომან მიმინოშვილმა, თბ. 1990.