ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. საინფორმაციო ბიულეტენი № 1





სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის  კონკურსში გამარჯვებული პროექტი






„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ - ახალი ტექსტოლოგიური კვლევები (ორენოვანი გამოცემა)





ელექტრონული ბიულეტენი

#1












თბილისი
2014





























შინაარსი


ქეთევან ხითარიშვილი         მასალები საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომათა ოქმებიდან

ნანა ფრუიძე                             დამატებითი მასალები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის (ოცტომეული) I-VII ტომებიდან

შარლოტა  კვანტალიანი        დამატებითი მასალები გურამ შარაძის ორტომეულიდან - „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ფოტომატიანე)“  და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული წიგნიდან „ილია ჭავჭავაძის ლექსების, პოემების, თარგმანების, ჩანაწერებისა და პირადი წერილების საარქივო გამოცემა“

მაია ნინიძე                              ილია ჭავჭავაძე - ტექსტოლოგიური კვლევები (ნაწილი პირველი)









































ქეთევან ხითარიშვილი

მასალები საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომათა ოქმებიდან

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში შესატანად საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომათა ოქმების დამუშავების მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწის, სამოქალაქო აქტივობების სფეროების დადგენა–დაზუსტება, მისი სააზროვნო უნარებისა და ტენდენციების ხასიათის გამოვლენა. პიროვნების, ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძის, საქმიანი თუ ფსიქოლოგიური პორტრეტის კვლევის გარდა, აღნიშნული საარქივო მასალა შეუცვლელ წყაროდ გვევლინება  XIX ს–ის  ბოლო პერიოდის საზოგადოების სამოქალაქო კულტურის მრავალშრიანი სურათის წარმოსადგენად. 1987 წელს ილია გორგაძემ და ნოდარ გურგენიძემ შეადგინეს ბიბლიოგრაფიული ხასიათის მატიანე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, თუმცა მასში არ არის შესული წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომათა ოქმების მონაცემები. სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ემსახურებოდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ეს ნაწილი.
პროექტისთვის შემუშავებული პრინციპების თანახმად, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმები, როგორც ოფიციალურ-ფორმალური ფუნქციური სტილის დოკუმენტი, თხრობით, ნარატიულ, ანოტაციურ სტილში გადავიყვანეთ. დაწვრილებით დავამუშავეთ საზოგადოების სხდომათა ოქმების თითოეული მუხლი, მივეცით მათ ინფორმაციულად ტევადი ანოტაციის სახე, დავაზუსტეთ არაერთი ტერმინი. ტექნიკური თვალსაზრისით, თავდაპირველად აღვნიშნეთ სხდომის ოქმის თარიღი (წელი, თვე და რიცხვი), შემდეგ–ძირითადი შინაარსი და ბოლოს წყარო. ანოტაციაში არ შევიდა მომდევნო სხდომისთვის გადადებული საკითხები. ილია ჭავჭავაძისა და საზოგადოების სხვა წევრების მიერ ცალკეულ თემებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობის დანახვა და მისი განხილვის გადადება  კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ პრობლემის მიმართ. გარკვეული საკითხების უკეთ წარმოჩენის მიზნით ვამუშავებდით სხვა წყაროებს და ვაწარმოებდით კვლევას .
ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ ესწრებოდა საზოგადოების მიერ გამართულ ათობით სხდომას, არამედ  თავმჯდომარეობდა მათ. თითოეულ საკითხსა და პრობლემას ის საზოგადოების წევრებთან  ერთად საგულდაგულოდ განიხილავდა და ყველა დადგენილებას ცალ-ცალკე აწერდა ხელს. ის  აქტიურად მონაწილეობდა 1879-1904 წლებში გამართული სხდომების მუშაობაში. 1903-1904 და 1905-1907 წლების ზოგიერთი სხდომის ოქმს, რომლებსაც ილია ჭავჭავაძე არ ესწრებოდა,  ხელს აწერს   ნიკო ცხვედაძე. შესაბამისად, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მხოლოდ იმ სხდომათა ოქმებზე, რომლებსაც, ილია ჭავჭავაძე  თავმჯდომარეობდა ან სიტყვით გამოდიოდა. 
მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში ოქმებში სრულად არ არის მოცემული ამა თუ იმ  პიროვნების ვინაობა. ისინი მითითებულია მხოლოდ გვარით ან ინიციალებით, რითაც რთულდება მათი იდენტიფიცირება და ოქმებში მოცემული ინფორმაციის ადეკვატურად გაგება. კვლევის შედეგად მოხერხდა ასეთი სახით წარმოდგენილი პირების ვინაობა ვინაობის დადგენა. მაგ: ყიფიანი/ [მიხეილ] ყიფიანი – არითმეტიკის სახელმძღვანელოს ავტორი; ნაკაშიძე/ [მელქისედეკ]  ნაკაშიძე– ქართული გალობის ლოტბარი და სხვ.
ბუნებრივია, რომ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმები იმ პერიოდისათვის აქტუალურ საკითხებს მოიცავს. დიდი დრო ეთმობა საზოგადოების ყოველთვიურ ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას, მისი შემოსავლის დაწვრილებით აღნუსხვასა და დაზუსტებას. 1892 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, თვის დასაწისში  საზოგადოების სასარგებლოდ შეგროვდა 1319 მან. 23 კაპ., რომლისგანაც დაიხარჯა 1218 მან. და 60 კაპ. მითითებულია და დაკონკრეტებული ქობულეთის სკოლისა და მწერლის ფონდისთვის გამოყოფილი თანხები. ასევე, ყურადღება ეთმობა საზოგადოებისთვის შეძენილ სარგებლიან საბანკო ქაღალდებს. 1892–1893წწ., 1899წ. და სხვა წლების სხდომის ოქმებში ზედმიწევნითაა დაანგარიშებული თითოეული თვის ფინანსური შემოსავალ-გასავალი.
სხდომებზე განხილული საკითხებიდან  შესაძლოა გამოიყოს შემდეგი საკვანძო პრობლემატიკა:

საგანმანათლებლო საქმე

1879 წელს  ქართველი ინტელიგენციის მიერ დაარსებულმა წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავიდანვე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განათლების მდგომარეობაზე, აღრიცხა სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობა სკოლების გასამართად. საზოგადოების ინიციატივით, სკოლები დაარსდა არაერთ ქალაქსა თუ სოფელში. ოქმებში დაცული  მონაცემებით შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, წინარეხის, თონეთის,  ხელთუბნის, სენაკის, კავკავისა და სხვა სკოლების ისტორიის აღდგენა და შესწავლა[1].  საზოგადოების წევრები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სკოლის მასწავლებლის ვაკანტურ ადგილზე წარმოდგენილი კანდიდატების დოკუმენტაციის შესწავლაში. საზოგადოება სისტემატურად აწვდიდა სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ინვენტარს სხვადასხვა სკოლას.
საარქივო მასალის მიხედვით, ჩანს, რომ საზოგადოებასა და სკოლებს შორის ორმხრივი თანამშრომლობაც არსებობდა. გვხვდება ფაქტები, როდესაც სკოლების ადმინისტრაცია ცდილობდა, საზოგადოებაში ქველმოქმედი ადამიანები გაეწევრიანებინა და ამ გზით ის ფინანსურად გაეძლიერებინა. მაგალითად, 1883 წელს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა - მოსე ნათაძემ საზოგადოებას გაუგზავნა ახალი წევრებისაგან მიღებული 58 მან. და აცნობა, რომ შედგა დრამატული წრე, რომელიც წარმოდგენებს გამართავდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ და ამ მიზნით პიესებს ითხოვდა. საზოგადოების თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძემ პიესების შერჩევა პუბლიცისტსა და საზოგადოების  ერთ-ერთ აქტიურ წევრს - გიორგი თუმანიშვილს მიანდო.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა სკოლებს,  არამედ სისტემატურად  თვალყურს ადევნებდა მათ შინაგანაწესსა და  მდგომარეობას. ისინი განსაზღვრავდნენ სასკოლო პროცესის დაწყებისა და არდადეგების თარიღს.  მათ მიერ დაარსებული სკოლების შესამოწმებლად ხშირად აგზავნიდნენ რევიზორებს.
წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები სხდომებზე ხშირად  განიხილავდნენ ამა თუ იმ სკოლაში შექმნილ პრობლემურ საკითხებს. პირველ რიგში, ისინი ადგილზე  სწავლობდნენ შექმნილ ვითარებას და ცდილობდნენ იქვე მოგვარებას.
1897 წლის 22 აგვისტოს სხდომის ოქმში ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ეხებოდა სენაკის  სათავადაზნაურო სკოლის პრობლემებს. ამ სკოლაში ჯერ კიდევ 1893 წლიდან გაჩნდა მცდელობა, რომ დაწყებითი განათლება მეგრულ ენაზე წარმოებულიყო. ამ იდეის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის წარმოიქმნა დაპირისპირება, რაც წლების განმავლობაში უთანხმოებებს იწვევდა. უთანხმოება  კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორად დაინიშნა პავლე ივანეს ძე სავიჩი. გუბერნიის სკოლების ინსპექტორები კანონით მას ექვემდებარებოდნენ, მაგრამ სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი წინააღმდეგობას უწევდა  უსამართლო დადგენილებების გატარებას, რამაც ვითარება უფრო დაძაბა. 22 აგვისტოს სხდომამ  სენაკის სკოლაში მდგომარეობის  უკიდურეს ზომამდე მიყვანის გამო საყვედური გამოუცხადა როგორც ინსპექტორს, ისე მასწავლებლებს, მაგრამ მიღებული დადგენილებით, სამსონ ყიფიანი ისევ დარჩა თავის თანამდებობაზე (ვიდრე მის საკითხს უფრო დაწვრილებით განიხილავდნენ), სენაკის სკოლის ორი მასწავლებელი კი ჩაანაცვლეს ბათუმის სკოლის პედაგოგებით. სასწავლებლის მთელ კოლექტივს ეუწყა, რომ დაკავებულ თანამდებობებზე მათი სამომავლოდ დარჩენა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი მშვიდ და საქმიან თანამშრომლობას.
რეცენზირების ინსტიტუტი

ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ–ერთი პრეროგატივა რეცენზირების ინსტიტუტი იყო. სხდომაზე ხშირად ამ თუ იმ პიროვნების ნაწარმოებს ან თარგმანს გადასამოწმებლად აძლევდნენ საზოგადოების წევრებს, რომელთა რეცენზიის მიხედვით წყდებოდა მათი გამოცემის საკითხი. კვალიფიციურ და კომპეტენტურ რეცენზენტთა ჯგუფი გარკვეული დროის განმავლობაში სწავლობდა სხვადასხვა თხზულებასა და თარგმანს და მათი დაბეჭდვის  აუცილებლობას ადგენდა. 
1892 წლის 16–18 სექტემბრის სხდომის ოქმის თანახმად,  ალექსი ჭიჭინაძეს განსახილველად გადაეცა ივანე როსტომაშვილის ხელნაწერი ,,შინაური საქონელი და იმისი მოვლა–მოშენება’’.
ალექსი ჭყონიასა და გიორგი წერეთელს გადასამოწმებლად გადასცეს დუტუ მეგრელის მოთხრობა ,,ფეჩეია’’ (1892წ.  25 ნოემბერი)
დააკმაყოფილეს პეტრე უმიკაშვილის თხოვნა მის მიერ ნათარგმნი ორი ნაწარმოების ,,ცისა და ქვეყნის ამბავი’’ და ,,აუცერით ბავშვებს’’ დაბეჭვდის შესახებ და მიანდეს ექ. თაყაიშვილს შემდეგი ხელნაწერების (,,საქართველოს ცხოვრება’’ და ,,ისტორია დარღვევისათვის უკანასკნელ  წმინდა ქალაქისა იერუსალიმისა რომაელთა კეისრისა ტიტესაგან’’)  გადამოწმება (1893 წლის მარტი).

შემომწირველები

ცნობილია, რომ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების მოძიება და შენახვა იყო, რაშიც მას ეხმარებოდა ინტელიგენცია, სასულიერო პირები, რომელთა ჩართულობა საერთო ქართულ საქმეში თანდათანობით ამდიდრებდა და ქმნიდა ქართულ ხელნაწერთა  კოლექციას, რომელიც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელითაა ცნობილი და დღეისათვის დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში (S კოლექცია).  არაერთ ოქმში აისახა შემომწირველების მიერ ისტორიული ხელნაწერებისა და მონეტების შეწირვის ფაქტები, რის გამოც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება პრესის საშუალებით მადლობას უხდიდა მათ. ერთ–ერთ შემომწირველად ჩანს ილია ჭავჭავაძეც.
1893 9 თებერვალის სხდომის  ოქმის თანახმად, მადლობა გადაუხადეს ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილს სხვადასხვა ხელნაწერების (სძლისპირნი, მხედრულით ნაწერი,მე–18 საუკუნე; ანტონ კათალიკოსის მიერ შედგენილი რიტორიკა; ძველი აღთქმის აპოკრიფული წიგნი; ბაქარის მეუღლის, ანნას, წერილი მოსკოვის მიტრიპოლიტს) და თამარ მეფის მონეტების  შეწირვის გამო.
1892 10 მარტის ოქმში ყურადღება გამახვილებულია თ. ი. ჭავჭავაძის შეწირულობაზე. მან  წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მეფე ერეკლე  II-ის, თეიმურაზ II-ის, დარია დედოფლის და კათალიკოსის ანტონ II-ისა სურათები. მისი შეწირულობები საზოგადოებისადმი, რასაკვირველია,  მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა.
1895 წლის 21 თებერვალს ალექსანდრე ზუბალაშვილმა მუზეუმის ასაშენებლად საზოგადოებას გადასცა მიწის ფართობი. 1904 წ. 15 მაისს იმერეთის  ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ საზოგადოებას გადასცა გარკვეული თანხა და 25 წლის იუბილისთვის აღუთქვა ყოველწლიურად ას–ასი მანეთის შეწირვა.
არსებობს ამგვარი შემოწირულობის არაერთი შემთხვევა. სხვადასხვა წლის ოქმების მონაცემებით, ქველმოქმედთა შორის ფიგურირებენ: ალექსანდრე სარაჯიშვილი, იოსებ დავითაშვილი, სტეფანე ზუბალაშვილი, ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელები, ფილიმონ ქორიძე და სხვები.
გარდა შემოწირულობებისა, საზოგადოების სასარგებლოდ იმართებოდა მეჯლისები. ზოგ შემთხვევაში, მეჯლისის ინიციატორი და ორგანიზატორი ილია ჭავჭავაძე იყო (იხ. 1880წ. 27 ნოემბრის სხდომის ოქმი). საზოგადოების შემოსავლის გასაზრდელად კონცერტები და ლატარიის გათამაშებები ტარდებოდა თბილისსა თუ ბათუმში.

წიგნიერების კულტურა და საგამომცემლო საქმე

წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ მიმართულებას – საზოგადოებაში წიგნიერების გავრცელებას – შესაბამისი ბაზისი სჭირდებოდა. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებდა  საგამომცემლო საქმის ხელშეწყობას, სტამბების დაარსება-განვითარებას, რაც ბუნებრივია, საზოგადოების სხდომის ოქმების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ წყაროს მიხედვით, შესაძლებელია იმ პერიოდის ბიბლიოთეკების, წიგნის მაღაზიების და სტამბების ქსელის სრული სურათის აღდგენა.
საზოგადოების ინიციატივით, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები გაიხსნა  საქართველოს არაერთ ქალაქსა და სოფელში: თბილისი, ბათუმი, რუისი, წყალტუბო და სხვ. 1892 წლის 3 მარტის სხდომაზე საზოგადოების წევრებმა დაწვრილებით განიხილეს სახალხო ბიბლიოთეკების გახსნისა და წიგნებით მომარაგების საკითხი, მათი მოწყობის ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, განსაზღვრეს ბიბლიოთეკის გამგის მოვალეობები და მკითხველის მიერ წიგნებით სარგებლობის წესები. გადაწყვიტეს, რომ  ამ მნიშვნელოვანი საქმის მოსაგვარებლად დახმარებისთვის თბილისისა და ქუთაისის ბანკებისთვის მიემართათ.
        იმ 69 სხდომის ოქმში, რომლებიც ჩვენ დავამუშავეთ და წარმოვადგინეთ ანოტაციების სახით, კიდევ არაერთი საინტერესო ფაქტია წარმოდგენილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობიდან და პირადად ილია ჭავჭავაძის ნაღვაწიდან.
      ვფიქრობთ, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმების დამუშავებული და ანოტირებული ვარიანტი დააინტერესებს  საზოგადოების ფართო წრეს, რადგან მასში ჩანს ის ღვაწლი, რომელიც  ამ დაწესებულებამ და მისმა ხელმძღვანელმა – ილია ჭავჭავაძემ გასწიეს საქართველოში წიგნიერების გასავრცელებლად და განათლების დონის ასამაღლებლად. ამ მასალის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის სრულყოფილი სურათის წარმოდგენა. 

ნანა ფრუიძე

დამატებითი მასალები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის
(ოცტომეული) I-VII ტომებიდან

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შესავსებად მასალის მოძიების მიზნით დავამუშავეთ ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებულის (ოც ტომად) პირველი შვიდი  ტომი,  რომლებიც 1987-2005 წლებში დაიბეჭდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1987 წლის მატიანეში თითქმის მთლიანადაა შეტანილი დასახელებული გამოცემის დამუშავებულ ტომებში  წარმოდგენილი  მასალა, მაგრამ გამოვლინდა არერთი ისეთი მონაცემი, რომელიც აღნუსხული არ აღმოჩნდა; ხსენებული მასალა   წინასწარ შემუშავებული პრინციპების მიხედვით განლაგდა  ახალლექტრონულ გამოცემაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა მატიანის შევსება წყაროების შესახებ არსებული ინფორმაციით. აბსოლუტურად ყველა ტექსტს დავურთეთ მონაცემები ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, დაზუსტდა, ხელნაწერი წყარო ავტოგრაფია, ავტორიზებული ასლი თუ უბრალოდ ასლი; ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხელმოუწერელი ტექსტის ატრიბუციისათვის (მაგ.: წერილი „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“ არასოდეს დაბეჭდილა, მისი ხელნაწერი უსათაუროა, უთარიღო და ხელმოუწერელი, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ხელნაწერი ავტოგრაფია (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი # 161), მკითხველისათვის უკვე არგუმენტია, რაც ამართლებს მასალის ელექტრონულ მატიანეში შეტანას;  წერილი „სხარტულა“, რომელიც ჟ. „საქართველოს მოამბეში“ 1863 წელს გამოქვეყნდა ხელმოწერით „გ.ჩ.“.ტექსტი პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა ილიასეულად ჩათვალეს ჯერ კიდევ 1927 წელს, მაგრამ ავტოგრაფის (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი # 163) აღმოჩენა საკითხს საბოლოოდ ჰფენს ნათელს და ა. შ.). ნაბეჭდი წყაროს შემთხვევაში, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, მივუთითეთ, იღებდა თუ არა ილია პუბლიკაციის მომზადებაში მონაწილეობას, რაც თავისთავად ძალზე საყურადღებო ინფორმაციაა. ასე, მაგალითად, მატიანეში არ იყო მითითებული, რომ 1892  მარტში  ილიამ სერიოზულად იმუშავა თავის თხზულებათა პირველი ტომის მომზადებაზე: მან ყველა ტექსტი საგრძნობლად გადაამუშავა და ისე შეიტანა წიგნში. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა, რომ აკადემიურ გამოცემაში ამ ნაბეჭდ წყაროს ხშირად  ავტოგრაფზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 
 ნაბეჭდ წყაროებთან დაკავშირებით ასევე გაირკვა, რომ მატიანეში არ იყო დასახელებული ავტორის სიცოცხლეში განხორციელებული მრავალი გამოცემა და პუბლიკაცია. ნუსხას დაემატა 3 ათეულზე მეტი ახალი ჩანაწერი იმ პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო იყო გამორჩენილი.  გარდა ერთეული ტექსტების პუბლიკაციებისა, გამორჩენილი აღმოჩნდა საკუთრივ ილიას ნაწარმოებების კრებულიც (მაგ.: 1904  წელს თბილისში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების კრებული); ასევე, მატიანეში არ იყო დასახელებული იმგვარი კრებულები, რომლებშიც სხვა ავტორების თხზულებებთან ერთად დაბეჭდილია ილიას ნაწერებიც; ასეთებია, მაგალითად, 1882 წელს გამოსული კრებული „სალამური“, 1892 წელს გამოსული კრებული „ჩანგი“; 1894 წელს ოზურგეთში დაბეჭდილი კრებული; 1895 წელს გამოსული სასიმღერო ლექსების კრებული;  1898 წელს  არქიმანდრიტ კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ შედგენილი „სიტყვიერების თეორია“, რომელშიც შეტანილია ილიას ლექსები; 1900 და 1904 წელს ბათუმში დაბეჭდილი კრებულები; 1906 წელს ივ. გომელაურის მიერ გამოცემული კრებული „ქართველი მწერლები“;  1906 წელს დაბეჭდილი „ბუნების კარი“, რომელშიც გოგებაშვილმა ილიას რამდენიმე თხზულება შეიტანა; 1876 წლის   16–19 მაისს ილია მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრების საქმიანობაში. მატიანე არ უთითებდა,რომ 1876 წლის 18 მაისს  – „დროებამ“ დაბეჭდა ილიას მიერ ამ კრებაზე წარმოთქმული  სიტყვა; ასევე, არ იყო მითითებული, რომ 1902 წელს  „საქართველოს კალენდარში“ დაიბეჭდა ილიას წინასიტყვაობა, რომელიც 1877 წელს გამოცემულ „ივერიის“ პირველ ნომერს დაურთო ავტორმა და ა.შ.).
ხშირია შემთხვევა, როდესაც პუბლიცისტი, გარკვეული რიგის საკითხებზე სტატიებს ერთი და იმავე სათაურით ბეჭდავს, რათა  მკითხველი უმალ მიახვედროს, რა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის. ამ თვალსაზრისით არც ილიაა გამონაკლისი. „ივერიაში“ ილია სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სათაურით „შინაური მიმოხილვა“. იდენტიფიკაციის გასაადვილებლად მსგავსი სათაურით დაბეჭდილი ტექსტებისათვის ყველგან დავამატეთ სტატიის პირველი ფრაზის დასაწყისი (მაგ.: 1882  წლის ოქტომბრის შუა რიცხვები ― გამოდის „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული  „შინაური მიმოხილვა (მოხელეების ბედი..)“ ; 1882 წლის  ნოემბერი ― გამოდის „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული  „შინაური მიმოხილვა (ბ-ნ მეისნერის პროექტი...)“; 1883 წლის  იანვრის ბოლო ― გამოდის „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა (ქუთაისის ბანკი...)“.  1883  წლის მარტის დასაწყისი ― გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება „შინაური მიმოხილვა (შორიდან თითქო...)“. 1883 წლის  მაისის ბოლო ― გამოდის „ივერიის“ მეოთხე ნომერი, სადაც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა (წლევანდელი კრება...)“. 1883  წლის ივლისის ბოლო ― გამოდის „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრები ერთ წიგნად. მასში დაბეჭდილია „შინაური მიმოხილვა (ყველაფერი საოცარია...)“. და ა. შ.
როგორც წესი, მატიანეში არ იყო მითითებული, გააჩნდა თუ არა ტექსტს ვარიანტები და თუ გააჩნდა, რამდენი. ჩვენ ყველა მსგავსი შემთხვევა ცალ-ცალკე აღვნუსხეთ და შესაბამისი თანმიმდევრობით განვალაგეთ. მაგ.: 1860 წლის ნოემბერი ― ჟურნალი „ცისკარი“ (№ 11) ბეჭდავს ლერმონტოვის „ჰაჯი–აბრეკის“ ილიასეულ თარგმანს, ეს უკვე გადამუშავებული ტექსტია და მეორე ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ. მოგვიანებით, „ქართველთა ამხანაგობის“ მიერ გამოცემულ კრებულში თარგმანის მესამე, გადამუშავებული რედაქციაა შეტანილი; 1858  წლის 15 დეკემბერი - ილია ქმნის „გუთნისდედის“ მეორე ვარიანტს.  ამავე დღეს წერს ლექსებს „ქართვლის დედა“, რომელიც რამდენჯერმე გადაამუშავა და „მაშინ დავსტკბები“ (პირველი ვარიანტი); 1859 წელს ილიამ, სავარაუდოდ,  გადაამუშავა ლექსი „ქართვლის დედას“, რადგან 1892 წლის გამოცემის სარჩევში შექმნის თარიღად 1859 წელი მიუთითა,
რიგ შემთხვევაში ტექსტი არასწორად იყო დათარიღებული, რაც ან ავტორის მექანიკური შეცდომით, ან გამომცემლის უყურადღებობით იყო გამოწვეული. ყველა საეჭვო შემთხვევა განვიხილეთ პროექტის ხელმძღვანელთან ერთად და ისე გავასწორეთ მონაცემები. მაგ.: მატიანეში წერია, რომ 1858 წლის  17 ივლისს ილია წერს ლექსს „უცხოეთში“. სინამდვილეში ამ დღეს პოეტმა შექმნა ლექსი  „ლოცვა“  (მამაო ჩვენო..) .
მატიანეში ზოგჯერ დაუთარიღებელი ნაწარმოები იყო შეტანილი ამა თუ იმ წლის განყოფილებაში ისე, რომ არ იყო განმარტებული, თუ რატომ მიიღეს  ამგვარი გადაწყვეტილება. თხზულებათა სრული კრებულის I ტომის შენიშვნების მიხედვით ჩვენ ყველგან დავაზუსტეთ ინფორმაცია (მაგ.: „ღამე“ - 1857 წ. მართალია ამ ლექსის ავტოგრაფი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი # 106) დაუთარიღებელია, მაგრამ პ. ინგოროვა „წერის  ხასიათის მიხედვით“ მას აკუთვნებს ილიას სტუდენტობისდროინდელ ნაწერებს და აძლევს ფართო თარიღს - 1857-1861.
ზოგ შემთხვევაში ილიამ ავტოგრაფისეული ეპიგრაფი აღარ დაურთო ნაბეჭდს. მატიანეში ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო, რაც ჩვენ შევავსეთ (მაგ.: 1858 წლის 15 ივლისს დაწერილ ლექსს „სიზმარი“ ილია ეპიგრაფად ურთავს ვ. სკოტის სიტყვებს:  „რა არს სიზმარი? იგივე ცხოვრება ნამდვილ, მაგრამ სიზმარში მარტო გამოხატულება წარმოებს“).
ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე ლექსის ორი ავტოგრაფი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა თარიღს და სათაურს უჩვენებენ, რაც მატიანეში მითითებული არ იყო (მაგ.: 1858 წლის 23 ივლისს  დაწერილი ლექსი „უცხოეთში“. ავტოგრაფში ლექსს ჰქვია „მთვარეს“. ლექსის ორი ავტოგრაფი არსებობს ერთში 23 ივნისია დაწერის თარიღი, მეორეში კი -  23 ივლისი. ამგვარი შემთხვევები განვიხილეთ პროექტის ხელმძღვანელთან ერთად და ისე განვახორციელეთ სწორება; ასევე, მატიანე უთოთებს, რომ 1859 30 ნოემბერს ილია წერს ლექსს „ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?“ , მაგრამ არ არის დაზუსტებული, რომ ავტოგრაფში ლექსს ჰქვია „ჩემი სიჭაბუკე“; მატიანე უთითებს, რომ 1858 წლის 23 ივლისს ილია ტიარლევოში ამუშავებს ლექსს „უცხოეთში“, მაგრამ აღარაა აღნიშნული, რომ თხზულებას ავტოგრაფში  ჰქვია „მთვარეს“).
მატიანე თითქმის არასდროს უთითებს, ესა თუ ის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეში იყო თუ არა გამოქვეყნებული, რაც, ვფიქრობთ, ყველა შემთხვევაში უნდა დაზუსტებულიყო. მაგ.:1858 წლის 1 აგვისტოს დაწერილი ლექსი „ლოთის რჩევა“ ილიას სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. იგი პირველად 1914 წელს გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში. ანალოგიური ვითარებაა რამდენიმე სხვა ნაწარმოებთან დაკავშირებითაც. ასე, მაგალითად, ილია 1858 წლის  27ივნისს  თარგმნის პუშკინის ლექსს „ანგელოზი“, რომელიც მის სიცოცხლეში არასოდეს გამოქვეყნებულა. ასევე, ილიას სიცოცხლეში არ დაბეჭდილა 1858 წლის  1 აგვისტოს დაწერილი ლექსი „ლოთის რჩევა“, 1858 წლის 28 აგვისტოს  დაწერილი ლექსი „ლოცვა“ (ოდეს დემონი...), 1859 წლის 18 იანვარს  დაწერილი ლექსი „მითხარ მიყვარხარ...“ ავტორმა დაიწუნა (ჯვარედინადაა გადახაზული) და არასოდეს გამოუქვეყნებია. ასევე, ილიას სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა 1859 წლის 26 დეკემბერს  შექმნილი ლექსი „დაკარგული ედემი“. 1860 წლის აპრილის ბოლო-მაისის შუა რიცხვებში დაწერილი ლექსი „ძმის სიკვდილზედ.“  ხოლო ლექსები „რისთვის მიყვარხარ“ და „მითხარით, რისთვის“, პირველად 1907 წელს გამოქვეყნდა.
არა მარტო ლექსები, ილიას სიცოცხლეში ზოგიერთი პუბლიცისტური წერილიც არ დაბეჭდილა. ასეთია, მაგალითად, 1861 ივნისი-სექტემბერში (?)― დაწერილი სტატია ― „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“.
ზოგ შემთხვევაში მატიანეში არაზუსტად იყო დაფიქსირებული ნაწარმოების სათაური („ერთხელ ჯდა ჩემთან ლამაზი ქალი...“ –„ ერთხელ ჰჯდა ჩემთან ლამაზი ქალი...“; „ლოყით მომეპყარ...“  -„ლოყით მოეპყარ...“ და ა. შ.), ჟანრი (ლექსი -პოემა - მაგ.: „ქართლის დედა“), ამონარიდი („მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი, აღარ შორდება ჩემს გულს ურვა...“), ადრესატი  (მაგ.: სოფიო ჩაიკოვსკაია - საშა ჩაიკოვსკაია; ილია ლექსს „ვიხილე სატრფო“ უძღვნის გენერალ ჩაიკოვსკის ასულს. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა აზრი, რომ ილიას სატრფოს სოფიო ერქვა, რაც, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეეფერება. სოფიო გენერლის ძმისწული იყო და არა ქალიშვილი.  გენერალ ილია ჩაიკოვსკის, ცნობილი რუსი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის მამას, ორი ქალიშვილი ჰყავდა: უფროსი ზინაიდა და უმცროსი ალექსანდრა.  გურამ შარაძემ ყურადღება მიაქცის პეტრე ჩაიკოვსკის ბიძის ფუნდამენტურ ნაშრომს,  რომელშიც მითითებულია, რომ ალექსანდრას ახალგაზრდობაში საშენკას, სანიას, სანიუშას ეძხდნენ. ამდენად, სწორია კ. აფხაზის ცნობა იმის თაობაზე, რომ ილია გამიჯნურებული იყო არა სოფიო პეტრეს ასულ (ილია ჩაიკოვსკის ძმისწული), არამედ საშენკა (ალექსანდრა) ილიას ასულ ჩაიკოვსკაიაზე, რომელიც მართლაც ღვიძლი და იყო გენიალური კომპოზიტორისა),  ეპიგრაფი (მაგ.: ილია 1860 წლის 12 ივლისს  ქმნის ლექსის „მუშა“ მეორე  ვარიანტს. სამეცნიერო ლიტერატურაში  იღებული აზრის თანახმად, ლექსის ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები ნ.ა ა. ნეკრასოვს ეკუთვნის (იხ.: თსკ, თბ., 1987, ტ. I, გვ. 374). კვლევამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფრაგმენტი სხვა ავტორის თხზულებიდანაა;
სადაც ეს შესაძლებელი იყო, დაზუსტდა, რომელი კონკრეტული ავტორის რომელი ნაწარმოების მიბაძვით ჰქონდა ილიას ესა თუ ის ლექსი შექმნილი, რაც მატიანეში არ იყო მითითებული  (მაგ.: მატიანეში არ იყო აღნიშნული, რომ ლექსი „ჩემი თარიარალი“ ალ. ჭავჭავაძის „მუხამბზი ლათაიურის“ მიბაძვითაა დაწერილი; ასევე, მატიანე გვაუწყებს, რომ ლექსი „სიხარული“ 1859 წლის   3 მარტს  ილიას  უცნობი ავტორის მიბაძვით  შეუქმნია.  დღეისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაზუსტებული ინფორმაცია არსებობს. სამეცნიერო ლიტერატურაში  გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ ლექსის შესაქმნელად ილიას  ბიძგი მისცა ჰაინეს „ლამენტაციების“ ეპიგრაფმა - კერძოდ, ამ ეპიგრაფის პირველმა სტროფმა.
მატიანეში ზოგჯერ საერთოდ არ აღმოჩნდა  ინფორმაცია ამა თუ იმ ნაწარმოების (ლექსი, პუბლიცისტური წერილი, სიტყვა..) შექმნის შესახებ, რაც ყველა შემჩნეულ შემთხვევაში აღვადგინეთ (მაგ.:  1859 წელს ილია წერს ლექსს „სიზმარი“ („ძამო, სურვილით...), რომელიც დაუთარიღებელია და გადახაზულია ავტორის მიერ. ილიას სიცოცხლეში ის არასოდეს გამოქვეყნებულა. პ. ინგოროყვას ვარაუდით, ლექსი შექმნილია არა უგვიანეს 1859 წლის 30 ნოემბრისა; 1863   წლის 30 აპრილამდე ილია წერს წინასიტყვაობას  ლ. ჯანდიერაშვილის მიერ რუსულიდან თარგმნილი ზალცმანის თხზულებისათვის, რომელიც იბეჭდებოდა „საქართველოს მოამბის“ ნომრებში (#3,4,8,9) სათაურით „თხრობა ყმაწვილების აღზრდაზე“;  1877   მაისის 13 (?) ― „ივერიის“ № 11–ში ილია აქვეყნებს  წერილს ― „საპოლიტიკო მიმოხილვა (ინგლისი...)“; „ივერიის“ ამავე ნომერში იბეჭდება  წერილი „საპოლიტიკო მიმოხილვა (უცნაური მდგომარეობა..)“; 1877   მაისის ?  ― „ივერიის“ № 13–ში ილია აქვეყნებს  წერილს ― „საპოლიტიკო მიმოხილვა (ეხლანდელმა საფრანგეთის.....)“; 1883   წლის 4 სექტემბერს  წერს სტატიას „შინაური მიმოხილვა (ამას წინათ...)“, რომლის დაბეჭდვაც  აკრძალა საცენზურო კომიტეტმა და ა. შ.).
საყოველთაოდ ცნობილია, მეცნიერთა რამდენ თაობას გაუწია ფასდაუდებელი სამსახური ილია გორგაძისა და  ნოდარ გურგენიძის მიერ მომზადებულმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანემ. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული გამოცემის ახალი შევსებული და გადამუშავებული ელექტრონული ვერსია კიდევ უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა თუ ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

შარლოტა კვანტალიანი
დამატებითი მასალები გურამ შარაძის ორტომეულიდან - „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ფოტომატიანე)“  და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული წიგნიდან „ილია ჭავჭავაძის ლექსების, პოემების, თარგმანების, ჩანაწერებისა და პირადი წერილების საარქივო გამოცემა“
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შესავსებად საინტერესო მასალა ამოვიდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქათული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის თხზულებების  საარქივო გამოცემიდან“ (წიგნი შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა და კომენტარები დაურთო თეა თვალავაძემ). უნდა აღინიშნოს, რომ 1987 წლის მატიანეში წარმოდგენილია ამ წიგნში დაცული მასალების უმეტესი ნაწილი, მაგრამ  რამდენადაც ახალი ელექტრონული გამოცემისათვის შემუშავებული პრინციპების მიხედვით გადავწყვიტეთ, რომ ყოველ ანოტაციასთან მიგვეთითებია წყარო, 1987 წლის გამოცემაში კი ასეთი ინფორმაცია ყველგან არ იყო, დასახელებული წიგნის საფუძველზე მატიანის ანოტაციების დიდ ნაწილს მოვუძებნე და მივუწერე წყაროები, მაგ.ანოტაციას „1858  წელს ილია წერს ლექსს „მითხარით, რისთვის“, მივუთითეთ წყარო: ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზ. #17501 გვ.31 და სხვ.
პროექტისათვის შემუშავებული პრინციპების საფუძველზე, იმ შემთხვევებში, როცა წყარო იძლეოდა ამის საშუალებას, თითოეული ანოტაცია შევავსე ტექსტის შექმნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მითითებით, მაგ. 1858, 23 ივნისი - სოფელ ტიარლევოში წერს ლექსს „გიყვარდეს“ და სხვ.
შეთანხმებისამებრ, ყველა იმ თარიღს, რომელიც წყაროში არ იყო მითითებული და კვლევის შედეგად დადგინდა, ფრჩხილებში მივუწერე - „(სავარაუდო)“. მაგ. 1869, 16 თებერვლამდე (სავარაუდო) - წერს ლექსის „ქართველ სტუდენტების სიმღერის“ დასაბეჭდად გამზადებულ საბოლოო ვარიანტს.
1987 წლის მატიანეში ლექსების რამდენიმე წყარო, რომლებიც სხვადასხვა დროს არის შექმნილი, ხშირად იმ თარიღით არის წარმოდგენილი, რომელიც ერთ-ერთ მათგანზეა მითითებული (მაშინაც კი, როდესაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ მათ შორის დროის მნიშვნელოვანი ინტერვალი იყოს). წყაროებზე დაკვირვების და იმის გარკვევის შემდეგ, თუ რომელი მათგანია უფრო ადრეული, ჩვენ გავმიჯნეთ ამ ტექსტების შექმნის დრო ერთმანეთისგან და ცალ-ცალკე წარმოვადგინეთ ანოტაციები წყაროების მითითებასთან ერთად. მაგ. 1860, 12 ივლისამდე (სავარაუდო)  - წერს ლექსის „მუშა“ ყველაზე ადრეულ რედაქციას. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზ. #17501 გვ.57-60; 1860, 12 ივლისი,პავლოვსკში აგრძელებს მუშაობას ლექსზე „მუშა“ და წერს მის ახალ ვარიანტს. წყარო: ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 106
ხელნაწერები, რომლებიც საცენზურო კომიტეტის მიერ არის კორექტირებული და ამ მითითებების მიხედვით ავტორის მიერ ნასწორები, 1987 წლის მატიანეში ერთი თარიღით არის შეტანილი, მაშინ, როდესაც ამ ავტოგრაფებზე დროის თვალსაზრისით სამი სხვადასხვა შრეა - ავტორის მიერ საცენზურო კომიტეტში წარსადგენად მომზადების, ცენზურის მიერ კორექტირების და ცენზურის სწორებების მიხედვით ავტორის მიერ ჩასწორების. რამდენადაც მატიანის უმთავრესი პრინციპი ზუსტი დროისა და ქრონოლოგიური თანმიმდევრობის აქცენტირებაა, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს ეტაპები ცალ-ცალკე წარმოგვედგინა. მაგ.1869, 16 თებერვლამდე (სავარაუდო) -  წერს ლექსის „ქართველ სტუდენტების სიმღერის“ დასაბეჭდად გამზადებულ საბოლოო ვარიანტს.წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზ. #17503, გვ.1-2; 1869, 16-20 თებერვალი -ცანზორი ამოწმებს დასაბეჭდად გამზადებულ ლექსს „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, სათაურად ტოვებს მხოლოდ სიტყვას „სიმღერა“ და წითელი მელნით შეაქვს სხვადასხვა შესწორებები. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზ. #17503, გვ.1-2; 1869,20 თებერვლის შემდეგ (სავარაუდო) - ლექსში „ქართველ სტუდენტების სიმღერა“  შეაქვს შესწორებები ცენზორის მიერ მითითებულ ადგილებში. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზ. #17503, გვ.1-2.
იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც 1987 წლის გამოცემიდან ინფორმაცია მთლიანად იყო გამორჩენილი და შევიტანეთ, მაგ. 1859, 20 თებერვალი - პეტერბურგში წერს ლექსს „... ტუჩთა მიკონვა“. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზ. #17501 გვ.20.
1987 წლის გამოცემაში არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1898  წელს ილიამ დაწერა საჩივარი თბილისის ოლქის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულ იქნა ი. ზ. ბრათაშვილის საჩივრის საფუძველზე და რომლის მიხედვითაც თბილისის საადგილმამულო ბანკს დაეკისრა 327 მანეთისა და 85 კაპიკის გადახდა მომჩივანის სასარგებლოდ. რამდენადაც ჩავთვალე, რომ სასურველი იქნებოდა თარიღის დაზუსტება, მასალა გადავუგზავნე პროექტის ხელმძღვანელს. მან შეისწავლა საკითხი და მომაწოდა გადამოწმებული ინფორმაცია. ბარათაშვილის საჩივარი ეხებოდა დავით ივანეს ძე ავალიშვილის გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 1897 წლის 7 აგვისტოს) საადგილმამულო ბანკის მიერ დირექტორად სხვა პირის (პავლე როსტომის ძე ყიფიანის) და არა მის არჩევას . ილია ჭავჭავაძის ტექსტში, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი, გასაჩივრებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და იურიდიულად არის დასაბუთებული, რომ მას არათუ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების, ი. ზ. ბარათაშვილის საჩივრის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა. 1898  წლის 1 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია „დავა სათავადაზნაურო ბანკსა და ი. ბარათოვს შუა“, რომელშიც ნათქვამია, რომ სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულმა, ნაფიც ვექილის თანაშემწემ თურქესტანიშვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სასამართლო პალატაში თბილისის ოლქის სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე. რამდენადაც ილია ჭავჭავაძის ამ ტექსტის ადრესატიც სასამართლო პალატაა, ვფიქრობთ, რომ თურქესტანიშვილის სახელით წარდგენილი საჩივარი ამ ტექსტზე იქნებოდა დამყარებული. შესაბამისად, იგი დაწერილი უნდა იყოს ბანკის დირექტორის არჩევნებიდან (23 აპრილი) „ცნობის ფურცელში“ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე (1 აგვისტო).
აღსანიშნავია, რომ გურამ შარაძის წიგნი და გიორგაძე-გურგენიძის მატიანე თითქმის ერთდროულად გამოვიდა და სავარაუდოდ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს, ამიტომ ძალიან ცოტაა უცნობი ფაქტი, რომლებიც შარაძესთან გვხვდება, გორგაძე-გიორგაძის მატიანეში კი შეტანილი არ არის. მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია თითოეული, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, რადგან ის დიდი ბიოგრაფიის ნაწილია. 
   მიუხედავად იმისა, რომ გიორგაძემ და გურგენიძემ „მატიანის“  შედგენისას კოლოსალური შრომა გასწიეს, მასში მრავალი საინტერესო ფაქტია გამორჩენილი, რომლებიც გურამ შარაძის წიგნშია დაფიქსირებული. მაგალითად, 1859 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძე წერილს უგზავნის თავის უფროს დას, ნინო ჭავჭავაძე აფხაზს, რომელსაც მამიდის შესახებ ესაუბრება. ცნობილია, რომ ილიას მამიდა ძალიან უყვარდა. ამის დასტურია მრავალი წლის შემდეგ, 1873 წელს, მამიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეუღლისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის ძლიერ შეწუხებული წერს: „გიჟივით დავდივარ ოთახიდამ ოთახში... საწყალი მამიდა“. წერილი დაუთარიღებელი იყო. შარაძეს მიაჩნდა, რომ იგი 1872 წელს უნდა ყოფილიყო დაწერილი, მაგრამ ამ დათარიღებასთან დაკავშირებით არსებული გარკვეული წინააღმდეგობების გამო, მასალა გადასამოწმებლად და ზუსტი თარიღის დასადგენად გადავეცით პროექტის ხელმძღვანელს.
ყველაზე მეტი მასალა ილიას მიერ ოლღასთან გაგზავნილ წერილებშია. ამ ბარათებიდან მათი ურთიერთობის ყველაზე ფაქიზი ნიუანსების ამოკითხვაა შესაძლებელი, დაწყებული მათი გაცნობიდან, ოლღას მამის წინააღმდეგობიდან, გარდაცვალებამდე...  მათში იხატება მამულისათვის თავდადებული ორი ადამიანი, იდეალური წყვილი, სამაგალითო „დედაკაცი“, როგორც ილია უწოდებს ოლღას.
   ნაკლებად ცნობილი ფაქტია, ილიას ურთიერთობა თავის ერთადერთ ძმისშვილთან სენო (ვსევოლოდ) ჭავჭაძესთან. 1873 წლის თებერვალში ილია ბანკის დამტკიცების საქმეზე პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც სენომ მოინახულა ბიძა. შეპირდა ჩემ ფოტოს გამოგიგზავნიო.
   ამას მოჰყვება ილიას დაუთარიღებელი წერილი ოლღასადმი, სადაც ატყობინებს, რომ სენო რომელიღაც ბრძოლაში მოუკლავთ, ილია შეწუხებულია, მით უმეტეს, რომ სენო ჭავჭავაძეთა გვარის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. აღმოჩენილია მისი სურათიც, როგორც ეტყობა, ყმაწვილმა პირობა შეასრულა და ბიძას თავისი ფოტო გამოუგზავნა. წერილი დაუთარიღებელია და წყაროც არ არის მითითებული. საკითხი საკვლევად გადავეცით პროექტის ხელმძღვანელს.
   გურამ შარაძესთან დაფიქსირებულია ოლღასათვის მიწერილი წერილი, სადაც საცოლეს, რომელსაც თავის ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს აცნობს და ენდობა მის გემოვნებას, უმჟღავნებს თავის ლიტერატურულ ფსევდონიმს „ჯუმბერიძეს“. მან „საქართველოს მოამბის“ პირველ ნომერში „გლახის ნაამბობის“ I-V თავები სწორედ  ჯუმბერიძის ხელმოწერით დაბეჭდა.  წერილი დაწერილია 1863 წლის 15 მარტს. ოლღასადმი მიწერილ წერილში  ჩანს „საქართველოს მოამბის“ დაარსების პერიპეტიები. 1862 წლის 20 მარტს პეტერბურგში შეიწყნარეს გრიგოლ ორბელიანის, საქართველოს მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებლის თხოვნა, ილია ჭავჭავძისათვის  „საქართველოს მოამბის“ გამოცემის ნებართვის მიცემის შესახებ, იმ პირობით, რომ იქ არ დაიბეჭდებოდა „არავითარი პოლიტიკური ამბები და მსჯელობანი“. ჟურნალმა ერთ წელიწადს იარსება და სწორედ ზემოხსენებული შეზღუდვა  იყო მიზეზი მისი დღემოკლეობისა.
   „ცისკრელები“, რომელთაც ილია ხშირად აკრიტიკებდა, დაუფარავი სიხარულით შეხვდნენ „მოამბის“ დახურვას, რაც „ცისკრის“ 1864 წლის 3 მარტის ნომერში აშკარად გამოხატეს.
   ილია ამის შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში გადადის სამუშაოდ, სადაც არცთუ მეგობრული გარემო ხვდება. თუმცა, 1864 წელს (თვე და რიცხვი დაუდგენელია) იგი ვერცხლის მედლით დაუჯილდოვებიათ „მემამულეთა მიწების აღწერაში მონაწილეობისათვის“.
   1871 წლის იანვრიდან ილია დუშეთიდან მრავალ წერილს სწერს ოლღას ბაქოში, სადაც ის დასთან იმყოფებოდა. ამ წერილებში კარგად ჩანს „გლახის ნაამბობის“ წერის პროცესთან, მის დასრულებასთან, ბეჭდვასთან დაკავშირებული სირთულეები.
   1873 წლის 31 მარტს გახარებული ილია ოლღას წერილით ატყობინებს, რომ ბანკის პროექტი მოსკოვში  მიიღეს და დასამტკიცებლად პეტერბურგში გაგზავნეს.
ვფიქრობთ, რომ დამუშავებული მასალიდან ამოკრებილი ეს მასალა მნიშვნელოვნად შეავდებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ახალ მატიანეს.


მაია ნინიძე

ილია ჭავჭავაძე - ტექსტოლოგიური კვლევები
(ნაწილი პირველი)

მასალაში, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შესავსებად იქნა ამოკრებილი სხვადასხვა გამოცემებიდან (ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, I-VII ტომები; გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ფოტომატიანე)“; გიორგი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო გამოცემა „ილია ჭავჭავაძე: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“) და  საარქივო დოკუმენტებიდან (ცენტრალურ არქივში დაცული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომათა ოქმები), როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ შეგვხვდა გადასამოწმებელი, დასაზუსტებელი და დასათარიღებელი. ამას გარდა, საინფორმაციო ტექნოლოგიებმა და უახლესმა ელექტრონულმა ბაზებმა საშუალება მოგვცა, მოგვეძიებია ბევრი ისეთი წყარო, რომელიც სამეცნიერო მიმოქცევაში დღემდე არ ყოფილა და მწერლის შემოქმედების შესწავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დათარიღება

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომიდან მატიანეში შესატანად ამოკრეფილი მასალიდან გასარკვევი აღმოჩნდა რამდენიმე ლექსის დათარიღების საკითხი.
არსებობს ლექსის - „მთვარეს“ (იგივე „უცხოეთში“) ორი ავტოგრაფი, რომელთაგან დაწერის თარიღად ერთში 23 ივნისია მითითებული (ხელნაწ. ერ. ცენტრ. #108), მეორეში კი -  23 ივლისი (ლიტ. მუზ. № 17501). რიცხვის „23“ დამთხვევამ ამ ლექსის ორი ავტოგრაფის თარიღებში გვაფიქრებინა, ხომ არ იყო ეს მექანიკური შეცდომა და ორივეგან ერთი თარიღი ხომ არ მოიაზრებოდა. ამის დასადგენად და ორი ავტოგრაფის შედარებითი დროითი თანმიმდევრობის გასარკვევად ჩავატარეთ საგანგებო კვლევა. მოვნიშნეთ ვარიანტებში განსხვავებული ადგილები და შევამოწმეთ, რომელი მათგანი იყო გათვალისწინებული 1892 წლის გამოცემაში (რადგან ეს გამოცემა ითვლება ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო წყაროდ). კვლევამ გამოავლინა, რომ დასახელებული ორი ავტოგრაფიდან  ის, რომელიც 23 ივნისით არის დათარიღებული, 23 ივლისით დათარიღებულზე უფრო გვიანდელია. 23 ივლისით დათარიღებულში მწერალს ჰქონდა ისეთი ვარიანტები, რომლებიც ბეჭდურ წყაროში აღარ გაუთვალისწინებია. წაკიხვები: „სძინავთ ნიავთა“, „სულ სხვაფრად გაბრწყინებული“, „და სულ სხვარიგად დამშვიდებული“ მწერლის თხზულებათა სიცოცხლისდროინდელ კრებულში შევიდა „23 ივნისით“ დათარიღებული ავტოგრაფიდან. „23 ივლისით“ დათარიღებულში ამ წაკითხვების ნაცვლად წერია: „სძინავს ნიავსა“, „სხვა რიგათ დამშვიდებული“ და „ზეცა სულ სხვა ფრათ გაბრწყინვებული“. შესაბამისად, „23 ივლისით“ დათარიღებული ავტოგრაფი „23 ივნისით“ დათარიღებულზე გვიანდელი ვერ იქნება და აშკარაა, რომ ამ ორიდან ერთ-ერთ თარიღში შეცდომაა.
მსგავსი ვითარება გვაქვს ლექსთან „მწუხარება“. მუზეუმში დაცულ, უფრო ადრე გადაწერილ რვეულში შეტანილ ავტოგრაფს აწერია „11 ივლისი“(ლიტ. მუზ. № 17501), ხელნაწერთა ცენტრში დაცულ უფრო გვიანდელ რვეულში ჩაწერილს კი - 11 ივნისი“ (ხელნაწ. ერ. ცენტრ. #108). ამას გარდა, საგულისხმოა, რომ ლექსის „მეც შავს თვალებს...“ ერთადერთ ხელნაწერში თარიღად წერია „20 ივლისი“, ჟ. „ცისკრის“ ნაბეჭდ წყაროში კი, რომელიც ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, „20 ივნისი“.  ვერ გავიზიარებთ თხზულებათა აკადემიური გამოცემის პირველ ტომში გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს შეცდომა გვიანდელ წყაროში უფრო საფიქრებელია და ის არის „ნაკლებად სანდო დათარიღების მხრივ“ (ტ.1, .გვ. 338). თუ საუბარი გვაქვს მექანიკურ შეცდომაზე, აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ადრინდელია ავტოგრაფი, თუ გვიანდელი, მაგრამ როდესაც სამ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე და არა ერთთან, კალმისმიერი ლაფსუსი ნაკლებად არის სავარაუდო.
თვეთა სახელები „ივნისი“ და „ივლისი“ იმ პერიოდში საბოლოოდ ფეხმოკიდებული არ იყო და უფრო ხშირად ძველ სახელებს ხმარობდნენ - „მკათათვე“ და „თიბათვე“ (ათწლეულების შემდეგაც კი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმებში  თარიღები ყველგან ასეა ჩაწერილი) და სრულიად არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ილიას ლექსების წერის დროს ზაფხულის თვეები  ერთმანეთში აღრეოდა, მაგრამ გადაწერისას შეენიშნა ეს შეუსაბამობა (ენახა, რომ იმ ლექსს, რომელიც მკათათვეში აქვს დაწერილი, „ივლისი“ აწერია) და ახალ რვეულში ან პუბლიკაციაში თვეთა სახელები ჩაესწორებია. ფაქტია, რომ სამსავე შემთვევაში, იქ სადაც ადრეულ წყაროში „ივლისია“, შემდეგ „ივნისით“ არის ჩასწორებული. იმას, რომ გვიანდელ რვეულში ლექსის გადწერისას ავტორს მექანიკურად კი არ გადაჰქონდა თარიღები, არამედ გააზრებულად, ისიც მოწმობს, რომ იგი ცვლიდა თარიღის ჩაწერის სტილს.  „23-სა ივლისს, 1858 წელსა, სოფელი ტიარლევო“ / „1858 -სა წელსა, 23-სა ივნისს, სოფ. ტიარლევო“; „ივლისის 20-სა დღესა, 1858 წელსა, სოფ. ტიარლევო“ / „1858-სა წელსა, 20-სა ივნისსა, სოფ. ტიარლევო“; „1860, 11 ივლისსა“ / „11 ივნისი, 1860 წ.“ და სხვ.
იმას, რომ მწერალს ზაფხულის თვეების ახალი სახელები  ერთმანეთში ერეოდა, მოწმობს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი წერილი. ნენე ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისადმი (#17519), რომელსაც დასაწყისში აწერია „13-სა მარიამობის თვეს“ და ბოლოში ავტორისავე ხელით, იმავე მელნით - „13-სა ივლისს“. აშკარაა, რომ 13 მარიამობისთვე და 13 ივლისი წერის მომენტში ავტორს ერთი და იგივე ეგონა. 
ამ შეუსაბამობის გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია ის, რომ  „ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «მწუხარების» ძირითადი ტექსტი (A) დათარიღებულია 1860 წლის 11 ივნისით (სარჩევში, გვ. II), ხოლო ვარიანტების განყოფილებაში დაბეჭდილი უფრო ადრეული სამსტროფიანი ვარიანტი ლექსისა (D ავტოგრაფის მიხედვით) – 1860 წლის 11 ივლისით (სარჩევში, გვ. V)“, ანუ ადრეულ ვარიანტს გვიანდელი თარიღი მიეცა, გვიანდელს კი - ადრეული.
წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე, განხილული სამი ლექსის ივნის-ივლისით დათარიღებული წყაროები მატიანეში შევიტანეთ შესაბამისი წლების ივნისის, და არა ივლისის, ჩამონათვალში, მაგრამ ყველგან მივუთითეთ წყაროთა თარიღებში არსებულ შეუსაბამობაზე.
ილია ჭავჭავაძის უთარიღო ლექსს „ღამე“ პავლე ინგოროყვა «წერის ხასიათის მიხედვით“ ათარიღებს ილიას სტუდენტობის პერიოდით - 1857-1861 წლებით (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 410, 436). ლექსის შინაარსზე დაკვირვება ამ ფართო თარიღის  უფრო დაკონკრეტების საშუალებასაც იძლევა. რამდენადაც ლექსში პოეტი ტკბება სამხრეთის ღამის ცქერით და თან მას პირდაპირ მიმართავს, „სამხრეთის ღამევ“, ის ლექსის წერის დროს პეტერბურგში არ უნდა იყოს  (შდრ. ტიარლევოში დაწერილი ლექსი „უცხოეთში“: „შემომტირის მე მწუხარედ გული... მისთვის ხომ არა, რომ ვსჭერეტ სხვა ზეცას“). რადგან იგი განასხვავებს „სამხრეთის ღამეს“ და „სხვა“ ღამეს, ცხადია, რომ ჩრდილოეთში უკვე ნამყოფია. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ ლექსი დაწერილი იყოს 1859 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე, როდესაც პოეტი დროებით იყო ჩამოსული საქართველოში. ამ წლის 22 ივნისს ილია ჯერ პეტერბურგშია და განცხადება შეაქვს უნივერსიტეტში გამოცდების გადავადებასთან დაკავშირებით, 3 ოქტომბერს კი ჯერ კიდევ საქართველოშია, რადგან წერს ლექსს „მტკვრის პირას“ და ადგილსამყოფელად თბილისს მიუთითებს. შესაბამისად, პოეტი საქართველოში უნდა ყოფილიყო  და ლექსი „ღამე“ დაეწერა 1859 წლის ივნისის ბოლოდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია ჭავჭავაძის ფონდში დაცულია უთარიღო წერილი (#402), რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მამიდის გარდაცვალებაზესაწყალი მამიდა 19- გარდაცვლილა და ძალიან შეწუხებული ვარ... გიჟსავით დავდივარ ოთახში... ღმერთმა საუკუნო განსვენება მიანიჭოს.” ილიას ერთადერთი ღვიძლი მამიდა ჰყავდამაკრინე, რომელიც ისტორიული საბუთების მიხედვით 1872 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა (იხ. იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბილისი, 2002, გვ. 65). მართალია, ზოგჯერ მსგავს წყაროებშიც შეიძლება გაიპაროს შეცდომა, მაგრამ ამ შემთხვევაში თარიღის სიზუსტეზე მიგვანიშნებს არაერთი ფაქტი, თუნდაც ამ წერილიდან.
წერილში რიცხვი 19-ის ხსენება გაუგებრობას არ უნდა იწვევდეს, რადგან, როდესაც ადამიანი ღამის საათებში აღესრულება, ხშირად არის ხოლმე მერყეობაორი მომიჯნავე რიცხვიდან რომელ დღეს გარდაცვლილად უნდა ჩაითვალოს. 1872 წელზე მიგვანიშნებს წერილში მოხსენიებული ფაქტიდიმიტრი სტაროსელსკის არჩევა რაღაც ისეთ თანამდებობაზე, რომ ყველას მასთან უნდა სამსახურის დაწყება („ვისაც ქვეყნისთვის გულის ტკივილი აქვს, ყოველი იგი სიხარულით ფეხზედ არა დგას, რომ დიმიტრიმ ეგ ადგილი მიიღო. რაც ყმაწვილკაცობაა ქალაქში და საქართველოში, სულ დიმიტრისთან სამსახურს ნდომულობს“). 1872 წლის 25 მაისს ილიას ქვისლიდიმიტრი სტაროსელსკი გახდა ბაქოს გუბერნატორი და ამ თანამდებობაზე იყო 1877 წლის ჩათვლით. მართალია, 1878 წელს იგი კიდევ უფრო დაწინაურდაგახდა სენატორი და კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მაგრამ წერილში მისი ეს დაწინაურება ვერ იქნება ნაგულისხმევი, რადგან ილია ჭავჭავაძე მეუღლის პირით მოკითხვას უთვლის თავის სიმამრს (“მამა მომიკითხე”), რომელიც 1875 წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, ბარათი დაწერილი უნდა იყოს 1872 წლის 25 მაისის შემდეგ. ილია ჭავჭავაძე იმ დროს ჯერ კიდევ დუშეთში მსახურობდა. ემთხვევა ისიც, რომ  იმ პერიოდში  ოლღა თავისი დის ოჯახთან ერთად იყო (“კატო მომიკითხე და ხელზედ აკოცე. ყმაწვილები დამიკოცნე”). წერილში ნახსენებია ალექსანდრე საგინაშვილი („მე მინდოდა მანდ ჩამოსვლა, მაგრამ საგინოვს ველი“), რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ილიას და ელისაბედი უკვე გათხოვილია ალექსანდრე საგინაშვილზე, რაც  1872 წლის 20 თებერვალს მოხდა. შესაბამისად, ყველა ფაქტი მხარს უჭერს წერილის 1872 წლის 25 მაისის შემდეგი დროით დათარიღებას. ცნობილი მეცნიერი გურამ შარაძეც ოლღასათვის გაგზავნილ ამ ბარათს 1872 წელს დაწერილად მიიჩნევდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ხელთ არ ჰქონდა ზოგიერთი წყარო, რომლებიც დღეისათვის ხელმისაწვდომია, თავის მოსაზრებას ცალსახად ვერ ამტკიცებდა (იხ. ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე, ტ. 1, გვ. 26).
წერილში რომელიმე სხვა მამიდაზე საუბარი გამორიცხულია, რადგან ილიას მხოლოდ ერთი ღვიძლი მამიდა ჰყავდა. მამიდა სალომე, რომელსაც იგი 1859 წელს თავისი დის - ნინოსადმი გაგზავნილ წერილში ახსენებს ერთი წლის შემდეგ - 1860 წელს გარდაიცვალა, როდესაც ილია ოლღას არც კი იცნობდა. სალომე და ილია რეალურად გარე ბიძაშვილები იყვნენ. ილიას დიდპაპა ბესპაზი იყო სალომეს დიდპაპა პაპუას ძმა, მაგრამ მამის მხრიდან სისხლით ნათესავ, ასაკით  უფროს ქალებს, თუნდაც შორეული ბიძაშვილი იყოს, ჩვეულებრივ, მამიდას უწოდებენ ხოლმე, სალომე კი ილიაზე თითქმის 40 წლით უფროსი იყო.  ვერც ოლღასადმი მიწერილ წერილში და ვერც 1859 წელს - თავისი დის - ნინოსადმი მიწერილში ვერ იქნება ნაგულისხმევი ილიას კიდევ ერთი ნათესავი მამის მხრიდან - ეკატერინე (შინაურობაში სალომე) დიმიტრის ასული ჭავჭავაძე, რევაზ დიმიტრის ძე ვაჩნაძის მეუღლე და ილიას წერილების ადრესატების - ანიკო და ნენე ვაჩნაძეების დედა, რადგან იგი 1848 წელს გარდაიცვალა (სალომეს პაპა ივანე (გლახა) და ილიას პაპა - პაატა ძმები იყვნენ). კიდევ უფრო ადრე აღესრულა სალომეს მამა რევაზი (1840). სწორედ ამიტომ, ანიკოსათვის 1858 წელს გაგზავნილ წერილში ილია არ მოიკითხავს მის მშობლებს, მაგრამ მოიკითხავს დას - ნენეს (ელენეს) თავისი შვილებით. სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს ეს ეკატერინე/სალომე ილიას ღვიძლი და ყოფილიყო (იხ. ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე, ტ. 1, გვ. 26).
ამ ბარათის დათარიღებაზე მუშაობამ კიდევ ერთი წერილის ისტორიას მოჰფინა ნათელი. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მე-17 ტომში დაბეჭდილია ილიას წერილი მამიდა მაკრინესადმი, რომელიც, იმის გამო, რომ მასში სახლის მშენებლობაზეა საუბარი, დათარიღებულია ასე - [1884 წლის შემდეგ]. როგორც ზემოთ უკვე დავასაბუთეთ, მამიდა მაკრინე 1884 წელს უკვე 12 წლის გარდაცვლილი იყო და იგი წერილის ადრესატი ვერ იქნებოდა. მამიდის გარდაცვალებას 1872 წელს ადასტურებს ილია ჭავჭავაძის კიდევ ერთი ბარათი ოლღასადმი, რომელიც 1873 წლის 31 მარტს არის დაწერილი (# 304) და მამიდა გარდაცვლილად მოიხსენიება: „არ გვგონია საფენი დაგვჭირდეს, საწყალს მამიდას ბევრი დარჩა’’. 1884 წელს დასრულდა ილიას დის - ელისაბედის სახლის მშენებლობა იმჟამინდელი ნიკოლოზის ქუჩაზე (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის ქუჩა) და მის მშენებლობაში ილია აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება თუ არა, რომ წერილში იმ სახლზე იყოს საუბარი.
განვიხილოთ, რა ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს მამიდისადმი მიწერილ უთარიღო წერილში: ილია დაოჯახებულია („ბედმა ცოტად მაინც გამიღიმა, ცოლიც კარგი მყავს“) , მსახურობს („ლუკმა-პურსაც ჩემი ცოდვილობით ვშოვობ“), ამ სამსახურში გარკვეული დროის განმავლობაში ყოფნის გამო მოელის  პირობების გაუმჯობესებას („რაკი ცოტაოდენი სამსახურისგან ღონისძიება მომეცა...“), sic! საუბარია სახელმწიფო სამსახურზე (არავითარი მინიშნება არ არის გაზეთის გამოცემაზე ან ბანკზე), ჯერ არა აქვს საკუთარი სახლი („როდის მომცემს ბედი ნებას, რომ ჩემი თავი ჩემს ქოხს შევაფარო“) და ფიქრობს საცხოვრებლად ყვარელში გადასვლას („მე რომ მინდა მაინდ გადმოსვლა, იმიტომ უფრო... რომ თქვენ თან გახლდე“). საუბარია რაღაც თანხაზე, რომელიც უნდა გამოიტანოს, მაგრამ მთლიანად თავის დას - ლიზას  მისცეს („იქიდამ ჩვენ არა გვერგება რა“). ქალაქშიც რაღაც სახლების შენებაზეა საუბარი (ეხლა სახლებს ვაკეთებ ქალაქში, ორას ოცი თუმანი მეტი მიჯდება), მაგრამ ესეც მხოლოდ მისი არ უნდა იყოს, იმ სახლების გაქირავებით შემოსული თანხა, რაც ვალების გასტუმრებას გადარჩება, ყოველთვიურად მისმა დამ - ელისაბედმა უნდა მოიხმაროს („ლიზომ თვე და თვე ჯამაგირსავით აიღოს“).  ყვარელში სახლის ასაშენებლად სამზადისი დაწყებული უნდა ჰქონდეს („რაც საყიდლები გებრძანებინათ, ყველა მზად გახლდება“, „ეხლა კიდევ ამ სახლის კეთებაში ჩავები“). 1873 წლის იანვრის წერილში ილია ოლღას ატყობინებს: „ჩემი ფოდრაჩიკი სახლების აშენების თავდარიგს შესდგომია“.  შესაბამისად, ის განზრახვა, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, 1872 წლის წერილშია ნახსენები - ყვარელში სახლის აშენება - ამ წერილშიც  დასტურდება.
ყვარელში სახლის აშენებასა და იქ საცხოვრებლად გადასვლაზე ილია 1874 წელსაც ფიქრობდა. 4 თებერვლის წერილში იგი ოლღას, რომელიც იმ დროს ყვარელში აპირებდა ჩასვლას, სწერს: „ეგება ვიდრე მე მოვიდოდე, მასალა სახლისა მოტანილი მაინც დამახვედრო. ჩვენ რომ ერთი ლაზათიანი სახლი მოვიხერხოთ ყვარელში, ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს“. რაც შეეხება იმას, თუ რა თანხით შეიძლებოდა ილიას თავისი დისთვის თბილისში სახლი აეშენებინა, ჩანს იოსებ ორბელიანისადმი მიწერილი მისი ბარათიდან, რომელიც მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მე-17 ტომში 1870 წლამდე არის დათარიღებული, საუბარია დაქვრივებული ელისაბედ ჭავჭავაძისა და მისი მაზლის - სანდროს (ალექსანდრე ესტატეს ძე ორბელიანი) გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც ელისაბედს ქმრის ქონებიდან უნდა შეხვედროდა 300 მანეთი და ეს თანხა მისთვის უნდა მიეცათ არა უგვიანეს ორი წლისა. როგორც ჩანს, ილიამ ამ ფულს რაღაც წილი თავისიც დაამატა და იმით აშენდა ის სახლი, რომელსაც აქირავებდნენ და, ელისაბედის გათხოვების შემდეგ გაყიდეს. ამ სახლის გაყიდვის განზრახვაზე უნდა იყოს საუბარი 1873 წლის 18 აგვისტოს ელისაბედისათვის მოსკოვიდან გაგზავნილ წერილში გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, # 17226): მანსვეტოვთან შემიტყე ჩვენის სახლების ამბავი: იყიდება თუ არა, ძველი დგმური თუ გავიდა, დადგა ვინმე ახალი?“ იმავე სახლის ქირა არის ნახსენები 1873 წლის 10 ოქტომბერს ოლღასთვის გაგზავნილ წერილში(ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, #320): „...ლიზოს კიდევ მანსვეტოვისთვის უთქვამს, სახლის ქირა აუღიათ თხუთმეტი თუმანი, ხუთი თუმანი თითონ ლიზოს დაუყრია და ჩემთვის გამოუგზავნიათ“. შესაბამისად, მამიდისადმი მიწერილ უთარიღო წერილში ყვარლის სახლის მშენებლობის გარდა საუბარია იმ სახლის მშენებლობაზე, რომელიც ილიამ და ელისაბედმა ერთობლივი ძალებით ააშენეს, მიბარებული ჰქონდათ ნიკო მანსვეტაშვილისათვის და აქირავებდნენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წერილი ვერ იქნება დაწერილი მამიდის გარდაცვალების შემდეგ,  იგი უნდა დავათარიღოთ 1872 წლის 20 აპრილამდე  მაინც, მაგრამ შეიძლება ამ თარიღის ცოტათი უფრო დაზუსტებაც. რამდენადაც ილიას და ელისაბედი წერილში მთლიანად ძმის მოიმედედ ჩანს, ბარათი დაწერილი უნდა იყოს მისი ქვრივობის პერიოდში - 1868 წლის 11 მარტიდან (ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ორბელიანის გარდაცვალებიდან) 1872 წლის 20 თებერვლამდე (მეორედ გათხოვებამდე). გამოდის, რომ წერილი ადრესატის გარდაცვალებამდე სულ რაღაც 2 თვით ადრეც კი შეიძლება იყოს დაწერილი. იქნებ ამიტომ კიდევ უფრო სტკიოდა ილიას გული, რომ ვერ მოასწრო მამიდის გახარება ყვარელში სახლის აშენებით და მასთან და ოლღასთან ერთად იმ სახლში ცხოვრებით, მაგრამ ეს იმდენად თბილი წერილია, რომ საყვარელ ადამიანს ალბათ ამ სურვლების გამოხატვითაც დიდ ბედნიერებას მიანიჭებდა: „მე თქვენთან ყოფნა რომ მინდა, იმისთვის, მამიდაჯან, რომ ბოლოს ვინც თქვენ პატარაობაში დიდის მზრუნველობით  გამოზარდეთ, ახლა იმან თქვენის ათასნაირი შრომისათვის ხელის გულზედ ერბო კვერცხი იწვას და ისე გაცხოვროთ“). ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ბარათი დაწერილი უნდა იყოს 1868 წლის 11 მარტიდან 1872 წლის 20 თებერვლამდე.

მასალის გადამოწმება და ატრიბუცია

ქართული ლიტერატური მუზეუმის საარქივო გამოცემის შესწავლისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთსტროფიანმა ლექსმა „დათა ბაგრატიონს“, რომელიც ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულ კრებულში (ოცტომეული) არ იყო დაბეჭდილი და გადავწყვიტეთ გადამოწმება. ძიების შედეგად მოვიპოვე ინფორმაცია, რომ  ეს ლექსი დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლის თხზულებათა კრებულშიც (იხ. თხზულებანი 20 ტომად, ტ. 3). იქ იგი ორსტროფიანია და სათაურად აქვს „დ. ბაგრატიონის ხმალზე წაწერილი“. ლიტერატურის მუზეუმში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ხელნაწერი, რომელიც ილია ჭავჭავაძისეულად ინახებოდა მუზეუმში, მას არ ეკუთვნის და არც ლექსია მისი დაწერილი. შესაბამისად, ეს მასალა ილია ჭავჭავაძის „მატიანეში“ არ შევა, მაგრამ კვლევის შედეგად გასწორდა უზუსტობა და ამჟამად ლექსი უკვე გადატანილია აკაკი წერეთლის საარქივო ფონდში.

ახალი წყაროები

მხატვრული ლიტერატურის ანალიზისას,  მკვლევარი ეძებს ყოველგვარ ინფორმაციას შესასწავლი საკითხის შესახებ, მაგრამ იშვიათად ახერხებს თითოეულ  წყაროსთან უშუალოდ მისვლას და ამ მიზნით მეტწილად მიმართავს აკადემიურ გამოცემებს და ბიბლიოგრაფიულ ცნობარებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ორი ტიპის გამოცემის აკადემიური სიზუსტით მომზადებას და სისრულეს. ეს თვალნათლივ გამოჩნდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შევსებაზე მუშაობისას. ცალკეული, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო გამორჩენილი იყო აკადემიური გამოცემიდან და მატიანიდან, არ გვხვდება არც სამეცნიერო მიმოქცევაში. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, ერთ-ერთი ასეთი უცნობი წყაროა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, 1889 წელს ილია ბახტაძის პუბლიკაცია  „Легенда о "Гандегили" ჟურნალში „Новое обозрение“ (#1968, გვ. 1-2).
ილია ჭავჭავაძემ თავადვე მიაწერა თავის პოემას „ლეგენდა“, მაგრამ რა ლეგენდა იყო ეს, რა აიღო იქედან ავტორმა, რა დაამატა და როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთა, თხზულების გამოცემიდან საუკუნეზე მეტის შემდეგ, თუ წყარო არ არსებობს, ძნელი გასარკვევია. მართალია, მე-20 საუკუნეში იყო მცდელობა, მოხევეებისგან ჩაეწერათ ლეგენდა მყინვარზე მოღვაწე ბერის შესახებ და შეედარებიათ პოემისთვის, მაგრამ, როდესაც პოემას და ზეპირი გადმოცემის ჩანაწერს შორის დროის დიდი ინტერვალია, ლეგენდისა და ლიტერატურული თხზულების ურთიერთმიმართების გარკვევა შეუძლებელია. ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის კავშირი და გავლენა ორმხრივია. არა მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებები იქმნება ლეგენდების საფუძველზე, არამედ ლეგენდებიც საზრდოობს და ივსება ლიტერატურიდან. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ მეოცე საუკუნეში ჩაწერილ ლეგენდას არ განუცდია მე-19 საუკუნეში უაღრესად პოპულარული ამ თხზულების გავლენა. ილია ბახტაძის პუბლიკაციის შესახებ რომ სცოდნოდათ, მეცნიერები აღარ იკამათებდნენ ზემოხსენებულ საკითხებზე და უკეთ ჩასწვდებოდნენ ამ პოემის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს. უფრო მეტიც, ბახტაძის  პუბლიკაციის გაცნობა მკვლევრებს მიანიშნებდა იმაზეც, თუ საიდან გაჩნდა მწერლის წარმოსახვაში მყინვარზე მდგომი მოხუცის სახე, რომელიც გვხვდება მის მეორე პოემაში - „აჩრდილი“.
წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციულ გზავნილებს, რომლებიც არის ბახტაძის სტატიაში: 1. ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემა სწორედ ამ ლეგენდის საფუძველზე შექმნა. 2. ლეგენდა მოგვითხრობს მყინვარზე დაყუდებული ბერის ისტორიას, რომელიც საძმოსთან ერთად მივიდა იქ, მაგრამ ცალკე სენაკში განმარტოვდა და განსაკუთრებულ სულიერ სიმაღლეებს მიაღწია. ღვთისთვის მისი ღვაწლის სათნოობის გამომხატველი იყო სასწაული - დილის ლოცვისას სენაკში შემოსულ მზის სხივზე ბერი წმინდა წიგნებით სავსე აბგას ჰკიდებდა. ამ საღვთო ნიშნით გამხნევებულ და ღვთისადმი მადლიერებით აღსავსე ბერს სურვილი ჰქონდა, რომ მის საძმოსაც მიეღწია იმავე სიმაღლეებისთვის და მონასტერს მკაცრი შიდაგანაწესი დაუდგინა. საძმოს წევრები, განდეგილისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ახლოს იყვნენ მიწასთან და მიწიერ ვნებებთან. მათ ამძიმებდათ მუდმივი ლოცვა და მარხვა და ერთხელ შეიკრიბნენ, რომ მძიმე კანონისგან გასათავისუფლებლად რაიმე მოეფიქრებიათ. ბერების აზრით, განდეგილი იმიტომ იყო ასეთი მომთხოვნი, რომ წმინდად ცხოვრობდა, მაგრამ თუ ის შესცოდებდა, მათ მიმართ მკაცრიც ვეღარ იქნებოდა. თავყრილობისას ერთმა ბერმა თავის თავზე აიღო ამ საქმის მოგვარება გერგეთში მცხოვრები ერთი ულამაზესი ქალის დახმარებით, რომლისთვისა, მისი თქმით, ცოდვა ცხოვრების მოწოდებას წარნმოადგენდა და არაფერი იყო შეუძლებელი. 
მოლაპარაკება „მეამბოხე“ ბერსა და „დაცემულ ქმნილება“ -  დორას შორის ღამით შედგა, ქალის სახლში, საიდანაც  დროდადრო თავშეუკავებელი სიცილის ხმა ისმოდა. ერთ ღამეს, საშინელ ქარბუქში დორა ავიდა განდეგილის სენაკთან და კარზე დააკაკუნა. ბერისთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო, შეკრთა და თითქოს იგრძნო განსაცდელის მოახლოვება. იკითხა ვინ იყო. ქალმა მოატყუა, ვითომ ჯიხვებზე მონადირე იყო, გზა აებნა, უკან ვეღარ ბრუნდებოდა და თავშესაფარს ითხოვდა. განდეგილმა უპასუხა, ჩემს სენაკში ადამიანს ფეხი არ შემოუდგამს, მიდი საძმოს ბერებთან და ისინი მიგიღებენო. ქალმა ისევ მოატყუა, უკვე ვიყავი, მაგრამ ბერები  ადამიანებს გადაეჩვივნენ და მათ მიმართ თანაგრძნობა აღარა აქვთო. მაშინ განდეგილმა მიუგო, ჩემი სახელით მიდი და მიგიღებენო. ქალმა იცრუა, ვითომ სცადა განდეგილის დარიგების შესრულება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ისევ შესძახა მეუდაბნოეს, საძმოს ბერებს „მართალთა ძილით“ სძინავთ და მგზავრის ხმა არ ესმით. თუ არ გინდა, რომ აქვე გავიყინო და შენ დაგედოს ცოდვად ჩემი სიკვდილი, კარი გამიღეო.
ლეგენდის მიხედვითაც, განდეგილმა ისე გააღო კარი, ვერ ხვდებოდა, რომ სენაკში შეშვებას ქალი ითხოვდა. ქალთან საუბრის და ღვთისადმი უმადურობის გამომხატველი სიტყვების წამოცდენის შესახებ ლეგენდაში არაფერია ნათქვამი, უბრალოდ, წერია, რომ პატარა, ბნელ სენაკში ქალს და ბერს გვერდი-გვერდ ეძინათ. დილით, როდესაც განდეგილს გაეღვიძა, უცხო სტუმარი აღარსად იყო, მაგრამ მას რაღაც უცნაური მიწიერი სიამის განცდასთან ერთად დანაშაულის და ეჭვის გრძნობა ჰქონდა გაჩენილი - ხომ არ შესცოდა უცნობის სენაკში შეშვებით და ხომ არ განარისხა ღვთისმშობელი? ამის შესამოწმებლად მეუდაბნოე გათენებას დაელოდა, სალოცავად დადგა და აბგა მზის სხივზე დაჰკიდა, მაგრამ წმინდა წიგნებით სავსე აბგა ხმაურით დაეშვა ძირს. მეორეჯერაც სცადა, მაგრამ იგივე განმეორდა.
დილით ბერებმა ნახეს, რომ განდეგილის სენაკი ცარიელი იყო. მაშინღა მიხვდა ერთ-ერთი მათგანი, რომ დილის ბინდბუნდში მის მიერ შენიშნული უცნობი, რომელიც მყინვარის მწვერვალისკენ მიემართებოდა, მათი წინამძღვარი  უნდა ყოფილიყო. ლეგენდა არაფერს ამბობს იმის შესახებ, როგორ დაასრულა სიცოცხლე მეუდაბნოემ, რომელიმე ქარაფიდან გადაეშვა ძირს, თუ ღვაწლი გააგრძელა და მისმა სინანულმა კეთილი ნაყოფი გამოიღო. რაც შეეხება საძმოს ბერებს, მათ, ლეგენდის მიხედვით, ღვთის რისხვა დაატყდათ თავს საშინელი ქარბუქის, ელვისა და მეხის  სახით, რომლებმაც მონასტერი მიწასთან გაასწორა.
ილია ჭავჭავაძის მეორე პოემასთან - „აჩრდილთან“ ლეგენდის მიმართების შესახებ მნიშვნელოვანია ზემოხსენებული განდეგილი ბერის  ისტორიასთან დაკავშირებით ხალხში გავრცელებული კიდევ ერთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც მყინვარისკენ მიმავალი მონანული მეუდაბნოე უფალმა აამაღლა და თითქოს უნახავთ კიდეც მისი სასწაულებრივი ხილვა - მყინვარის თავზე ბურუსში ხელაპყრობით მდგარი. სტატიაში მოხმობილია ციტატა რუსი პოეტის - სიმონ იაკობის ძე ნადსონის მიერ 1879  წლის ნოემბერში დაწერილი ლექსიდან „В горах“, რომელიც მოწმობს, რომ ასეთი გადმოცემები მართლაც არსებულა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ დაწერამდე (1883 წლამდე) და იგი 17 წლის ახალგაზრდა რუს პოეტსაც ჰქონია მოსმენილი 1879 წელს საქართველოში ყოფნის დროს: „ А там, где диадемой снежной / Казбек задумчивый сиял,/ С рукой подъятой ангел нежный, / Казалось, в сумраке стоял...“.
ილია ბახტაძის თქმით, ილია ჭავჭავაძის მიერ „განდეგილის“ დაწერას წინ  უსწრებდა ალპინისტის ასვლა ყაზბეგის მწვერვალზე. საგულისხმოა, რომ 1883 წლამდე ორი ცნობილი ალპინისტური ასვლა იყო განხორციელებული ამ მთაზე. 1868 წელს მწვერვალი დაიპყრო ინგლისელმა ალპინისტმა დუგლას ფრეშფილდმა, 1873 წელს კი - რუსმა ვლადიმერ კოზმინმა. ასეთ დროს ხდება ხოლმე ყურადღების გააქტიურება მოვლენათა ეპიცენტრზე. შესაბამისად, საზოგადოებაშიც და ბეჭდურ გამოცემებშიც აუცილებლად იქნებოდა  საუბარი ამ მთასთან დაკავშირებულ ყოველგვარ გადმოცემებზე. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამის შესახებ გაეგო სიმონ ნადსონს და, მით უფრო, ილია ჭავჭავაძეს.
ილია ჭავჭავაძის „განდეგილთან“ არის დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო პუბლიკაცია - ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „Русско-грузинские параллели в поэзии“, რომელიც დაიბაჭდა ასევე „Новое обозрение“-ში 1893 წელს (#3265). ავტორი გვთავაზობს ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის  პარალელურ ანალიზს ერთი ნიშნით - აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა. ჟანა დარკს უფლისგან ჰქონდა დაკისრებული საფრანგეთის ტახტზე კანონიერი მემკვიდრის - კარლოს მეშვიდის აღსაყდრება, ამ მიზნის მიღწევაში მას უნდა დახმარებოდა თავისივე აღთქმა - არავინ შეყვარებოდა მიწიერი სიყვარულით, მაგრამ შეუყვარდა და თან არა ნებისმიერი ვინმე, არამედ მტერი - ინგლისელი რაინდი ლიონელი. ამიტომ მან დაკარგა ღვთის მადლი. ბერის აღთქმა იყო მუდმივ ღვთისმჭვრეტელობაში ყოფნა, მაგრამ წუთიერად გაექცა თვალი ამქვეყნიურისკენ, გულში ვნება შეეპარება, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და მადლი დააკარგინა.
სტატიის ავტორი არაჩვეულებრივად აანალიზებს იმას, თუ რა იყო ისტორიული მოცემულობა (ორლექნელი ქალწულის შემთხვევაში) და ზეპირსიტყვიერებითი საფუძველი („განდეგილის“ შემთხვევაში), რა დაამატეს ავტორებმა და რატომ. იგი განმარტავს, რომ ტრაგედიის შესაქმნელად აუცილებელია გმირის შინაგანი ბრძოლა. ამიტომ შემოიტანა შილერმა თავის პიესაში, თითქოს ჟანა დარკს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ არავის შეიყვარებდა და ამან წარმოშვა შინაგანი ჭიდილი აღთქმასა და გრძნობას შორის. განდეგილიც ერთი გულისთქმის გაელვების  გამო   ჩავარდა ჯერ შინაგან ბრძოლებში, შემდეგ სასოწარკვეთილებაში და დაკარგა ღვთის წინაშე მოპოვებული სათნოება. საკოცნელად დახრილმა თავი შეიკავა, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მის არსებაში მინავლებული ცოდვა ისევ აღგზნებულიყო. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერისაგან განსხვავებით, ხახანაშვილს არ ეეჭვება რომ მზის სხივზე დაყრდნობილი ლოცვანის ძირს დავარდნა მარცხის ნიშანია, მაგრამ არ აკავშირებს ამას ზოგადად განდეგილობის, როგორც სულიერი მოღვაწეობის მარცხთან და არ ფიქრობს, რომ ილია ამ პოემით  განდეგილობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.
ვფიქრობთ, ეს ორი წყარო ძალზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მკვლევართათვის და მომავალ ნაშრომებში ბევრი მათგანი გაითვალისწინებს.



[1] საკითხის ანალიზი უფრო ვრცლად იყო  წარმოდგენილი მოხსენებაში „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმები ბათუმის სკოლის შესახებ“, რომელიც წავიკითხე ბათუმის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: ,,ბათუმი წასრული და თანამედროვეობა'' (2014 წლის 1–2 სექტემბერი). მასალები იბეჭდება.


No comments:

Post a Comment