„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ - ახალი ტექსტოლოგიური კვლევები (ორენოვანი გამოცემა) ელექტრონული ბიულეტენი #3




სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის  კონკურსში გამარჯვებული პროექტი






„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ - ახალი ტექსტოლოგიური კვლევები (ორენოვანი გამოცემა)





ელექტრონული ბიულეტენი

#3












თბილისი
2015





























შინაარსი


ნანა ფრუიძე: დამატებითი მასალები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის (ოცტომეული) მე-15-17 ტომებიდან

ქეთევან ხითარიშვილი: დამატებითი მასალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული დოკუმენტებიდან      
                                            
შარლოტა  კვანტალიანი: დამატებითი მასალები 1987-2007 წლების გამოკვლევებიდან

მაია ნინიძე: ატრიბუცია, პირთა იდენტიფიკაცია და დათარიღება






































ნანა ფრუიძე

დამატებითი მასალები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის
(ოცტომეული)XV, XVI-XVII ტომებიდან


ილიაჭავჭავაძისცხოვრებისადაშემოქმედებისმატიანისშესავსებადმასალისმოძიებისმიზნითდავამუშავეთილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის (ოც ტომად) მომდევნო სამიტომი (XV, XVI-XVII), რომლებიც 2007-2012 წლებში დაიბეჭდა.
უნდააღინიშნოს, რომ1987 წლისმატიანეშინაწილობრივააშეტანილიდასახელებული გამოცემის დამუშავებულ ტომებში წარმოდგენილი მასალა, უხვად გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც აღნუსხული არ აღმოჩნდა; ხსენებული მასალა  წინასწარ შემუშავებული პრინციპების მიხედვით განლაგდაახალლექტრონულგამოცემაში.
ყველაზე არსებითი სიახლეა XV ტომში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილების აღნუსხვა და მატიანეში შეტანა. ხსენებული ტომი დაიბეჭდა 2007 წელს და მასში შევიდა ბოლო წლების ტექსტოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილი ის პუბლიცისტური წერილები, რომელთა ატრიბუცია საბოლოოდ დადგენილი არ არის. ტომი მოიცავს 1879-1904 წლებში შექმნილ 170 წერილს. თემატური თვალსაზრისით ეს წერილები ძალზე მრავალფეროვანია: ისტორია, რელიგია, არქეოლოგია(მაგ.: „არქეოლოგიურ კრების გათავება“,„ძვირფასი განძი“, „ერთი საინტერესო საგანი“, „წმ. ნინოს დღეობა“, „ქართველთ ქონება ათონის მთაზე“, „სამღვდელოებზედ“, <თავისი სამწყსოს „სარკე“ და „სანთელი“, <სამწუხარო ცნობა>, ძველი და ახალი სამღვდელოება“, <გამოცდები სემინარიაში>, „საქართველოს ახალი ეგზარხოსი“, <ქართული საგალობლების მნიშვნელობა>, ,ცრუმორწმუნეობის მორევში>, <ქართული ტაძრების ბედი>, „წმინდა ნინოს დღესასწაული“, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი“), პოლიტიკა(მაგ.:<ნუ დავუკარგავთ შთამომავლობას მამულ-დედულს>, „სიმვოლო სარწმუნოებისა“, „ხილად „კვალის“ მოსაუბრეს“, „საკენკად „სამშობლოს ცაზედ „ხეტიალას“, <ვაშა, ბ-ნო ქართველო დეფო!>, „აი ძმობა!?“, <დასობანა - სახიფათო თამაში>, „რა გავაკეთეთ ბათუმში?“, „ვისთვის არის ეს საჭირო?“, „მაჰმადიან ქართველთა ბედი“, „ბათომის გუბერნატორის განცხადება“, „დაბრუნებული აფხაზები“, „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“ და ა.შ.), ეროვნული საკითხი და სწავლა-განათლება(მაგ.: „მიეცით მამასახლისებს შესაფერი პატივი“, <სხვადასხვა ერების უცნაური მდგომარეობა კავკასიაში>, „ერთიც ახალი გამოლაშქრება“, „წინამძღოლი არა გვყავს“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „უკანასკნელი რეფორმები“, „ქუთაისის საოსტატო სემინარია“, „დედათა განათლება ჩვენში“, „ჩვენი ახალგაზდობის მოვალეობა“, „სწავლა-განათლების საქმე“ და ა. შ.);ადმინისტრაცია და ადგილობრივი მმართველობა(„ჩვენი საჭიროებანი, „თ. დონდუკოვ-კორსაკოვის დანიშვნაზე“, „განათლების ახალი მინისტრის დანიშვნა“, „ბ. მარკოვის საჩივარი“, „კავკაზიის რეფორმები“, „დაბადებამდი სიკვდილი“ დაა. შ.);სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა(„ჩვენი ხელოსნობა და ხელოსნები“, „ერთი სახსართაგანი ჩვენში მეურნეობის წარმატებისთვის“, „ქუტაისის ბანკის უფლებამოსილების გაფართოება“, „ქუტაისის ბანკის ხელსაყრელი პირობები“, „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა“, „არყის ბაჟი“,<ჩვენი ეკონომიკა>, <თვიმმართველობის მნიშვნელობა ეკონომიკისთვის>,„იმერელი მოსამსახურენი თბილისში“,„ქალაქის რჩევას“, „„რკინიგზის მოლოდინი კახეთში“, „ჩვენი ფოჩტა და რკინისგზა“, „ხიზნების მდგომარეობა“ და ა. შ.);ოფლის მეურნეობა(„კალიის გამოსვლა“, <როგორ ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა>, <თვად-აზნაურთა მოვალეობა>, <თავკაცთა უვარგისობა სოფლად>, „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“, „სოფლის მწარმოებლები“ და ა. შ.);პრესა, ეთიკა,სამართალი(„ახალ ქართულ გაზეთს“, „„ბათომის ფურცელი“, „ტუსაღებისათვის“, „რუსის ცრუ-პატრიოტს“, „ერთი შენიშვნა „თფილისის მოამბეს“, „ორიოდე სიტყვა „კავკაზს“, „მთქმელს გამგონი ეჭირება“, „დრონი იცვალნენ“, „„სამართალი მსწარფლი და მართალი“, „სასამართლოები ჩვენში“ და ა. შ.);ჯანმრთელობა, მედიცინა, კულტურა(„სახალხო დროსგატარება“, „გახშირებული ავადმყოფობა“, „ჩვენი ექიმები“, „თეატრის მატიანე“, „ქართული თეატრი“, „კიდევ ძველ წიგნებზე“ და ა. შ.); ქართული ენის საკითხები(<უყურადღებობა ქართული ენის მიმართ>, „ქართული ენა სასამართლოებში“, „სასამართლო და აადგილობრივი ენები“, „ქართული ენა ჩვენს საშუალ სასწავლებლებში“);საზღვარგარეთის ამბები(„ავსტრიის ვარამი“, „გავლილი წელიწადი ევროპაში“, „<როგორ პოლიტიკას აირჩევს რუსეთი>, გავლილი წელიწადი რუსეთში“, „გამბეტტას ძლიერება“, „გამბეტას დამარხვა“, „საფრანგეში“, „ერთი კვირა უცხოეთში“ და ა. შ.) და ა.შ. თითოეული თემატური ჯგუფი, თავის მხრივ, ძალზე საინტერესო საკითხებზე შექმნილ სტატიებს აერთიანებს, რომელთა გაცნობა მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად შესასწავლად.
ამ წერილების ერთი ნაწილი 1879-1883 წ.წ. ქვეყნდებოდა გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერელი მოწინავეების სახით. ლ. ჭრელაშვილმა ამ წერილების ავტორად ილია ჭავჭავაძე მიიჩნია, დაეყრდნო რა ს. მესხის მიერ შედგენილ ანონიმური პუბლიკაციების სიას, რომელსაც მან იაკობ გოგებაშვილის არქივში მიაკვლია. მეცნიერის აზრით, ყველა ხელმოუწერელი მოწინავე გაზეთის მეორე რედაქტორს, ი. ჭავჭავაძეს უნდა ეკუთვნოდეს, რადგან ხელმოუწერელ წერილს სარედაქციო სვეტში მხოლოდ რედაქტორი აქვეყნებდა (იხ.: ლ. ჭრელაშვილის წერილები,  ჟ. „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია, 1981, #2, #3 და 1985, #5). აღნიშნული წერილები, ალბათ, გამოცემის ძირითად ნაწილშიგანთავსდებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ს. მესხის ნუსხიდან ორი წერილი („დროება“ 1881, „ტფილისი 8 მარტს (#50)“ და „ტფილისი 9 მარტს (#57)) იაკობ გოგებაშვილმა თავად შეიტანა თავისი „რჩეულ პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერების“ პირველ ტომში, რითაც საკუთარი ავტორობა დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგა დანარჩენი წერილების ავტორობის საკითხიც და, ცხადია, მათი ცალსახადმიჩნევა ილიასეულად, შეუძლებელი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ სტატიების თემატიკა, ლექსიკა, მსჯელობის სტილი ხშირ შემთხევაში ატრიბუციის თალსაზრისით ეჭვს არ იწვევს.
 ტომში ხსენებული სტატიების გარდა, დაბეჭდილია წერილების მეორე წყება, რომლებიც ხელმოწერილია ფსევდონიმებით: „ქართული თეატრის მოყვარული“ „ქართული თეატრის მოყვარე“, „ქართული სცენის მოყვარე“. ბუნებრივია, ეს წერილები ეძღვნება ქართული თეატრის საჭირბოროტო საკითხებს. სულ 15 წერილია; აქედან 8 დაბეჭდილია საერთო სათაურით  -  „თეატრის მატიანე“; ზოგადად, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც პუბლიცისტი, გარკვეული რიგის საკითხებზე სტატიებს ერთი და იმავე სათაურით ბეჭდავს, რათა  მკითხველი უმალ მიახვედროს, რა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის. ამ თვალსაზრისით, ცხადია, არც ილიაა გამონაკლისი. გაზ. „დროებაში“ გამოქვეყნებული„თეატრის მატიანეების“ იდენტიფიკაციის გასაადვილებლად ყველგან დავამატეთ სტატიის პირველი ფრაზის დასაწყისი (მაგ.:1880 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება „თეატრის მატიანე“ („უწინ, როდესაც ჩვენი ქართული წარმოდგენები...“); იმავე წლის 13 იანვარს ასევე იბეჭდება „დროებაში“ „თეატრის მატიანე“ („ვიდრე მოვყვებით ამ სათაურში მოხსნებულ წარმოდგენების გარჩევას...“); 1880 წლის 2 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება „თეატრის მატიანე“ („არ ვიცი, ღვთის წინაშე, რა სიტყვებით გამოგისახოთ ის შთაბეჭდილება...“); 1880 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება სტატია „თეატრის მატიანე“ („პ. უმიკაშვილის ახალს კომედიაზედ..“);  1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება სტატია „თეატრის მატიანე“ („მოთმინებით თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი....“); 1880 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება სტატია „თეატრის მატიანე“ („13 მაისს იყო მ. მ. საფაროვის ბენეფისი...“) და სხვ.  
წერილების მესამე ჯგუფს ქმნის 1902-1903 წ.წ. გაზ. ივერიაში“ განსხვავებული შრიფტით აწყობილი სტატიები. ლ. ჭრელაშვილმა ისინი ილიასეულად მიიჩნია და საკითხთან დაკავშირებით  გამოაქვეყნა ნარკვევი(იხ.: „ილიას კრებული“II, 2004).
გარდა ამისა, ტომი შევიდა სხვადასხვა დროს მეცნიერთა მიერ ილიასეულად მიჩნეული რამდენიმე წერილი, რომელთა ავტორობის საკითხი დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
გასაგები მიზეზების გამო, ეს მასალა არასდროს დაბეჭდილა ილიას კრებულებში და, შესაბამისად, არც  1987 წლის მატიანეშიასახულა. ვფიქრობთ ახალი ელექტრონული მატიანე მკითხველს უნდა აძლევდეს საშუალებას, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია არა მარტო ნამდვილად ილიას მიერ შექმნილ თხზულებათა, არამედ იმ სავარაუდო ქმნილებათა შესახებაც, რომელთა ატრიბუციის საკითხი ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას(იხ.: ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრულიკრებული ოც ტომად, . XV, 2007).
განსაკუთრებით გაამდიდრა ახალი ელ. მატიანე პირადი წერილებისშესახებ ინფორმაციის  შეტანამ.1987 წლის მატიანეში წყაროების მიუთითებლად იყო მითითებული, თუ ვისთან ჰქონდა ილიას მიმოწერა. ამასთან, როგორც წესი, არ იყო დაზუსტებული წერილების შინაარსი, რომელიც  ხშირ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეცველია. ჩვენ თითოეულ წერილს დავურთეთ მოკლე მიმოხილვა, რომელშიც ყველაზე არსებითი და ამა თუ იმ კუთხით საყურადღებო ინფორმაცია გამოვიტანეთ. ასევე, წერილების შინაარსიდან გამომდინარე მოხერხდა ბევრი საყურადღებო ბიოგრაფიული ფაქტის გამოყოფა, რამაც,  თავის მხრივ, შესაძლოა, სრულიად სხვა საკითხს მოჰფინოს ნათელი.
ხშირ შემთხვევაში მატიანეში არასწორად იყო მითითებული ზოგიერთი წერილის ადრესატი. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ყველა შემთხვევაში დაზუსტდა ინფორმაცია. ამასთან, დაზუსტდა ბევრი პირადი წერილის დაწერის თარიღი, რომელიც არათუ 1987 წლის მატიანეში, არამედ 2012 წელს გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის XVII ტომშიც არასწორად იყო დათარიღებული. ასე, მაგალითად, დის, ლიზა ჭავჭავაძისადმი მიწერილი ერთი ბარათის შესახებ მწერლის თხზულებათა ოცტომეულის XVII ტომში მითითებულია:   „ [1870 წლის შემდეგ]  ელისაბედ საგინაშვილის მეორე ქორწინების თარიღის მიხედვით“ (წყარო: ჭავჭავაძე, ი., თსკ (ოც ტომად), XVII, 2012, გვ. 375);. ალექსანდრე საგინაშვილი, ლიზა ჭავჭავაძის მეორე ქმარი, 1870 წელს დაქვრივდა (გარდაეცვალა მეუღლე, ბარბარე ორბელიანი). ელისაბედზე მან  1872 წელის 20 თებერვალს იქორწინა. ამდენად,  წერილი მითითებულ თარიღზე ადრე ვერ დაიწერებოდა; თანაც, ვფიქრობთ, წერილის დაწერასა და ქორწინებას შორის დიდი შუალედი არაა  სავარაუდებელი, რადგან წერილის მინაწერი, რომლის ადრესატი ალექსანდრე საგინაშვილია, ოფიციალურ ხასიათს ატარებს. დღეისათვის ორ ათეულზე მეტი წერილის შექმნის დროა დაზუსტებული (ამის შესახებ დაწვრილებით იხ.:ტექსტოლოგიურიკვლევებიილიაჭავჭავაძისცხოვრებისადაშემოქმედებისმატიანისათვის, 2016).
მნიშვნელოვანი სიახლეამატიანის შევსება პირადი წერილების  წყაროების შესახებ არსებული ინფორმაციით.აბსოლუტურად ყველა ტექსტს დავურთეთ მონაცემები ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წყაროს არსებობის შესახებ.ამასთან, სადაც ეს შესაძლებელი იყო,  დაზუსტდა, ხელნაწერი წყარო ავტოგრაფია თუ ასლი;
            ზოგიერთი ნაბეჭდი წყარო ამჯერად პირველად მოხვდა აკადემიურ გამოცემაში, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ, ცხადია,არსებობდა.  ასეთია, მაგალითად:პეტრე ნაკაშიძისადმი 1871 წ. 29 აგვისტოს მიწერილი წერილი(„პეტრე! ამ ახლად დაწერილს ლექსებს გიგზავნი...“) (იხ.:ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი #114; ჭავჭავაძე, ი., თხზულებანი, ტ. I, 1925, გვ. 377;  ჭავჭავაძე, ი., თსკ (ოც ტომად), XVII, 2012, გვ. 31, 376;სტურუა, ზ., ერთი კომენტარის გამო, ჟ. „კრიტიკა“, 1988, #3, გვ. 120-121).
რიგ შემთხვევაში მატიანეში არასწორად იყო მითითებული პუბლიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგ.:პერიოდული გამოცემის დაბეჭდვის ზუსტი თარიღი ან ნომერი; თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის წელი,  ტომის რიგითი ნომერი ან გვერდი).ჩვენ ყველა მსგავსი შემთხვევა გადავამოწმეთ და როგორც კორექტურული შეცდომა - გავასწორეთ.
საყოველთაოდ ცნობილია, მეცნიერთა რამდენ თაობას გაუწია ფასდაუდებელი სამსახური ილია გორგაძისა და  ნოდარ გურგენიძის მიერ მომზადებულმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანემ. ვიმედოვნებთ, აღნიშნული გამოცემის ახალი შევსებული და გადამუშავებული ელექტრონული ვერსია კიდევ უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა თუ ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

ქეთევან ხითარიშვილი

დამატებითი მასალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
დაცული დოკუმენტებიდან
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შესავსებად  დავამუშავეთ კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული  ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი და მოვიძიეთ მის შესახებ სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის ფონდში არსებული მასალა. აღნიშნული საარქივო დოკუმენტები მნიშვნელოვანია XIX საუკუნის ბოლო პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და მასში აქტიურად ჩართული ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მრავალმხრივი სურათის აღსადგენად. 1987 წელს ილია გორგაძისა და ნოდარ გურგენიძის მიერ შედგენილ ბიბლიოგრაფიული ხასიათის მატიანეში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული დოკუმენტაციის მცირე ნაწილია შეტანილი. სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება საგრანტო პროექტის ეს ეტაპი. უნდა აღინიშნოს, რომ გრანტის მეორე საანგარიშო პერიოდში ილია ჭავჭავაძის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, ძირითადად, წარმოაჩენდა მას, როგორც ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილისა (1879-1885) და ორგანიზაციის თავმჯდომარის (1885-1907), საქმიანობას. რაც შეეხება კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მასალას, თემატურად მრავალფეროვანია და   წარმოაჩენს მას, როგორც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პიროვნებას. მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, შესაძლებელია ილია ჭავჭავაძის  შემოქმედებისა და საზოგადოებრივი აქტივობის სრული სურათის მეტ-ნაკლებად რეკონსტრუქცია.
პროექტისთვის შემუშავებული პრინციპების თანახმად, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მასალას მივეცით ინფორმაციულად ტევადი ანოტაციის სახე. ტექნიკური თვალსაზრისით, თავდაპირველად აღვნიშნეთ საარქივო დოკუმენტის თარიღი (წელი და თვე), შემდეგ – ძირითადი შინაარსი და ბოლოს მივუთითეთ  წყარო.
 მუშაობის პროცესში საარქივო დოკუმენტებში გამოიკვეთა შემთხვევები, რომლებშიც სრულად არ არის მოცემული ზოგიერთი  პიროვნების ვინაობა.  მითითებულია მხოლოდ ამა თუ იმ საზოგადო მოღვაწის სახელის ინიციალი ან სტატუსი. კვლევის შედეგად დაზუსტდა  მათი  ვინაობა, რაც ხელს შეუწყობს საარქივო დოკუმენტის ადეკვატურად გაგებას. მაგ: [ოლღა] ლებედევა  (ბრწყინვალე თავადის მიხეილ რომანოვის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე), [ივანე] სულხანიშვილი (სოფელ ნიქოზის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის წევრი), [მაქსიმილიანე ზაქარიას ძე] ჭავჭავაძე  (თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლი),  ბარონი [ემანუელ]  ნოლდე (მინისტრთა კომიტეტის მდივანი) და სხვა.
სხვადასხვა ხასიათისა და კატეგორიის მოძიებული საარქივო ერთეულებიდან შესაძლებელია გამოვყოთ შემდეგი   საკვანძო საკითხები:
     
 ბიოგრაფიის ამსახველი მასალა
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო წრეებში ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია კარგად არის  შესწავლილი, თუმცა ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა მიკვლეული მასალა, კერძოდ, ილიას საზღვარგარეთული პასპორტი, რომელიც 1900 წლით თარიღდება. ცნობილია, რომ ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამკურნალოდ წავიდა გერმანიასა და ავსტრიაში. პასპორტში გვხვდება  ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს ნებართვა საზღვრის გადაკვეთის შესახებ. მოცემულია ზუსტი მონაცემები საზღვრის დატოვებისა  (1900 წლის 27 ივნისი) და  დაბრუნების თაობაზე (1900 წლის 10 სექტემბერი); (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N19). ასევე, დაცულია თბილისის ყოვლადწმინდა  სამების საეკლესიო დავთრიდან  ამონაწერი ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ქორწინების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს მღვდელი ვასილ კარბელაშვილი (თბილისის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის წინამძღვარი). დოკუმენტში დაკონკრეტებულია ქორწინების თარიღი – 1863 წლის 10 აპრილი და მათი მეჯვარეების ვინაობა (ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდანფლიგელ­ადიუტანტი პოდპოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და ,,კოლეჟის ასესორი’’ სულხან თუმანიშვილი). წყვილს ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. 51) .
არაერთგზის  გვხვდება  ილიას კერძო საკუთრების დამადასტურებელი საბუთები. მაგალითად, თბილისის ანდრეევის ქ.  N22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბინაო დავთარი, რომელშიც ჩანს  მობინადრეთა ვინაობა, ასაკი, აღმსარებლობა, სოციალური სტატუსი და საქმიანობა (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N29). 1903 წელს ილია ჭავჭავაძე ავსებს კერძო მამულის მფლობელებისთვის გათვალისწინებულ სავალდებულო კითხვარს. მასში დაკონკრეტებულია მამულის ადგილმდებარეობა, მიწის ფართობი და სხვა (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 26). აქვე ინახება ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი ხელწერილები, რომლებიც სამეურნეო სფეროს  ეხება. ის თავად წყვეტს თავის მამულში მოწეული მოსავლის განკარგვის  საკითხს, ამა თუ იმ პიროვნებას  გარკვეული თანხის სანაცვლოდ უთმობს მიწას ცხვრის საბალახოდ, ზრუნავს წისქვილის მოწყობაზე, ირჩევს მოჯამაგირეებს  და სხვა.
ილია ჭავჭავაძემ 1889  წლის  1 ივლისს  თბილისის მოქალაქეს სვიმონ არუთინოვს მიჰყიდა წიწამურსა და საგურამოში მოწეული მოსავალი (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ.  N 670).
1903 წლის 28  ოქტობერს ის მოჯამაგირედ ნიშნავს  დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოში მცხოვრებ სანდრო უნდილაშვილს. დოკუმენტში პუნქტების სახით მოცემულია მოჯამაგირის მოვალეობები  (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 676).
საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა
ილია ჭავჭავაძე – მეცენატი
 საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაზრისით, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია მეტად მრავალფეროვანია. ის გვევლინება პოლიტიკოსის, ფინანსისტის, იურისტის, ჟურნალისტის, კარგი მმართველის როლებში. ყურადსაღებია მისი, როგორც მეცენატის, ქველმოქმედის სახე. საგულისხმოა, რომ ის ხშირ შემთხევევაში გვევლინება საქველმოქმედო საქმიანობის მედიატორადაც.
სოფელ ნიქოზის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის წევრები  ( [ივანე] სულხანიშვილი, გიორგი საძაგლიშვილი, იოანე დავითაშვილი) სთხოვენ ილია ჭავჭავაძეს, რომ მან გაიღოს ფულადი ან სხვა სახის შეწირულობა ეკლესიის აღსადგენად (1889წ.,  28 თებერვალო); (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 12).
1906 წლის  22 სექტემბერს თელავისა და თიანეთის მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლი [მაქსიმილიანე ზაქარიას ძე] ჭავჭავაძე სთხოვს ილია ჭავჭავაძეს, რომ გაიღოს შესაწირავი ყვარლის დაზარალებული მოსახლეობისთვის (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 47).
ილია ჭავჭავაძე –  ,,ივერიის’’ რედაქტორი
ილია ჭავჭავაძის  მიერ დაფუძნებულ ამ პერიოდული გამოცემის მიზანს წლების განმავლობაში წარმოადგენდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება და თვითმყოფადობისა შენარჩუნებისთვის იდეური ბრძოლა. ,,ივერია’’ ყოველთვის იყო სახელისუფლებო და საზოგადოებრივი მანკიერებების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, რის გამოც მასში დასაბეჭდ სტატიებს  ხშირად ედო კავკასიის საცენზურო კომიტეტის ვეტო . ,,ივერიამ’’ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეშიც. მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური და სხვები.  კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია საარქივო მასალები, რომლებშიც ილია, როგორც გაზეთის რედაქტორი, იწვევს  ამა თუ იმ პიროვნებას თანამშრომლობისთვის. 1885 წელს ის მიმართავს  ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ მაჩაბელს და აცნობებს, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან გამოვა ყოველდღიური გაზეთი ,,ივერია’’, უგზავნის პერიოდული გამოცემის პროგრამას და სთხოვს თანამშრომლობას (ხეც, მიხეილ მაჩაბლის არქ. N355). გარდა  საზოგადოებრივი  და ლიტერატურული საქმიანობისა, ,,ივერიის’’ თანამშრომლები რედაქტორთან ერთად აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებშიც.
პეტრე გრუზინსკის მიერ შედგენილი ხელწერილის თანახმად,  ილია ჭავჭავაძე გადასცემს მას  გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქციაში შეგროვებულ 1000 მანეთს ქოლერისგან დაზარებულ გლეხთა დასახმარებლად (1892 წ., 15 ოქტომბერი);  (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 679).
1892 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ილია ჭავჭავაძისგან იღებს 3081 მანეთს და 19 კაპიკს, რომელიც შეკრიბეს ,,ივერიის’’ რედაქციაში ბარათაშვილის, ბაქრაძის, ყაზბეგის, დავითაშვილისა და გურიელის თხზულებათა გამოსაცემი ფონდების შესაქმნელად  (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 15).
ალექსანდრე სარაჯიშვილის პირად არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, შესაძლებელია, გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქტორის უფლება-მოვალეობების ამ უკანასკნელისთვის გადაცემის ისტორიას მივადევნოთ თვალი. 1901 წლის 24 ოქტომბერს ,,ივერიის’’ გამომცემელი ამხანაგობის მიერ გამართულ სხდომაზე განიხილეს სარაჯიშვილის წინადადება ილია ჭავჭავაძის მიერ მისთვის რედაქტორის უფლებისა და გაზეთს მიყიდვის შესახებ.  გადაწყდარომ სარაჯიშვილის რედაქტორად დამტკიცების შემთხვევაში, ის ჭავჭავაძეს ექვსი თვის განმავლობაში თანდათანობით გადაუხდიდა 3000 მანეთს (ხეც, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქ.  N3). ილია ჭავჭავაძე გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქტორის უფლების გადაცემას სარაჯიშვილისთვის  ჯანმრთელობის გაუარესებით   ხსნის:
[1901 წლის 16 ნოემბერს] ილია ჭავჭავაძე მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს და ითხოვს, ავადმყოფობის გამო გაათავისუფლონ გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქტორობიდან, ხოლო  მის ადგილზე დროებით დანიშნონ ალექსანდრე სარაჯიშვილი.
 ალექსანდრე სარაჯიშვილი მიმართავს  კავკასიის საცენზურო კომიტეტს და ითვალისწინებს რა ილია  ჭავჭავაძის ავადმყოფის ფაქტს, თანახმაა, რომ ექვსი თვის ვადით დაინიშნოს გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქტორად   ( [1901 წლის  ნოემბერი] (ხეც, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქ. N8).
კავკასიის საცენურო კომიტეტმა დააკმაყოფილა ილიას თხოვნა და 1901 წლის 4 დეკემბრიდან გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქტორია ალექსანდრე სარაჯიშვილი. სარაჯიშვილი დაკისრებული ვალდებულების პარალელურად, იხდის გაზეთის შესყიდვის თანხას.  1902 წლის 8 ივნისს  ილია ჭავჭავაძემ შეადგინა  ხელწერილი, რომლის თანახმად, ალექსანდრე სარაჯიშვილისგან მიიღო  1000 მანეთი გაზეთ ,,ივერიის’’ რედაქტორის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით (ხეც, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქ. N7) .
ილია ჭავჭავაძე–სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი
1906 წელს ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს, რასაც საზოგადოების დადებითი რეაქცია მოჰყვა. 1906 წლის 13 აპრილს  მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი პეტრე ტრუბეცკოი აცნობებს ილია ჭავჭავაძეს, რომ ის აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N38). ილია ჭავჭავაძის არქივში ინახება ტრუბეცკოისადმი გაგზავნილი დეპეშის პირი, რომლის თანახმად, თელავის თავადაზნაურობა მადლიერებას გამოხატავს მისი დეპუტატად არჩევის გამო.  ადრესატი ამ დეპეშას უგზავნის ილიას(ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 39). ცნობილია, რომ სახელმწიფო საბჭოში ის აქტიურად იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში  დღის წესრიგიდან მოიხსნა.
1906 წლის  22 ივნისს ილია ჭავჭავაძეს იღებს სახელმწიფო კანცელარიის მიმართვას, რათა გამოცხადდეს თავადაზნაურთა საკრებულოში სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ კანონპროექტი სიკდილით დასჯის შესახებ. დოკუმენტში დაკონკრეტებულია სხდომის გამართვის თარიღიც– 23 ივნისი ( ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N 44).
ილია ჭავჭავაძის პირად არქივში ინახება მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრის სავიზიტო ბარათებიც (ხეც, ილია ჭავჭავაძის არქ. N N 102, 1055 )
მიმოწერა
ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი მდიდარია ეპისტოლური მემკვიდრეობით. მრავალრიცხოვანი და წარმომადგენელობითია ადრესატთა და ადრესანტთა წრე. ეს მიმოწერა ასახავს ილიას საზოგადოებრივი საქმიანობის ფართო სპექტრს. მას აქვს სისტემატური მიმოწერა ქართველ, უცხოელ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებთან (ივანე გვარამაძე, მოსე თოიძე, დიმიტრი ბაქრაძე,  დიმიტრი ყიფიანი, მარჯორი უორდროპი, ბარონი დე ბაი, ევსტაფი დობეცკი, დიმიტრი ყიფიანი და სხვა).
გარდა კონკრეტულ ადრესანტ-ადრესატთა, მიმოწერაში გვხვდება სხვადასხვა დაწესებულების სახელით გაგზავნილი წერილებიც.
ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი მოიცავს მისი  შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველ მნიშვნელოვან   მასალასაც. ინახება ილიას პოემების, ლექსების, პუბლიცისტური წერილების ავტოგრაფული ნუსხები ვარიანტული სხვაობებით, რომელთა საარქივო ლიტერები ზედმიწევნით გადავამოწმეთ და მითითებული პაგინაციის მიხედვით აღვწერეთ.
ამრიგად, ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებული კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მრავალფეროვანი და ღირებული საარქივო მასალა ერთადერთ და შეუცვლელ წყაროს წარმოადგენს მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის სრულყოფისათვის.  ვფიქრობთ, რომ  დოკუმენტების ანოტირებული ვარიანტები დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებსა და დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას ილიას საზოგადოებრივი საქმიანობის კვლევისას.


შარლოტა კვანტალიანი

დამატებითი მასალები 1987-2007 წლების გამოკვლევებიდან
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოაღვწეობის  მატიანეზე მუშაობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მკვლევარს, რადგან მას უხდება კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ამ ბუმბერაზი საზოგადო მოღვაწისა და  შემოქმედის ყოველდღიურ ცხოვრებას, გაიხსენოს მრავალი უკვე ცნობილი ფაქტი და შემოქმედებითი სიხარული განიცადოს თუ აღმოაჩენს, რომ კიდევ რაღაც არსებობს რაც მკვლევრების ყურადღების მიღმა დარჩენილა
მოცემულ ეტაპზე მევალებოდა, ინფორმაცია შემეკრება 1987-2007 წლებში გამოქვეყნებული გამოკვლევებიდან, სტატიებიდან, სამეცნიერო ნაშრომებიდან. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ვისარგებლე „ილია ჭავჭავაძის ბიობიბლიოგრაფიი“,  წ.2, 1907-2007“-ით, რომელიც 1300-ზე მეტი გვერდისაგან შედგება და 7806 დასახელების ცნობას გვაწვდის. ვეცადე, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად გავცნობოდი აქ მითითებული ჟურნალის, გაზეთის, წიგნის პუბლიკაციას, რათა „მატეანესთვის“ ფასეული, ფართო მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილი, ფაქტებით შეგვევსო.
ჩვენი წინამორბედი „მემეტიანეების“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მნიშვნელოვანი, ფაქტებით მდიდარი წიგნი დაგვიტოვეს, თუმცა მასალა ამოუწურავია და ჩვენ შემდეგ მოსულ მკვლევართაც დარჩებათ საქმე. „ბიობიბლიოგრაფიის“ გაცნობის შემდეგ შევადგინე საკმაოდ გრძელი სია იმ წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთებისა, სადაც, სავარაუდოდ, მატიანისთვის საინტერესო მასალა უნდა ყოფილიყო.
ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა, ინფორმაციები როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მისი ტრაგიკული აღსასრულის შემდგომაც, მკვლევართა შეუნელებელ ინტერესს იწვევს. მათი შეფასებები და დასკვნები ზოგჯერ წინააღმდეგობრივია, ჭირს ობიექტური სურათის დანახვა. სწორედ ამიტომაა საჭირო, ზედმიწევნით ზუსტად გადმოვცეთ ფაქტები, მოვლენები, რომ პირუთვნელი ისტორიის შექმნა შევძლოთ.
ჩემ მიერ მოპოვებული მასალა ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე პერიოდს მოიცავს. ეს მასალა გაფანტულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისამდე.
მაგალითად: ილია ჭავჭავაძის ბავშვობას (1845-1848წწ.) გვიცოცხლებს ილიას გამდელის, სალომე ლოლაძის, მოგონება, რომლის თანახმადაც, ილია მორიდებული, წყნარი ბავშვი იყო, რომელსაც წიგნი ყველა სათამაშოს ერჩია და ძალიან უყვარდა ლექსები. ეს ინფორმაცია რომანოზ ფანცხავას (ხომლელი) წერილიდან ამოვიღე, რომელიც ჟ.“კვალში“ დაიბეჭდა 1898 წელს.
ილია რომ ჯუზეპე გარიბალდით გიმნაზიის წლებიდანვე იყო გატაცებული და მის არმიაში მოხალისედ აპირებდა წასვლას, ნიკოლოზ ნათაძე და ხომლელი გვაუწყებენ კოტე აფხაზის მოგონებაზე დაყრდნობით.
გ. ჯავახიშვილი გვაცნობებს, რომ, ილია სხვა სამოციანელებთან ერთად, ყოველი წლის 6 დეკემბერს სტუმრობდა ნიკოლოზ მთვარელიშვილს თბილისში, ავჭალის 9-ში, რათა მისთვის „ნიკოლოზობა“ მიელოცა.
ძალზე საინტერესოა ილიას მოღვაწეობის პერიოდი დუშეთში მომრიგებელ-მოსამართლედ 1867-1872 წლებში. მის მიერ გამოტანილი ყოველი განაჩენი გვაცნობს ილიას, როგორც სამართლიან, მოუსყიდველ, სისხლის სამართლის კანონების კარგ მცოდნე მოსამართლეს.  ეს სრულიად უინტერესო და დამღლელი საქმეები ძვირფას დროსა და ენერგიას ართმევდა დიდ საზოგადო მოღვაწესა და მწერალს, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო მასალა შეიძლება ყოფილიყო მომავალი ნაწარმოებებისათვის. აი, ამგვარი საქმეების განხილვაც უწევდა მას: გლეხი დათიკა უჩივის თავად ხიმშიაშვილს. გამოირკვა რომ თავადმა მართლა აგინა და სცემა მომჩივანს, რისთვისაც ბრადებული დაისაჯა., ვინმე ბაბიკა უჩივის თავის ქმარს, რომ ეს უკანასკნელი მას ღალატობს ელოშვილის ქვრივთან და მოითხოვს მის დასჯას,- ეს საქმე შერიგებით მთავრდება.,სხვა შემთხვევაში ცოლი უჩივის ქმარს, რომ მან სახლში მოიყვანა თავისი გარდაცვლილი ძმის ქვრივი,კანონიერი ცოლი კი გააგდო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ზნეობის დამრღვევები მონასტერში გაგზავნა გამოსასწორებლად, თავიანთი საქციელის მოსანანიებლად. 40-ზე მეტი ოქმია დაბეჭდილი საისტორიო მოამბეში, სადაც ამგვარ შემთხვევებს ვეცნობით.
ილია ჭავჭავაძის დუშეთში მოღვაწეობის შესახებ გამოვაქვეყნე წერილი მართლმადიდებლურ გაზეთშიმთიები” 2015 . აგვისტო-სექტემბერი #3. აღნიშვნული მასალა საისტორიო მოამბეშია აღწერილი და ის გორგაძე-გურგენიძის მატიანეში არ არის ასახული.
ილიას სამართლიანობა საყოველთაოდ არის ცნობილი. ნათქვამის დასტურად ის ფაქტიც საკმარისია, როცა 1875 წლის 19 დეკემბერს ილია წერილს უგზავნის თავის დიშვილს, იმჟამად ყვარლის მოურავს გიგო აფხაზს ფა აფრთხილებს, რომ უსამართლოდ არ მოექცეს გლეხებს, „ქაღალდზე უფრო ღირებული სინდისიაო“, მოძღვრავს მას.
შ. გოზალიშვილის პუბლიკაციაში ამოვიკითხეთ ცნობა, რომ არტურ ლაისტს 1884 წელს უთარგმნია ილიას ლექსი „მტკვრის პირზედ“ და ამას ლაისტი მტკვრის პირას ილიასთან ერთად ნადიმის დროს იხსენებს. ილიას ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. ცნობილია მისი დამოკიდებულება ვაჟა ფშაველას მიმართ, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ილია ვაჟას ყოველ სტრიქონში უხდიდა ჰონირარს და ბოლოს მუდმივი ჯამაგირიც დაუნიშნა. ეს 1886 წელს „ივერიაში“ ხდება, რაც ახალგაზრდა პოეტისთვის დიდი სტიმული იყო.
ილიას ორატორობის შეუდარებელი ნიჭი და ენამახვილობა, ბევრ მოკამათეს უკარგავდა მასთან შეჯიბრების სურვილს. სხვადასხვა მოგონებებში ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითია მოხმობილი.
1868 წელს გიორგი წერეთელი თბილისში საკუთარ სახლში იწვევს თბილისელებს, რათა „კაცია ადამიანის“ საჯარო კითხვას დაესწრონ. ამ საღამოს თბილისში საშობაოდ ჩასული 18 წლის ეკატერინე გაბაშვილიც ესწრება. ამის შესახებ სწორედ მისი მოგონებიდან ვგებულობთ.
ილია ჭავჭავაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე, ტიტანურ შრომას ეწევა  აქტიურად მონაწილეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში, აგვარებს ბანკის საქმეებს, ესწრება სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე გამართულ სათავადაზნაურო შეკრებებს, არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს წევრი და სხვ. მის ღვაწლს აღიარებენ, მაგრამ ცალკეულ საკითხებში, მაგალითად, გლეხთა მიწიანად გათავისუფლებისა და საქართველოს ავტონომიის მხარდაჭერაში პრინციპულობის გამო მტერს იმრავლებს და საკუთარ აღსასრულს იახლოვებს. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება არჩილ ჯორჯაძის, შ. გოზალიშვილის, რომანოზ ფანცხავას და სხვათა პუბლიკაციები, რომლებიც გაფანტულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: „განთიადი“, „ივერია“, „კვალი“, „დროება“, „ცისკარი“, „განათლება“ და სხვ.
საინტერესო მასალა აღმოჩნდა სხვადასხვა პუბლიკაციებში ილიას ურთიერთობის შესახებ უცხოელ ქართველოლოგებთან და მკვლევრებთან: უორდროპებთან, არტურ ლაისტთან, ჰუგო შუხჰარდტთან და სხვებთან.
ვფიქრობთ, განხილული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებიდან ამოკრებილი ასალა ბევრ ახალ დეტალს შეჰმატებს ილია ჭავჭავაძის მატიანეს და არაერთი ინფორმაციის წყაროს დააზუსტებს.



მაია ნინიძე

ატრიბუცია, პირთა იდენტიფიკაცია და დათარიღებები

ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი
- ჯორჯ პარსონს ლეთროპი“

1878  წელს გაზეთ „ივერიაში“[1] ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად გამოქვეყნებული ნოველით – „უბინაო კაცი ნუიორკში“ საზოგადოება დაინტერესდა მას შემდეგ, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აღმოჩნდა ამ ტექსტის გაზეთ „ივერიიდან“ გადაწერილი პირი[2] და ცნობილმა ტექსტოლოგმა ლევან ჭრელაშვილმა დაასაბუთა, რომ ეს ნოველა და იმავე არქივში დაცული, ასევე ჟურნალ-გაზეთებიდან  გადაწერილი, ილია ჭავჭავაძის თხზულებები  და თარგმანები[3], შესრულებული იყო ერთი ხელით. მკვლევარმა მოიძია საბუთები, რომელთა მიხედვითაც, 1892 წელს მწერლის თხზულებათა სრული კრებულისთვის პერიოდული პრესის ფურცლებიდან ილიას ტექსტების გადასაწერად ხელშეკრულება გაფორმებულა კონკრეტულ პირებთან. რამდენადაც იმ დროს მწერალი ცოცხალი იყო და გამოცემა მისი მეთვალყურეობით ხორციელდებოდა, მიჩნეულ იქნა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ამ ხელნაწერ ასლებს ილია ჭავჭავაძის ანონიმური თხზულებების ატრიბუციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მინიჭებოდა. ეს მოსაზრება გაიზიარა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის სარედაქციო საბჭომ, გაითვალისწინა ისიც, რომ თავისი რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში პუბლიკაციების უმრავლესობას ილია ხელმოუწერლად ან ფსევდონიმით აქვეყნებდა და 1878 წელს გაზეთ „ივერიაშიც“ არაერთი თარგმანი ასევე ხელმოუწერლად ჰქონდა გამოქვეყნებული, გადაწყდა, რომ ზემოხსენებული თარგმანიც შეტანილიყო  მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის შესაბამის ტომში[4].
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, ენობრივი თვალსაზრისით ძალიან დიდი სიჭრელე გვხვდება. თითოეულ მწერალს აქვს მისთვის დამახასიათებელი ლექსიკა, გრამატიკული ფორმები და მართლწერა, რასაც ტექსტოლოგები ხშირად ვიყენებთ ავტორის იდენტიფიცირებისათვის. ზემოხსენებული თარგმანის ატრიბუციის გასამყარებლადაც ჩავატარეთ მასში და ილია ჭავჭავაძის ცნობილ ნაწერებში გმოყენებული გრამატიკული ფორმების, ლექსიკისა და მართლწერის შედარებითი კომპიუტერული  კვლევა. აღმოჩნდა, რომ ტექსტში „უბინა კაცი ნუიორკში“, ილია ჭავჭავაძის თხზულებების მსგავსად, ხშირია მსაზღვრელის წარმოდგენა მიცემითისა და ნათესაობითის ბრუნვის ნიშნებით (თავისის რაზმის, ისეთის აღტაცებით, გამთბარს კედელს და სხვ.) და აღმოსავლური კილო-კავებისათვის დამახასიათებელი ფორმები (შემიძლიან, ჰსცხვენიან, აურ-დაურივა და სხვ). ამ საშუალო მოცულობის ნოველაში 55-ჯერ გვხვდება ილია ჭავჭავაძისათვის დამახასიათებელი ორმაგი პრეფიქსიჰს“ (ჰსცხოვრებდა, შეჰსწრებოდა ჰსდიოდა და სხვ.) და 24-ჯერ თანდებულის „დამფორმა (კონცერტიდამ, თავიდამ გულიდამ და სხვ.) ნაცვალსახელების, ნაწილაკებისა და მეტყველების სხვა ნაწილების თავისებური მართლწერა (ვიღასაც, რაღასაც, დიაღ, მგზავსი, უკაცრავოდ, ბოლომდინ, სუბუქად, შეამცნივა და სხვ). განსაკუთრებით საყურადღებოა ილიასათვის დამახასიათებელი სიტყვა „ბავშვის“ ატიპიური მართლწერა - „ბაშვი“  („სახე გაუცოცხლდებოდა, როგორც ბაშვსა“, „ორი მშვენიერი ბაშვი!..“), რომელსაც იმ პერიოდში თითქმის არავინ წერდა. ასევე საგულისხმოა, რომ პროზაულ ტექსტში გამოყენებულია ერთი ორსიტყვიანი პოეტური ფრაზა „აჩრდილიდან“ – „უმწედ, უნუგეშ“ („...ჰგრძნობს ხოლმე უბედური, დაშთომილი უმწედ, უნუგეშ და ცის ანაბარად“). როგორც ვხედავთ, კომპიუტერული კვლევაც ილია ჭავჭავაძის მთარგმნელობის სასარგებლოდ მეტყველებს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მეცნიერებს უნდა გადაეჭრათ, იყო ტექსტის ავტორის დადგენა.
თხზულებათა აკადემიურ გამოცემაში ნოველის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ტექსტოლოგიური ძიებები მისი ავტორისა და თარგმანის წყაროს დასადგენად. რამდენადაც ცნობილი იყო, რომ ილია ჭავჭავაძე ინგლისურენოვან ტექსტებს ძირითადად რუსული თარგმანებიდან ასრულებდა, მკვლევარმა ნათელა ჩიტაურმა შეისწავლა შესაბამისი წლების რუსული პრესა და მიაკვლია შუალედურ თარგმანს[5]. ტექსტს მსგავსი სათაური ჰქონდა და А. П.-ს ხელმოწერით (ამ ფსევდონიმს იყენებდა მწერალი და მთარგმნელი ალექსეი პლეშჩეევი) იყო გამოქვეყნებული ჟურნალში „Отечественные запски“[6]. ნათელა ჩიტაურმა გამოთქვა ვარაუდი ტექსტის ავტორთან დაკავშირებითაც. მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ამერიკელი მწერალი ბრეტ ჰარტი, რადგან პლეშჩეევი ხშირად თარგმნიდა მის ნოველებს და თან ამ ავტორს რამდენიმე ნოველა ჰქონდა დაწერილი მაწანწალებზე.
2002 წელს ჟურნალში „ლიტერატურული ძიებანი“ გამოვთქვით მოსაზრება, რომ ტექსტის ავტორი ბრეტ ჰარტი ვერ იქნებოდა, რადგან მისი სტილი და დამოკიდებულება ნოველაში წარმოდგენილი თემისადმი რადიკალურად განსხვავდება ნოველის ავტორისეულისაგან.   ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ ბრეტ ჰარტის ნოველებიდან მოხმობილი ამონარიდები შედარებული გვქონდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილ ნოველასთან.  ასეთივე შედარებითი კვლევის საფუძველზე გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ „უბინაო კაცი ნუიორკში“ სხვა ამერიკელი ავტორების თხზულებებზე მეტ სიახლოვეს ავლენს ჰერმან მელვილის ნოველებთან მაგრამ,  მიუხედავად უხვი პარალელების მოხმობისა, იქვე აღვნიშნავდით: „ინდივიდუალურ სტილზე საფუძვლიანი დაკვირვება თარგმანის მეშვეობით თითქმის წარმოუდგენელია. ასეთ კვლევას ატრიბუციისათვის არ შეიძლება ჰქონდეს საბოლოო, მეცნიერული დასკვნის გამოტანის პრეტენზია“[7].
ასე რომ, კვლევის შემდგომი მიზანი გახდა თხზულების ორიგინალის პოვნა. იმ შემთხვევაშიაც კი, თუ მის პუბლიკაციასთან არ იქნებოდა მითითებული ავტორის ვინაობა (რაც იმ პერიოდისათვის ძალიან დამახასიათებელი იყო), ორიგინალური ტექსტი მეტ საშუალებას მოგვცემდა ატრიბუციისათვის, მით უფრო, თუ ამ კვლევებში ჩაერთვებოდნენ ამერიკელი ტექსტოლოგებიც.
თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ორიგინალის კვალს გვაპოვნინებდა რუსი მთარგმნელის - ალექსეი პლეშჩეევის შემოქმედების შესწავლა და იმ წყაროების მოძიება, რომლიდანაც იგი თარგმნიდა ხოლმე. საკითხის შესწავლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს უკიდურესად რთული   იქნებოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ალექსეი პლეშჩეევი ინგლისურ ტექსტებს ორიგინალიდან არ თარგმნიდა. ამისათვის იყენებდა გერმანულ ან ფრანგულ შუალედურ თარგმანებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ორიენტაცია პირდაპირ ორიგინალზე აგვეღო.
რამდენადაც ვეძებდით ტექსტს, რომლის ზუსტი სათაურიც არ ვიცოდით, ჩამოვწერეთ რუსული ტექსტის სათაურის ყველა შესაძლო ინგლისური შესატყვისი და დავუწყეთ ძებნა  სხვადასხვა ენციკლოპედიურ გამოცემებსა და ცნობარებში. ამან რომ შედეგი არ გამოიღო, შევუდექით ტექსტის შინაარსის შესაბამისი ოდნავ განსხვავებული სათაურების ძებნას, მაგრამ მოძიებულ ტექსტთაგან არცერთი არ იყო ჩვენთვის საინტერესო დედანი. ასეთებიდან შეგვიძლია დავასახელოთ ჰერმან მელვილის ნოველა დიპტიხი „ღარიბის პუდინგი და მდიდრის ნაცეცები“[8] და რაბორგის „ნიუ-იორკის უსახლკაროები“[9], რომელიც ამ თემაზე დაწერილი ლექცია აღმოჩნდა და არა ნოველა. პარალელურად  მიმოწერა გვქონდა ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტებთან, მაგრამ მათმა კონსულტაციებმაც ვერ მიგვიყვანა კონკრეტულ შედეგამდე.
გადავწყვიტეთ  სავარაუდო ავტორთა ჩამონათვალის შემჭიდროვება, რისი ერთ-ერთი საუკეთესო გზაც ტექსტის დათარიღება იყო.  ამისათვის ყურადღებით შევისწავლეთ იგი ისეთი რეალიების საპოვნელად, რომლებიც დათარიღებაში დაგვეხმარებოდა. რამდენადაც რუსული შუალედური წყარო უფრო ვრცელია და ორიგინალთან უფრო ახლოს მყოფი, ძირითადად მას ვიყენებდით.
ნოველის დაწერის მაქსიმალურ ქრონოლოგიურ მიჯნად ავიღეთ რუსულ ჟურნალში მისი პუბლიკაციის დრო - 1877 წელი და შევუდექით კვლევას დროის ქვედა მიჯნის განსასაზღვრავად. ჩვენი ყრადღება მიიპყრო რამდენიმე რეალიამ. ნოველაში ნახსენებია კუპერის ინსტიტუტი და მისი ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1859 წელს, მაგრამ იყო ისეთი რეალიებიც, რომლებიც სავარაუდო ქვედა ზღვარს უფრო მაღლა ასწევდა. ეს არის ტექსტში ნახსენები ომი და «აჯანყებულები», რაც მიგვანიშნებდა 1861-65 წლების აშშ სამოქალაქო ომზე, რომლის დაწყების მიზეზი, როგორც ცნობილია, გახდა აჯანყება მონათმფლობელური შტატების გამოსაყოფად. რამდენადაც ნოველის მიხედვით ეს დაპირისპირება უკვე დასრულებულია და ქვეყანაში მშვიდობაა, თხზულება 1865 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო დაწერილი.
რუსულ ტექსტში აღმოჩნდა კიდევ  ერთი დეტალი, რომელმაც დროის სავარაუდო ჩარჩოები უფრო მეტად შეამჭიდროვა. ნოველის დასაწყისშივე, სადაც ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ტეტლოუები გამოვიდნენ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზსტეინ-ვეი-ჰოლიდან ვკითხულობთ: «Молодая чета редко тратила доллары на концерты Томаса, но в этот вечер рискнула и возвращалась довольная». ჩვენ დაგვაინტერესა მუსიკოს ტომასის / თომასის ვნაობამ. სამუსიკო ენციკლოპედიაში «Grove’s Dictionary of Music and Musicians» ამოვიკითხეთ, რომ იმ დროისათვის ცნობილი მევიოლინისთეოდორ ტომასის (Theodore Thomas) ოჯახი 1845 წელს გადასახლდა გერმანიიდან შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში. იქვე დაკონკრეტებული იყო ისიც, თუ რომელ წელს რომელ დარბაზში ატარებდა იგი კონცერტებს. მათგან ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ 1872 წელს მან 60 კაცისაგან შემდგარი ორკესტრის თანხლებით დაიწყო კონცერტების სერია და 1878 წლამდე რეგულარულად უკრავდა სტეინ-ვეი ჰოლში. რადგან ნოველაში სწორედ ერთერთი ამ კონცერტთაგანია ნახსენები, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იგი 1872 წელზე ადრე არ შეიძლება იყოს დაწერილი და რომ მისი შექმნის სავარაუდო დრო დაიყვანება 1872-1877 წლებზე[10],[11].
ნაწარმოების შექმნის დროის განსაზღვრა, ჩვენი აზრით, ბევრად გააიოლებდა დასახულ ამოცანას, შეამცირებდა იმ სავარაუდო მწერალთა რიცხვს, რომელთა შორისაც უნდა გვეძებნა ანონიმი ავტორი. ამერიკელ ნოველისტთაგან ირვინგი (გარდ.1859), პო (გარდ. 1849), ჰოთორნი (გარდ. 1864), კროკეტი (გარდ. 1836) და უორდი (გარდ.1867) 1872 წლამდე გარდაიცვალნენ, გარლანდს (დაიბ.1860), კრეინს (დაიბ.1871) და 'ჰენრის (დაიბ. 1862) 1877 წელსაც კი არ ჰქონდათ დაწყებული მოღვაწეობა და ამდენად ვერცერთი მათგანი ვერ იქნებოდა 1872-77 წლებში დაწერილი ნოველის ავტორი, მაგრამ სავარაუდო ავტორთა სია მაინც ისეთი დიდი რჩებოდა, რომ მათი თხზულებების გადათვალიერებას ჩვენთვის საინერესო ტექსტის საპოვნელად ვერ შევძლებდით. ამიტომ გადავწყვიტეთ ტაქტიკის შეცვლა.
ნოველის ჟანრის წარმოშობა ამერიკაში პირდაპირ უკავშირდებოდა ბეჭდვითი პრესის  განვითარებას და ნოველათა უდიდესი ნაწილი პირველად ჟურბალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ ჩვენთვის საინტერესო ნოველაც 1872-1877 წლებში გამოსულ რომელიმე ლიტერატურულ ჟურნალში ან გაზეთში (მოცულობიდან გამომდინარე, უფრო ჟურნალში) ყოფილიყო დაბეჭდილი. ამ 5-6 წლის პრესის გადათვალიერება ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, ვიდრე იმავე წლებში მოღვაწე ყველა ამერიკელი მწერლის თხზულებათა სრული ჩამონათვალის და შემდეგ მსგავსი დასათაურების ტექსტების მოპოვება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ საძიებელი ტექსტის საპოვნელად საჭირო იყო, სათაურებისთვის ყურადღების მიუქცევლად, 1872-1877 წლებში ამერიკულ ლიტერატურულ ჟურნალებში დაბეჭდილ ნოველათა ტექსტების გადახედვა მსგავსი შინაარსის იდენტიფიცირების მიზნით.
რამდენადაც მე-19 საუკუნის დასახელებული წლების  ყველა  ამერიკული ჟურნალი საქართველოს ბიბლიოთეკებში არ მოიპოვება, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავლას კი ვერ ვახერხებდით, დავუკავშირდით კანზასში მივლინებით მყოფ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორს - ნინო სოზაშვილს და ვთხოვეთ ამ გეგმის განხორციელება. კანზასის უნივერსიტეტთან არსებული სპენსერის კვლევითი ბიბლიოთეკის თანამშრომლის - კარენ სევერუდ კუკის დახმატებით, ხუთი წლის ჟურნალების გადათვალიერების შემდეგ იგი მრთლაც წააწყდა ჩვენთვის საინტერესო ტექსტს, რომელსაც იგივე შინაარსი, მაგრამ სულ სხვა სათაური ჰქონდა - „გარიყული“ (“Left Out”) და ეკუთვნოდა ამერიკელ მწერალ ჯორჯ პარსონს ლეთროპს[12]. ნოველა დაიბეჭდა ამერიკულ ჟურნალ „ატლანტიკ მანთლიში“. ლეთროპი იმ დროს ამ ჟურნალის ასოცირებული რედაქტორი იყო და ხშირად აქვეყნებდა მასში თავის თხზულებებს. ამრიგად, გაირკვა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის ავტორის ვინაობა. აღმოჩნდა, რომ ტექსტის სათაური მართლაც სრულიად განსხვავებული იყო და იმიტომაც ვერ მივაკვლიეთ ვერცერთ ცნობარში, მაგრამ ტექსტი ანონიმურად არ იყო გამოქვეყნებული, ავტორის ვინაობა მასთან სრულად იყო  მითითებული.
 ინგლისური დედნიდან ქართულ თარგმანამდე ტექსტის მიერ გავლილი გზის სრულად აღსადგენად გადავწყვიტეთ გვეპოვა კიდევ ერთი შუალედური თარგმანი. რამდენადაც ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, რუსული თარგმანის ავტორმა - ალექსეი პლეშჩეევმა არ იცოდა სათანადოდ ინგლისური და ინგლისურენოვან ტექსტებს ფრანგული ან გერმანული წყაროებიდან თარგმნიდა[13]. ჯერ კიდევ ამერიკაში მყოფ ნინო სოზაშვილს ვთხოვეთ კიდევ ერთ რამეში დახმარება -ამ შუალედური თარგმანის პოვნა, რასაც მან არაჩვეულებრივად გაართვა თავი. რამდენადაც ინგლისური ტექსტი დაიბეჭდა 1877 წლის იანვარში, რუსული კი - იმავე წლის დეკემბერში, ამჯერად გადასათვალიერებელი იყო 1877 წლის თებერვალ-ნოემბრის ფრანგული და გერმანული ჟურნალები ჩვენთვის უკვე ცნობილი ავტორის და ცნობილი დასათაურების ტექსტის საპოვნელად. აღმოჩნდა, რომ ალექსეი პლეშჩეევს ფრანგული შუალედური წყაროთი უსარგებლია. ლეთროპის ნოველა ფრანგულ ენაზე დაბეჭდილა ჟურნალ „რევიუ ბრითანიქის“[14] (“Revue Britanique”) 1877 წლის ივლისის ნომერში. ტექსტთან მითითებული იყო ავტორი (იგი ამოღებულ-იქნა რუსულ თარგმანში), მაგრამ სათაური პირველად სწორედ ფრანგ მთარგმნელს შეუცვლია. შესაბამისად, ისტორიულ რეალიაზე დამყარებულმა მიახლოებითმა დათარიღებამ და სწორმა სამოქმედო სტრატეგიამ გვაპოვნინა ტექსტი, რომლის არც სათაური ვიცოდით, არც ავტორი და არც წყარო და რომელსაც ქართულ თარგმანამდე კიდევ ორი ეტაპი ჰქონდა გავლილი - ფრანგული და რუსული. სჩვენს თვალწინ გადაიშალა მთელი ის გზა, რომელიც ინგლისურმა ტექსტმა განვლო ილია ჭავჭავაძის მიერ მის თარგმნამდე, გაირკვა ტექსტის ავტორის ვინაობა[15] და ფრანგული შუალედური თარგმანის წყარო.
რამდენადაც ორიგინალი ნაპოვნია, უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ცვლილებები განიცადა ტექსტმა ინგლისური დედნიდან ქართულ თარგმანამდე.
საქართველო უძველესი მთარგმნელობითი კულტურის მქონე ქვეყანაა და ილია ჭავჭავაძეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მთარგმნელობითი პრაქტიკის შემდგომ განვითარებას. მისი პირველი პუბლიცისტური წერილიც - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვიდამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ სწორედ თარგმნის ხარისხსა და პრინციპებს ეხებოდა[16]. ილია ჭავჭავაძემ, ვანო მაჩაბელთან ერთად, ქართულ ენაზე გადმოიტანა შექსპირის „მეფე ლირი“, რომელიც დღემდე ითვლება ამ ტრაგედიის ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად. ეს არის ტექსტი, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცემს ორიგინალის შინაარსს, შესრულებულია უმდიდრესი ქართული ლექსიკით და ორიგინალთან მიახლოებული მხატვრულ-ესთეტიკური საშუალებებით.
ასეთი თარგმანები ქართული კულტურის განუყრელი ნაწილი ხდება, მაგრამ ამ თარგმანს ორმა უდიდესმა მთარგმნელმა და მწერალმა ნახევარი წელი მოანდომა, ქართველი მკითხველის ზოგადკულტურული განათლების ამაღლებისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იგი რაც შეიძლება მეტი უცხოელი მწერლის თხზულებას გასცნობოდა. ამიტომ ქართულ ჟურნალ გაზეთებში (ასევე იყო უცხოეთშიაც) პარალელურად დამკვიდრდა  სწრაფი და ზედაპირული მთარგმნელობითი პრაქტიკაც, რომელიც მეტწილად ჟურნალ-გაზეთების მომდევნო ნომრის გამოსვლამდე არსებულ ორკვირიან ან ერთთვიან შუალედში ხორცილედებოდა. ასეთი თარგმანები მიზნად ისახავდა ორიგინალური პროზაული თხზულების შინაარსის და ძირითადი სათქმელის გადმოცემას და უცხოური ლიტერატურის გაცნობას მკითხველისათვის. მათში ხშირად იყო  გამოტოვებული იყო ორიგინალის ენისა და კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური რეალიები და მხოლოდ ნაწილობრივ იყო შენარჩუნებული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები. ასეთი თარგმანები ზოგჯერ არა დედნიდან, არამედ მთარგმნელისათვის უფრო კარგად ნაცნობი შუალედური ენიდან ხორციელდებოდა. ილია ჭავჭავაძეს სწორედ ამ პრინციპით აქვს თარგმნილი ალფონს დოდეს, ჯურა იაკშიჩის, გეორგ ებერსის, ჟიულ კლარეტისა და სხვა უცხოელი ავტორების პროზაული ტექსტები.
ამ ტიპის თარგმანის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ჩვენ მიერ განხილული ნოველაც. აქ ხშირად ვხვდებით ცალკეული ადგილების შემოკლებას, უცხოური რეალიების იქვე განმარტებას, განზოგადებას ან მთლიანად გამოტოვებას, მაგრამ ადეკვატურად არის შენარჩუნებული გმირთა სახეები, სიუჟეტი და დედააზრი. ცვლილებები, რომლებიც არსებობს ქართულ თარგმანსა და ნოველის „გარიყული“ დედანს შორის, გაჩნდა ქართული თარგმანის განხორციელებამდე, თითოეულ შუალედურ ტექსტშიც.
რამდენადაც ვიცით, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ილია ჭავჭავაძე სათარგმნი მასალის შერჩევას, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რით შეიძლებოდა მიეპყრო მისი ყურადღება ჯორჯ პარსონს ლეთროპის ამ ნოველის რუსულ თარგმანს, რომელსაც ორი ენობრივ-კულტურული ტრანსფორმაცია (ფრანგული და რუსული) უკვე გავლილი ჰქონდა და გარკვეული მხატვრულ-გამომსახველობითი ღირებულებებიც დაკარგული.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მხატვრული შემოქმედება, პუბლიცისტიკა და თარგმანები საერთო ინტერესებით, ორიენტირებითა და პრობლემებისადმი დამოკიდებულებით არის გამთლიანებული. ამის დასადასტურებლად მოვიხმობთ რამდენიმე მაგალითს: იმპერიის მიერ ანექსირებულ ქვეყნებში ადგილობრივი ენების კვდომის პრობლემაა ასახული მის არაერთ ზეპირ მოხსენებასა და გამოსვლაში, ლექსებში („პასუხის პასუხი“, „ბედნიერი ერი“ და სხვ.) პუბლიცისტურ წერილებში (1881 წ. მარტის „შინაური მიმოხილვა“, „ბატონ იანოვსკის წერილის გამო“ და სხვ.), ალფონს დოდეს მოთხრობის - „უკანასკნელი გასაკვეთი“ თარგმანში და სხვ.; ადამიანის სიკვდილით დასჯის განაჩენის სისასტიკისადმი ილია ჭავჭავაძის  დამოკიდებულებით აიხსნება მის მიერ,  რუსეთის სახელმწიფო საბჭოში სიკვდილით დასჯის გაუქმების აუცილებლობის შესახებ სიტყვით გამოსვლა, მოთხრობის „სარჩობელაზედ“ შექმნა, ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ თარგმნა და სხვ.; გლეხთა სოციალური უუფლებობისადმი ყურადღების გამახვილებას და ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად მწერლის აქტიური მონაწილეობა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებისა და გლეხებისათვის მიწის მიკუთვნების კანონმდებლობის შემუშავებაში, მოთხრობების: „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ  ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ და სხვ.) ლექსების: „ნანა“, „მუშა“ და სხვ. შექმნაში, ტურგენევის „ლექსნი პროზითას“ და ნეკრასოვის ლექსის „ნატვრა“ („Что ни год - уменьшаются силы...“) თარგმნაში და სხვ.
ვფიქრობთ, ილია ჭავჭავაძის მიერ ლეთროპის ნოველის არჩევა სათარგმნად განპირობებული უნდა ყოფილიყო მასში ასახული თემის აქტუალობით (მიუსაფარი ადამიანის ბედი) და მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობით, მთავარი გმირისადმი ავტორის დამოკიდებულებით (ლეთროპი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქრისტიანული მორალით თანაუგრძნობს თავის პროტაგონისტს) და პრობლემის ხედვით (ნოველა „გარიყულის“ ავტორი მიუსაფარი ადამიანებისადმი მზრუნველობას მიიჩნევს არა მხოლოდ სახელმწიფოსა და შესაბამისი ორგანიზაციების, არამედ ნებისმიერი მოქალაქის, ქრისტიანულად, ნებისმიერი მოყვასის მოვალეობად).
ეს თემაც და ეს დამოკიდებულებაც უაღრესად ახლობელი იყო ილიასათვის. მის მოთხრობაში „სარჩობელაზედ“ იგივე პრობლემა და ისეთივე აქცენტებია წარმოჩენილი, როგორიც ლეთროპის ნოველაში. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლეთროპის ნოველაშიც, ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძის ეპიკურ თხზულებებში: „გლახის ნაამბობი“, „კაცია, ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“, „სარჩობელაზედ“, „განდეგილი“ და სხვ. ავტორისეული საჭვრეტი წერტილი ქრისტიანული ღირებულებები და მორალია[17]. ლეთროპის ნოველის  სიუჟეტური კვანძი კულმინაციას აღწევს არა იმ ეპიზოდში, როცა მისი ერთი პერსონაჟი თავს ანებებს მეორეზე მზრუნველობას და მის ზურგს უკან კარს მიიხურავს, არამედ მაშინ, როცა მის გულში პირველად ჩნდება სინანული. ამას კი იწვევს მაცხოვრის იმ სიტყვების გახსენება, რომლებიც მან უთხრა ჯვარცმის წინა ღამეს გეთსემანიის ბაღში მისი ლოცვის ჟამს ჩაძინებულ მოციქულებს: «ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა» (მათე 26, 33). ეს, რა თქმა უნდა, არა იმდენად ფიზიკურ მღვიძარებაზე იყო ნათქვამი, რამდენადაც სულიერზე. ლეთროპის ნოველის გმირმაც წუთიერად მოადუნა სიფხიზლე, კარზე მომგარი მოყვასი უნუგეშოდ გაისტუმრა და ამით, შესაძლოა, დაღუპვისათვის გასწირა იგი.
ნოველის ფაბულა ასეთია: ნიუ-იორკელი ახალგაზრდა კაცი ფილიპ ტეტლოუ, რომელიც ერთ საღამოს მეუღლესთან ერთად საკონცერტო დარბაზიდან ამაღლებულ განწყობაზე გამოდის, ქუჩაში მდგომ მოხუც გლახაკს ნახევარ დოლარს ჩუქნის. საბრალო კაცი ჯერ ვერ იჯერებს, რომ ამოდენა მოწყალება უბოძეს, მაგრამ როცა დარწმუნდება, უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავს. გარკვეული დროის შემდეგ ეს ორი ადამიანი ისევ შემთხვევით ხვდება ერთმანეთს. ტეტლოუ გლახაკს - ფილიპ ერნს მისი გაჭირვების მიზეზს მოაყოლებს. აღმოჩნდება, რომ ის ომში ყოფილა და ტყვედ ჩავარდნილა. შინ დაბრუნებულს აღარც სახლ-კარი დახვდა და აღარც ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ თავი ერჩინა. ტეტლოუ ცდილობს დაეხმაროს ერნს. ისინი არაერთ ეკლესიას, თავშესაფარს და საქველმოქმედო ორგანიზაციას მიმართავენ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ტეტლოუსაც ბეზრდება გლახაკის მეურვეობა და აგრძნობინებს. ერნი მიდის და იკარგება. ტეტლოუ ნანობს, რომ გასაჭირში ჩავარდნილი მოყვასი, რომელსაც მისი იმედი ჰქონდა, თავიდან მოიცილა, უნდა, რომ შეცდომა გამოასწოროს და ეძებს, მაგრამ ვეღარსად პოულობს.
როგორც ვხედავთ, „მოყვარული ქველმოქმედის“ (ასე უწოდებს ავტორი ტეტლოუს) სახე საკმაოდ ჰგავს ილიას მოთხრობის „სარჩობელაზედ“ პეტრეს, რომელმაც თავდაპირველად დიდი ბაქი-ბუქით აიღო თავის თავზე გზად შეხვედრილი, გასაჭირში მყოფი ორი ყმაწვილის მეურვეობა (მათი დაპურება, ღამის გათევა და ქალაქში ჩაყვანა), მაგრამ შემდეგ, ტეტლოუს მსგავსად, ხელი აიღო ამ მისიაზე. ტეტლოუმ ერნს აგრძნობინა, რომ აღარ მიეკითხა მისთვის, პეტრემ კი, მას შემდეგ, რაც ყმაწვილებმა სიკეთეზე ბოროტებით უპასუხეს და გაძარცვეს, ინანა მათდამი გამოჩენილი სიკეთე და ბოლოს ერთ-ერთი ძმის ჩამოხრჩობის ცერემონიალზე მაყურებელთა „გროვაშიც“ აღმოჩნდა.
ლეთროპის ნოველა, უფრო ფსიქოლოგიური და სულიერი სიღრმეებით იზიდავს მკითხველს, ვიდრე დამაინტრიგებელი სიჟეტით. მასში ისეთი არც არაფერი ხდება, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში არ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ავტორი ახერხებს, რომ ამ დუნედ მიმდინარე მოქმედებების ფონზე ბევრი ისეთი რამ შეგვაცნობინოს, რაც გვეხმარება არა მხოლოდ მოქმედ პირთა ხასიათების გახსნაში, არამედ საკუთარი განცდებისა და მიდრეკილებების იდენტიფიცირებაშიც.
ნოველის პროტაგონისტი - გლახაკი ერნი, თუმცა ძონძებით არის შემოსილი, ქუჩაში ცხოვრობს, დაუბანელი და გაუპარსავია, ჭეშმარიტი ადამიანური ღირსებებით შემკული პიროვნებაა. მას ლუკმა პური ენატრება, მაგრამ როცა მოეჩვენება, რომ გამვლელმა შეცდომით მისცა ხურდის ნაცვლად ნახევარდოლარიანი, გამოეკიდება და სთხოვს, რომ შემთხვევით მიცემული ფული უკანვე დაიბრუნოს. მისი პრინციპია, რომ ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე მისცა მოწყალება, ხელმეორედ აღარ შეაწუხოს. ერნს ყველა ახლობელი დაეღუპა, რაც კი რამ მატერიალური გააჩნდა, ყველაფერი დაკარგა და დაინვალიდდა, მაგრამ ცდილობს, თავი არავის შეაცოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უგულისხმოდ ექცევიან, არ განიკითხავს მათ, არ შურს მათ და ანგარიშს უწევს გარემოებებს.
ავტორის არაჩვეულებრივი მიგნებაა, რომ ნოველის ორსავე პერსონაჟს ერთი და იგივე სახელი - ფილიპი ჰქვია, რადგან „უსახლკარო ფილიპი“ და „სახლ-კარიანი ფილიპი“ ეს ერთი სახეა, სხვადასხვა პირობებში აღმოჩენილი. ის, რომ ტეტლოუ წარმატებულია, მისი განსაკუთრებული დამსახურების შედეგი კი არ არის, არამედ იმის, რომ მას, ერნისგან განსხვავებით, ომში მონაწილეობის მიღება არ მოსწევია, არ დაუჭრიათ, არ დაინვალიდებულა, ტყვედ არ ჩავარდნილა და უკან დაბრუნებულს ცოლ-შვილი დახოცილი და სახლ-კარი განადგურებული არ დახვედრია. როგორც ამ ყველაფრის არქონა არ არის ტეტლოუს დამსახურება, ასევე ის არ არის ერნის ბრალი, რომ ის სუფთად ჩაცმული, საზოგადოებაში მიღებული სახელმწიფო მოსამსახურე არ არის. ნოველაში არაფერი მინიშნება არ გვხვდება იმაზე, რომ ყველა ამ სიკეთეს ის თავისი უუნარობის ან პასიურობის გამო იყოს მოკლებული. პიროვნული ღირსებით ერნი ტეტლოუზე ბევრად მაღლა დგას. მას, თავისი მდგომარეობის მიუხედავად საღი აზრი, ობიექტური თვითშეფასების უნარი და იუმორის გრძნობაც კი შენარჩუნებული აქვს.
ნოველის ენობრივი ქსოვილი და გამომსახველობითი ხერხები ძალიან მდიდარია. უხვად არის საინტერესო შედარებები, პარალელები, კონტრასტი, გროტესკი, იუმორი.
ნოველაში პრობლემატიკის ერთ-ერთი ასპექტი დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანის ჩაკარგული პიროვნულობაა, რასაც ლეთროპი თავის სხვა თხზულებებშიც არაერთგზის ეხმიანება, ლექსში „ღამე ნიუ-იორკში“ („Night In New York“) ეს პრობლემა  მშობლიური ქალაქისადმი რიტირიკულ მიმართვაში მოკლედ და ხატოვნად არის ჩამოყალიბებული: “Places of life and of death, / Numbered and named as streets, / What, through your channels of stone, / Is the tide that unweariedly beats?[18]
ის, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე ზოგადად გარემო და თუნდაც ერთი რომელიმე სხვა ადამიანი, ლეთროპს კარგად აქვს ნაჩვენები ცალკეულ ეპიზოდებში პერსონაჟის სწრაფად მონაცვლე განცდებით. მაგალითად, როდესაც ერნი აღმოაჩენს, რომ ვიღაც უცნობმა ნახევარდოლარიანი შეცდომით კი არა, შეგნებულად მისცა, მას სახე იმედით უნათდება: "...A ruined, far-off superiority was restored to him; it pervaded his heavy, slouchy form, insinuated itself through his grievously poor garments, shone in his soiled, tired face"[19]; ხოლო ორიოდ წუთის შემდეგ, როდესაც ეს „ქველმოქმედი“ ჭკუის დარიგებას დაუწყებს, რომ მის მიერ მიცემული ფული სასმელში არ დახარჯოს, წუთიერი, ამაღლებული განცდა უცებ ემსხვრევა: „"...he seemed to be retiring from manhood into spectrehood again" 
ლეთროპი, ძალიან კარგად ერკვევა ადამიანის ფსიქოლოგიაში და თავის პერსონაჟებს ვრცელი სიტყვიერი დახასიათებით კი არ წარმოგვიჩენს, არამედ მათივე მეტყველებით, ფიქრებითა და ქმედებებით. იგი არ გვეუბნება, რომ ერნი სამართლიანი და შემწყნარებელია, მაგრამ როდესაც იგი ტეტლოუს თავისი ტყვეობის ამბის თხრობისას ეუბნება, რომ ხანგრძლივად შიმშილობდა, იქვე დასძენს, რომ საჭმელი მის დამტყვევებლებსაც ძალიან ცოტა ჰქონდათ. როდესაც ერნს უკვირს, რომ მისი მშობლიური ქალაქი არავითარ ყურადღებას არ იჩენს მისი ყოფილი ჯარისკაცისადმი, იქვე დასძენს, მაგრამ მე ხომ დღეს აღარ ვიბრძვი მის დასაცავადო.
ერნისთვის ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები და თავშესაფარი. მას არ ეშინია პოლიციელის, რომელსაც შეუძლია, რომ ბიბლიოთეკიდან, სადაც გასათბობად შედის, ხოლმე, გამოაგდოს, მაგრამ ვერ ეგუება ამავე პოლიციელის ქედმაღლურ და დამცინავ  დამოკიდებულებას.
ასეთივე ხერხით წარმოგვიდგენს ლეთროპი ნოველის მეორე პერსონაჟსაც. არსად არის ნათქვამი, რომ ტეტლოუ, რომელიც გარეგნულად თანაუგრძნობს და დახმარებას უწევს ერნს, რეალურად ამპარტავანია, მაგრამ ეს შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი მისი ქმედებებით. როდესაც გაცნობისას ტეტლოუ გაიგებს, რომ ვიღაც ჭუჭყიან გლახაკსაც მისი სახელი ჰქვია, ქვეცნობიერი განცდა იმისა, რომ მასთან თანაზიარობა არ სურს, აიძულებს, რომ, თავის მხრივ, ერნს მხოლოდ საკუთარი გვარი უთხრას და არ გაუმხილოს, რომ მათ ერთი სახელი აქვთ: “To have his own name come from such a source was like suddenly seeing his face in a mirror that should reflect it pale, sick, and wretched. Somehow he revolted at telling the beggar that their first names were the same. He merely said, my name is Tetlow”. ასევე ძალიან საინტერესოა ტეტლოუს რეაქცია ერნის ხელახალ გამოჩენაზე. მას ისეთი განცდა უჩნდება, თითქოს დახრჩობისაგან კაცის გადასარჩენად წყალში შესულიყოს და აღმოეჩინოს, რომ ნაპირამდე ვერ გაიყვანს და შეიძლება თავადაც დაიღუპოს: “like that of someone who has plunged into a stream to save a drowning person, and finds the weight more than he can carry to shore.”
ერნის თითოეული ღირსების აღმოჩენას - მის თავაზიანობას, მოკრძალებულობას, თავშეკავებულობას, მომჭირნეობას, შინაგან კულტურას, იუმორს, ტეტლოუ გაკვირვებული ხვდება, თითქოს ეს ღირსებები მხოლოდ კარგად ჩაცმულ და მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეს. კიდევ უფრო განცვიფრებულია იგი, როდესაც იგებს, რომ ერნს ცოლი და ორი შვილი ჰყოლია და დაჰღუპვია და რომ ადრე ისიც ეკლესიის მრევლი ყოფილა. ტეტლოუს თითქოს ქვეცნობიერად უნდა, რომ ერნის გაჭირვება მისი პიროვნული თვისებებისა და ცხოვრებისეული შეცდომების შედეგი იყოს. ერთი მხრივ, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს მისი გაუცნობიერებელი შიშით, რომ თუ პიროვნული ნაკლოვანებები არაფერ შუაშია, ასეთი რამ შეიძლება ყველას, მათ შორის მასაც, დაემართოს. მეორე მიზეზი კი ბევრად უფრო პრაგმატულია. თუ ერნი თავის უბედურებაში თავად იქნებოდა დამნაშავე, ტეტლოუ სინდისის ქენჯნის გარეშე აიღებდა ხელს მის შემდგომ დახმარებაზე,
ავტორი არაჩვეულებრივად წარმოაჩენს ტეტლოუს წინააღმდეგობრივ ბუნებას. მასში ერთმანეთს ებრძვის მოყვასის თანაგრძნობა და ეგოიზმი. ერთ-ერთ ეპიზოდში ტეტლოუს უნდა, რომ ერნი დაამშვიდოს და უთხრას, რომ მას ჰყავს მეგობრები, რომლებიც ბედის ანაბარა არ მიატოვებენ“…a warm rush of simple and generous emotion came pouring into Tetlows heart and he wanted to say: “It s all real, Erne! You need nt be afraid that it wont last; you have friends, now, and they’1l stick by you,” მაგრამ, ავტორი იქვე გვაჩვენებს, როგორ იფანტება ეს თბილი სიტყვები ერნის გონებაში მათ წარმოთქმამდევე და როგორ იკავებს მათ ადგილს ერთი მოზომილი ფრაზა. “This was what he longed to say impetuously, at the moment; but the words scattered themselves unheard within his mind, and he merely remarked, ‘It s pleasant to think that we’ve got something arranged, at last“.
ტეტლოუ თავადაც აცნობიერებს თავის გულგრილობას. როდესაც თავშესაფრის მეპატრონე, ბატონი ნიდდოკი ერნს და ტეტლოუს ერთნაირად ჩამოართმევს ხელს, ტეტლოუსადმი რაიმე სახის უპირატესობის გამოუხატავად, მას ახსენდება თავისი საქციელი -  ნიდდოკის თანაშემწე გოგონასთან საუბრისას ერნი ქედმაღლურად, სახელის გარეშე, უცხოსავით რომ მოიხსენია: „ამ კაცისათვის თავშესაფარს ვეძებო“ და ხვდება, რომ მას ისეთივე ჯანსაღი დამოკიდებულება არა აქვს ერნისადმი, როგორიც ამ ადამიანებს. ბოლო შეხვედრისას, როდესაც მის მიერვე დაბარებული ერნი დათქმულ დროს სამსახურში მიაკითხავს ტეტლოუს, იგი თავს მოაჩვენეს, თითქოს არ ახსოვს, რომ დაბარებული ჰყავდა და ამით კიდევ ერთხელ აგრძნობინებს უხერხულობას ადამიანს, რომელიც თავს ისედაც ყველგან ზედმეტად მიიჩნევს. როდესაც ტეტლოუმ მასთან მისულ ერნს  ფეხზე წამოუდგომლად, მჯდომარემ გაუწოდა ფული და აიძულა თავად მისულიყო მასთან გამოსართმევად, ამ ქმედების შეფასებაში უკვე ავტორიც ერთვება და გვეუბნება, რომ რომ ამ კაცის თავიდან მოშორების სურვილი თავს იჩენდა ასეთ პატარა ნიუანსებში: “showed itself in these small mismoves” “words and the manner had lost their cunning; their wouldbe cheer was simply freezing”.
ტეტლოუ მისი თანამედროვე ცივილური საზოგადოების ტიპიური წარმომადგენელია. მასში ცივი გონება ბატონობს გრძნობაზე. ამის ილუსტრირებასაც ლეთროპი თავისი გმირის ქმედებებით ახდენს. სარეკლამო აგენტმა ტეტლოუმ თავისი ქორწილის დღე  დანიშნა არა მაშინ, როდესაც მან და მისმა მომავალმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ბედი ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ, არამედ მაშინ, როდესაც სააგენტოში ამ განცხადების გამოქვეყნებისთვის მოხერხებული დრო იყო.
ლეთროპი ზუსტად ასახავს ფსიქოლოგიურ ნიუანსებს, როგორ ხდება საზოგადოების მიერ მისი რომელიმე წევრის კეთილშობილური წამოწყების ჩახშობა საზოგადოებრივი ნორმებისა და წესების დაცვის საჭიროების შეხსენებით.  როდესაც იგი წერს ტეტლოუს მიერ ერნისათვის ნახევარი დოლარის შეწირვაზე, აღწერს, როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოების „საშუალო ზნეობრივი ღირებულებების“ წარმომადგენლებს: “they could have been at once convicted of a gross offense against the maxims.” როდესაც ერნი დაიკარგა და ტეტლოუმ დაიჩივლა, რომ ვეღარასოდეს ნახავდა მას, ერთ-ერთმა მეგობარმა ასე დაამშვიდა: “’Why in the name of reason should you want to?“, სხვა მეგობარი კი ასე უქადაგებდა: “preached to him the heinousness of giving promiscuous relief to the poor and thereby encouraging intemperance and crime.” ერნისადმი ტეტლოუს დამოკიდებულების შეფასებისას ავტორი საზოგადოების წვლილს ასე აყალიბებს: “became alluring to him, and tempted him to drop the whole troublesome business.”
ავტორის ჩანაფიქრი და თხზულების დედააზრი კარგად ჩანს ერთ-ერთ ფინალურ პასაჟში, სადაც აღწერილია ტეტლოუს განცდები ერნის დაკარგვის შემდეგ: “always when his (იგულისხმება ერნი) image comes (იგულისხმება ტეტლოუს სიზმრისეული ხილვები) it is like the form of some lost duty, some exiled power of loving - kindness, banished from the world when this same fellow - creature was cast out into misery.”
ლეთროპი ქრისტიანული აღმსარებლობისა იყო. მას სწამდა, რომ ადამიანი ყველამ რომ მიატოვოს, ღმერთი მაინც ყოველთვის მასთან იქნება. ეს კარგად ჩანს მის ლექსში „შიმშილი და მკა“ („Famine and Harvest“): “Fear not! Though thou starvest, / Provision is made: / God gathers His harvest / When our hopes fade!” ლეთროპს სწამდა ისიც, რომ ეკლესიამ, როგორც ინსტიტუციამ და ქრისტიანებმაც არ უნდა მიატოვონ გასაჭირში მყოფი მოყვასი. როდესაც ტეტლოუ იგებს, რომ ერნის გადასარჩენად მისი ეკლესია და მრევლიც არაფერს აკეთებს, ყოვლად წარმოუდგენლად, „კომიკურადაც“ კი აღიქვამს ამ სიტუაციას.
მიგვაჩნია, რომ აქცენტი მოყვასისადმი ქრისტიანულ სიყვარულსა და თანაგრძნობაზე, რაც თანაბრად მნიშვნელოვანი იყო მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი და ევროპელი მკითხველისათვის, და რაც მოგვიანებით საფუძვლად დაედო შემწყნარებლობის დემოკრატიულ პრინციპებს,  ყველაზე მნიშვნელოვანი იმპულსი იქნებოდა ფრანგი, რუსი და ქართველი მოღვაწეებისათვის, რომლებმაც ამ ნაწარმოების თარგმნა გადაწყვიტეს. მეორე მხრივ, ამ უმნიშვნელოვანესი საერთო ორიენტირის მიუხედავად, თითოეულ მთარგმნელს ჰქონდა საკუთარი კონკრეტული მიზანდასახულობაც, რომელიც უკავშირდებოდა მათი მკითხველის ისტორიულ-კულტურულ სპეციფიკას და ინტერესებს. 
იმ მიზნით, რომ არ გადაეღალათ მკითხველი მისთვის უცნობი ქვეყნის  გეოგრაფიული სახელებით, დაწესებულებების აღწერითა და უცხო გვარებით, მთარგმნელები ტესტიდან ასეთ დეტალებს ხშირად ტოვებდნენ, საკუთარ სახელებს საზოგადოთი ანაცვლებდნენ ან იქვე ურთავდნენ განმარტებებს. ასე არის თარგმანებიდან გამოტოვებული:  Union Square, Jefferson Market, the Hudson River, Chatham Street, Fifty-Ninth Street, Sixth Avenue, Canal and Center Streets. Andson-yule, Brooklyn Navy-Yard, Pearl Street და სხვ. „Cooper Institute Reading-Room“ ქართულად გადათარგმნილია უბრალოდ, როგორც „ბიბლიოთეკა“, მოთხრობის სათაურში  სიტყვა „ნუიორკს“ კი სქოლიოში აქვს განმარტება: „ნუიორკი უმთავრესი ქალაქია ამერიკის რესპუბლიკისა“.
სოციალური უსამართლობის წარმოსაჩენად ლეთროპი ხშირად მიმართავს გროტესკს. როდესაც ტეტლოუ ერნს ეკითხება, რატომ არა აქვს პენსია, იგი პასუხობს, რომ ომში მხოლოდდამხოლოდ დაიჭრა. აი, დაჭრის ნაცვლად რომ მომკვდარიყო, პენსიას აუცილებლად დაუნიშნავდნენ. იმ ეპიზოდში კი, სადაც საუბარია გლახაკებზე, რომლებიც კუპერის ინსტიტუტის სამკითხველო დარბაზში შედიოდნენ გასათბობად და გაზეთების წასაკითხად, ავტორი დასძენს: "...These vagrants have been led hither by a delirious hope of finding their own deaths announced in the papers, and the enigma of their starved lives solved by a line or two of print."
გროტესკის მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა ავტორის  რიტორიკული მიმართვა მათდამი, ვინც ნიუ-იორკის ქუჩებს აშენებს ერნისნაირი ადამიანების თავშესაფრად: „0 wise generations that lays out streets! For without them what should we do with our loose human beings? We might be forced to hang or imprison them all; unless, perchance, we were driven to show a love so untiring for them that they should be restored to order and fitness. But we dont all belong in the streets, and why dont we? Whos to decide whether this particular man belongs there or not?
ასევე გროტესკულად არის წარმოჩენილი ნოველაში საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა. სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში დაინვალიდებული უსახლკარო, უთვისტომო ადამიანს ყველა უარს ეუბნება დახმარებაზე, რადგან თითოეულს კონკრეტული ვიწრო პროფილი აქვს, რომელსაც ერნის მდგომარეობა არ მიესადაგება. ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი გულუბრყვილოდ ეტყვის კიდეც, ნეტავი ლოთი იყო, რომელსაც სასმელისთვის თავის დანებება უნდა, მაშინ ჩვენი პროფილის შესაფერისი იქნებოდი და სიამოვნებით დაგეხმარებოდითო. ასეთ ორგანიზაციებზე ნოველაში მწარე ირონიით არის ნათქვამი, რომ ისინი: „swallow camels mostly, and strain at the hungry gnats”.
როგორც ვხედავთ, ნოველა, რომლის ავტორიც არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ბევრი მისი თანამემამულისათვის კი უცნობია, საკმაოდ მაღალი მხატვრული ღირებულებისაა. როგორც ჩანს, ლეთროპის ნიჭი დაიჩრდილა მეცხრამეტე საუკუნის სხვა, დიდი ამერიკელი ნოველისტების გვერდით, რომელთაგან ერთ-ერთი მისი სიმამრი - ნათანაელ ჰოთორნი იყო.
რამდენადაც მკითხველისათვის საინტერესო იქნება ცოტა უფრო მეტის შეტყობა იმ ავტორის შესახებ, რომლის ნოველაც თარგმნა ილია ჭავჭავაძემ, აქვე წარმოვადგენთ მოკლე ინფორმაციას მისი მოღვაწეობის შესახებ.
ჯორჯ პარსონს ლეთროპის (1851-1898) ლიტერატურული და ჟურნალისტური მოღვაწეობა საკმაოდ მდიდარი და მრავალმხრივია. მას ეკუთვნის რომანები: „მწუხრი“ (Afterglow), „ძლიერი გრძნობის ექო“ (An Echo of Passion) „შორიდან“ (“In The Distance”) და „ნიუპორტი“ (“Newport”), პოეტური კრებულები: „ვარდი და თავხე“, „პოეტების ნიღაბი“ და „სიზმრები და დღეები“; ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები: „ჰოთორნის შემოქმედების კვლევა“ (“A Study of Hawthorne”), „ნიუ იორკის ლიტერატურული მოძრაობა“ (“The Literary Movement In New York)”, „ლიტერატურული და სოციალური ბოსტონი“ (“Literary and Social Boston”), „ხელოვნების პროგრესი ნიუ-იორკში“ (“The Progress of Art in New York”), „საუბრები ედისონთან“ (“Talks with Edison”), კოლრიჯი, როგორც პოეტი და პიროვნება“ (“Coleridge as Poet and Man”), „ჯონ ბოილ ო’რეილი, როგორც ჰუმანისტი პოეტი“ (“John Boyle O'Reilly as a Poet of Humanity”) და სხვ. ლეთროპი სხვადასხვა წლებში იყო ორი პოპულარული ამერიკული ჟურნალის „ატლანტიკ მანთლისა“ („Atlantic Monthly“) და „ბოსტონის კურიერის“ („Boston Courier“)  რედაქტორი, 1883 წელს კი დააარსა საავტორო უფლებების ამერიკული ლიგა („American Copyright League“).
საინტერესოა ხოლმე ავტორის შემოქმედების ანალიზი მის მიერ საგანგებო დეკლარაციაში, ნარკვევში, ესეში, პუბლიცისტურ ან პირად წერილში ჩამოყალიბებული შემოქმედებითი კრედოს ფონზე. ლეთროპის ნარკვევი „რომანი და მისი მომავალი“ (“The Novel and its Future”), ამგვარი დაკვირვებისათვის საუკეთესო მასალას გვაწვდის. მასში ვკითხულობთ: „რეალიზმი მიზნად ისახავს, ჩაუკვირდეს თითქოსდა ყველაზე უმნიშვნელო და უინტერესო ხასიათებსა და მოვლენებს, რომ ცხოვრების სიღრმიდან ზედაპირზე ამოიტანოს მათი სრული ღირსება და ჭეშმარიტი არსი. ის ყველა ცალკეულსა და კერძოში განჭვრეტს კავშირს ნაცნობსა და განსაკუთრებულთან, ადამიანური ბუნების ხილულ და უხილავ შრეებთან. იგი ცდილობს, გარეგნულად უმნიშვნელო დღეების უღიმღამო მოსასხამს მიღმა აღმოაჩინოს ხასიათების სულიერი კონტურები, შეაფასოს მათი ზრდა, თვალი ადევნოს მორალური დაცემისა თუ ხელახალი აღორძინების სიმპტომებს და გაზომოს გრძნობითი და ინტელექტუალური პრობლემების სიღრმე. მოკლედ, რეალიზმი აღმოჩენაა. იქ, სადაც ჩვენ გვეგონა, რომ ღირსშესანიშნავი არაფერი იყო, იგი ცხადლივ დაგვანახებს, რომ თურმე ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა “.
როგორც ვხედავთ, ნოველა „გარიყულიც“ ამ პრინციპების ზუსტი ხორცშესხმაა. ავტორი მასში ფარდას ხდის პერსონაჟთა სულის სიღრმეში დაფარულ განცდებს, ვნებებსა და მისწრაფებებს და ყოველივე ამას წარმოგვიდგენს საოცრად დამაჯერებლად, მუდმივი დინამიკისა და განვითარების პროცესში.
მართალია, ლეთროპი სახელოვან მწერალთა რიცხვს არ მიეკუთვნება, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ნოველა „გარიყული“ დაწერიდან სულ მოკლე დროში ითარგმნა ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებზე და  სამი სხვადასხვა  ენისა  და კულტურის მქონე საზოგადოების ინტერესი დაიმსახურა, შემთხვევითი არ უნდა იყოს და ზემოთ განხილულ მხატვრულ-ესთეტიკურ ასპექტებთან ერთად მის შემოქმედებით ღირსებაზე ესეც უნდა მეტყველებდეს.
დამატებითი ცნობები ერთი იურიდიული დოკუმენტის ატრიბუციისათვის:
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის მე-16 ტომში შეტანილ იქნა რუსულენოვანი წერილი: „Kритические замечания по параграфaм предворительного проекта местного положения о поземельном устройстве крестьян, водворённых на помещичьих землях в Тифлисской губерни“, ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში 1864 წლის 4 მაისს იყო წარდგენილი, ხელმოწერით: „Верно:  кн. Н. Чавчавадзе“. ტექსტის ილია ჭავჭავაძის ტომში შეტანას წინ უსწრებდა ხანგრძლივი ატრიბუციული კვლევა, რის შედეგადაც გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ თბილისის გუბერნიაში მებატონეთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე დასახლებული გლეხების მიწათმოწყობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული ამ ვრცელი მუხლობრივი შენიშვნების ავტორი ილია ჭავჭავაძეა, მაგრამ, რამდენადაც ის იმ დროს ახალგაზრდა იყო და თან ამ საბჭოში არ შედიოდა, დოკუმენტი წარდგენილ იქნა მისი ნათესავის, საბჭოს წევრის, იურისტ ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძის მიერ[20]. რამდენადაც სხვა ავტორის ხელმოწერით არსებული ტექსტის ატრიბუციას განსაკუთრებით მყარი დასაბუთება და ყოველმხრივი გადამოწმება სჭირდება, გადავწყვიტეთ ნიკო ჭავჭავაძესთან ილიას ურთიერთობის უფრო სრულყოფილი სურათის წარმოსაჩენად შეგვესწავლა სხვადასხვა დოკუმენტური წყაროები და მწერლის ეპისტოლური მემკვიდრეობა.
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძეც ჭავჭავაძეების ყვარლის შტოს წარმომადგენელი იყო. მისი და ილიას პაპები - ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ. გარდა გენეტიკურისა ილიასა და ნიკოს ოჯახებს, როგორც ჩანს, ნათესაური სიახლოვეც ჰქონდათ. შემორჩენილია ილიას მიმოწერა ნიკოს დასთან და დიშვილებთან. ერთ-ერთ წერილში ნიკოს დის - ნენე დიმიტრის ასულ ჭავჭავაძე ანდრონიკაშვილისადმი,  როცა ილია ყვება გიორგი XII-ის რძალთან - ელენე ოთარის ასულ ამილახვარ-გრუზინსკაიასთან სტუმრობის ამბავს, ნახევრად ხუმრობით აღნიშნავს: „ბატონის რძალსაც ვახლდი. ნიკოსი მითხრა, ცრუ არისო. მე მოვახსენე, ახალი გაგება გახლავსთ-მეთქი, ჭავჭავაძე და ცრუ ჩემს დღეში არ მინახავს-მეთქი. აბა, რასაკვირველია, არ დამიჯერა, ნამეტნავათ რომ მხედამდა, რომ თვალწინ ვატყუებ.[21]“ ნიკო ჭავჭავაძეს ეძახდნენ „ნიკო ბუჟიასშვილს“ და „ნიკო ბუჯიიჩს“, როგორც ჩანს, მამის მეტსახელიდან გამომდინარე. გრიგოლ ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძისათვის 1858 წლის ივნისში გაგზავნილ ბარათში წერს: „ნიკო ბუჟიასშვილი ჭავჭავაძე დანიშნეს სუდიად თბილისის უეზდისა“. ასევეა იგი მოხსენიებული 1861 წლის გაზაფხულზე ყვარლელი ნათესავის, სოლომონ ჭავჭავაძისათვის ილიას მიერ გაგზავნილ წერილში: „ამ ორ კვირაში, იქნება ნიკო ბუჯიიჩი მანდ მოვიდეს და, ვინიცობაა, მაგასთან ან ჩხუბი, ან ლაპარაკი არაფერი მოგივიდეთ“.
1863 წლის 7 მარტს თავის საცოლეს - ოლღა გურამიშვილს ილია სწერს: „ნიკოსთან ხშირად იარე ხოლმე, გაუმეგობრდი იმის ცოლს და იქ ერთმანეთსა ვნახამთ“[22], 8 მარტს კი ოლღას კითხვას ასე პასუხობს: „შენ მეკითხები, იცის თუ არა ნიკომ ჩვენი საქმისა, _ სრულიად არაფერი იცის და არც ეცოდინება ჩვენს ქორწილამდე. რად უნდა იცოდეს? ჩვენ უმისოდაც მოვაგვარებთ ჩვენს საქმეს. თუმცა, ისიც და მისი ცოლიც ზოგჯერ სიტყვას გადმომკრავენ შენსა და ჩვენი ქორწილის შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვაგადმოკვრად რჩება, იმიტომ რომ მე თავს ვიძვრენ ყველგან და ყოველთვის. როგორა ვცდილობ დავმალო და მაინც.“ როგორც ამ მიმოწერიდან ჩანს, ილია და ოლღა ქორწილამდე ნიკო ჭავჭავაძის ოჯახში ხვდებოდნენ ერთმანეთს და 1863 წლის 10 აპრილს მეჯვარედაც ის აირჩიეს[23]. როგორც ვხედავთ, ამ პერიოდში ილიას და ნიკოს ახლო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ.
1864 წლის 10 აპრილს ილია დაინიშნა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიისათვის დაწერილ ავტობიოგრაფიაში იგი წერს: ,,1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისაგან წარმომდგარი“. მისი ახალი მოვალეობა რომ პირდაპირ კავშირში იყო საგლეხო რეფორმასთან, ეს ჩანს მეუღლისთვის ქუთაისიდან გამოგზავნილ პირველსავე წერილში: „ჩვენი მოსვლა ვერაფრად ეჭაშნიკათ, ,,აი ესენი არიან ჩვენი დამღუპავებიო, ჩვენი ყმების წამრთმეველებიო“. ნამეტნავად ჩემზედ თურმე ტლინკებსა ჰყრიან...“ მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე 10 აპრილს მოხდა, კიდევ თვეზე მეტ ხანს იგი თბილისში დარჩა და სწორედ ამ პერიოდში (4 მაისამდე) დაიწერა „კრიტიკული შენიშვნები...“ შესაძლოა მისი წასვლა ამ მიზეზითაც გადადებულიყო.
1867-1873 წლბში ნიკო ჭავჭავაძე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე, ილია კი - ამავე ოლქში შემავალი დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე. 1873 წელს, როდესაც ილია აქტიურად ჩაება ბანკის დაარსების საქმეებში, მისი და ნიკოს ურთიერთობა გაფუჭდა. 1873 წლის 29 იანვარს ილია კირილე ლორთქიფანიძეს სწერს: „ჩემი საქმე მეტად ცუდად მოდის: ნიკო ჭავჭავაძემ ბანკის თაობისა გამო მიმტრო.“ , 1 და 8 თებერვალს მეუღლეს სწერს: „ჩვენმა ნიკომ ძალიან დევნა დამიწყო სამსახურში. მე მეცინება იმის სულმოკლეობაზედ და არა ვწუხვარ კი. რაც უნდა ქნას, მე მაგდენს არაფერს დამაკლებს“. „ნიკომ ჭავჭავაძემ ასე გამიჭირა საქმე, რომ უსათუოდ სამსახურს თავი უნდა დავანებო და ძალიან მალეცა“. ცოტა მოგვიანებით თავისი დის - ელისაბედისთვის მიწერილ ბარათში კი ვკითხულობთ: „შეიტყობდი მანდ, რაც ნიკომ საქმე ჩაიდინა ჩემის დათხოვნის თაობაზედ. მას აქედ, რაც მაგან თავზედ ლაფი დაისხა საქვეყნოდ ბანკის თაობაზედ, მე მაგისას ყველაფერს დავიჯერებდი, მაგრამ იმას კი არა, რომ მაგისთანა სასაცილო მტრობას დამიწყობდა. თურმე ყოველს ჩლენს ცალ-ცალკე ეხვეწებოდა, რომ ჩემს ოტპუსკზედ თანახმა არ გამხდარიყვნენ.“
გარდა იმისა, რომ „კრიტიკული შენიშვნების...“ სხარტი ლოგიკა და არგუმენტირების უწყვეტი ჯაჭვი აშკარად მეტყველებს მისი ავტორის განსაკუთრებულ პოლემიკურ უნარებზე, რაც ნიკო ჭავჭავაძეს სხვა დროს არაფერში გამოუვლენია, ოლღასათვის 1873 წლის 1 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის ერთი ფრაზა გვაფიქრებინებს, რომ ნიკო ილიასთან რაღაც მსგავს „ვალში“ უნდა ყოფილიყო - ილიას მისი საკეთებელი საქმე უნდა ეკეთებია (ვგულისხმობთ მისი დაწერილი ტექსტის საკუთარი სახელით წარდგენას). ეს ფრაზაა: „...ვწუხვარ, რომ მე ამოდენა ხანი ეგრე სულელურად მასზედ ვცდებოდი“.

პირთა იდენტიფიკაცია

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი წერილი, რომლის ადრესატადაც ზოგი მეცნიერი მიიჩნევს მის დას - ნინო ჭავჭავაძე-აფხაზს[24]. სხვების აზრით ამ მოსაზრების მტკიცებისათვის მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ნინოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან და ყურადღებით ეკიდებოდა მის ლიტერატურულ მოღვაწეობას, საკმარისი არ არის და ბარათს მოიხსენიებენ ზოგადი სახელით - „ადრეული ბარათი“[25].
წერილის ტექსტის დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა ისეთი მინიშნებები, რაც სავარაუდო ადრესატის დადგენის საშუალებას გვაძლევს. ფრაზა: „მეძნელება დატევება ამ ჩვენ ყვარლისა, ნამეტნავათ ამ ჩვენს სახლისა“ მიგვანიშნებს, რომ ბარათი ოჯახის წევრისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, მეორე ფრაზა „შენმა გაზდამ“ კი გვამცნობს, რომ ოჯახის ეს წევრი ილიაზე უმცროსი უნდა ყოფილიყო. იმ დროს ილიას ჰყავდა მასზე უმცროსი და-ძმა - ელისაბედი (3 წლით უმცროსი) და თეიმურაზი (7 წლით უმცროსი). ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას ასე მიემართა მასზე უფროსი დის - ნინოსთვის. რამდენადაც წერილი ერთგვარი დამშვიდობებაც არის რუსეთში წასვლის წინ, უფრო სავარაუდოა, რომ მისი ადრესატი ქართლში, საორბელიანოში ახალგათხოვილი ელისაბედი ყოფილიყო, ვიდრე იქვე, კარდანახში მცხოვრები ნინო, რომელთანაც მას მუდმივი მიმოსვლა ჰქონდა და დასამშვიდობებლად უფრო ჩააკითხავდა, ვიდრე წერილს გაუგზავნიდა. ელისაბედისთვის წერილის გაგზავნა ლოგიკური ჩანს იმ მხრივაც, რომ ახალგათხოვილ ქალთან მისი ნათესავები მიუპატიჟებლად არ დადიოდნენ ხოლმე. 
რამდენადაც ჩვენამდე მოღწეულია თეიმურაზის მიერ რუსეთიდან სწორედ 1857 წლის  მარტ-აპრილში გამოგზავნილი წერილი ილიასადმი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის ამ წერილის წერის დროს რუსეთში იყო და, ბარათი  რომ მასთან გასაგზავნად ყოფილიყო დაწერილი, ილია  ფრაზის: „ვაპირობ წასვლას რუსეთში“ ნაცვლად დაწერდა: ვაპირობ წამოსვლას რუსეთში. გარდა ამისა, ტექსტიდან არ ჩანს, რომ განცდა, რომელზეც არის მასში ლაპარაკი, ადრესატისთვისაც ნაცნობი უნდა ყოფილიყო. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთის მიერ სასწავლებლებიდან ქართული ენის შევიწროების გამო იმ პერიოდის ახალგაზრდობა ქართულად ხშირად ძალიან ცუდად წერდა და მიმოწერას რუსულად აწარმოებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თეიმურაზის მიერ ილიასათვის ამ დროს გამოგზავნილი წერილი რუსულად არის დაწერილი და იმასაც, რომ ილიას მიმოწერა, მაგალითად, ოლღა გურამიშვილთან მათ ქორწინებამდე თითქმის სულ რუსულად მიმდინარეობდა[26], საფიქრებელია, რომ თეიმურაზისადმი მისი წერილებიც რუსული ყოფილიყო. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ბარათის ადრესატია ილიას უმცროსი და - ელისაბედ გრიგოლის ასული ჭავჭავაძე და იგი დაწერილია 1857 წლის 28 აპრილის ანუ მას შემდეგ, რაც იგი ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ (ივანე) ესტატეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს და მამისეული სახლიდან მეუღლესთა, ქართლში გადავიდა
1858 წლის 13 აგვისტოს  ნენე დიმიტრის ასულ ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისადმი მიწერილ ბარათში ილია ახსენებს პეტერბურგში მის სტუმრობას „ბატონის რძალთან“. 1858  წელს ერეკლე მეფის რძლებიდან ყველა გარდაცვლილი იყო, მაგრამ „ბატონის რძლად“ მოიხსენიებდნენ მისი ვაჟის - გიორგი XII-ის ვაჟების ცოლებსაც. რამდენადაც წერილშითავად ბატონიშვილი ნახსენები არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გარდაცვლილია. 1858 წელს გიორგი XII-ის რძლებიდან სამი იყო ცოცხალი: თეიმურაზის მეუღლე - ელენე ოთარის ასული ამილახვარი-გრუზინსკაია, ილიას /ელიზბარის მეუღლე -  ანასტასია გრიგოლის ასული ობოლონსკაია-გრუზინსკაია და ოქროპირის მეუღლე - ანა პავლეს ასული ქუთაისოვა-გრუზინსკაია, მაგრამ ბოლო ორი მოსკოვში ცხოვრობდა, პეტერბურგში კი იმყოფებოდა თეიმურაზის ცოლი - ელენე ოთარის ასული ამილახვარი-გრუზინსკაია. შესაბამისად,  ილიაც სწორედ მასთან სტუმრობის ამბავს უნდა ყვებოდეს.

მოვლენათა დათარიღებები:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიერატურის მუზეუმში დაცულია ილია წინამძღვრიშვილისათვის გაგზავნილი უთარიღო წერილის ავტოგრაფი (# 17543). მისი შინაარსიდან ჩანს, რომ მასთან ერთად ილიამ ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად გაუგზავნა თავისი კრიტიკული სტატია „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“, ზუმბერიძის ხელმოწერით და რამდენიმე ლექსი. ბარათში ილია აფრთხილებს მეგობარს, რომ სტატია მიხეილ ჩიკვაიძეს გაატანოს კერესელიძესთან, ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაამხილონ ვინ არის რეალური ავტორი, ლექსები კი - თავად მიუტანოს კერესელიძეს: „იმისთვისაც არ მინდა, რომ შენ მიუტანო კერესელიძეს ეს სტატია, რადგანაც ის მიხვდება, რომ შენ ჩემის მეტი არავინ გიგზავნის სტატიებსა. ისე უნდა მოიქცე, რომ თითონ რედაკტორს და ცენზორსაც არ შეატყობინო; კანონით იმათ უთუოდ უნდა იცოდნენ, მაგრამ შენ, როგორც იყოს სხვის მხრით დააჯერე ისინი, რო მართლა და აზნაური ზუმბერიძე მართალი გვარია და არა მოგონილი...“
ამას გარდა ბარათში ილია  ადრესატს სთხოვს, გაუგოს, როგორ არის მისი „აჩრდილისა“ და „ჰაჯი აბრეკის“ ბეჭდვის საქმე. ამ უთარიღო წერილს ვათარიღებთ მასთან ერთად გაგზავნილი სტატიის დაწერის  დროისა („1860 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა“) და „ჰაჯი აბრეკის“ პუბლიკაციის მიხედვით. „ჰაჯი აბრეკი“ დაიბეჭდა ჟურნალ ცისკრის მეთერთმეტე (ნოემბრის) ნომერში და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამის შესახებ ილია ჭავჭავაძეს დეკემბრის დასაწყისამდე მაინც არ გაეგო. ამას გარდა, როდესაც „ჰაჯი აბრეკისა“ და „აჩრდილის“ ბეჭდვის ამბავს კითხულობს, მწერალი არ ახსენებს თავის ლექსს „როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო...“ და პუშკინისა და ლერმონტოვის ლექსების „წინასწარმეტყველის“ თარგმანებს, რომლებიც 1861 წლის ცისკრის პირველსავე ნომერში დაიბეჭდა. შესაბამისად, წერილის წერის დროს პოეტს ის ლექსები ჟურნალ „ცისკარში“ გაგზავნილი არ ჰქონია. მეორე მხრივ, როდისღა უნდა გაეგზავნა ისინი, თუ არა ამ წერილთან ერთად, რომ კერესელიძეს მოესწრო მათ დაბეჭდვაზე ცენზურის ნებართვის აღება 1860 წლის 20 დეკემბერს.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ბარათი დაწერილია არა 1861 წლის თებერვალ-მარტში, როგორც ეს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მე-17 ტომშია მითითებული, არამედ 1860  წლის 5 ნოემბრიდან დეკემბრმდე. ამასთან ერთად, იკვეთება ერთი საინტერესო გარემოებაც. ამ სტატიასთან ერთად გაგზავნილი ლექსები ივანე კერესელიძეს ხელთ ჰქონია 1860 წლის 20 დეკემბერს მაინც (ჟურნალის ნომერზე, სადაც ისინი დაიბეჭდა, ცენზურის ნებართვა ამ დღეს არის გაცემული), ამ სტატიის ბეჭდვაზე კი ცენზურის ნებართვა  გაცემულია სამი თვის შემდეგ - 1861 წლის 20 მარტს (იგი დაიბეჭდა „ცისკრის“ 1861 წლის #4-ში). ეს გარემოება მიგვანიშნებს, რომ ილიას პირველი კრიტიკული წერილის გამოქვეყნება სერიოზულ წინააღმდეგობებს წასწყდომია. ფაქტია, ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ილია ჭავჭავაძეს მოუხდა თავისი ვინაობის გამხელა და სტატია ზუმბერიძის ნაცვლად, მისი ხელმოწერით დაიბეჭდა.
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში  (#1039) დაცულია ილიას ბარათი კირილე ლორთქიფანიძისადმი, რომელიც მიწერილია მისი ლექსის „ქართველი სტუდენტების სიმღერა“ ავტოგრაფის მეორე გვერდზე. ბარათი უთარიღოა, მაგრამ ამავე ადრესატისათვის 1864 წლის 24 აგვისტოს გაგზავნილი წერილისა და ამ უთარიღო ტექსტის შინაარსების კომპლექსური კვლევა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ მათი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და სავარაუდო თარიღი. 24 აგვისტოს ბარათიდან ჩანს, რომ ილიამ კირილე ლორთქიფანიძისგან, რომელიც იმჟამად პეტერბურგში იყო და აპირებდა ქართული ლექსების კრებულის - „ჩონგურის“ გამოცემას, მიიღო თხოვნა, რომ ამ კრებულში დასაბეჭდად გაეგზავნა ლექსები. საპასუხო ბარათში კირილესადმი, ვკითხულობთ: „რაც გითხოვია, მათთა შორის, რაც უპირატესია, აღგისრულებ, ე.ი. ლექსებს, თუ ივარგებს, იცდა ცხრას ამ თვეს მოგართმევ...“ ფოსტა ქუთაისიდან პეტერბურგისკენ ყოველდღიურად არ მიჰქონდათ. 24-ის შემდეგ, სავარაუდოდ, სწორედ 29 აგვისტო იქნებოდა უახლოესი რიცხვი, როცა შემდეგი წერილის და მასალის გაგზავნას შესძლებდა. უთარიღო ბარათში, რომელიც აშკარად მოკლე ხანშივეა დაწერილი (ბარათი იწყება ყოველგვარი მისალმებებისა და მოკითხვების გარეშე), ვკითხულობთ: „აი, რის გამოგზავნა ეხლა შევძელი“. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორედ ის დაპირებული მასალაა, რომლის გაგზავნასაც 29 აგვისტოსთვის აღუთქვამდა. მართალია, იმ წერილში იმედოვნებდა ერთზე მეტი ლექსის შერჩევას, მაგრამ, როგორც უთარიღო ბარათიდა ჩანს, საბოლოოდ მხოლოდ ერთის შერჩევა შეძლო („სხვა ახალი ლექსი, პატიოსანს სიტყვას გაძლევ, სრულიად არა მაქვს“) შესაბამისად, წერილს ვათარიღებთ 1864 წლის 29 აგვისტოთი.
 „ბედა მქადაგებლის“ თარგმნის თარიღად ავტოგრაფში მითითებულია „1858 მარიამობისთვის 25-ს. ს. პეტერბურღი“. ამავე თარიღით დაიბეჭდა იგი ცისკრის 1859 წლის პირველ ნომერში. 1892 წელს გამოსულ კრებულში „ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 311 – 314“ კი მითითებულია, რომ ლექსი დაიწერა“1857-სა წელსა 23 აღვისტოს, ს. პეტერბურღი“. ლექსის ამ ვარიანტებს შორის არსებითი განსხვავება არ არის. წყაროთაგან ყველაზე ადრეულებია ავტოგრაფი და ცისკრის პუბლიკაცია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვასო აბაშიძის მიერ 1892 წელს გამოცემულ კრებულში მითითებული თარიღი, რომლის მიხედვითაც ტექსტი 1 წლით ადრე დაწერილად არის მიჩნეული („1857-სა წელსა 23 აღვისტოს, ს. პეტერბურღი“), მცდარია.
ასეთივე ვითარება გვაქვს ლექსში „ხმა სამარიდამ“.  ერთადერთ ავტოგრაფში თარიღად მითითებულია 1857-სა წელსა, 27-ს დეკემბერს, ს.პეტერბურღი“ კრებულებში კი - (ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 40 და „დედა და შვილი“ და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფილისი, 1882, გვ. 11 ) თარიღად წერია „13 დეკემბერს, 1857 წ.“ კვლევის შედეგად იკვეთება, რომ რედაქციული განსხვავება ამ ტექსტებს შორის არ არსებობს, გვაქვს მხოლოდ უმნიშვნელო ვარიანტული სხვაობები და თან ხელნაწერი უფრო ადრეულია. შესაბამისად, ხსენებულ ორ კრებულში მითითებული თარიღი არასწორად მიგვაჩნია და მატიანეში არ ვითვალისწინებთ.
ლექსს „სიმღერა“ 1892 წლის გამოცემაში მიწერილი აქვს 1857 წელი. ავტოგრაფის მიხედვით კი დაიწერა 1858-სა წელსა, 4-სა ივნისს. ამ შემთხვევაშიც სწორად მიგვაჩნია ავტოგრაფის დათარიღება და 1892 წლის გამოცემის მონაცემებს არ ვითვალისწინებთ. „ჩამი თარიარალის“ უცნობი პირის მიერ გადაწერილ ასლს მიწერილი აქვს 1857 წელი, მაგრამ ვერ დავეყრდნობით მას, ოგორც არაავტორიზებულ წყაროს, მით უფრო, რომ ავტოგრაფში ტექსტს მითითებული აქვს 1858 წელი.
თავისი დის - ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისადმი მიწერილი ერთი ბარათიდან, რომელიც 1907 წლის 24 აპრილს არის გაგზავნილი, ვიგებთ, რომ იმ დროს ახალგარდაცვლილი ყოფილა ილიას მეორე დის - ნინოს ქმარი ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზი. ისტორიული დოკუმენტებიდან ცნობილი იყო ამ პიროვნების გარდაცვალების მხოლოდ წელი, მაგრამ, რამდენადაც ბარათი დაგვეხმარა დროის დაზუსტებაში და აღმოჩნდა, რომ ის ილიას მკვლელობამდე გარდაცვლილა, ეს ფაქტიც შევიტანეთ მატიანეში.
ლიტერატურის მუზეუმში დაცული მარიამ მელიქიშვილი-ღოღობერიძის მოგონებებიდან საშუალება მოგვეცა აღგვედგინა ორი ფაქტი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან, კერძოდ, გავიგეთ, რომ იგი ესწრებოდა ამ მოგონების ავტორისა და დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძის ქორწილს და განსაკუთრებით უხაროდა ის, რომ რუსეთში ხანგრძლივად მცხოვრები დავითი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში. ამავე მოგონებაში ნახსენებია ილიას სტუმრობა მათსავე ოჯახში გიორგი წერეთლის გარდაცვალების მეორე დღეს. თარიღები მოგონებაში მითითებული არ არის, მაგრამ დავით ღოღობერიძეს და მარიამ მელიქიშვილს  ერთადერთი შვილი - თამარი შეეძინათ 1900 წელს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქორწილი 1900 წლამდე უნდა ყოფილიყო. მეორე ფაქტი, გიორგი წერეთლის გარდაცვალების მეორე დღეს ილიას კიდევ ერთი სტუმრობა მათ ოჯახში, საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე თარიღი უფრო დავაზუსტოთ. რადგან ილიას მეორე სტუმრობაც, რომელსაც მარიამი აღწერს, მისი ქმრის ოჯახში მოხდა, ჩანს, რომ დავითი და მარიამი უკვე ჯვარდაწერილები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ქორწილი გიორგი წერეთლის გარდაცვალებამდე - 1900 წლის 12 იანვრამდე უნდა ყოფილიყო, დავით ღოღობერიძის ოჯახში მეორე სტუმრობა კი, რომელიც გიორგი წერეთლის გარდაცვალების მეორე დღეს მომხდარა, - 1900 წლის 13 იანვარს.
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის უთარიღო წერილი იოსებ ორბელიანისადმი (#17618), რომელიც მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მე-17 ტომში  დათარიღებულია ასე: „15 იანვარი, 1870 წლამდე“ და ნათქვამია, რომ დათარიღებულია ტექსტში მოცემული რეალიის, კერძოდ, ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქორწინების თარიღის მიხედვით. ელისაბედ ჭავჭავაძემ მეორედ იქორწინა 1872 და არა 1870 წელს, მაგრამ ამ ბარათის დასათარიღებლად უფრო მოსახერხებელია მისი პირველი ქმრის - ივანე (ნიკოლოზ) ესტატეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის გარდაცვალების თარიღი - 1868 წლის 11 მარტი. რამდენადაც წერილში, რომელიც დაწერილია 15 იანვარს (წელი მითითებული არ არის) საუბარია ელისაბედის წილზე მისი ქმრის ოჯახიდან, ე. წ.  საქვრივოზე და ამის იურიდიულად გაფორმებაზე, ბუნებრივია, იგი ქმრის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ არ იქნება დაწერილი. რამდენადაც წერილს აწერია თარიღად 15 იანვარი, ეს უნდა იყოს მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დამდგარი პირველივე წლის ეს თარიღი - 1869 წლის 15 იანვარი. რამდენადაც წერილში ნათქვამია: „ ჩემს დას ამასთანავე ვწერ წიგნს და რაც თქვენთვის მომიხსენებია, იმასაც იმას ურჩევ“, გამოიკვეთა, რომ ამავე დღეს წერილი ელისაბედისთვისაც გაუგზავნია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცულ სოლომონ ჭავჭავაძისადმი მიწერილი წერილების ასლებიდან ბოლო ბარათი უთარიღოა, მაგრამ შინაარსობრივად იგი აშკარად უფრო გვიან არის დაწერილი, ვიდრე იმავე ადრესატისათვის გაგზავნილი 1861 წლის 3 მარტის წერილი, მაგრამ დროის მოკლე მონაკვეთში. ბარათში ნახსენები რეალია „როგორმე გავკეთდები და ისე მოგივალთ მარხვის უკანასკნელ კვირაში“ მიგვანიშნებს, რომ იგი მარხვის ბოლო კვირის დაწყებამდე  უნდა იყოს დაწერილი. 1861 წელს მარხვა დამთავრდა 23 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მარხვის ბოლო კვირა კი დაიწყო 16 აპრილს. შესაბამისად, ბარათი 16 აპრილამდე უნდა იყოს დაწერილი. ეს წერილი ასევე დაგვეხმარა ილიას საქართველოში დაბრუნების დროის დაზუსტებაშიც. თუ დღემდე მიჩნეული იყო და მატიანის 1987 წლის გამოცემაშიც ასე იყო ნათქვამი, რომ ეს მოხდა 1861 წლის მაისში, განხილული წერილიდან ჩანს, რომ ამ ბარათის წერისას, რომელიც აშკარად 16 აპრილამდეა დაწერილი, ილია სულ ცოტა რამდენიმე დღის ჩამოსული მაინც უნდა ყოფილიყო საქართველოში. შესაბამისად, მის დაბრუნებას ვათარიღებთ 1861 წლის აპრილის პირველი ნახევრით.
წარმოდგენილმა ტექსტოლოგიურმა კვლევებმა საშუალება მოგვცა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციით შეგვევსო ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე.






[1] უბინაო კაცი ნიუიორკი (თარგმანი), ჟ. „ივერია“, 1878, N3, გვ.11-16; N4, გვ.12-16; N5, გვ.13-16.
[2] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ხელნაწერი  #215
[3] ლევან ჭრელაშვილი, „ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის ისტორიის საკითხები“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, თბილისი, 1981,N2, გვ.48-52; N3, გვ.45-57.
[4] ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული (20 ტომად), ტ. 3: მხატვრული თარგმანები, 1988, გვ. 78-107.
[5] А. П., „Нью- Йоркский Бродяга“, „Отечественные запски“, 1877, #12, 505-528.
[6] ნათელა ჩიტაური, „ილია ჭავჭავაძის ორი პროზული თარგმანი“, ჟ. ცისკარი, 1985, N6. - გვ.154-157.
[7] მაია ნინიძე, ილია ჭავჭავაძის მიერ ნათარგმნი ნოველისა და მისი უცნობი ავტორის შესახებ,  ლიტერატურული ძიებანი, 2002, ტ. 23,  გვ.284.
[8] Herman Melville, “Poor Man’s Pudding and Rich Man’s Crumbs”, Harper’s Monthly Magazine, 1854.
[9] Dr. S. A. Raborg, The Homeless Poor of New-York City, “The New York Times”, 1870
[10] Maia Ninidze, Who is the author of the short  story, translated by Ilia Chavchavadze? „Journal of American Studies“, 2003, p. 403-408
[11] მაია ნინიძე, ილია ჭავჭავაძის მიერ ნათარგმნი ნოველისა და მისი უცნობი ავტორის შესახებ,  ლიტერატურული ძიებანი, 2002, ტ. 23,  გვ.284.
[12] George Parsons Lathrop, “Left Out”, The Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231.
[13] Maia Ninidze, Who is the author of the short  story, translated by Ilia Chavchavadze? „Journal of American Studies“, 2003, p. 403-408
[14] George Parsons Lathrop, “Un Vagabond A New-York”, “Revue Britanique”, 1877, July, volume 4 (in French).
[15] Nino Sozashvili Maia Ninidze,  George Lathrop's Short Story “Left Out” and Its Unknown Translations, The European Conference on Arts and Humanities 2014: Official Conference Proceedings pp. 37-46
[16] ილია ჭავჭავაძე, „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან "შეშლილი"- თარგმანზედა“, ჟურნალი  ცისკარი“, 1861, N4, გვ.557-594.

[17] მაია ნინიძე, „მადლის წყარო, ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება“, 1997, გვ. 81-210
[18] ციტატებს, რომლებსაც თხზულების მხატვრული ღირსებების საილუსტრაციოდ მოვიხმობთ, წარმოგიდგენთ ორიგინალის ენაზე.

[20] ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული (ოც ტომად), ტ.16, თბილისი, 2015, გვ.
[21] ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული (ოც ტომად), ტ.17, თბილისი, 2012, გვ.
[22] ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული (ოც ტომად), ტ.18, თბილისი, 2009, გვ.55
[23] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი #51

[24] თხზულებათა სრული კრებული, ტ. 10, გვ. 7, 471-472.
[25] ი. ჭავჭავაძე, წეილები, ი. ბოცვაძის რედაქციით, სოხუმი, 1949, გვ. 11.
[26] ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული (ოც ტომად), ტ.18, თბილისი, 2009, გვ. 13-78

No comments:

Post a Comment