მაია ნინიძე. გრიგოლ ორბელიანის პირადი წერილების დათარიღება

გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის ახალ გამოცემაში, რომელიც მომზადდა სამეცნიერო პროექტის - “XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა” - ფარგლებში, მრავალი წერილია ისეთი, რომლებსაც ხელნაწერში მითითებული ჰქონდა მხოლოდ თვე და რიცხვი, მაგრამ არ იყო აღნიშნული დაწერის წელი. გთავაზობთ ადრესატების მიხედვით წერილის ავტორისეულ დათარიღებას და არგუმენტაციას, რის საფუძველზეც მოხდა წლების დაზუსტება.

1. ზაქარია ორბელიანისადმი - “2-სა აპრილსა ყაზანსკის სტანიცა”. დათარიღება: 1833 წლის სექტემბერში გრიგოლი ჯერ კიდევ საქარ-თველოში იყო, ამ ბარათიდან კი ჩანს, რომ იგი მიემართება ვენდე-ნისკენ: “მომწერე პირდაპირ ლიфლანდიაში ქალაქს ვენდენს, ნევსკის მორსკის პოლკში, და ნუ მოიცდი ჩემს იქ მისვლას”. ამდენად, წერი-ლის თარიღი 2 აპრილი გულისხმობს 1834 წელს.

2. ილია  ორბელიანისადმი - “16-го Маия, Г. Валка”. დათარიღება: რამდენადაც წერილიდან ჩანს, რომ გრიგოლი ჩავიდა ვალკაში, ჩვენ კი ვიცით, რომ საქართველოდან 1833 წლის ბოლოს გაემგზავრა, თარიღი 16 მაისი 1834 წელს უნდა გულისხმობდეს.

3. ზაქარია ორბელიანისადმი - “Г. Валька 22-го Маия дня”. დათარიღება: წინამდებარე წერილიც, ისევე როგორც წინა, ვალკიდან არის გამოგზავნილი და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ გრიგოლი საქართველოდან 1833 წლის ბოლოს გაემგზავრა,  თარიღში - 22 მაისი - 1834 წელი იგულისხმება.

4. ზაქარია ორბელიანისადმი - “ქალაქი ვილნო 20 ივლისსა.” “20-го Июля”. დათარიღება: ზაქარია ორბელიანისადმი 1834 წლის 22 მა-ისს მიწერილ ბარათში გრიგოლი ატყობინებდა მას, რომ ვალკიდან მალე უნდა წასულიყვნენ რიგაში და იქიდან ვილნოში. რამდენადაც წინამდებარე წერილი 20 ივლისს არის დაწერილი და მისგან ვი-გებთ, რომ გრიგოლი წინა დღეს ჩავიდა ვილნოში, ეს 20 ივლისი 1834 წელი უნდა იყოს.

5. სალომე ჭავჭავაძისადმი - “23-го Марта. М. Биржи”. დათარიღება: წერილში საუბარია სალომე ჭავჭავაძის მესამე ქალიშვილის - სო-ფიოს - დაბადებაზე, რაც მოხდა 1833 წელს, მაგრამ ბარათის შინა-არსიდან ასევე ჩანს, რომ ადრესატის მეუღლე ალექსანდრე ჭავჭავა-ძე იმ დროს პეტერბურგში იმყოფებოდა (“შევიტყე კნიაზი ჩემთვის თურმე ჰსცდილობს პეტერბუღში”). რუსული წყაროებიდან ცნობი-ლია, რომ ფელდმარშალ პასკევიჩის შუამდგომლობით ნიკოლოზ I-მა მალე აპატია ალექსანდრე ჭავჭავაძეს 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა და 1834 წლის მაისში პეტერბურგში მიიწვია. 1834 წლის ოქტომბერში ჭავჭავაძე კვლავ პეტერბურგში იყო და ესწრე-ბოდა გენერალ-მაიორ დავით აბამელექის დრეზდენიდან გადმოსვე-ნებას. 1836 წლის 2 ივნისსაც იგი პეტერბურგში იყო და იქედან მოსწერა წერილი თბილისის გუბერნატორ ფალავანდიშვილს. რამდე-ნადაც ცნობილია, ჭავჭავაძე პეტერბურგიდან გამოემგზავრა 1837 წელს. ამ მონაცემებით, წერილი შეიძლებოდა დაწერილიყო 1834-1837 წლებში, მაგრამ არა 1834 წლის მაისამდე, სანამ ის ჯერ კიდევ ტამბოვში იყო გადასახლებული. ამიტომ, ამ მონაცემის მიხედვით, თარიღი 23 მარტი შეიძლება გულისხმობდეს დარჩენილი სამი წლი-დან რომელიმეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1835 წლის 25 ივლისს გრიგოლის მიერ სალომე ჭავჭავაძისადმი მიწერილი ბარა-თისთვის დართული მინაწერიდან ნინოსადმი ჩანს, რომ მისთვის სა-ლომეს მესამე ქალიშვილის დაბადება უკვე სიახლე აღარ არის (“პა-ტარა თქუენს დას ვაკოცებ შუბლზე”), შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ წინამდებარე წერილი დაწერილია სალომე ჭავჭავაძი-სადმი გაგზავნილ #2 წერილზე ადრე, ანუ 1835 წლის 23 მარტს.

6. ზაქარია ორბელიანისადმი - “11-სა  აპრილს М. Биржи   Виленской   губернии.” დათარიღება: წერილი დაწერილი უნდა იყოს 1835 წლის 11 აპრილს, რადგან მასში საუბარია ზაქარიას ქორ-წინებაზე, როგორც ახალ მომხდარ ფაქტზე, ზაქარიამ კი 1835 წლის 10 თებერვალს დაიწერა ჯვარი.
მარიამ დედოფლისადმი - “25-го  Апреля  Биржи”. დათარიღება: წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ ქრონოლოგიურად ეს არის მარიამ დედოფლისადმი 1835 წლის 12 იანვარს მიწერილი დათარიღებული ბარათის მომდევნო. ის წერილი გრიგოლმა ექიმს გაატანა, აქ კი წერს, რომ ექიმი ავად გამხდარა და დედოფალს წერილი არ მის-ვლია. ამიტომ იგი ზაქარიას დაწინაურებისა და საქართველოში გა-დაყვანის ამბავს იქაც წერს და აქაც იმეორებს (“ვიცი არ გეწყინე-ბათ ჩემის ძმის ზაქარიას ანბავი, ამისთვის მოგახსენებთ რომ მას მოუვიდა პოდპორუჩიკობა და ჩემის თხოვნით ბარონ როზენმა გა-დიყვანა საქართველოს არტილლერიაში” / “ვიცი გიამებათ, ჩემს ძმას ზაქარიას მოუვიდა პოდპორუჩიკობა და დიდიხანია რაც გადა-იყვანეს საქართველოს არტილლერიაში”). შესაბამისად, ეს ორი წე-რილი დროში ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებული ვერ იქნება და თარიღი 25 აპრილიც 1835 წელს გულისხმობს.

7. ივანე სიმონიჩისადმი - “май”. დათარიღება: წინამდებარე წერილი გაგზავნილია ვილენსკის გუბერნიის სოფელ კვეტკიდან. იქ ჩასვლის ამბავი დაწვრილებით არის აღწერილი მანანა ორბელიანისადმი 1834 წლის სექტემბრის შემდეგ გაგზავნილ ბარათში. ამდენად, წი-ნამდებარე წერილზე მიწერილი მაისის თვე 1835 წელზე ადრე ვერ იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვილნოში გადასვლა, როგორც არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ფაქტი, ისეა მოხსენიე-ბული, ბარათი სწორედ 1835 წლის მაისში უნდა იყოს დაწერილი.

8. ზაქარია ორბელიანისადმი - “4-го Июня  Г. Рига”. დათარიღება: რადგან ჩანს, რომ ზაქარია ორბელიანი ახალდაქორწინებულია, თარიღში  “4 ივნისი”  1835 წელი უნდა იგულისხმებოდეს.

9. სალომე ჭავჭავაძისადმი - “25-  Ригский  гошпиталь”. დათარიღება: წერილს ჰყავს სამი ადრესატი. ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეებისადმი მიძღვნილი ბარათები მათი დედის - სალომესათვის მიწერილის გაგრძელებას წარმოადგენს და იმავე ფურცლის მეორე გვერდზეა განთავსებული. სალომესადმი მიწერილი ბარათის თავში იკითხება რიცხვი “25-და ადგილი - “Ригский  гошпиталь”, ნინოსადმი მიწერილი ბარათი კი დათარიღებულია  “10 ივნისს”. სალომესადმი მიწერილი ბარათის თავში მწერალს ფანქრით აქვს დაწერილი სიტყვები: “წერილი თქვენი მაისის 22-ის მივიღე ხუთ ივლისს”. საქართველოდან გაგზავნილი წერილები ბალტიისპირეთში დაახლოებით თვენახევარში ჩადიოდა. თავისი ძმის - ზაქარიასადმი გრიგოლ ორბელიანის მიერ ამავე პერიოდში გაგზავნილი სხვა წერილებიდან ჩანს, რომ ზაქარიას მიერ 1834 წლის 28 მაისს გაგზავნილი ბარათი მან 18 ივლისს მიიღო, 1835 წლის 18 თებერვალს გაგზავნილი - 7 აპრილს, 1835 წლის 12 მარტს გაგზავნილი - 1 მაისს. ასე რომ, ჭავჭავაძეების მიერ გაგზავნილ წერილსაც დაახლოებით იმდენივე დრო დასჭირვებია - 22 მაისიდან 5 ივლისამდე. იმაში, რომ 5 ივლისი აქ სწორად წერია, ეჭვს ვერ შევიტანთ, რადგან ეს რიცხვი წერილში კიდევ მეორდება: “ხუთს ივლისს ვიჯექ მარტო... ამ დროს მოვიდა ჩვენი ადუტანტი და მომიტანა ორი პაკეთი”.

10. რამდენადაც სალომესა და ნინოსადმი მიწერილ ბარათებში არაერთგზის მეორდება გრიგოლის დიდი მადლიერება მისთვის წერილების მიწერისთვის, თარიღი “10 ივნისს”, რომელიც ნინოს ბარათის თავში წერია, სწორი ვერ იქნება. აქ აშკარად “10 ივლისსუნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ასეთი აღფრთოვანების შემდეგ გრიგოლს მათთვის პასუხი მალევე დაეწერა, მაგრამ ეს რომ იმავე ან მომდევნო დღეს არ მომხდარა, წერილიდანაც ჩანს. ის წერსხუთ ივლისსმივიღეო, მაგრამ არ წერს - დღეს, გუშინ ან გუშინწინო. თუ ნინოსა და ეკატერინესადმი მიწერილი ბარათები 10 ივლისს დაიწერა, გაურკვეველი რჩება, რისი თარიღია, ან რომელ თვეს აღნიშნავს სალომესადმი მიწერილი ბარათის თავში დაწერილი ციფრი “25-”? ამის ამოცნობაში დაგვეხმარა ნინოსთვის მიწერილი ბარათის ფრაზა: “ეს წიგნი აქამდის რომ დავწერე ასე შევიქენ ავათ რომ ვეღარ შევიძელ შესრულება ამისი და წაველ ღოშპიტალში”. სალომეს წერილი და ნინოს წერილის დასაწყისი ამ ფრაზამდე 10 ივლისს არის დაწერილი გრიგოლის ჰოსპიტალში დაწოლამდე, მაგრამ სალომეს წერილის თავში დასმულ ციფრს - “25-ქვეშ მიწერილი აქვს “Ригский  гошпиталь”. ეს იმას ამტკიცებს, რომ ეს თარიღი მწერალმა სამივე წერილის დასრულების შემდეგ დააწერა ბარათს. ამდენად, სალომესადმი წერილი და ნინოსადმი წერილის დასაწყისი დაწერილია 10 ივლისს, ნინოს წერილის მეორე ნაწილი და ეკატერინეს წერილი კი - 25 ივლისს. რამდენადაც კალიშის მანევრები, რომელიც 1835 წლის სექტემბერში ჩატარდა, წერილის მიხედვით უკვე დაგეგმილი ჩანს, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა (“სა-დაცა შეიყრებიან სამნი უპირველესნი ხელმწიფენი”), 10 და 25 ივლისშიც 1835 წელი იგულისხმება.

11. ზაქარია ორბელიანისადმი - “25 июля რიღით.” დათარიღება: წი-ნამდებარე წერილი, ისევე, როგორც ზაქარია ორბელიანისათვის 1835 წლის 4 ივნისს გაგზავნილი ბარათი, რიგაშია დაწერილი და ორივეში საუბარია მელიტონ ბარათაშვილის გამოჯანმრთელებაზე მძიმე სენისაგან: “ვმადლობ ღმერთსა, რომ მელიტონ მორჩა, რომ-ლის იმედი არ მქონდა. შენის მოწერის მიხედვით” / “მელიტონის კარგათ მყოფობამ მეც კარგათ გამხადა. - ˜თმა ნუ გამაგონოს მა-გის უბედურება”. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ბარათზე მიწერილი თარიღი 25 ივლისიც 1835 წელს გულისხმობს.

12. მარიამ დედოფლისადმი  - “16-го  Августа რიგის   ქალაქით”. დათარიღება: გრიგოლის ძმამ, ზაქარიამ,  1835 წლის 10 თებერ-ვალს დაიწერა ჯვარი და, რამდენადაც წერილში ამის შესახებ, რო-გორც არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავზე, არის საუბარი, თა-რიღი 16 აგვისტო, რომელიც წერილზეა მიწერილი, 1835 წელს უნდა ეხებოდეს.

13. ილია ორბელიანისადმი - “16- სეკდემბერს ლაგირი კოვნო.” დათარიღება: რამდენადაც წინამდებარე წერილში საუბარია ილიას ოფიცრად წარდგენაზე (“ძალიან მიამა შენი წარდგენა”), 1836 წლის 28 ნოემბრის წერილში კი უკვე საუბარია ამ თანამდებობის მიღება-ზე, ბუნებრივია, რომ წინამდებარე წერილი 28 ნოემბრისაზე (#4) ცოტათი ადრე უნდა იყოს დაწერილი და თარიღი 16 სექტემბერი 1836 წელს უნდა გულისხმობდეს.

14. ილია  ორბელიანისადმი - “დინაბურღი 28 Ноября”; დათარიღება: წერილში ნახსენებია ელენე ორბელიანისა და ზაქარია ერისთავის ჯვრისწერა, რომელიც ჩატარდა 1836 წლის 10 ივლისს. ამდენად, ბარათზე მიწერილი თარიღი 28 ნოემბერიც ამავე 1836 წელს უნდა გულისხმობდეს. ამ წერილის მიხედვით, გრიგოლს იმ დღეს აქვს გა-გებული ილიას ოფიცრად დაწინაურების ამბავი, ერთი თვის შემდეგ, 1837 წლის იანვარში, ზაქარიასთვის გაგზავნილ წერილში (#9) კი მისთვის ეს ამბავი სიახლე უკვე აღარ არის.  ესეც ადასტურებს, რომ ეს წერილი ზაქარიასადმი 1837 წლის 14 იანვარს გაგზავნილზე ადრეა დაწერილი.

15. მარიამ დედოფლისადმი - “1 ოკდომბერს. კოვნო.” დათარიღება: 1837 წლის 14 იანვარს ზაქარია ორბელიანისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, გრიგოლ ორბელიანს ხელახლა შეატანინეს არზა ერთწლიანი შვებულების მოთხოვნით (“უნდა არზა გამოიცვალოსო, მამაძაღლებმა ოთხი თვე გავიდა და ეხლა დამიბრუნეს... ეხლა, რა უყო, ოთხი და ხუთი თვე კიდევ მომიგვიანდება”), წინამდებარე წერილიდან კი ჩანს, რომ შვებულება დაუმტკიცეს: “მივიღე არზა ოტპუსკისა.” 1838 წლის ზაფხულში ორბელიანი უკვე გრენადერთა ქართულ პოლკში მსახურობდა. ამიტომ, 1838 წლის ოქტომბერში ვერ დაწერდა: “ვაპირებ საქართველოში წასვლას”. შესაბამისად, წინამდებარე ბარათის თარიღი 1 ოქტომბერი მხოლოდ 1837 წელს შეიძლება გულისხმობდეს.

16. ილია ორბელიანისადმი - “11- მარტისა. გორით”.  დათარიღება: სავარაუდოდ, წერილის თარიღი 11 მარტი გულისხმობს 1839 წელს, რადგან გრიგოლის ბიძაშვილის, ყაფლან (იოანე) ასლანის ძე ორბე-ლიანის, მეუღლე ნინო ახლად გარდაცვლილი ჩანს, ეს კი 1839 წელს მოხდა.

17. ნიკოლოზ ტიმერმანისადმი - “1839 г. Лаг[ерь] близ с[ела] Гум”. დათარიღება:  წერილს აწერია 1839 წელი და მასში დაწვრილებით არის აღწერილი ნაურის ექსპედიცია. იგი გრძელდებოდა 18 მაისი-დან 3 ივნისამდე. გრაფ ოპერმანისადმი მიწერილი ბარათის მიხედ-ვით ირკვევა, რომ 24 აგვისტოს ოსეთში უკვე მეორე ექსპედიცია დაიწყო, ამ წერილში კი იქ ჩასვლისა და პირველი ექსპედიციის შე-სახებაც არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ეს ვრცელი წერილი და-წერილია ნაურისა და ოსეთის პირველ ექსპედიციებს შორის - 1839 წლის 3 ივნისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წერილის დიდი ნაწილი მწერალს პირდაპირ დღიუ-რიდან აქვს გადმოწერილი და, შესაბამისად, არა მხოლოდ ერთი დღის, არამედ ნახევარი თვის მოვლენებს და შთაბეჭდილებებს ასა-ხავს.

18. ზაქარია ორბელიანისადმი - “მაისის 20, ქუთაისით”. დათარიღება: წერილში საუბარია ზაქარიას მონაწილეობაზე საშინელ ომში და ყორღანოვისა და მაღალოვის გმირობაზე. სავარაუდოდ, იგულისხმე-ბა 1842 წლის 1 მაისს ჩრდილოეთ კავკასიაში აულ რიჭასთან მომ-ხდარი შეტაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ: ზაქარია ორბელია-ნი, ყორღანაშვილი და მაღალაშვილი. წერილში მოხსენიებული გუ-რიის აჯანყების მონაწილეთა გათავისუფლება და მისი წინამძღო-ლის გადასახლებაც 1842 წელს მოხდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ წე-რილის თარიღში - 20 მაისი - იგულისხმება 1842 წელი.

19. ზაქარია ორბელიანისადმი - “11 ივნისს. თბილისით.” დათარიღება: წერილში საუბარია გრიგოლის მიერ წმინდა სტანისლავის ორდე-ნის მიღებაზე, როგორც სიახლეზე, ეს კი 1842 წლის 8 მაისს მოხდა. ამდენად, წერილში მითითებული თარიღი  11 ივნისი 1842 წელს უნდა გულისხმობდეს.
მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვისადმი - “11- ივნისს თბილი-სით”. დათარიღება: წერილიდან ჩანს, რომ გრიგოლ ორბელიანის ძმა ჯერ კიდევ ტყვედ ჰყავს შამილს. ეს გრძელდებოდა 1842 წლის 20 მარტიდან იმავე წლის 22 ნოემბრამდე. ამდენად, წერილის თარიღი 11 ივნისი 1842 წელს უნდა გულისხმობდეს.

20. ზაქარია ორბელიანისადმი - “ივლისის 4-. ალექსანდრაპოლით.” დათარიღება: წერილში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი, მათ შორის ილია ორბელიანის ტყვეობაში ყოფნა (“შემატყობინე ილიას ანბავი, მართლა ხაროში ჰყავსთ  ჩაგდებული მაგ ურჯულო მამაძაღლთა?”), მიგვანიშნებს, რომ თარიღი 4 ივლისი 1842 წელს გულისხმობს.

21. ალექსანდრე კრასოვსკისადმი - “184[2] 17 октября Александрополь”. დათარიღება: წერილს თარიღად მიწერილი აქვს 17 ოქტომბერი, წლის მეოთხე ციფრი კი არ იკითხება - 184? მასში გრიგოლი ითხოვს კრასოვსკისგან ნებართვას, რომ დააწყებინოს 1843 წლისთვის შინელების გამოჭრა. ბუნებრივია, რომ ამას ორი და მეტი წლით ადრე არ მოითხოვდა და 1841 წელი გამორიცხულია. ეს რომ 1843 წელი იყოს, რომლის ორი თვეღაა დარჩენილი, არ იტყო-და, რომ შინელებს 1843 წლისთვის კერავს. ამდენად, უნდა ვიფიქ-როთ, რომ ის თადარიგს იჭერს მომდევნო - 1843 - წლისთვის, წე-რილი კი 1842 წლის 17 ოქტომბერს არის დაწერილი.

22. ზაქარია ორბელიანისადმი - “20 აპრილს ანუ სამშაბათი, ყუბით.” დათარიღება: 1843 წლის 28 მარტის თარიღიანი წერილიდან ჩანს, რომ გრიგოლი ახალდანიშნულია ავარიაში (“მნიშვნენ ავარიაში”). 6 მაისით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ: “ამთვის ორსა მო-ველ ჩემს სატახტო ქალაქსა ხუნძახსდა აღწერილია პირველი შთაბეჭდილებები. შესაბამისად, 1843 წლის 2 მაისამდე ორბელიანი გზაში უნდა ყოფილიყო. 22 აპრილის წერილიდან ჩანს, რომ თემირხანშირაში მისვლამდე იყო ყუბას და გაემართა ზაქარიასთან ხაზრას (“იქიდამ გავწევ... თემირხანშურისკენ). შესაბამისად, ყუბიდან გაგზავნილი ამ წერილის თარიღი 20 აპრილიც 1843 წელს უნდა გულისხმობდეს. მართალია, წერილს კვირის დღესამშაბათი შეცდომით აწერია (1843 წლის 20 აპრილი, ახალი სტილით 3 მაისი, უნდა იყოს ოთხშაბათი), მაგრამ ასეთი უზუსტობები სხვაგანაც გვხვდება, რადგან, როგორც ჩანს, ავტორი დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

23. ილია ორბელიანისადმი - “22 აპრილს ყუბით.” დათარიღება: 1843 წლის 28 მარტის თარიღიანი წერილიდან ჩანს, რომ გრიგოლი ახალდანიშნულია ავარიაში (“მნიშვნენ ავარიაში”). 6 მაისით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ: “ამთვის ორსა მოველ ჩემს სატახტო ქალაქსა ხუნძახსდა აღწერილია პირველი შთაბეჭდილებები, წინამდებარე წერილიდან კი ჩანს, რომ თემირხანშირაში მისვლამდე მან გაიარა ყუბა, საიდანაც მიემართებოდა ხაზრას (“იქიდამ გავწევ... თემირხანშურისკენ). შესაბამისად, ყუბიდან გაგზავნილი ამ წერილის თარიღი 22 აპრილი 1843 წელს უნდა გულისხმობდეს.
ილია ორბელიანისადმი -”6- მაისს ხუნძახით”. დათარიღება: რამ-დენადაც ვიცით, რომ გრიგოლ ორბელიანი ავარიაში 1843 წლის მარტის ბოლოს დაინიშნა, წინამდებარე წერილიდან კი ჩანს, რომ ის დანიშნულების ადგილზე ახალი ჩასულია (“ამთვის ორსა მოველ ჩემს სატახტო ქალაქსა ხუნძახს”), წერილის თარიღი 6 მაისი გულის-ხმობს 1843 წელს.

24. ზაქარია ორბელიანისადმი - “6- მაისს ხუნძახს.” დათარიღება: რამდენადაც ვიცით, რომ გრიგოლ ორბელიანი ავარიაში 1843 წლის მარტის ბოლოს დაინიშნა, წინამდებარე წერილიდან კი ჩანს, რომ ის დანიშნულების ადგილზე ახალი ჩასულია (“ამთვის ორსა მოვედი ჩემს სატახტო ქალაქში ხუნძახს მშვიდობიანად..,”),, წერილის თარი-ღი  6 მაისი, ისევე როგორც ილია ორბელიანისადმი გაგზავნილი წე-რილისა (#8), გულისხმობს 1843 წელს.

25. ზაქარია ორბელიანისადმი - “12- მაისს ხუნძახით”. დათარიღება: რამდენადაც წერილიდან ჩანს, რომ გრიგოლი ავარიაში ახალი ჩასულია და თან აღწერილია 1843 წლის მაისში მიმდინარე ამბები (ყიბიტმაჰმადისა და აბდურახმან ერთობლივი შეტევა სოფელ ჭუხზე) თარიღი 12 მაისი გულისხმობს 1843 წელს.

26. ზაქარია ორბელიანისადმი - “3- ივნისს. ხუნძახით.” დათარიღება: ფრაზები: “მე და ავარელები ერთმანეთს ნელნელა ვეჩვევითდარა გამოველ შინადამ, წიგნი არავისგან მომსვლია”. მიგვანიშნებს, რომ გრიგოლი ავარიაში არც ისე დიდი ხნის ჩასულია. 1843 წლის მაისში ჭუხზე თავდასხმის შემდეგ შამილმა დროებით შეცვალა ტაქტიკა და აგვისტომდე შეტევაზე აღარ გადასულა. იმდროინდელ ისტორიულ ვითარებას სავსებით შეესაბამება წერილის სიტყვები: “ამას წინად სულ გარეჩემო ჯარები იყრებოდა შამილის ბრძანებით, და ერთბაშად ისევ დაიშალა”. ამდენად, 3 ივნისი, რომელიც წერილზე აწერია, 1843 წელს უნდა გულისხმობდეს.

27. ილია ორბელიანისადმი - “18- ივნისს ხუნძახით.” დათარიღება: ფრაზა: “ეს ძალიან კარგი მიყო კლუკიმ... თუმცა პირველად ჩემი დანიშვნა ჰსწყენოდამიგვანიშნებს, რომ გრიგოლი ავარიაში არც ისე დიდი ხნის ჩასულია. ზაქარიასათვის 1843 წლის 3 ივნისს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: “მომგვარა შენგან გამოგზავნილი ორი ცხენი”, წინამდებარე წერილიდან კი ვიგებთ: “ზაქარიამ გამომიგზავნა ორი ცხენი" ამას გარდა, 1843 წლის ივნისის მოვლენებს შეესაბამება ისიც, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლები შეჩერებულია: “ყიბიტმაჰმადი მოვიდა ორიათასამდის ჯარით კიკუნაზე,  მაგრამ ვერა უყო რა, სამოცი ცხვარიკი მოიტაცა, ეს იყო იმის დიდი საქმე. ავარია კარგად გაჩარხული მყავს, სწორედ გითხრა, რომ ძნელად თვით შამილა შემოვაამდენად, წერილში გადმოცემული ფაქტების მიხედვით 18 ივნისი 1843 წელს უნდა გულისხმობდეს.

28. ზაქარია ორბელიანისადმი - “14- ივლისს. ხუნძახით.” დათარიღება: წერილში საუბარია გრიგოლ ორბელიანის მიერ გენერალ რენენკამფის დასახვედრად ავარიაში გამართულ ღონისძიებაზე: რენენკამფი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაურად 1842 წელს დანიშნეს, გრიგოლი კი ავარიის მმართველად - 1843 წელს. ამდენად, ეს ოფიციალური შეხვედრა 1843 წლამდე ვერ მოხდებოდა. ამას გარდა, წერილში ნახსენებია ახვერდი მაჰმადის სიკვდილი, როგორც ახალმომხდარი ფაქტი: “ორი ამისთანა კაცების სიკვდილი, როგორიც ახვერდი მაჰმადი და შამილა ამისთანა მოკლეს ხანში დიდი დანაკლისია ამ მხარეს”. შამილის მკვლელობა, როგორც გრიგოლიც ვარაუდობდა, ჭორი აღმოჩნდა, მაგრამ ახვერდი მაჰმადი მართლაც მოკვდა 1843 წელს. შესაბამისად, თარიღი 14 ივლისი 1843 წელს გულსხმობს.

29. მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვისადმი - “14- ივლისს ხუნძახით.” დათარიღება: წერილში ავრიის მმართველობას გრიგოლიახალს ჩემს თანამდებობასუწოდებს. ამას გარდა, საუბარია ახვერდი მაჰმადის სიკვდილზეც: “ახვერდიმაჰმადის სიკუდილს, რა საკურველია, შეიტყობდით”, ეს კი 1843 წელს მოხდა. შესაბამისად, თარიღი 14 ივლისი გულისხმობს 1843 წელს.

30. ზაქარია ორბელიანისადმი - “12- აგვისტოს. ხუნძახით”. დათარიღება: წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ვალების გამო ვერ ხორციელდება ორბელიანთა სახლზე გალერეის მიშენება. ამ გალერეას გრიგოლი პირველად ზაქარიასათვის 1843 წლის 3 ივნისს გაგზავნილ წერილში ახსენებს: “გალლერეისას მწერ, მერწმუნე ზაქარიავ, რომ რაკი ცოტას სულს მოვიბრუნებ, პირველი ფიქრი ეგ იქნება ჩემი.” წინამდებარე წერილიდან კი ჩანს, რომ ეს გეგმა ჩაიშალა და გრიგოლი ძმას სთხოვს, წინასწარ ნუღარაფერს დაგეგმავს: “ვაი გალლერეავ, გალლლერეავ! მაგრამ ზაქარიავ! თუ ღმერთი გრწამს, ნუღარ დააწყობ პლანებსა მომავლისათვის.” ილია ორბელიანისათვის 1843 წლის 18 ივნისს გაგზავნილ წერილში გრიგოლი მას სთხოვს, რომ ნოქრებს ზაქარიას თოფი გამოატანოს: “თუ ზაქარიას ნოქრები მოვიდნენ მანდა, უნდა უთუოდ გამოატანო ზაქარიას პატარა თოფი”, წინამდებარე წერილში კი მადლობას უხდის ზაქარიას თოფის გამოგზავნისათვის. 1843 წლის პირველ ნახევარში ჩეჩნეთ-დაღესტანში გამეფებული დროებითი სიმშვიდეც სავსებით შეესაბამება წერილში აღწერილ ვითარებას: “აქ არა არისრა ჯერ ომიანობისა, შამილა ისევ დარღშია. ჯარები არსად იყრება”. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბარათზე მიწერილი თარიღი 12 აგვისტო არის 1843 წელი.

31. ილია ორბელიანისადმი - “28-  აგვისტოს. ხუნძახით”. დათარიღება: წერილში გრიგოლი ილიას სთხოვს ქალაქის ამბების და მისი ბოსტნის მოსავლის შესახებ მიწერას, რაც მიგვანიშნებს, რომ მისი ძმა კარგა ხნით იყო თბილისში ჩასული და მეურნეობას ეწეოდა. ასეთი რამ 1843 წელს მოხდა, როდესაც შამილთან ტყვეობის შემდეგ ილიამ შვებულება აიღო. 1844 წლის აგვისტოში ის უკვე  სამხედრო სამსახურს აგრძელებდა. ამას გარდა საგულისხმოა ისიც, რომ 1843 წლის ივლისში გრიგოლი ილიას სწერს (#10): “ილიკო, ერთი შემიტყე შამხალი მანდ რას აკეთებს, რისთვის ჩამოვიდა”, წინამდებარე წერილში კი შამხალის თბილისში ყოფნას უკვე წარსულ ფაქტად მოიხსენიებს: “შამხალი რათ იყო მანდა, რატომ არ მატყობინებ?” შესაბამისად, ბარათი 1843 წლის ივლისის შემდეგ არის დაწერილი და 28 აგვისტოში 1843 წელი იგულისხმება.

32. ზაქარია ორბელიანისადმი - “28 აგვისტო ხუნძახით”. დათარიღება: ამ წერილში, რომელიც დათარიღებულია 28 აგვისტოთი და გაგზავნილია ზაქარიასათვის ხუნძახიდან, ვკითხულობთ:  ილიას წიგნი მომივიდა, რომელიცა ისევ უკან გაუგზავნე”. ხუნძახიდანვე  1843 წლის 28 აგვისტოს ილიასათვის გაგზავნილ წერილში კი წერია: “ამ შენს წიგნს ისევ უკან გიგზავნი”. შესაბამისად, ეს წერილიც 1843 წლის 28 აგვისტოს, უნდა იყოს დაწერილი. ამას მოწმობს წერილში ასახული ისტორიული ვითარებაცსაომარი მოქმედებების შეჩერება (“ჯერ აქამდის დიდი მშვიდობიანობა არის”) და ალისულთანის წინააღმდეგ ყაყაშურელების გამოსვლა, რაც ასევე 1843 წელს მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ მტრის საომარი სამზადისი თემირხანშურაში სწორედ 28 აგვისტოს შენიშნეს და კლუგენაუმ სასწრაფოდ გაუგზავნა მაცნე არღუთინსკის, მაგრამ, როგორც ჩანს, გრიგოლს წერილები თავისი ძმებისთვის ამ დროს უკვე გაგზავნილი ჰქონდა.

33. მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვისადმი - “29 აგვისტოსა. ხუნძახით.” დათარიღება: წერილს არღუთინსკის თანაშემწე ასეევის ხე-ლით გაკეთებული  აქვს მოკლე მინაწერი და თარიღი: “31 августа 1843”. ამდენად, გრიგოლ ორბელიანის დათარიღებაშიც -  “29 აგ-ვისტოს  - 1843 წელი იგულისხმება. 

34. ზაქარია ორბელიანისადმი - “მარტის  23- თემირხანშურით.” დათარიღება: რამდენადაც წერილში საუბარია გენერალ პასექის ხელმძღვანელობით რუსული სამხედრო ნაწილების ხუნძახიდან ზი-რიანიში გადასვლაზე, რაც მოხდა 1843 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წერილზე მითითებული თარიღი  23 მარტი  1844 წელს უნდა გულის-ხმობდეს.

35. ზაქარია ორბელიანისადმი - “4- მაისს. ჯუნგუთაით.” დათარიღება: წერილში აღწერილი მოვლენები: “ანდრეევსკისთან ომი მოუხდათ... фრეიტაღმაკი ისინი კარგად დაამარცხა” (აპრილის მეორე ნახევარში შამილის ჯარებმა მართლაც განიცადეს მარცხი სოფელ ანდრეევოსთან) დამთავარმართებელი მოსულა ჩერვლონაში” (მთავარმართებელი ნეიდგარტი 20 აპრილს მართლაც ჩავიდა ჩერვლიონაიაში, რომ ცენტრალური დაღესტნის დასაპყრობად წამოწყებულ ახალ კამპანიას ჩასდგომოდა სათავეში) 1844 წელს მოხდა. შესაბამისად თარიღი 4 მაისიც 1844 წელს გულისხმობს.

36. ზაქარია ორბელიანისადმი - “1 ივნისს თემირხანშურით.” დათარიღება: წერილში ნახსენებია: “ბებუთოვი, რომლისათანა შტაბის ნაჩალნიკად  არის პასსეკი”, ისტორიული წყაროების მიხედვით კი ვასილ იოსების ძე ბებუთოვი ჩრდილოეთ და მთიანი დაღესტნის ჯარების უფროსად, სადაც მსახურობდა დიომიდე ვასილის ძე პასეკი, 1844 წლის 13 თებერვალს დანიშნეს; წერილში ნათქვამია: “დანიილ სულთანი თავის ცოლშვილით გამოსულა ყარახსა”, გენერალ-მაიორ შვარცის 1844 წლის 6 ივნისის ანგარიშიდან კი ვიგებთ, რომ ამ დროისთვის დანიელ სულთანი უკვე გადასული იყო შამილის მხარეს და, ბუნებრივია, ცოლ-შვილსაც თან წაიყვანდა; გრიგოლი ზაქარიას ეკითხება: “წამოხვედით წინა თუ ისევ ჩირაღში დგეხართ”. 1844 წელს მოსე არღუთინსკის მიერ მთავარსარდალ ნეიდგარტისთვის გაგზავნილ ანგარიშში ნათქვამია, რომ 1844 წლის აპრილში ასლან ყადი წუდახარელმა შეაგროვა 2 ათასი კაცი აჰყოშა-დარღოს მიმართულებით რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად და ჩირაღის მიდამოებში მთიელთა ასაჯანყებლად. მათ შეუერთდა ყაიტაგი და აჰყოშაც. როგორც ჩანს, ზაქარიას რაზმი სწორედ მათ ებრძოდა ჩირაღთან, რომელიც იყო გამაგრებული პუნქტი ყაზიყუმუხსა და ქურას შორის. ამ მონაცემების მიხედვით, 1 ივნისში 1844 წელი უნდა იგულისხმებოდეს.

37. ზაქარია ორბელიანისადმი - “8- ივნისს თემირხანშურით”. დათარიღება: რამდენადაც წერილში საუბარია 1844 წლის 3 ივნისის მოვლენებზე (სიტყვებით: “3- ამ თვეს”), როდესაც  რუსეთის არმიის დაღესტნის დანაყოფმა პასეკის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა ჩეჩენ ნაიბთა რაზმები სოფლებსყაყაშურასა და გელს შორის, თარიღში - 8 ივნისი - 1844 წელი იგულისხმება. ამასვე ადასტურებს წერილში ნახსენები ოფიცრების - ტრემბიცკის და ვრანკენის დაღუპვა შეტაკებისას, რაც 1844 წლის ივნისში მოხდა.

38. ზაქარია ორბელიანისადმი - “23- ივნისს შურით.” დათარიღება: წერილის მიხედვით ჩანს აქტიური სამხედრო სამზადისი და გენერალ ლიდერსის გადაადგილება აჰყოშისაკენ, ჩვენ კი ვიცით, რომ მისი მეთაურობით აჰყოშა რუსეთის ჯარებმა 1844 წლის ივლისში აიღეს. საგულისხმოა ისიც, რომ, წინამდებარე ბარათის მსგავსად, ზაქარიასთვის 8 ივნისს მიწერილიც თემირხანშურიდან ახტაში არის გაგზავნილი. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წერილზე მითითებული თარიღი 23 ივნისიც 1844 წელს უნდა გულისხმობდეს.

39. ზაქარია ორბელიანისადმი - “8- ივლისს ყაზანიშჩი”. დათარიღება: რამდენადაც წერილში საუბარია გენერლების - ლიდერსისა და გურკოს - სამხედრო დანაყოფების შეერთებასთან დაკავშირებით სოფელ ზირანიში, რომელიც უნდა მომხდარიყო 1844 წლის ივლის-ში, დათარიღება 8 ივლისიც 1844 წელს გულისხმობს.

40. ქეთევან ორბელიანისადმი - “აგვისტოს [თემი]რხანშურით.” დათარიღება: 1844 წლის 6 აგვისტოს თარიღიან წერილში გრიგოლი სწერს ილია ორბელიანს: “ლიდერსიც წამოვიდა... მენდი ჯერ ისევ აქ არის”, 19 აგვისტოს წერილში, რომელზეც წელი არ არის მითითებული, მაგრამ ასევე ილიასათვის არის გაგზავნილი და ასევე ჩერვლიონაიაში, ნათქვამია: “ლიდერსიცა და მენდიც წამოვიდნენ. ხვალ კლუგენაუც მიდის წყალზე; დარჩა სარდლობა ბებუთოვს" (ილია ორბელიანისადმი მიწერილი # 13), აგვისტოთი დათარიღებულ წინამდებარე წერილში კი ვკითხულობთ: “ღენერალ ლიდერსი წავიდა ავადმყოფი თბილს წყალზე, დაღისტანი კნიაზ ბებუთოვსა და კლუკის დარჩათ”. რამდენადაც სამივეგან ერთ თემაზეა საუბარი, თვეც ემთხვევა და თარიღების თანმიმდევრობაც ლოგიკურად მისდევს ერთმანეთს ის ორი წერილიც, რომლებზეც აგვისტოა მითითებული, მაგრამ წელი არ აწერია, ასევე 1844 წელს უნდა იყოს დაწერილი, მაგრამ, რამდენადაც წინამდებარე ბარათში წერია: “დაღისტანი კნიაზ ბებუთოვსა და კლუკის დარჩათდა არაფერია ნათქვამი კლუკი ფონ კლუგენაუს გამგზავრებაზე, იგი 1844 წლის 6 აგვისტოდან 19 აგვისტომდე უნდა იყოს დაწერილი.

41. ილია ორბელიანისადმი - “19 აგვისტოს . . შურით”. დათარიღება: 1844 წლის 3 ივლისს გენერალმა შვარცმა შტურმით აიღო ელისუს სასულთნო და დანიილ სულთანი შამილთან გაიქცა. რამდენადაც წერილში ნათქვამია: “დანიელ სულთნისათვის ჩაუბა-რებია მთლად ავარია და ყიბიტმაჰმადის სანაიბო”, აშკარაა, რომ ეს უკვე მომხდარია და ის შამილის მხარეს არის გადასული. ამდენად, თარიღში 19 აგვისტო 1844 წელი უნდა იგულისხმებოდეს. იხ. ასევე ქეთევან ორბელიანისათვის 1844 წლის 6-19 აგვისტოს გაგზავნილი წერილის დათარიღება.

42. ზაქარია ორბელიანისადმი - “26- აგვისტოს თემირხანშურით.” დათარიღება: რამდენადაც წერილში ნახსენებია, რომ გენერალი პასეკიგახადეს ოტრიადნის ნაჩალნიკად”, პოლკოვნიკ ჭილაევს მოუვიდაყელზე ვლადიმირიარღუთინსკის კიანნაზე კარონადა რადგან ეს ყველაფერი რეალურად 1844 წელს მოხდა (ნეიდგარდტმა პასეკს 12 ბატალიონისაგან შემდგარი რაზმის მეთაურობა დაავალა, პოლკოვნიკი ბორის ჭილაშვილი 1844 წლის დაღესტნის ექსპედიციაში მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით, მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი კიწმინდა ანას ორდენით, რომელსაც ახლდა სამეფო ოქროს გვირგვინი), სავარაუდოა, რომ თარიღში 26 აგვისტო 1844 წელი იგულისხმება.


43. ქეთევან ორბელიანისადმი - “27 აგვისტოს. თემირხანშურით.” დათარიღება: რამდენადაც წერილში ვკითხულობთ: “კნიაზ არღუთინსკის მოუვიდა ანნაზე კარონა, ბრილიანტის შპაღა და სამასი თუმანი თეთრი ფული”, ისტორიული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ ეს ჯილდოები მოსე ზაქარიას ძემ 1844 წელს მიიღო, თარიღში 27 აგვისტო 1844 წელი უნდა იგულისხმებოდეს.

44. ილია ორბელიანისადმი - “8- სეკდემბერს თემირხანშურით.” დათარიღება: რამდენადაც წერილში ნახსენებია გენერალ პასეკის ჯარების დგომა იბრაგიმ-დადასთან, სავარაუდოდ, თარიღში 8 სეკდემბერი 1844 წელი უნდა იგულისხმებოდეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, გენერალ პასეკის რაზმი, რომელიც 10 ქვეითი ბატალიონისაგან შედგებოდა, 1844 წლის 31 აგვისტოს გამოემართა ევგენიევსკის ციხე-სიმაგრიდან და დაბანაკდა ძველ ბურთუნაისთან. მთა იბრაგიმ-დადა მდებარეობს ევგენიევსკისა და ბურტუნაის შორის.

45. ილია ორბელიანისადმი - “16 სეკდემბერს. თემირხანშურით.” დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “კნიაზ ბებუთოვი წამოვიდა მანდ ოტპუსკში; ვიცი შემთხვევა გექნება, მოაგონე ჩემის დანაკარგისათვის ავარიაში... ეგებ გაარიგოს რამე, აქ მეცა ვთხოვე და დამპირდაცა”. ამ დანაკარგის შესახებ განცხადება გრიგოლმა 1844 წლის 26 აგვისტოს შემდეგ წარადგინა (იხ. ზაქარია ორბელიანისათვის ამ რიცხვით გაგზავნილი წერილის სიტყვები: “ამასა ვჰსთხოვ და ვნახოთ”). შესაბამისად, წინამდებარე ბარათი 1844 წლის 26 აგვისტოს შემდეგ უნდა იყოს დაწერილი. ამას გარდა, მასში გრიგოლი ილიას სწერს: “მიდი კნეინა ბებუთოვ[]სასთან. და მდაბლად მოიკითხე მადლობა უთხარ ჩემის დაუვიწყებლობისათვის”, 1844 წლის 4 დეკემბერს ზაქარიასათვის გაგზავნილ ბრათში კი ვკითხულობთ: “ბებუთოვის ცოლი დამდგარა მანანას სახლებში, ილიას დაუპატიჟნია და დიდი დიდი მეჯლიში გაუმართავს, აღასათ-თარითა, დუდუკებითა, ჭიანურებითა”. ბუნებრივია, რომ ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც გრიგოლმა სთხოვა ბებუთოვასთან მისვლა. როგორც 1844 წლის 24 დეკემბრის წერილიდან ჩანს, ბებუთოვი გრიგოლს დახმარებია: “ჩემი დოკლადნის ზაპისკა წავიდა... კნიაზ ბებუთოვიც შემეწია ძალიან ამაში”. შესაბამისად, წერილი, რომლის მიხედვითაც ილია ჯერ არ იყო ნამყოფი ბებუთოვასთან და ბებუთოვს ჯერ არ ჰქონდა გაწეული დახმარება გრიგოლისთვის, დაწერილი უნდა იყოს მანამდე და თარიღი 16 სექტემბერი 1844 წელს უნდა გულისხმობდეს.

46. ზაქარია ორბელიანისადმი - “8- ოკდომბერს. ჯუნგუთით”. დათარიღება: წერილში ლაპარაკია ზაქარიასთვის პოლკის გადასაცემად ნაცნობების ჩარევის აუცილებლობაზე რამდენადაც ეს საუბარი წამოჭრა მისთვის პოლკოვნიკობის მინიჭებამ, რის შესახებაც გრიგოლს, როგორც წერილებიდან ჩანს, 1844 წლის 26 აგვისტოს ახალ გაგებული ჰქონდა (იხ. მისი მილოცვა: “ჩემო პოლკოვნიკო ძმაო ზაქარიავ!”, “პოლკოვნიკის ცოლო ძალუავ ქეთევან! ეხლა რაღა გინდარა, ზაქარია პოლკოვნიკია”), წინამდებარე წერილი 1844 წლამდე ვერ დაიწერებოდა, მეორე მხრივ კი, რამდენადაც იმ პირთა ჩამონათვალში, რომლებსაც ზაქარიასთვის უნდა ეშუამდგომლათ,  ნახსენებია პასეკი, რომელიც 1845 წლის ივლისში გარდაიცვალა, თარიღში - 8 ოქტომბერი - 1844 უნდა ვიგულისხმოთ და არა რომელიმე მომდევნო წელი.

47. ზაქარია ორბელიანისადმი - “4- დეკემბერს ჯუნგუთით”. დათარიღება: რამდენადაც წერილში საუბარია რუსეთის მე-20 ქვეითი დივიზიის უფროსად გენერალ ფრეიტაგის მოსალოდნელ დანიშვნასა და ამავე დივიზიის მეორე ბრიგადის მეთაურად გენერალი პასეკის დანიშვნაზე, დოკუმენტური მასალიდან კი ირკვევა, რომ ორივე ფაქ-ტი მოხდა 1844 წელს, წერილზე მითითებული თარიღი 4 დეკემბერი გულისხმობს 1844 წელს. პასეკი დასახელებულ თანამდებობაზე 11 ნოემბერს დანიშნეს და ორბელიანმა ამის შესახებ უკვე დანამდვი-ლებით იცის, მაგრამ ფრეიტაგის დანიშვნაზე, როგორც სავარაუდო ფაქტზე საუბრობს: “фრეიტაღს აძლევენ 20-ის დივიზიასა”, რადგან სულ რაღაც 4 დღით ადრე, 30 ნოემბერს, გამოსულ ბრძანებას მისი დანიშვნის შესახებ ჯერ არ იცნობს.

48. ზაქარია ორბელიანისადმი - “24- დეკემბერს. ჯუნგუთაით.” დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “ჩემი დოკლადნის ზაპისკა წავი-და, რომლითაც ვითხოვ ჩემის ავარიაში დანაკარგის მობრუნებასა.” ამ დანაკარგის დაბრუნება, როგორც 1844 წლის 26 აგვისტოს ზაქა-რია ორბელიანისათვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, მაშინ ჯერ მოთხოვნილი არ ჰქონდა (იხ. #27 წერილი: “ამასა ვჰსთხოვ და ვნა-ხოთ”). ამდენად, წინამდებარე წერილის თარიღი - 24 დეკემბერი - 1844-ზე ადრეულ წელს ვერ იგულისხმებდა. ამას გარდა, წერილში ნახსენებია ახალი მთავარმართებლის დანიშვნა: “ილიკო მწერს მი-თომ მთავარმართებლად დაუნიშნავთ ვიღაცა ღერნშტენცვეიბ”. ასე-თი მთავარმართებელი კავკასიაში არასოდეს ყოფილა და 1844 წლის ბოლოს საერთოდ გაუქმდა მთავარმართებლობის ინსტიტუტი. ჩანს, რომ ილია ორბელიანს ამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. სწორედ 1844 წლის 27 დეკემბერს მეფისნაცვლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად დაინიშნა გრაფი ვორონცოვი, ამდენად, წერილის თარიღიც - 24 დეკემბერი - 1844 წელს უნდა გულისხმობდეს

49. ზაქარია ორბელიანისადმი -  “7- იანვარს თემირხანშურით. დათარიღება: სიტყვებით: “ამას წინადაც მოგწერე, და არ ვიცი რატომ არ მოგსვლია”, ბარათში გამეორებულია 1844 წლის 24 დეკემბერს ზაქარიასათვის გაგზავნილი წერილის შინაარსი ვალებთან და ავარიიდან გამოსვლის დროს მიღებული დანაკარგის დაბრუნებასთან დაკავშირებით (იხ. #29): “ჩემი დოკლადნის ზაპისკა, რომლითაც ვითხოვ ჩემს ავარიაში დანაკარგსა 150 თუ:, წავიდა მთავარმართებელთან.” ამდენად, წერილი 1844 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მალევე უნდა იყოს დაწერილი და მის თარიღში  - 7 იანვარი - 1845 წელი იგულისხმება.

50. ზაქარია ორბელიანისადმი - “19- იანვარს ჯუნგუნით.” დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “ტატოც ნახჩევანში წასულა ლევანთან ერთად.” ნიკოლოზ ბარათაშვილი 1844 წლის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ თბილისში იყო. ამას მოწმობს ზაქარია ორბელიანისთვის 15 აპრილს და გრიგოლ ორბელიანისთვის 23 მაისს თბილისიდან გაგზავნილი წერილები. შესაბამისად, 1844 წლის  19 იანვარს ის ნახჭევანში ჯერ არ იყო წასული, 1846 წლის 19 იანვარს კი - უკვე გარდაცვლილი იყო. ამდენად, წერილი 1845 წლის 19 იანვარს უნდა იყოს დაწერილი. 
ილია ორბელიანისადმი - “11-მარტს ჯუნგუთაით”. დათარიღება: წერილში აღწერილი ამბები - ჭუხის აღება მურიდების მიერ და აჰყოშის არეულობა, რომლის მოსაგვარებლადაც გაგზავნილი იყო გენერალ კუდაშევის რაზმი, მოხდა 1845 წლის მარტში. ამდენად, წერილის თარიღი 11 მარტი 1845 წელს უნდა გულისხმობდეს.

51. კონსტანტინე თარხნიშვილისადმი - “18- მაისს. თემირხანშურით.” დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “ვიცი გიამება, დავით დადიანს მოუვიდა ღენარლობა” (ეს წოდება ეკატერინე ჭვჭავაძის მეუღლემ 1845 წელს მიიღო) დაელიზბარ ერისთავმა ჯვარი დაიწერა შალვას უფროს ქალზე  (გენერალ-მაიორ ელიზბარ შანშეს ძე ქსნის ერისთავისა (1810-1872) და თავად შალვა ერისთავის ასულ ქეთევანის ჯვრისწერა ჩატარდა 1845 წლის მაისში), ამდენად თარიღში – 18 მაისი 1845 წელი იგულისხმება.

52. ზაქარია ორბელიანისადმი - “23 მაისს ჯუნგუთაით”. დათარიღება: წინამდებარე წერილში იგივე ამბებია აღწერილი, რაც კონსტანტინე თარხნიშვილისადმი 1845 წლის 18 მაისს გაგზავნილში (აქ #1): “მომაბარეს შურაში დანარჩომი ოტრიადი”; “კნიაზ ვასილი ბებუთოვი იქმნება ნაჩალნიკად დაღისტნის ოტრიადისა”; “მე აქ დამაგდეს ოტრიადის ნაჩალნიკად და ამ მხარეს მოსასვლელად”. ამდენად, 23 მაისშიც 1845 წელი უნდა იგულისხმებოდეს.

53. ილია თარხნიშვილისა და ზაქარია ერისთავისადმი - “25 маия. თემირხანშურით.” დათარიღება: წერილში ნახსენებია დავით დადიანისათვის გენერლობის მინიჭება და გრიგოლის დარჩენა თემირხანშურაში იქ განლაგებული დანაყოფების მეთაურად. ეს ფაქტები, რომლებიც აღწერილია ზაქარია ორბელიანისადმი მიწერილ #35 და კონსტანტინე თარხნიშვილისადმი მიწერილ #1 წერილებში, 1845 წელს მოხდა და თარიღი 25 მაისი ამ წელს უნდა გულისხმობდეს.

54. ილია ორბელიანისადმი - “23 ივლისი თემირხანშურით.” დათარიღება: გრიგოლ ორბელიანის ძმა ილია მონაწილეობდა დარღოს ექსპედიციაში, რომელსაც იმპერიის მხრიდან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის არმიამ მთავარსარდალ ვორონცოვის მეთაურობით დარღოზე შეტევა 1845 წლის 6 ივლისს დაიწყო. 10 ივლისს დარღოს მისადგომებთან მთიელებმა გაანადგურეს გენერალ კლუკი ფონ კლუგენაუს სამხედრო ნაწილები, მოკლეს გენერლები პასეკი და ვიქტოროვი. 13 ივლისს რუსეთის ჯარებმა გადაწვეს დარღო და გერზელ აულის გავლით დაიხიეს უკან, მაგრამ წინააღმდეგობა ამ დროსაც დიდი ხვდებოდათ. ვორონცოვმა 11 მაცნე გააგზავნა სხვადასხვა ბილიკით, რომ დამხმარე ძალები მიეხმო. ამის წყალობით ინფორმაცია მალე გავრცელდა და ამბავმა, ბუნებრივია, თემირხანშურამდეც მიაღწია. გრიგოლიც ამიტომ ღელავდა (“მოთმინება არა მაქუს მანამ შენს ამბავს სწორედ არ შევიტყობ”), მაგრამ, როგორც მისივე 1845 წლის 6 აგვისტოს წერილიდან ჩანს, ილია ორბელიანი ბრძოლიდან უვნებელი დაბრუნდა: “ჩემო საყვარელო ილიკო... ვმადლობ ˜თსა შენის განთავისუფლებისათვის იმ საშინელის ომებისაგან. შიშით შენი ამბავი ვერავისთვის მეკითხნა”. შესაბამისად, წერილის თარიღი 23 ივლისი გულისხმობს 1845 წელს.

55. ილია ორბელიანისადმი - “12- ნოემბერს თემირხანშურით.”                 
დათარიღება: წერილში საუბარია გრიგოლის დისწულის - ნიკოლოზ ბარათაშვილის - ავადმყოფობასა და გარდაცვალებაზე. ამდენად, 12 ნოემბერში პოეტის გარდაცვალების წელი - 1845 - უნდა იგულისხმებოდეს.

56. ზაქარია ორბელიანისადმი - “18 მარტი თემირხანშურით.” დათარიღება: ბარათის დათარიღებაში დაგვეხმარა წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილი ის წერილები, რომლებშიც ზაქარია ორბელიანის აფშერონის პოლკის მეთაურად დანიშვნის ამბებია ასახული. 1846 წლის 25 ოქტომბრის წერილის მიხედვით, გრიგოლის ძმას პოლკი უკვე ჩაბარებული ჰქონდა, 1846 წლის 29 აპრილის და 27 მაისის წერილების მიხედვით კი ეს ამბავი ჯერ კიდევ დაპირებად რჩებოდა (ზაქარიას სწერს: “შენის პოლკის კამანდირობასა აქ ქვეყანა ჰყვიროდა... როგორ დაბოლოვდა, ერთი მაცნობე და?”, ილიას კი ატყობინებს: “კნიაზ ვარანცოვმა აღუთქვა ზაქარიას პოლკი აპშერონსკისა”). შესაბამისად, წინამდებარე წერილი, საიდანაც ჩანს, რომ გრიგოლს ვორონცოვის დაპირება ახალგაგებული აქვს, ამ წერილებზე ადრე უნდა იყოს დაწერილი და თარიღში 18 მარტი 1846 წელი უნდა იგულისხმებოდეს.

57. ყაფლან ორბელიანისადმი - “2- სექდ[ემბერს] თემირ[ხანშურით]”. დათარიღება: წერილის მიხედვით, ზაქარია ორბელიანი იმ დროს პოლკს იბარებდა. საუბარია . . აფშერონის პოლკზე, რომლის მეთაურადაც 1846 წელს დანიშნეს. შესაბამისად, 2 სექტემბერიც 1846 წელს გულისხმობს.
ილია ორბელიანისადმი - “25- აგვისტოს [1847] თემირხანშურ[ით]”. დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “ამასწინად გამოგიგზავნე ათი თუმანი, фურაშკა და სოდოვის პოროშკები”. 1847 წლის 22 აგვისტოს ილია ორბელიანისთვისვე გაგზავნილ (# 28) ბარათში კი წერია: “სოდოვის პარაშკები პატოცკისათვის და фურაჟკა ჯაფარყულიაღასთვის მომირთმევია; და შენთვისაც ათი თუმანი სიქა მანათი”. ამდენად, თარიღში - 25 აგვისტო - 1847 წელი იგულისხმება.

58. ილია ორბელიანისადმი - “16- სეკდემბერს. თემირხანშურით.” დათარიღება: წერილში გადმოცემულია რუსეთის არმიის მიერ სალტის აღებით განცდილი სიხარული. რამდენადაც ეს ფაქტი 1847 წლის 14 სექტემბერს მოხდა, წერილის თარიღი 16 სექტემბერი 1847 წელს გულისხმობს.
ილია ორბელიანისადმი - “21 თებერვალს”. დათარიღება: წერილში ნახსენებია, რომ ილიას თხოვნით გრიგოლი მისთვის ტარანტასს აკეთებინებს. ქეთევან ორბელიანისათვის 1849 წლის 25 მარტს გაგზავნილ წერილში (# 32) ვკითხულობთ: “ილიას, როცა მოვიდეს, უთხარით, რომ ტარანტასს უკეთებინებ, და მანამ მოვა, მზად იქმნება.” შესაბამისად, ამ წერილის თარიღი 21 თებერვალიც 1849 წელს უნდა გულისხმობდეს.

59. ნინო ანდრონიკაშვილი-ერისთავისადმი  - “11-го  Апреля Биржи”. დათარიღება: წერილს წელი არ აწერია, აქვს მხოლოდ თარიღი – 11 აპრილი, მაგრამ, რამდენადაც ისიც ბირჟიდან არის გამოგზავნი-ლი, საუბარია გრიგოლის ავადმყოფობაზე და, ამასთანავე, ზუსტად ისეთივე შთაბეჭდილებებია გადმოცემული რიგის თეატრსა და რიგე-ლებზე (“არის თეატრიცა, თუმცა არა შეედრება პეტრებუღისა და მოსკოვის თეატრებსა” / “არის თეატრი, მაგრამ პეტერბურღის და მოსკოვის თეა[ტრებსა] ვერ შეედრება”; “მათი ქალები არიან ძალიან თამამნი ყოფაქცევაში, არშიყობის მოყუარენი და კოკეტკები” / “აქაურნი ქალნი... თამამნი ყოფაქცევაში და არშიყობის მოყუარენი  თვინიერ ცუდისა განზრახვისა”; “ხშირად ვარ მიწვეული და დროცა მხიარულად მიდის მათთან” / “დავიარები ხშირად მათთან და დრო-ცა  მიდის მხიარულად”), როგორიც სალომე ჭავჭავაძისადმი მიწე-რილ (#1) წერილში, 11 აპრილი 1835 წელს უნდა გულისხმობდეს.


ამავე გამოცემაში არის არაერთი ისეთი წერილიც, რომლებსაც თარიღი საერთოდ არ ჰქონდა მითითებული. რა თქმა უნდა, მათი დათარიღება კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ წერილების კომპლექსურმა კვლევამ და ინტერნეტ ბაზებმა საშუალება მოგვცა, რომ მოგვეპოვებია ინფორმაცია წერილებში მოხმობილ რეალიებთან დაკავშირებით და ისინიც დაგვეთარიღებია. ამ კვლევასთან დაკავშირებულ არგუმენტაციას მოვიხმობთ ადრესატების მიხედვით.

60. ზაქარია ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 1. დათარიღება: ბარათის მიხედვით, მისი წერის დროს გრიგოლ ორბელიანი ნევის საზღვაო პოლკში მსახურობს ლიფლანდიაში, მაგრამ არ არის კონკრეტული ადგილების, მაგალითად, რიგის, ან ვალკის ხსენება. ამდენად, იგი ლიფლანდიაში ჩასვლისთანავე მალე უნდა იყოს დაწე-რილი. რამდენადაც ზაქარია ორბელიანისათვის 1834 წლის 2 აპრილს მიწერილი ბარათიდან (#2) ვიცით, რომ იგი ჯერ არ იყო ჩა-სული ლიფლანდიაში, იმავე წლის 16 მაისს მეორე ძმის, ილიასათვის, გაგზავნილი ბარათიდან კი ვიგებთ, რომ უკვე ვალკაში იყო (#1), წინამდებარე ბარათი ამ შუალედში უნდა იყოს დაწერილი - 1834 წლის 2 აპრილიდან 16 მაისამდე.

61. ზაქარია ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 2. დათარიღება: გრიგოლ ორბელიანი თავის ძმას - ილიას - ექვსი აგვისტოს ბარათში სწერს: “ამ მინუტში სიცხე მომცა”, 19 აგვისტოს წერილში კი ვკითხულობთ: “მე ეს ორი კვირა არის ცოტად მაცხელებს” (მართალია, გამოდის 13 და არა 14 დღე, მაგრამ კვირებად გამოხატვისას ასეთი მიახლოება ბუნებრივია). ზაქარია ორბელიანისადმი მიწერილ ამ უთარიღო ბარათში, სადაც იგივე საკითხებია განხილული (ონიკოვისა და შალიკოვისათვის პრიკაზში ფულის შეტანის თხოვნა, ლიდერსისა და მენდეს გამგზავრება, ბებუთოვის დარჩენა და სხვ.), ამავე ავადმყოფობის შესახებ ვკითხულობთ: “ეს თორმეტი დღეა მაცხელებს”, შესაბამისად, წერილი 1844 წლის 18 აგვისტოს უნდა იყოს დაწერილი.

62. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 1. დათარიღება: წინამდებარე წერილში, ისევე როგორც ამავე ადრესატისადმი  1836 წლის 16 სექტემბერს გაგზავნილში, საუბარია ილია ორბელიანის საბრძოლო დამსახურებასა და ოფიცრად წარდგენაზე, მაგრამ აქ ჩანს, რომ გრიგოლს ილიასაგან წერილი დიდი ხანია, არ მიუღია და ეს ყველაფერი იცის მათი ძმის, ზაქარიას, გადმოცემით, 16 სექ-ტემბრის ბარათში კი მას უკვე ილიასგანაც აქვს მიღებული წერი-ლი ამ ამბების დადასტურებით. შესაბამისად, წინამდებარე ბარათი დაწერილი უნდა იყოს უფრო ადრე, 1836 წლის 16 სექტემბრამდე.

63. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 2. დათარიღება: წინამდებარე უთარიღო წერილსა და ზაქარია ორბელიანისათვის 1843 წლის 28 მარტს გაგზავნილ ბარათშიორივეგან არის ნახსენები კოცებუს კეთილგანწყობა ზაქარია ორბელიანისადმი და მისი ხელშეწყობის იმედი (“მე სწორედ გეტყვი კოცებუ ძალიან არის შენზე კარგად და კარგის გულით” / “მე დიდი იმედი მაქვს კოცებუსი, რომ ის დიდს შემწეობას მისცემს ზაქარიასა”) და ზაქარიას წისქვილი  (“შენი წისქვილიც კეთდება, გუშინ ძალუა ქეთევანიც იქ იყო სანახავად” / “ზაქარიას წისქვილი როგორ დაახვედრე”). ამდენად, ორივე წერილი ერთ პერიოდში უნდა იყოს დაწერილი, მაგრამ, რამდენადაც 28 მარტის წერილის მიხედვით, გრიგოლი ჯერ არ ჩასულა ავარიაში (“მნიშვნენ ავარიაში, მაგრამ ჯერკი არვიცი თუ რა ვიქმნები მე იქა, და ან რა უფლება მექმნე-ბა”), წინამდებარე ბარათი კი უკვე თემირხანშურაშია დაწერილი (“აქ, თემირხანშურაში ვაჭრობს”), შესაბამისად, ილია ორბელიანისადმი მიწერილი ეს ბარათი ცოტა უფრო გვიანდელი უნდა იყოს. როგორც 1843 წლის 6 მაისის წერილებიდან ჩანს, ხუნძახში ორბელიანი 2 მაისს ჩავიდა.
წერილის მიხედვით, ზაქარია იმ დროს თბილისში უნდა ყოფილიყო: “ზაქარია რას ჰშვრება,  მგონია სულ წივის და კივის”. გრიგოლის მიერ გაგზავნილი წერილებიდან ჩანს, რომ ამ წელს ზაქარია ძირითადად სამურის ოლქში მსახურობდა, მაგრამ 1843 წლის 6 მაისს როგორც ზაქარიასადმი, ისე ილიასადმი გაგზავნილი წერილებიდან ვიგებთ, რომ ზაქარია თბილისში აპირებდა ჩასვლას (ზაქარიასადმი: “ვგზავნი ფოშტით კამისიაში რაპორტსა, რომ ჩემი პრაგონები მისცენ ილიას, რადგანაც შენ ჯერ გვიან მიხვალდა ილიასადმი: “გამომიგზავნია კამისიაში რაპორტი... რომ მოგცენ შენა... თუ გინდა პრიკაზში მიეც, და თუ გინდ შეინახე, მანამ ზაქარია მოვიდეს"). როგორც წერილიდან ჩანს, მისი თბილისში ჩასვლა უკავშირდებოდა სასაზღვრო დაცვის კახეთის ხაზზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ შეცვლილა. 10 მაისს ზაქარია ორბელიანმა გრიგოლს გაუგზავნა ბარათი, რომელშიც სწერდა მის სურვილს, რომ სახლზეგალლერეამიეშენებიათ (იხ. 3 ივნისს დაწერილი გრიგოლის პასუხი). აქედან ჩანს, რომ 10 მაისს ის უკვე თბილისში იყო. შესაბამისად, წერილს პირობითად ვათარიღებთ 1843 წლის მაისით.

64. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 3. დათარიღება: წერილში ნახსენებია ახვერდი მაჰმადის მკვლელობა: “ახვერდიმაჰმად მოკლეს ღალღელებმა”, რაც 1843 წელს მოხდა. ამას გარდა, 1843 წელს ყიბიტმაჰმადის შემოსევის ამბავი ჭუხზე აღწერილია, როგორცამ ზაფხულსმომხდარი ფაქტი. ამდენად, ბარათი 1843 წელს უნდა იყოს დაწერილი. რამდენადაც წერილში ნახსენებია რენენკამფის ყოფნა ავარიაში და გრიგოლის საზეიმო დახვედრა (“რეინკამф იყო აქ ჯარების ინსპეკტორად... მივეგებე ისე დიდკაცურად, ჰაა ხანურად."), ზაქარია ორბელიანისათვის და მოსე არღუთინსკისათვის 1843 წლის 14 ივლისს გაგზავნილი წერილებიდან კი ვიცით, რომ ეს ვიზიტი დასრულდა წინა დღეს, ანუ 13 ივლისს, ეს ბარათიც მოკლე დროში, 1843 წლის  ივლისის მეორე ნახევარში უნდა იყოს დაწერილი.

65. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 4. დათარიღება: წერილის მიხედვით ილია ორბელიანს უკვე მიღებული აქვს წმინდა გიორგის ჯვარი, რაც  1845 წლის 7 ივლისს მოხდა. შესაბამისად, ბარათი 1845 წლის 7 ივლისამდე ვერ დაიწერებოდა. მეორე მხრივ, აქ ნათქვამია, რომ სოფელი ტელეტლი “25ის ივნისიდამ შემორტყმულია ჩვენის ჯარითა”, მაშინ როდესაც ილია ორბელიანისთვისვე 1845 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილ წერილში საოცარი აღფრთოვანებით არის გადმოცემული არღუთინსკის გამარჯვება ტელეტლთან: “შეუტია და შენი მტერი, რომ ისინი დაამარცხა... ასე შეშინდა მტერი რომ სულ ახლოს აღარ უდგებოდა ჩვენს ლაგირსა, რომელიცა იდგა რუღჯისა და ტელეტლის შუა. - ეს ომი იყო 24- ივლისსა”. ეს ამბები რომ წინამდებარე უთარიღო ბარათის წერისას უკვე მომხდარი ყოფილიყო, რა თქმა უნდა ისინი აქვე აისახებოდა. შესაბამისად, ბარათი 24 ივლისამდე უნდა იყოს დაწერილი, მაგრამ გრიგოლმა, როგორც ჩანს, ამ ბარათის დასრულებამდე (იგი დაუსრულებელია და არ არის გაგზავნილი) გაიგო იმ მძიმე ვითარების შესახებ, რომელშიც აღმოჩნდა დარღოს ექსპედიცია, სადაც ილია იბრძოდა და 23 ივლისს სხვა წერილი გაუგზავნა, სადაც ამხნევებდა, რომ დამხმარე ძალები მიდიოდა მათთან და ევედრებოდა, რომ მისი ამბავი შეეტყობინებია. შესაბამისად, წინამდებარე ბარათი დაწერილი უნდა იყოს 1845 წლის 7-23 ივლისს.

66. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 5. დათარიღება: წინამდებარე უთარიღო წერილში გრიგოლ ორბელიანი თავის ძმასილიას - რამდენიმე საქმის მოგვარებას სთხოვს, მათ შორის ისაკ თუმანოვის ნახვას პოლკის საქმეებთან დაკავშირებით და ხარების შესასყიდი თანხის გაგებას. ასევე ილია ორბელიანისათვის 1848 წლის 9 თებერვალს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: “ამასწინად მოგწერე, რომ ისაკ თუმანოვთან მისულიყო და გეთხოვნა ჩემის პოლკის ლაგირის საქმისათვისდახარების ფასი შემოგეთვალა”. ეს ორივე ფრაზა მიუთითებს, რომ დაუთარიღებელი წერილი ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ამ ბარათს. მეორე მხრივ, ილია ორბელიანისადმი 1848 წლის 5 იანვარს გაგზავნილ წერილში ზემოხსენებულ საკითხებზე საუბარი საერთოდ არ არის. ამდენად, დაუთარიღებელი ბარათი დაწერილი უნდა იყოს მის შემდეგ. რამდენადაც წინამდებარე ბარათსა და 9 თებერვლისას შორის ილია ორბელიანს ამ წერილში მისთვის ნათხოვნი ზოგიერთი საქმის მოგვარება და გრიგოლისთვის პასუხის შემოთვლაც მოუსწრია, რასაც 9 დღე ნამდვილად დასჭირდებოდა, წერილს ვათარიღებთ 1848 წლის იანვრის მეორე ნახევრით.

67. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 6. დათარიღება: 1848 წლის ზაფხულში ილია ორბელიანი თბილისში იყო, ავად გახდა და რამდენიმე თვე სამხედრო სამსახურში არ დაბრუნებულა. 21 ივლისს მისთვის გაგზავნილ წერილში გრიგოლ ორბელიანი აღნიშნავს: “ვჰსცან ძალუას წერილით რომ ავათ ყოფილხარ ძალიან, და ამისგამო დარჩენილხარ ქალაქსა”. წერილი გაგზავნილია აიმაკიდან და მასში ასევე ნათქვამია: “ახლა აიმაკში ვაკეთებთ ციხესა”. იმავე წლის 16 აგვისტოს ტურჩიდაღიდან გაგზავნილ წერილში ისევ არის საუბარი ილიას ავადმყოფობაზე:  ძალუას წერილითა ვჰსცან შენი დიდად ავათმყოფობა და მისგამო შენი ძლიერ დასუსტებადა ამასთანავე ნათქვამია: “მოუსვენებლობით ვჰსწუხვარ, მანამ არ მომივა შენი წერილი”. წინამდებარე უთარიღო ბარათში ვკითხულობთ: “შენი წიგნი 18-ის აგვისტოსი მომივიდა, მაგრამ შენი ხელი კი არ იყო. რა დაგემართა ესოდენი სნეულება, და ყმაწვილკაცისაგან ქვეშაგებად წოლა მთელი ზაფხული?” რამდენადაც აქედან ჩანს, რომ გრიგოლს ძმისგან წერილი მიუღია და ვიგებთ ილიას ავადმყოფობის კიდევ უფრო გახანგრძლივების შესახებ, ბარათი დაწერილი უნდა იყოს 16 აგვისტოს შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ უთარიღო წერილში ნახსენებია 1848 წლის 30 აგვისტოს გენერალ-ადიუტანტ არღუთინსკის საპატივცემულოდ გამართული მეჯლისი, ბარათი სექტემბრამდე ვერ დაიწერებოდა. ილიასათვის გაგზავნილ 1848 წლის 25 სექტემბერს გაგზავნილ წერილში უკვე სულ სხვა ამბებიახტის მისაშველებლად დიდი მთებზე გადასვლა და 21 სექტემბერს მდინარე სამურის გადალახვა - არის აღწერილი. რამდენადაც წინამდებარე წერილში ამ მოვლენების შესახებ არაფერია ნათქვამი, მას ვათარიღებთ 1848 წლის სექტემბრის პირველი ნახევრით.

68. ილია  ორბელიანისადმი, უთარიღო წერილი 7. დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “ერთი კარგად იფიქრე და მომწერე შენი პლანი სანდრიკოს გაზდისათვის, როგორ და ანუ სად? ეხლა არის მაგისი დრო სწავლისა; მე აქაც კარგად მოვამზადებინებდი, მაგრამ სწორედ არ ვიცი, დავრჩები თუ არა დიდს ხანსა?” გრიგოლის წერილებში სანდრიკოს სწავლაზე საუბარი ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ (1847 . 11 ივლისი) ძალზე ხშირია, მაგრამ რაღაც პერიოდამდე იგი ძმისშვილის სწავლის ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ასახელებს მის გაგზავნას თემირხანშურაში, 1848 წლის 18 ოქტომბრის წერილში ილიასადმი კი ჩნდება ის ხელშემშლელი გარემოება, რომელიც განსახილველ წერილშიაც არის დასახელებული: “მე აქაც უშოვნიდი ოსტატებსა... მაგრამ ძნელი ეს არის, რომ მე ახლა თვით არ ვიცი დავრჩები თუ არა დიდი ხანი აქა?” იგივეა გამეორებული ამავე წლის 22 ნოემბერს და 1849 წლის 25 მარტს თავისი რძლისქეთევანისადმი - გაგზავნილ წერილებშიც: “მე რომ სწორედ ვიცოდე რომ დიდი ხანი დავრჩები აქა, მაშინ მოვიყვანდი ჩემთან.” განსახილველი წერილიც, სავარაუდოდ, ამ პერიოდისა უნდა იყოს, მაგრამ გასარკვევია, ამათ შორის რა ადგილი უნდა დაიკავოს. ამის გადასაწყვეტად უმჯობესია ერთი და იმავე ადრესატისათვის მიწერილი ბარათების შედარება. ილია ორბელიანისათვის 18 ოქტომბერს მიწერილ ბარათში ვკითხულობთ: “როგორც მარწმუნებს კნიაზ არღუთინსკი, მე 6- დეკემბერს ღენარლობას მომცემენ, და არ ვიცი აქვე დავრჩები, თუ სხუაგან სადმე განმაწესებენ? - ეს მიზეზი მაბრკოლებს, თორემ აქ მოვიყვანდი.”  როგორც ვხედავთ, აქ თემა უფრო გაშლილია და დაკონკრეტებული, დასათარიღებელ წერილში კი უფრო ზოგადი საუბარია ამავე თემაზე, რაც საკითხთან პირველ შეხებას ჰგავს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ წინამდებარე წერილი 1848 წლის 18 ოქტომბრამდე უნდა იყოს დაწერილი. რამდენადაც 1848 წლის 25 სექტემბერს ძმისთვის გაგზავნილ წერილში სანდრიკო ნახსენებია, მაგრამ მის განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები - არა, ვფიქრობთ, რომ  დასათარიღებელი წერილი მის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი, ანუ 1848 წლის 25 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე.

69. ქეთევან ორბელიანისადმი წერილის დათარიღება: რამდენადაც, წერილის მიხედვით, გრიგოლის ძმა ზაქარია ახალგარდაცვლილია, ეს კი მოხდა 1847 წლის 11 ივლისს, ეს სამძიმრის ბარათი ზაქარიას ცოლისადმიც 1847 წლის ივლისშივე უნდა იყოს დაწერილი.

70. გიორგი ავალიშვილისადმი წერილის დათარიღება: რამდენა-დაც წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ გრიგოლ ორბელიანი ოთხ თვეს იყო პეტერბურგში (“პეტერბურღსა ˜ დაჰვყავ ოთხი თუე.”) და თებერვალში მისი პოლკი გაემართა ნოვგოროდისკენ (“ჩუენი პოლკი ესე იგი ობრაზცოვის პეხოტნისა თებერვალში გამო-ვიდა პეტერბუღით და რამბოვით და აწ ვდგევართ ნოვღოროდის სი-ახლოეს”), სხვადასხვა დოკუმენტური წყაროდან კი ვიცით, რომ ის პეტერბურგში 1831 წლის ივნისში გაგზავნეს, ბარათი ვერ იქნება დაწერილი 1832 წლის თებერვლამდე. ფრაზები: “აწ ვდგევართ ნოვ-ღოროდის სიახლოესდაპეტერბუღის გარეშე სიახლოეს, - სადაცა აწ ვიმყოფებით”,  მიგვანიშნებს, რომ გრიგოლის პოლკი ჯერ  კიდევ არ ჩასულა ნოვგოროდში და დგას პეტერბურგსა და ნოვგოროდს შორის (ეს ორი ქალაქი მხოლოდ 166 კილომეტრით არის დაშორებუ-ლი ერთმანეთისგან). ამასვე მოწმობს ის ფაქტიც, რომ წერილში დაწვრილებით არის აღწერილი პეტერბურგის ამბები და არაფერია ნათქვამი არც ნოვგოროდის შესახებ და არც იმ არასასიამოვნო სი-ახლეზე, რაც გრიგოლს ამ ქალაქში ჩასვლისას დახვდა - მას უარი უთხრეს საქართველოში გადმოსვლაზე. ამდენად, მასში მოხსენიებუ-ლი რეალიების მიხედვით, წერილი 1832 წლის თებერვლის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი, მაგრამ საქართველოს ცენტრალური არქივის საქმე #171-ში დაცული ავალიშვილის საპასუხო წერილი საშუალე-ბას გვაძლევს, ეს თარიღი კიდევ უფრო დავაზუსტოთ. 1832 წლის მაისში გაგზავნილ თავის ბარათში ავალიშვილი ახსენებს გრიგოლ ორბელიანის მიერ მისთვის აპრილში გაგზავნილ წერილს: “თქვენ მიერ ჩემდა მოწერილი წერილი აპრილის რიცხვით”. ამავე ბარათი-დან ჩანს ისიც, რომ წერილი, რომლის შესახებაცაა საუბარი, გრი-გოლის მიერ წინა წელს მათი შეხვედრების შემდეგ პირველი შეხმია-ნებაა გიორგი ავალიშვილთან. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველ-ზე, ავალიშვილი წინამდებარე  წერილზე საუბრობს და იგი 1832 წლის აპრილში უნდა იყოს დაწერილი. 

71. ანასტასია ბატონიშვილისადმი წერილის დათარიღება: წერილში აღწერილია გრიგოლის ნოვგოროდში ყოფნის ამბები. ამდენად, იგი 1832 წელს არის დაწერილი. ბარათის შინაარსის მიხედვით, ნი-კოლოზობა უკვე გასულია (“მეც დაპატიჟებული ვიყავ ნიკოლოზობას”) და მოახლოებულია სხვა დღესასწაული (“მოგილოცავთ მომა-ვალს დღესასწაულს”). ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნე-ბა. ეს არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 19 მაისი. წერილიდან ჩანს, რომ გრიგოლი ნოვგოროდში დიდი ხნის ჩასული არ არის. რამ-დენადაც ჩვენ ვიცით, რომ ეს 1832 წლის თებერვლის შემდეგ მოხ-და, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხსენებული ნიკოლოზობა 19 მაისია. ასეთ შემთხვევაში, მოახლოებული დღესასწაული იქნებოდა სულ-თმოფენობა, რომელიც 1832 წელს 29 მაისს აღინიშნა. შესაბამისად, ბარათი დაწერილი უნდა იყოს 1832 წლის 19-დან 29 მაისამდე.

72. მარიამ დედოფლისადმი პირველი უთარიღო წერილის დათარიღება: გრიგოლ ორბელიანის წერილების წინა გამომცემლის, აკაკი გაწერელიას, კომენტარის მიხედვით, წერილი გაგზავნილი უნდა იყოს ნოვგოროდიდან 1832 წლის აპრილში, რადგან, მისი აზრით, ამ დროსაა დაწერილი  გიორგი ავალიშვილისადმი გაგზავნილი წერილი, რომელთან ერთადაც ეს ბარათი ინახება.
წერილში შედარებით მოკლედ, მაგრამ ზუსტად იგივე მოვლენებია აღწერილი, რაც ბატონიშვილისადმი მიწერილ წერილში და იმავე განწყობით (“მოგილოცავთ მომავალს დღესასწაულს”/”მოგი-ლოცავთ მომავალს დღესასწაულს”; “იმედი მქონდა, რომ საქართველოში გამისტუმრებდენ, მაგრამა მანამ აქ მოვიდოდი, უკუსხუა აფიცრები დაენიშნა ღენერალს, რომელსაცა ეგონა, რომ მთელი ზამთარი დავრჩებოდი პეტერბურღში.”/”არ გამისტუმრეს საქართვე-ლოში. ჩემს ღენერალს ასე ეგონა, რომ მთელი ზამთარი დავრჩებო-დი პეტერბურღში, ამის მიზეზით ვიდრე მე აქ მოვიდოდი სხუა აფიცრები დაენიშნათ გასაგზავნად”; “ავათ გავხდი... დამაწყებინა საშინლად გშენა და ხველა... გამომიშუეს სისხლი... და ეხლა ˜თის მოწყალებით მოვსულიერდი”/”სულ ავათ გახლავართ გულისტკივი-ლით, და ხუელებით, ამასწინათ სისხლიც გამომიშვეს, და ახლა ˜თის მოწყალებით უკეთ გახლავარ”; “ამასწინად შინადამ წიგნი მომივიდა... ჩემი ძმა ზაქარიაც იქ მისულა ოტპუსკში.”/”ამასწინათ ჩემი ძმის ზაქარიას წერილი მომივიდა.... ტბილისში ჩასულა ოტპუს-კში”). ამ მსგავსებათა გამო ვფიქრობთ, რომ ეს წერილიც იმავე პერიოდში უნდა იყოს დაწერილი - 1832 წლის 19-დან 29 მაისამდე. რამდენადაც მეფის ასულისადმი და დედოფლისადმი მიწერილი წერილები გრიგოლ ორბელიანს, შესაძლოა, გაეგზავნა არა ფოსტით, არამედ ვინმესთვის გაეტანებინა (სხვა წერილებიდან ჩანს, რომ ასეთი რამ ხდებოდა ხოლმე), ამ წერილების ერთ დროს დაწერა სავსებით ბუნებრივია.         

73. მარიამ დედოფლისადმი მეორე უთარიღო წერილის დათარიღება: რამდენადაც წერილი ვალკიდან არის მოწერილი, სავარაუდოა, რომ ამ ქალაქიდან გამოგზავნილი სხვა წერილების მსგავსად, ისიც 1834 წლის მაისში იყოს დაწერილი. ამაზე მიგვანიშნებს ბარათში გადმოცემული ამბების მსგავსება ზაქარია ორბელიანისადმი 22 მაისს მიწერილი ბარათის შინაარსთან  (“მალე ვაპირებთ წასვლას ლაგირათ რიგაში” / “ჰსდგასრიღის სიახლოეს და მალე-ცა წავა იქ ლაგირათ.” “გადგიყუანეს მაგ კორპუსში, თუ არა” / “აღმითქო ჩემის ძმის ზაქარიას იქ გარდაყუანა და არვიციკი ჯერ აღასრულა [] არა, აღთქმა თვისი.”).               

74. დიმიტრი აზბუშინისადმი პირველი უთარიღო წერილის დათარიღება: ზაქარია ორბელიანისათვის 1834 წლის 2 აპრილს მიწერილი ბარათიდან ვიცით, რომ იმ დროს ორბელიანი ყაზანსკის სტანიცაში იყო, ვალკაში კი ჩავიდა 16 მაისს - თვენახევარში. ამ რიცხვის წერილი ილია ორბელიანისადმი, ვალკიდან არის გაგზავნილი. წინამდებარე ბარათი დაწერილია როსლავლში, რომელიც ყაზანსკის სტანიციდან უფრო შორს არის, ვიდრე ვალკიდან. შესაბამისად, წერილის წერისას ორბელიანს ამ გზის ნახევარზე მეტი ჰქონდა გავლილი და იგი დაახლოებით 1834 წლის აპრილის ბოლოს უნდა იყოს დაწერილი.

75. დიმიტრი აზბუშინისადმი მეორე უთარიღო წერილის დათარიღება: წერილის მიხედვით, გრიგოლი კვეტკიშია. მანანა ორბელიანისათვის მიწერილი (#1) წერილიდან ვიცით, რომ ორბელიანი იქ ვილნოდან 1834 წლის სექტემბრის შემდეგ გადავიდა, მარიამ დედოფლისადმი გაგზავნილი დათარიღებული წერილიდან (#3) კი ვიცით, რომ 1835 წლის 12 იანვარს ის უკვე კვეტკიდან რიგაში იყო გადასული. ამდენად, წინამდებარე წერილი ამ ინტერვალში უნდა იყოს დაწერილი. წერილის ფრაზა - “აი უკვე სამი წელია დავშორდით” - თითქოს უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ბარათი ნოვგოროდიდან გრიგოლის გამგზავრებიდან სამი წლის შემდეგ, ანუ 1836 წელს, არის დაწერილი, მაგრამ ამ დროს გრიგოლი კვეტკიში აღარ იმყოფებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აქსამი წლისხსენება უფრო მიახლოებითი ნათქვამია და წერილი კვეტკიში მისი ყოფნის დროს არის დაწერილი - 1834 წლის სექტემბრიდან 1835 წლის 12 იანვრამდე.

76. ანტონ ორბელიანისადმი წერილის დათარიღება: ფრაზამოვედით აქ ვილნოსა...” მიგვანიშნებს, რომ ორბელინი წერილის წერის დროს იყო ვილნოში. როგორც თავისი ძმის - ზაქარია ორბელიანისადმი - 1834 წლის 20 ივლისს მიწერილი ბარათიდან ვიგებთ, ვილნოში იგი ჩავიდა 19 ივლისს (“გუშინ მოვედით ვილნოს”) და იქ უნდა დარჩენილიყო სექტემბრამდე (“სადაცა ვიქმნებით სეკ-დემბრამდის”). წინამდებარე წერილში ვკითხულობთ: “მოველით პასკევიჩს”, ჟელიხოვსკისათვის 1834 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში გაგზავნილი წერილიდან კი ჩანს, რომ პასკევიჩი უკვე ჩავიდა და პოლკი დაათვალიერა: “смотрел нас князь Варшавский”. შესაბამისად, ეს ბარათი დაწერილია 1834 წლის 19 ივლისიდან სექტემბრის მეორე ნახევრამდე.

77. ივანე ჟილიხოვსკისადმი წერილის  დათარიღება: წერილში ვკითხულობთ: “ორი თვეა ვილნოში ვდგავართ” - გრიგოლი ვილნოში ჩავიდა 1834 წლის 19 ივლისს (იხ. ზაქარია ორბელიანისათვის მიწერილი ბარათი #5). ამდენად, წინამდებარე წერილი 1834 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა იყოს დაწერილი.

78. მანანა ორბელიანისადმი წერილის დათარიღება: ფრაზა - “აჰა განვიდა უკუერთი წელიწადი, რა დაგშორდით” - გვეხმარება წერილის სავარაუდო დათარიღებაში. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო 1833 წელს გრიგოლ ორბელიანი ნოვგოროდიდან თბილისში ჩამოიყვანეს და დააპატიმრეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1833 წლის სექტემბერში ზაქარია ორბელიანისადმი მიწერილი მისი ბარათი თბილისშია დაწერილი, ჩანს, რომ სამხედრო სამსახურში სექტემბრის შემდეგ დაუბრუნებიათ. შესაბამისად, წერილი დაახლოებით 1834 წლის სექტემბერში უნდა იყოს დაწერილი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბარათის მიხედვით, ვილნოში მდგარი მათი ბანაკი უკვე დაშლილია (“ამასწინათ მოგწერეთ ვილნოდამ... სადაცა უკუდაიშალა ლაგირი”), ზაქარია ორბელიანისადმი მიწერილი #5 წერილიდან კი ვიცით, რომ ვილნოში გრიგოლის სამხედრო ნაწილი სექტემბრამდე უნდა მდგარიყო. შესაბამისად, ბარათი დაწერილი უნდა იყოს 1834 წლის სექტემბრის შემდეგ.

79. დიმიტრი ემელიანოვისადმი წერილის დათარიღება: ზაქარია ორბელიანისადმი მიწერილი #5 წერილიდან ვიცით, რომ ვილნოში გრიგოლის სამხედრო ნაწილი სექტემბრამდე უნდა მდგარიყო. წინამდებარე წერილის ფრაზაახლა ვცხოვრობ კვეტკიში”, მიგვანიშნებს, რომ ორბელიანის დანაყოფები ვილნოდან უკვე კვეტკიშია გადასული. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, რომ ეს წერილიც, ისევე როგორც მანანა ორბელიანისადმი კვეტკიდან მიწერილი ბარათი (#1), 1834 წლის სექტემბრის შემდეგი პერიოდით დავათარიღოთ, მაგრამ, რამდენადაც მანანა ორბელიანისადმი მიწერილის შინაარსს ეტყობა, რომ ავტორი პოლონეთის ამ პატარა ქალაქში ახალი ჩასულია, წინამდებარე წერილიდან კი ჩანს, რომ ორბელიანი კარგა ხანია, რაც იქ იმყოფება და უკვე ბევრ ადამიანს შეხვედრია, მივიჩნევთ, რომ, თანმიმდევრობის თვალსაზრისით, მანანა ორბელიანისადმი მიწერილი წინ უნდა უსწრებდეს.

80. თეოდორე გელშერტისადმი წერილის დათარიღება: წერილის მიხედვით, გრიგოლი კვეტკიშია. მანანა ორბელიანისათვის მიწერილი წერილიდან ვიცით, რომ ორბელიანი იქ ვილნოდან 1834 წლის სექტემბრის შემდეგ გადავიდა, მარიამ დედოფლისადმი გაგზავნილი დათარიღებული წერილიდან კი ვიცით, რომ 1835 წლის 12 იანვარს ის უკვე კვეტკიდან რიგაში იყო გადასული. ამდენად, წინამ-დებარე წერილი ამ ინტერვალში უნდა იყოს დაწერილი: 1834 წლის სექტემბრიდან 1835 წლის 12 იანვრამდე.

81. ვლადიმერ შმიდტისადმი წერილის დათარიღება: გრაფ ოპერმანისადმი მიწერილი ბარათიდან ვიცით, რომ 1839 წლის 30 აგვისტოს ორბელიანს ოსების წინააღმდეგ უკვე ორი ექსპედიცია ჰქონდა დასრულებული. გარდა ამისა, მეორე (ხუთდღიანი) ექსპედიცია ბა-რათის დაწერის წინა დღეს - 30 აგვისტოს - დასრულდა. ანუ, მეორე ექსპედიცია 24 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ნიკოლოზ ტიმერმანისათვის გაგზავნილი წერილის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18 მაისიდან 3 ივნისამდე გრიგოლი ნაურის ექსპედიციაში იყო. რადგან წინამდებარე წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ იგი ოსეთის პირველ და მეორე ექსპედიციებს შორისაა დაწერილი, ნაურის შემდეგ გრიგოლს უნდა მოესწრო ოსეთში გადასვლა და პირველი ექსპედიციის ჩატარება და შემდეგ უნდა დაეწერა ეს წერილი. შესაბამისად, საწყის თარიღად ნაურის ექსპედიციის დამთავრების დროს - სამ ივნისს - ორიოდ კვირას ვამატებთ და წერილს ვათარიღებთ ასე - 1839 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან 24 აგვისტომდე.

82. დავით ყორღანაშვილისადმი წერილის დათარიღება: ზაქარია ორბელიანისადმი მიწერილი #6 წერილიდან ვიცით, რომ გრიგოლის პოლკის გადაადგილება რიგასა და მიტავას შორის უნდა მომხდარიყო 1835 წლის 19 აპრილს. რადგან დავით ყორღანაშვილისადმი მიწერილ ამ ბარათში იმავე ფაქტის შესახებ ნათქვამია, ერთ კვირაში უნდა მოხდესო (“ამ ერთს კვირას უკან მივდივართ”), იგი დაწერილი უნდა იყოს 19 აპრილამდე ერთი კვირით ადრე, სავარაუდოდ, 1835 წლის 12 აპრილს.
ანა  და მანანა ორბელიანისადმი წერილების დათარიღება: რამდენადაც მათში საუბარია ლუარსაბ ორბელიანის გარდაცვალებაზე, წერილი დაწერილი უნდა იყოს შესაბამისი თარიღის - 1835 წლის 29 ივლისის შემდეგ.

83. ივან კირილეს ძისადმი წერილის დათარიღება: ბარათი დაწერილია დინაბურგის ჰოსპიტლის დატოვებიდან 5 დღეში, ჰოსპიტალში კი, როგორც ამავე წერილიდან ჩანს, ორბელიანი ორ თვეს იყო. დინაბურგის ჰოსპიტლიდან არის გაგზავნილი გრიგოლის წერილი თავისი ძმისილიასადმი 1836 წლის 28 ნოემბერს, მანამდე – 16 სექტემბერს კი იგი ჯერ კიდევ კოვნოში იყო (იხ. ილია ორბელიანისათვის ამ თარიღით გაგზავნილი წერილი). 1837 წლის 14 იანვარს ზაქარიასათვის მიწერილი ბარათი უკვე პონედელიდან არის გაგზავნილი. რამდენადაც წინამდებარე უთარიღო წერილში ნახსენებიასვიატკი” (ძველი რუსული ტრადიციით, წმინდა სადღესასწაულო დღეები ქრისტეშობიდან ნათლისღებამდე), როგორც დამდეგი დღესასწაული, იგი 25 დეკემბრამდე უნდა იყოს დაწერილი. შესაბამისად, ზემოთ მოხმობილი ბარათების მიხედვით ირკვევა, რომ გრიგოლი სექტემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის მეორე ნახევრამდე დინაბურგის ჰოსპიტალში იყო და ბარათი მისი დატოვებიდან 5 დღეში– 20-24 დეკემბერს არის დაწერილი.

წარმოდგენილი 83 წერილის დათარიღება შეავსებს და დააზუსტებს არა მხოლოდ გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფიას, არამედ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მკითხველს მე-19 საუკუნის 30-50-იან წლებში საქართველოსა და რუსეთის იმპერიაში განვითარებული ცალკეული მოვლენების ზუსტი დროისა და ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შესახებ.

2 comments:

  1. გრიგოლ ორბელიანის წერილების ახალი გამოცემა გამომვიდა? აკაკი გაწერელიას გამოცემულ წერილებს აკლდა მესამე ტომი, რომელიც არ დაბეჭდილა, მაგრამ სავარუდოდ მზადი იყო. ეს წერილებიც ხომ არ არის უკვე გამოცემული? წინასწარ გმადლობთ პასუხისათვის.

    ReplyDelete
  2. ბატონ აკაკი გაწერელიას მიერ მომზადებული მესამე ტომი ხელთ არ გვქონია, მაგრამ ჩვენ მიერ გამოცემულ გრიგოლ ორბელიანის წერილების ოთხ ტომში შესულია, რამდენადაც მახსოვს ასამდე, ისეთი წერილი, რომლებიც არ იყო ადრე გამოსულ ორ ტომში, მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგიური თვალსაზრისით ადრე გამოცემული მეორე ტომის დროით ნიშნულს ჯერ არ გავცდენივართ. ეს ძირითადად გამოიწვია უთარიღო წერილების დათარიღებამ და მათ ჩასმამ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში.

    ReplyDelete