მაია ნინიძე. ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “სარჩობელაზედ” შემოქმედებითი ისტორია

ჩანაფიქრის პირველსახე
ილია ჭავჭავაძის პროზაზე დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ მოთხრობათა ისეთი ელემენტები, როგორებიცაა თემა, სიუჟეტი, გმირთა სახეები და სათაური, არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით და ზოგჯერ დროის საკმაოდ დიდ ინტერვალში ყალიბდებოდა. ამის გამო საჭიროა განისაზღვროს, რა უნდა მივიჩნიოთ მისი მოთხრობების შემოქმედებითი ისტორიის სათავედნაწარმოების შექმნის იდეის ჩასახვა, ის ეტაპი, რომელზეც გაჩნდა გმირთა სახეების პირველი ვარიანტები, სიუჟეტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების დრო თუ სათაურის შერჩევა. ამ პროცესის შესასწავლად და დასკვნების გასაკეთებლად განსაკუთრებით მრავლისმომცემი აღმოჩნდა დაკვირვება მწერლის შემოქმედებითი მოღვაწეობის ბოლო პერიოდის ორ მოთხრობაზე - “სარჩობელაზედ დაოთარაანთ ქვრივი”.
მოთხრობასარჩობელაზედილიამ 1879 წელს დაწერა, მაგრამ ამ ნაწარმოების გმირთა სახეების პირველ მონახაზებს ვხვდებით ბევრად უფრო ადრე – 50-იან წლებში დაწყებული მოთხრობადიამბეგობისვარიანტებში . განსაკუთრებულ სიახლოვეს თხზულების ტექსტთან ავლენს ხსენებული დაუმთავრებელი მოთხრობის გვიანდელი ვარიანტი, რომელიც განსახვავებულ სათაურს ატარებს - “მარგალიტი ლექში” . ამ ტექსტში, რომელიც ორიოდე ფურცლის მოცულობისაა, წარმოდგენილია ჩვენთვის საინტერესო სამივე მთავარი გმირიბეჟანი, მისი ძმა და მოხუცი მეურმე . ამასთანავე, მკაფიოდ მოჩანს მათი ხასიათების ძირითადი შტრიხებიც.
ავტოგრაფული ნაწყვეტების მიხედვით ბეჟანი ისეთივე მლიქვნელი, გაიძვერა და დაუნდობელია, როგორც მოთხრობისსარჩობელაზედმთავარი გმირი, მისი ძმა კი, რომელსაც ნაწყვეტში მათე ჰქვია, მოთხრობის გმირის მსგავსად, თავისი ძმის გავლენას განიცდის და მასზე დამოკიდებულია. ასეთივე მსგავსება შეიმჩნევა აქ აღწერილ მოხუც მეურმესა და მოთხრობის გმირ პეტრეს შორისაც. შესაბამისად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სამივე გმირის სახე ხსენებული დაუმთავრებელი მოთხრობის ვარიანტებიდან იღებს სათავეს.
რაც შეეხება მოთხრობისსარჩობელაზედსიუჟეტის ცალკეული დეტალების მსგავსებას, მაგალითად, ბეჟანისა და მისი ძმის აზნაურული წარმომავლობა, მათთვის მამულების წართმევა, თუქურმშაზე კანტანისტებად მიბარება, იქედან გამოქცევა, ქალაქისკენ მიმავალი ქარავნის შეხვედრა და მოხუცი მეურმის გაძარცვა ღამითყოველივე ესეც გვხვდება დაუმთავრებელი მოთხრობის იმავე ვარიანტში - “მარგალიტი ლექში”, მაგრამ ამ ტექსტის II თავიდან ბეჟან კალმახიძის თავგადასავალი სხვაგვარად ვითარდება და მისი სახე მოთხრობისაგანსარჩობელაზედსრულიად განსხვავებული ფაბულისა და სიუჟეტის ფონზე იშლება. იმის გამო, რომდიამბეგობისეს ვარიანტიც, ისევე, როგორც ყველა სხვა , ჩაფიქრებული მოთხრობის დასაწყისის დაწერის ცდას წარმოადგენს და მოცულობით 2 ფურცელს არ აღემატება, ძნელი დასაზუსტებელია, როგორ აპირებდა ავტორი სიუჟეტის შემდგომ განვითარებას და როგორი იქნებოდა ეპილოგი. ასეთ ვითარებაში ერთადერთი რამ, რაზედაც ორიენტაციის აღება შეიძლება, არის სათაური.
სათაურიდიამბეგობაუნდა მიგვანიშნებდეს, რომ 50-იანი წლების მეორე ნახევარში, ხსენებულ მოთხრობაზე მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე, მწერალს ჩაფიქრებული უნდა ჰქონოდა არა მარტო ერთი კონკრეტული დიამბეგისბეჟან კალმახიძის ცხოვრების ასახვა, არამედამ თანამდებობაზე მომსახურეთა გაიძვერობის, მლიქვნელობისა და მექრთამეობის გამოაშკარავება.
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ სათაურს იმავედიამბეგობისერთ-ერთ ვარიანტად აღიარებული ნაწყვეტის სათაურთანმარგალიტი ლექში”? დიამბეგობა, “სტოლონაჩალნიკობა”, “სოვეტნიკობათუპრისტავობაის ლექია, რომელიც თავისკენ იზიდავს და ცხოვრების ფსკერისკენ ითრევს გარშემო მყოფთ. ამიტომ სათაურის ცვლილება გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს . ერთადერთი რამ, რაც ამ სათაურიდან ამოუცნობია, ესაა, თუ ვის გულისხმობდა მწერალიმარგალიტში”.
ბეჟანის სახე ავტორს ისე აქვს წარმოჩენილი, რომ მისი შედარება ლექში ჩაფლულ მარგალიტთან ყოვლად შეუძლებელია. მართალია, იგი ქალაქში ჩასვლის შემდეგ თანდათან უფრო გაქნილი და გაიძვერა გახდა, მაგრამ, როგორც ნაწყვეტშიმარგალიტი ლექშიარის ნათქვამი, “უიმისოდაც ეშმაკი იყო”.
თუ გადავხედავთ ილიას სხვა მოთხრობებს, ვნახავთ, რომ ისეთი გმირები, როგორებიცაა თამროგლახის ნაამბობში”, არჩილი და კესოოთარაანთ ქვრივში”, რომელთა გარეშეც არ შეიკვრებოდა ამ ნაწარმოებების სიუჟეტური კვანძები, ავტორს დასაწყისშივე კი არ შემოჰყავს, არამედ ერთგან VII და მეორეგან კი – IX თავიდან. შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, რომ სუფთა და უმანკო, მარგალიტთან შედარებული უცნობი გმირიცმარგალიტი ლექშისპირველსავე ფურცლებზე არ გამოჩენილიყო. ჩვენ მიერ განხილულ ნაწყვეტში აღწერილია მხოლოდ ლექი, რომელშიაც, ალბათ, უნდა ჩაფლულიყო ეს მარგალიტი, მაგრამ თვით მარგალიტი არ ჩანს.
მარგალიტი
იმისათვის, რომ უცნობ დადებით გმირს მივაგნოთ, ჩვენი აზრით, საჭიროა თვალი გადავავლოთ სამოციანი წლების დასაწყისით დათარიღებულ დაუმთავრებელ მოთხრობებს, რომელთაგან ორი პატარა ნაწყვეტი შემორჩენილია ცალკე რვეულში ჩაწერილი ავტოგრაფული ხელნაწერების სახით  და ავტორის მიერ გარეკანზე გაკეთებული აქვს წარწერაზოგიერთი ხანა მოთხრობისამარგალიტი ლექში” . ერთ მათგანში მოცემულია ქალ-ვაჟის საუბარი სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე, მეორეში კი  აღწერილია პატარა ეპიზოდი ინსტიტუტდამთავრებული ახალგაზრდა ქალის ღარიბული ცხოვრებიდან. არცერთი ნაწყვეტის არც სიუჟეტურ მონახაზს და არც გმირთა სახეებს არავითარი საერთო არა აქვსდიამბეგობისზემოთ განხილულ ვარიანტთან, მაგრამ დღემდე შეუსწავლელია, თუ რატომ აქვთ მათ ერთნაირი სათაური - “მარგალიტი ლექში”.
ხსენებულ ხელნაწერ რვეულში შეტანილი ორი ნაწყვეტის დაწვრილებით შესწავლის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ისინი არის მწერლის მიერ ჩაფიქრებული ერთი თემის და, შესაძლოა, ერთი სიუჟეტის ხორცშესხმის ცდები . მათი შინაარსების შეპირისპირება-შეჯერების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მწერალს გადაწყვატილი ჰქონდა აღეწერა ახალგაზრდა, უმანკო ქალის ცხოვრება, ქალისა, რომელიც მშობლების ძალდატანებით ცოლად უნდა გაჰყოლოდა მდიდარ, მაგრამ უღირს ჩინოსანს და ჩაფლულიყო მის ირგვლივ გაბატონებული მანკიერი ცხოვრების დამღუპველ ლექში.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სათაურითმარგალიტი ლექშიარსებულ ნაწყვეტთაგან ერთში (“დიამბეგობისვარიანტი) აღწერილი გარემო სავსებით შეეფერება ცხოვრებისეულ ლექს, მეორეში (ზემოხსენებული ავტოგრაფი #143) წარმოჩენილი უმანკი გმირი კიმარგალიტს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ შემოქმედებითი მოღვაწეობის ამ საფეხურზე მწერალს გადაწყვეტილი ჰქონოდა ამ ნაწყვეტების ერთ მოთხრობად გაერთიანება სათაურითმარგალიტი ლექში”. ამ თხზულებას დასრულებული სახე რომ მიეღო, მასში, ალბათ, აღწერილი იქნებოდა იმდროინდელ საზოგადოებაში გამეფებული მექრთამეობა, მლიქვნელობა, კარიერიზმი, მუქთამჭამელობა და სიხარბე, რაც ღუპავდა არა მხოლოდ ამ მანკიერებებით შეპყრობილთ, არამედ ხშირად მათ გვერდით აღმოჩენილ კეთილშობილ, უმანკო ადამიანებსაც. შეიძლება ამ ჩანაფიქრის მიხედვითგლახის ნაამბობისადაოთარაანთ ქვრივისმსგავსად, მოთხრობაში რამდენიმე თავის შემდეგ გადაკვეთილიყო ბეჟან კალმახიძისა და კატოს გზები, რაც ამ უკანასკნელის ტრაგედიით დამთავრდებოდა. ასეთ შემთხვევაში ნაწარმოებში თავს მოიყრიდა ერთი მხრივდიამბეგობისვარიანტების და, მეორე მხრივ, ნაწყვეტებისმარგალიტი ლექშიგმირები და მათი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები .
#143 ხელნაწერის ერთი ტექსტი იმდენად ახლოსააკატოსსათაურით შემონახულ სხვა ტექსტთან (#144), რომ მათი ერთმანეთთან კავშირი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ჩვენი გაკვირვება არ უნდა გამოიწვიოს სათაურთა სიმრავლემ. არც ის ფაქტი, რომ ილია ავტოგრაფებში ხშირად ცვლიდა სათაურებს და არც ის, რომ საბოლოო ვარიანტში არცერთი მათგანი (“დიამბეგობა”, “მარგალიტი ლექში”, “კატო”) აღარ გამოუყენებია, უპრეცედენტო არ არის მისი შემოქმედებისათვის. “კაციაადამიანის?!”, “გლახის ნაამბობისადაოთარაანთ ქვრივისპირველ ვარიანტებს განსხვავებული სათაურები ჰქონდა. როდესაც მუშაობის პროცესში ნაწარმოები არსებით ცვლილებებს განიცდიდა, მწერალი აუცილებლად ცვლიდა ხოლმე სათაურსაც, რომ იგი მოთხრობის ახალი ვარიანტისათვის უფრო მორგებული და შესაფერისი ყოფილიყო. იგივე შეიძლება ითქვას სიუჟეტური დეტალების შეცვლის შესახებაც. ნაწყვეტკატოსძირითად ვარიანტად აღიარებულ ტექსტში (ავტოგრაფი #143) მოხუცი ქალი კატოს დედაა, ამ ნაწყვეტთან საკმაოდ ახლოს მდგომ მეორე ესკიზში (#144) კიბებია; დაუმთავრებელი მოთხრობაკოლასმიხედვით ლუარსაბ თათქარიძეს ვაჟი ჰყავდა, “კაციაადამიანში?!” კი იგი ბოლომდე უშვილო დარჩა. წერის პროცესში ზემოთ წარმოჩენილის მსგავსი ცვლილებები ილია ჭავჭავაძისთვის საკმაოდ ჩვეული მოვლენა იყო და მათში ყველაზე უკეთ ჩანს შემოქმედებითი ძიების პროცესი.
შესწავლილი მასალის საფუძველზე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ 60-იანი წლების დასაწყისში ახალი ნაწარმოებისთვის ილიას მოფიქრებული ჰქონდა გმირთა სახეები და გაკეთებული ჰქონდა სიუჟეტის მცირე მონაკვეთის მონახაზი, რაც შემდგომ გამოიყენა მოთხრობაშისარჩობელაზედ”, მაგრამ მოთხრობის ფაბულა, შემოქმედებითი მუშაობის ადრეულ ეტაპზე, როგორც ჩანს, სხვაგვარად ჰქონდა გააზრებული.
1863 წელს ჟურნალსაქართველოს მოამბისდახურვის შემდეგ, სახელმწიფო სამსახურის დაწყების გამო, ილია ჭავჭავაძეს ლიტერატურული მოღვაწეობისთვის ნაკლები დრო რჩებოდა . ამის გამო მან დიდი ხნით შეწყვიტა მოთხრობებზე მუშაობა და ზემოთ განხილულ ჩანაწერებსაც მხოლოდ 1879 წელს მიუბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურით დატვირთული თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ესკიზებში: “დიამბეგობადამარგალიტი ლექშიწამოჭრილი პრობლემები 70-იანი წლების ბოლოსაც საკმაოდ აქტუალური რჩებოდა. ამიტომ, ერთი მხრივ, ბუნებრივია მწერლის გადაწყვატილებაწამოწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა და მოთხრობისთვის დასრულებული სახე მიეცა, მეგრამ, მეორე მხრივ, მწერლის გამოცდილი თვალი, როგორც ჩანს, იმხანად კიდევ უკეთესად ხედავდა ამ პრობლემების სიღრმეებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, რამაც გარკვეულად შეცვალა მისი დამოკიდებულება ძველი ჩანაფიქრისადმი. სზოგადოების ცალკეული ფენების, წოდებებისა და პიროვნებების ნაკლულოვანებათა მიღმა მის ცნობიერებაში თანდათან უფრო გამოიკვეთა საზოგადო მანკიერებანიის, რაც არც მხოლოდ დიამბეგს ახასიათებს და არც მხოლოდ ფუქსავატ თავადიშვილს, არამედ მეტნაკლებად საზოგადო ჭირია. ეს გახლდათ საზოგადოების გულგრილობა, ერთმანეთისადმი გაუცხოება, გათითოკაცება და ეგოიზმი.
საზოგადოების გულგრილობისა და მართლმსაჯულების სისასტიკის პრობლემ
1877 წელს სტატიაშისოფლის უფროსის არჩევანიილია წერდა: “გულგრილები ვართ სხვისი უბედურების დანახვაზედ, სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია, დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენმე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვინუგეშებთ ჩვენს გაქსუებულს თავსა”.
1878 წელს ილიამ თარგმნა მისთვის უცნობი ავტორის ამერიკული ნოველაუბინაო კაცი ნიუიორკში” . ამ ნოველის მთავარ გმირფილიპ ტეტლოუს ნაწარმოების ბოლოს მოსვენებას უკარგავს მაცხოვრის მიერ მისი მოწაფეების სამხილებლად თქმული სიტყვების გახსენება: “ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღვიძარებად ჩემთანაიმის გამო, რომ წუთიერად მანაც დაკარგა სულიერი მღვიძარება და კარზე მომდგარი მოყვასი უნუგეშოდ გაისტუმრა. ამ ნოველის ქართულად თარგმნით მწერალი ცდილობდა ერთ-ერთი უპირველესი ადამიანური მოვალეობისმოყვასის სიყვარულის მიძინებული გრძნობა გაეღვიძებია თანამემამულეთა გულებში და სხვისი გასაჭირი საკუთარივით განეცდევინებინა მათთვის.
საზოგადოებაში, სადაც ყველა მხოლოდ თავის თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მოყვასის ცნება კარგავს თავის აზრს. თუ უბედურება მას ან მისი ოჯახის წევრებს არ ეხება, სხვისი ჭირი არავის ანაღვლებს. ასეთ საზოგადოებაში ადამიანის ბედი დაუცველია და კაცი იოლად იღუპება, რადგან, ვიდრე ფეხზეა, მხარში არავინ უდგას, დაეცემა და, დასაღუპად განწირულს, წამოდგომაში არავინ შველის. ასეთ გულგრილ საზოგადოებაში კანონიც დაუნდობელია და ადამიანის სიცოცხლეს ისიც იოლად იმეტებს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში ილიას მიერ თარგმნილ სხვა თხზულებებსაც რომ გადავხედოთ, აშკარად შევნიშნავთ, რომ მწერლის განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევდა მართლმსაჯულების საკითხები . ამ თემას ეხმიანება 1879 წელს, მოთხრობისსარჩობელაზედგამოქვეყნების შემდეგ ჟურნალივერიაშიზედიზედ დაბეჭდილი თარგმანებიიზადაერთი უბედურთაგანი”. ბუვიესა და ჟიულ კლარეტის ამ რომანებში კარგად ჩანს, რომ მართლმსაჯულება ყოველთვის არ არის სამართლიანი. გამომძიებელი, მოსმართლე და ნაფიცი მსაჯულებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინიც შეიძლება იყვნენ მიკერძოებულები და უსამართლონი ან უბრალოდ - ცდებოდნენ. ამიტომ ისეთი განაჩენის გამოტანა, როგორიცაა სიკვდილით დასჯა, შესაძლოა გამოუსწორებელ შეცდომად იქცეს. ასეთი შეცდონმის მსხვერპლი გახდა რომანერთი უბედურთაგანისმთავარი გმირისრულიად უდანაშაულო კაცი ნოელ რამბერი. ილიას, როგორც მთარგმნელს, ამ გმირის ბედისწერა ალბათ განსაკუთრებით აწუხებდა იმდენად, რამდენადც მსგავსი უბედური შემთხვევები არაერთი იქნებოდა მისი ქვეყნის რეალურ სინამდვილეშიც.
ილია, როგორც იურისტი, კარგად ხედავდა სასამართლოს მოხელეთა განუკითხაობასა და უსამართლობას, როგორც გულმხურვალე მამულიშვილი, უკიდურესად განიცდიდა იმპერიული მართლმსაჯულების გამორჩეულ სისასტიკეს მისი თანამემამულების მიმართ , და ბოლოს, როგორც კაცთმოყვარეობის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანიჭეშმარიტად ჰუმანისტისაერთოდ წინააღმდეგი იყო სიკვდილით დასჯისა, რადგან ხელყოფა იმისა, რისი მინიჭებაც არ შეგიძლია, უზნეობად მიაჩნდა, კაცის კვლისთვის თვალის შეჩვევა და სისხლისღვრასთან შეგუება კიადამიანურ გრძნობათა დამაჩლუნგებლად .
ყოველივე ამის გამო  1879 წელს, როდესაც მან შემოქმედებითი მოღვაწეობა განაახლა, შეცვალა ორმოცდაათიანი და სამოციანი წლების გასაყარზე დაწყებული მოთხრობის თემაც და სიუჟეტიც. მან წინა პლანზე წამოსწია ადამიანის სიკვდილით დასჯის შემაძრწუნებელი სცენა და განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა ბრბოდ ქცეული საზოგადოების გულგრილობა. ცვლილებათა შედეგად ახლებურად გაიშალა ოცი წლით ადრე ჩაფიქრებული გმირთა სახეები და, შესაბამისად, გამოიცვალა სათაურიც. მოთხრობის საბოლოო ვერსიას ეწოდასარჩობელაზედ”.
ეპიზოდის შედარებითი ანალიზი
70-იანი წლების მიწურულს ილია ჭავჭავაძე, როგორც აღვნიშნეთ, კვლავ მიუბრუნდა დაუმთავრებელი ნაწყვეტების გმირთა სახეებს და ამ პერსონაჟებისა და ტექსტობრივი მასალის ნაწილის გამოყენებით შექმნა არსებითად ახალი ნაწარმოები, განსხვავებული ფაბულითა და სიუჟეტით.
ნაწყვეტიდანმარგალიტი ლექშიმოთხრობაშისარჩობელაზედგამოყენებულია ერთი ფურცლის მოცულობის ეპიზოდი, რის გამოც ბეჟანისა და მისი ძმის ცხოვრების პირველ ეტაპს, რომელიც ადრეული ჩანაწერების ამ მონაკვეთში იყო აღწერილი, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია.
ნაწყვეტიმარგალიტი ლექშიასე იწყებოდა: “შუა ზაფხული იყო. საშინელი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასე რომ მინდვრებისათვის და ქედებისათვის ფერი ეცვლევინებინა, მოთხრობასარჩობელაზედკი ასე იწყება: “შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა”.
ამის შემდეგ მოთხრობაში ჩამატებულია წინადადება: “იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა”.
შემდეგ ორივე ტექსტი კვლავ ერთმანეთს მიჰყვება, მაგრამ მოთხრობას აშკარად ეტყობა მეტი ლაკონიურობა და სიტყვის მოქნილობა. ნაწყვეტის ვრცელი წინადადებები ხშირად გაყოფილია და სათქმელი ორი მოკლე წინადადებით არის გადმოცემული. მაგალითად, ეწერა: “ამისთანა დღეს ღვინის ურმებს საქონელი გამოეშოთ ლაკბეზედა, რომლის წყალი გოლვისაგან ისე მილეული იყო, რომ ქანცგაწყვეტილსავით მოიპარებოდა ხევშია, ზოგან კი გუბეები დაეყენებია, უწინდელ წყალისაგან დარჩომილი”. მოთხრობაში კი წერია: “ამისთანა დღეს საქონელ-გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკრივად ლოჭინის ხევის პირას. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ”. როგორც ვხედავთ, მწერალმა ოსტატურად გამოიყენა ქართული ენის შესაძლებლობა და წინადადებაურმებს საქონელი გამოეშოთშეცვალასაქონელგამოშვებული ურმებით”, რითაც გაამარტივა რთული წინადადების სტრუქტურა.
ავტოგრაფისეული წინადადება: “საწყალი მეურმეები, სიცხისაგან დოსებულნი, კონკილაზედ აყენებულ ურმებს ქვეშ ეყარნენ გაშოტვილებიავტორს ენობრივად დაუხვეწავს და ცალკეული სიტყვები და მათი თანმიმდევრობა შეუცვლია: “საცოდავი მეურმეები, ქანცგაწყვეტილნი სიცხისაგან, გულდაღმა გაშოტილიყვნენ კონკილაზედ აყენებულ ურმებ-ქვეშ”. მცირე ცვლილებები განიცადა შემდეგმა წინადადებებმაც:
ავტოგრაფიმარგალიტი ლექში
სარჩობელაზედ
ყველას ეძინა. მარტო ერთი თუ ორი პატარა ბიჭი ჩამდგარიყვნენ გუბეში, ხის ჯამებითა წყალს ასხამდნენ პირდაღებულ კამეჩებს, რომელნიც გუბეში ეყარნენ”.        
აქეთ, პატარა მოშორებით, გრილოში თავი მოეყარათ ხარებსა, თვალდახუჭვილნი ღეჭდნენ რაღასაცა და კუდით ერეკებოდნენ  უსიამოვნო ბუზებს”.          
მზე გადიხარა თუ არა, ამ ენაჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა”.
მზე გადიხარა: თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო. იმ ენაჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა”.
წამოდგნენ მეურმეები, მოიფშვნიტეს თვალები, გასაგრილებლად პირზედ წყალი შეისხეს და მორეკეს შესაბმელად საქონელი, რომელიც სიცხის გატეხაზედ მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გადამწვარ ბალახსა”.
აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა; პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი, რომელიც სიცხის გატეხაზედ მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გამხმარს ბალახსა”.
ჰოო, ხიო, პატრონძაღლო, გამჩენძაღლო! და სხვა ამისთანა ათასი ალერსი ისმოდა იმ ხმაურობაში”.
ჰოო, ხიო, პატრონ-ძაღლო....." და სხვა ამისთანა და ამაზედ უარესიც ისმოდა მეურმეების ხმაურობაში”.
როცა შეაბეს და წინა ურემმა შოლტი გაუტყლაშუნა ხარებს და დაიძრა, მაშინ ჯაგებიდან უეცრად ორი ყმაწვილი გამოვიდა”.     
როცა შეაბეს და წინა-მეურმემ შოლტი გამართა, რომ ხარებს გაუტყლაშუნოს და დასძრას ურემი, მაშინ უეცრად ხევის ყურედამ ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ”.
დიდი ცვლილებები არც ამ ყმაწვილების აღწერაში შეუტანია ავტორს
ორივეს სალდათის მაუდის შავი კურტკები ეცვათ ტანზედ, თავზედ ერთს ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი, რომელიც ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა, მეორეს კი სალდათური უკაზიროკო ქუდი ედვა თავზედა”.
ორივეს ტანზედ სალდათის მაუდისკურტკები" ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი.
აქ, როგორც ვხედავთ, ნაწყვეტების ერთი გრძელი წინადადება სამად არის გაყოფილი.
ერთი, რომელსაც ჩერქეზული ქუდი ეხურა, იქნებოდა შვიდმეტ-თექვსმეტის წლისა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა”.
ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა”.
                 
განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება: “რომელსაც ჩერქეზული ქუდი ეხურაავტორს ერთი სიტყვით - “ჩერქეზულქუდიანიშეუცვლია და ამით რთული წინადადების სტრუქტურა აქაც გაუმარტივებია.
ნაწყვეტისმარგალიტი ლექშიწინადადებაში, რომელიც ასე იკითხებოდა: “უფროსს სახე სანდომიანი და მარილიანი ჰქონდა, მაგრამ იმისი გაწკვეტილი ნიკაპი, იმისი სწრაფი და წვრილი თვალი დიდს პლუტობასა სწამებდა თავის პატრონსააზრი ცოტათი წინააღმდეგობრივი იყოგაწკვეტილნიკაპიანი და წვრილთვალება ყმაწვილი, ალბათ, არცთუ ისე სანდომიანი იქნებოდა. ამიტომ მწერალს ეს ადგილი არსებითად შეუცვლია: “უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული”.
ამის შემდეგ დაუმთავრებელ ავტოგრაფში მოთხრობილია ძმები კალმახიძეების წარმომავლობა, რომლის შინაარსიც ესადაგება მოთხრობისსარჩობელაზედბოლოს უმცროსი ძმის ბარათის შინაარსს, მაგრამ, მათ შორის სტილისტურს გარდა რამდენიმე შინაარსობრივი განსხვავებაცაა. ნაწყვეტის მიხედვითამათ დედ-მამას დიდი ხანია ჭირი წაეღო და ესენი კი ობლად დარჩომილიყვნენ მეტად მცირეწლოვანები”, ბეჟანის უმცროსი ძმის ბარათში კი წერია: „მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურიშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა”.
დაუმთავრებელი ავტოგრაფის მიხედვითქვეყანაზედ ამათ აღარავინ ეგულებოდათ ერთი ბიძის მეტი, რომელსაც იმდენი მზრუნველობა გაეწია, რომ კანტანისტებად მიუბარებია, რომ თავიდამ მოიშოროს და ცოტაოდენი მამული კი, რომელიც ამ ობლებს წილად უნდა რგებოდა, ის კი პატრონისათვის ჩაუბარებია, ესე იგი, წაურთმევია და გაუყიდნია”, ბარათში კი ვკითხულობთ: “რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, — ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდასულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა”.
მოთხრობის ამ ადგილას უფრო დაწვრილებით არის აღწერილი ყმაწვილების აუტანელი ცხოვრება მამისეულ სახლშიცემა-ტყეპა და შიმშილი. ამის შემდეგ ორივეგან არის აღწერილი თუქურმიშადან გამოქცევა. მოთხრობაში არ არის ნათქვამი, რომ ბეჟანმაუნდერაფიცრისქისა და ჩერქეზული ქუდი მოიპარა.
ნაწყვეტის მიხედვით ძმები გამოქცევის შემდეგ პირდაპირ მეურმეებს ხვდებიან, სახლში შეუვლელად, რადგან, მწერლის თქმით, “დაავიწყდათ კიდეც, რომ ამათ ბიძა ჰყავთ”, მოთხრობაში კი ძმები პირველად თავიანთ სახლში გაივლიან და იქედან გამოგდებულები შეხვდებიან ურმის ქარავანს: “შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს”.
ამის შემდეგ ნაწყვეტის ტექსტის შინაარსს კვლავ მოთხრობის დასაწყისი მიჰყვება. მეურმეებთან გამოლაპარაკების ეპიზოდში ერთი საინტერესო განსახვავებაა - ბეჟანის კითხვაზე: თქვენ ქალაქს ხომ არ მიდიხართ?” ნაწყვეტში მეურმეები უბრალოდ პასუხობენ - “ქალაქს მივდივართ”, მოთხრობაში კი ასეთსავე კითხვაზე ერთ-ერთი მეურმის მიერ გაცემულ პასუხში ჩანს მისი უნდობლობა და აგდებული დამოკიდებულება გზად შეხვედრილი ყმაწვილებისადმი: “გამოცანა გერგება, — დაუძახა დაცინებით ერთმა მეურმემ”, ყმაწვილების საპასუხო რეაქციიდან კი მჟღავნდება მათი ხასიათი: “უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა”.
ამის შემდეგ როგორც ნაწყვეტშიმარგალიტი ლექში”, ისე მოთხრობაშისარჩობელაზედ”, ბეჟანი ყვება ტყუილებს მათი თავადიშვილობის, თუქურმიშადან რუსის პოვოზკით მგზავრობის, მეეტლის ავკაცობისა და მათი გაძარცვის შესახებ. ამ ეპიზოდში დაუმთავრებელ მოთხრობაში არის ერთი საინტერესო ფრაზა. ბეჟანი ეუბნება მეურმეებს: “თუ ღმერთი გწამს, ხელი გაგვიმართეთ და ქალქში ჩაგვიყვანეთ, და იქ მამაჩემი, მდიდარი კაცი, გულნაკლულად არ გაგიშვებთ. თქვენთვის ხომ სულ ერთია, ღამის ხარსაც ვუყარაულებთ და ურემზედაც დაგეხმარებით, და იქაც მამაჩემს გამორჩებით რასმეს, თუ ღმერთი გწამსთ, ქრისტიანი კაცები ხართ, უნუგეშოდ ნუ დაგვაგდებთ”. როგორც ვხედავთ, აქ ირიბად არის მინიშნებული, რომ პეტრეს მიერ ყმაწვილების ხელგაშლილ მასპინძლობას არა მხოლოდ სიკეთის გაკეთების, არამედ გამორჩენის სურვილიც შეიძლებოდ დასდებოდა საფუძვლად. ხალხში გამოჩენისა და თავის მოწონებისაკენ მიდრეკილება ამ გმირს მოთხრობაშიც აშკარად ეტყობა.
ნაწყვატში მათეს სახე არ არის გაშლილი, მოთხრობაში კი ბეჟანის ყოველი ახალი ტყუილის შემდეგ მწერალს დაწვრილებით აქვს აღწერილი მისი ძმის განცდები: “ბეჟან! — დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა; უმცროსი მთლად აირია; უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად; — ბეჟან, გეყოფა, კარგი!.. — უთხრა უმცროსმა, თითქო წყრომითაც და ვედრებითაც”.
ნაწყვეტში ბეჟანის თხოვნაზე მოხუცი მეურმის პასუხში ნათქვამი იყო: “ურიები ხომ არა ვართ, რომ უნუგეშოდ დაგაგდოთ”, მოთხრობაში კი ავტორს დაუწერია: “ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა”. ნაწყვეტში მოხუცი მეურმე ამბობდა: “დალიეთ, შვილო! სალეკოში ხომ არა ხართ, რომ ეგრე იმუდარებით, საქრისტიანოში ხართ”, მოთხრობაში კი აზრი კიდევ უფრო დაკონკრეტებულია: “ჩვენ დალოცვილს ქვეყანაში შიმშილით ლეკიც არ მომკვდარა, თქვენ რად შეგშინებიათ?”. ნაწყვეტებშიც და მოთხრობაშიც აშკარად ჩანს მოხუცი მეურმის სიქადული ქართველობით და ქრისტიანობით.
ამის შემდეგ ტექსტებში კვლავ ერთნაირი ფაქტებია აღწერილიღამით დაღლილი მეურმეები ძილს მიეცემიან და ყმაწვილები მოხუც მეურმეს გაძრცვავენ, მაგრამ ისეთი დეტალები, როგორიცაა პეტრეს მიერ ყმაწვილებისათვის მწვადების შეწვა და მათთვის თავისი ნაბდის გაშლა, ნაწყვეტშიმარგალიტი ლექშიარ არის.
ცვლილებები ფაბულაში
მომდევნო დილის აღწერიდან დაუმთავრებელი ტექსტისა და მოთხრობისსარჩობელაზედფაბულები სრულიად სცილდება ერთმანეთს. ნაწყვეტშიმარგალიტი ლექშიბეჟანი გაიცნობს გუბერნიის სამმართველოს სტოლონაჩალნიკ ავეტიქ პერანგოვს, მისი რჩევით მოძებნის თავის თანასოფლელ მღვდელს, დაიმტკიცებს აზნაურობას, დაიწყებს გადამწერლად მუშაობას და, მლიქვნელობა-გაიძვერობის წყალობით, სწრაფად აღწევს დაწინაურებას. ამ ტექსტის მეორე ვარიანტში - “დიამბეგობა”, სადაც ბეჟანის კარიერული ზრდა კიდევ უფრო დაწვრილებით არის აღწერილი, იგი ბოლოს დიამბეგი ხდება. თავის ძმასმათეს, რომელიც მასავით ეშმაკი და მოხერხებული არ არის, ბეჟანი ახლოს არ იკარებს. იგი მასთან დახმარების სათხოვნელად მისულ ძმას სახლიდან აგდებს, შენი რჩენა არ შემიძლიაო, და მათე მალევე იღუპება (ასეა დაუმთავრებელი მოთხრობის ორსავე დასახელებულ ვარიანტში).
სხვაგვარად ვითარდება ფაბულა მოთხრობაშისარჩობელაზედ”. აქ  ძმები ქურდობისა და ავაზაკობის გზას ადგებიან. ბეჟანს მკვლელობის ფაქტზე დაიჭერენ, ძმა კიგაქცევას ახერხებს. მოგვიანებით იგი ნახავს, როგორ ჩამოახრჩობენ ბეჟანს და სეირის მაყურებელთა შორის შენიშნავს მოხუც მეურმეს. უმცროს ძმას სიკეთის რწმენა საბოლოოდ ეკარგება, ათმაგად უბრუნებს პეტრეს მისთვის მოპარულ ფულს და გადასცემს პატარა ბარათს, რომელშიც მისი და მისი ძმის ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი და მათ უბედურებაში მთელი საზოგადოება, მათ შორის პეტრეც, არის დადანაშაულებული.
დაუმთავრებელი ნაწყვეტების მიხედვით ძმებ კალმახიძეებს მშობლები ადრე დაეხოცათ და ისინი უსახლკაროდ თავიანთმა ბიძამ დატოვა, დასრულებულ მოთხრობაში - “სარჩობელაზედკი ბეჟანს და მის ძმას ადრე მხოლოდ მამა გარდაეცვალათ, დედა კი გაუთხოვდათ და სახლიდან მამინაცვალმა გამოყარა. ამდენად, მოთხრობაში შემოდის დედის პასუხისმგებლობის თემაც.
დიამბეგობისტექსტის მიხედვით ბეჟან კალმახიძე ბოლოს დიამბეგი ხდებოდა. უზნეო დიამბეგის (ანუ მოსამართლის) თემა, რომელიც აღარ განვითარებულა მოთხრობაშისარჩობელაზედ”, გადავიდა ილია ჭავჭავაძის დუმთავრებელ მოთხრობაშიკაკოდა იქედან მოთხრობაშიგლახის ნაამბობი”. ეს ის დიამბეგია, რომელიც დაუმთავრებელი მოთხრობის პერსონაჟს - კაკოს (“გლახის ნაამბობშიამ გმირს გაბრიელი ჰქვია) ციხეში გამოამწყვდევს . შესაბამისად, ბეჟანის სახე ორად გაიყოერთი, თავისი სახელით და ნაწყვეტშიმარგალიტი ლექშიაღწერილი თავგადასავლით ბავშვობიდან ქალაქში ჩასვლამდე გადავიდა მოთხრობაშისარჩობელაზედ”, მეორე კი, რომელიც უფრო ვრცლად იყო ჩამოყალიბებული ნაწყვეტშიდიამბეგობა”, თემისა და პრობლემის სახით გადავიდა მოთხრობაშიგლახის ნაამბობი”.
როგორ ჩამოყალიბდა პერსონაჟთა სახები
ბეჟანი
მოთხრობაშისარჩობელაზედგმირთა ხასიათების გახსნა მიესადაგა ახალ სიუჟეტურ ქარგას. მთავარი აქცენტი ბეჟანიდან მის ძმასა და მოხუც მეურმეზე გადავიდა. ცოტათი გაუფერულდა ბეჟანის ის თვისებები, რაც დაუმთავრებელ მოთხრობებში გათვალისწინებული მისი კარიერული ზრდისთვის იყო საჭირომოხერხებულობა, მლიქვნელობა, გაიძვერობა და დაუნდობლობა, მაგრამ არცერთი ამ თვისებათაგანი მთლიანად არ გამქრალა. მოთხრობაშისარჩობელაზედსიუჟეტის იმ პატარა მონაკვეთშიაც კი, სადაც ბეჟანი ჩნდება ეს თვისებები თვალსაჩინოა: იგი ახერხებს მოხუცი მეურმის ნდობის მოპოვებას, არ იმჩნევს დაცინვას, რომ საქმე არ გაიფუჭოს და, მიუხედავად იმ დიდი პატივისცემისა, რაც მოხუცმა მეურმემ ამ ძმებისადმი გამოიჩინა, მაინც არ ინდობს მას და ჰპარავს ფულს. ბეჟანს, მართალია, მამინაცვლის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და, როგორც მისი ძმა ამბობს, “შემოაკვდათ”, მაგრამ ამ საშინელი ფაქტის შემდეგ კიდევ იქაურობის აკლება უნდოდა, პოლიციას რომ არ მიესწრო.
დაუმთავრებელი ავტოგრაფების მიხედვით ბეჟანმა უარი თქვა თავისი ძმის პატრონობაზე და მათე მალე დაიღუპა, მოთხრობისსარჩობელაზედმიხედვით კი ბეჟანი უფრო ადრე კვდება და მისი ძმა ასე ახასიათებს მათ ურთიერთობას: “ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული”. ეს პატარა დეტალი კარგად ასახავს იმ ცვლილებათა ხასიათს, რაც ზოგადად განიცადა ნაწარმოებმა. თავდაპირველ ვარიანტში ბეჟანი იყო უარყოფითი პერსონაჟის ტრაფარეტული სახეყველა უარყოფითი თვისებით, მოთხრობაშისახრჩობელაზედკი იგი თითქოსგაცოცხლდა”, უფრო რეალისტური გახდა. არ არსებობს ადამიანი მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი თვისებებით, რადგან ყველას აქვს ცოდვაც და მადლიც. გაავაზაკებული ძმების ერთმანეთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის ჩვენებით ილია ჭავჭავაძემ მოთხრობის საბოლოო ვარიანტში უფრო დამაჯერებელი და შთამბეჭდავი სახეები შექმნა. ამაში მას დაეხმარა ფაბულის შეცვლაც, რომელმაც ბეჟანი წარმოგვიდგინა არა მხოლოდ როგორც მოძალადე, არამედ როგორც არსებული კანონისა და საზოგადოების მსხვერპლიც.
მოთხრობაში ბეჟანს ასე აგვიწერს ავტორი: “იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული”. გმირის სულისა და ხორცის ეს ურთიერთშერწყმული სურათი სავსებით ნათლად წარმოგვიდგენს მის არაკეთილშობილურ ბუნებას, მაგრამ, ამას გარდა, მწერალი იქვე ამახვილებს ყურადღებას არანაკლები მნიშვნელობის კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელმაც განაპირობა ამ კაცისთვითრჯულიდაუჯათიხასიათის საბოლოოდ გაუკუღმართება და განსაზღვრა მისი შემდგომი ბედ-იღბალი:  იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, — შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ დადგებოდა, — ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. როგორც ვხედავთ, გარდა იმისა, რომ ამ გმირისათვის თვით ბუნებას არ მიუმადლებია კეთილშობილური ზნე და ხასიათი, ცხოვრებაში გზის გამკაფავიც არ ჰყოლია ღირსეული და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში სწორედ ამას უთამაშია გადამწყვეტი როლი. ამ ფაქტის აქცენტირება დაუმთავრებელ ნაწყვეტებში არ იყო.
ბეჟანიც იმავ უკეთურ კანონებს დაემორჩილა, რაც მის გარშემო იყო გამეფებული. მან შეისისხლხორცა მლიქვნელობა, გაიძვერობა და დაუნდობლობა. მიუხედავად ამისა, სახრჩობელასთან მდგომი - გაფითრებული, შეშინებული, სრულიად დაუცველი და განწირული, მაინც სიბრალულს იწვევს. სახრჩობელის ირგვლივ შეკრებილი ხალხი სეირს უყურებს და არც კი ფიქრობს, რომ მათ თვალწინ, მათივე უხმო დასტურით იღუპება ერთი მათგანი, მათივე სისხლი და ხორცი, რომელზე უფრო უცოდველნიც, შესაძლოა, მათ შორის ბევრი არც იყოს.
ნაწარმოების ფაბულაში ბეჟანი ცენტრალური ფიგურაა, მაგრამ მწერალი ნაკლებად ცდილობს მისი ხასიათის გაშლას, რადგან ესგულნამცეცაპიროვნება ასეთივე გულნამცეცა საზოგადოების გარემოცვაში უფერულად გამოიყურება. მიუხედავად თავისი მდგომარეობის უკიდურესი ტრაგიზმისა, ბეჟანი პიროვნულად თითქმის არ გამოირჩევა.
მათეუმცროსი ძმა
რაც უფრო ვუღრმავდებით მოთხრობის ძირითად სათქმელს, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება სხვა ორი გმირის სახე. ესენია ბეჟანის უმცროსი ძმა და მეურმე პეტრე.
მამინაცვლის მკვლელობამდე და ბეჟანის დატყვევებამდე ძმების ცხოვრება თითქმის ერთნაირად მიედინებოდა: ისინი ერთ ოჯახში დაიბადნენ, ერთად გაატარეს ბავშვობა და სიყმაწვილე და მთელი ამ ხნის მანძილზე არავისგან, თვით დედისა და ახლობლებისგანაც კი, არც სითბო უგრძვნიათ და არც მზრუნველობა. ისინი ქურდობისა და ძარცვის გზასაც ერთად დაადგნენ და ადამიანიც ერთად შემოაკვდათ, მაგრამ მწერალი მაინც ახერხებს მათ ხასიათებში მკვეთრი განსხვავების ჩვენებას. უმცროსი ძმა ბუნებით არ არის უკეთური. მასსხვა ნიშან-წყალი ჰქონდაო”, წერს ავტორი. იგი შინაგანად ებრძვის და ეწინააღმდეგება ბოროტებას, არ უნდა, რომ იცრუოს, არ უნდა, რომ იქურდოს, მაგრამ იმდენად არის ჩათრეული გარემომცველ წუმპეში და ისეა მინებებული უფროსი ძმის ბოროტ ნებას, რომ ძალაუნებურად თავადაც ყოველგვარ ავკაცობას ჩადის მასთან ერთად.
მოთხრობაშისარჩობელაზედავტორს არ შეუტანია ერთი ფრაზა ნაწყვეტიდანმარგალიტი ლექში”, რომელშიაც უფროსი ძმის გავლენა უმცროსზე პირდაპირ იყო ხაზგასმული. - “ისე სულგანაბული იყო, ისეთი დაშინებული, თითქო სული უფროსის ხელში არისო”. რა თქმა უნდა, ძველი ჩანაწერის მიხედვით ახალი მოთხრობის გმირზე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ უფროსი ძმის უარყოფითი გავლენა უმცროსზე მოთხრობისსარჩობელაზედშინაარსზე დაკვირვებიდანაც ნათლად ჩანს. აქაც ბეჟანია ყოველგვარი ავკაცობის მოთავე. მეურმეებიც მან მოატყუა და ჯიბეებიც მან დააჭრა პეტრეს, უმცროსი ძმა კი შორიდან უყურებდა ყოველივე ამას. იგი ჯერ ტუქსავდა და აფრთხილებდა ბეჟანს, შემდეგ, მოხუცის გაძარცვისას, მართალია, ხმა ვერ ამოიღო და ხელი ვერ შეუშალა, მაგრამ გული მაშინაც ეთანაღრებოდა და წუხდა. ბოლოს ისიც დამორჩილდა ბოროტის ნებას, “გაწყდეს, საცა წვრილიაო”, თქვა და გადაწყვიტა მისი გაუბედურებისათვის განურჩევლად ყველაზე ეძია შური. ის ფაქტი, რომ ცხოვრების ლექმა არა მხოლოდ ბეჟანის, არამედ უმცროსი ძმის ჩათრევაც შეძლო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძმების გზიდან აცდენაში სწორედ გარემომ და არა მათმა ადამიანურმა ბუნებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
კეთილბუნებოვანი გმირის გაუკუღმართებული ცხოვრება ილიას სხვა ნაწარმოებებშიც გვხვდება. გავიხსენოთ თუნდაცგლახის ნაამბობისმთვარი გმირიგაბრიელი. არც ის იყო დაბადებული კაცის მკვლელად. ისიც გარემოებამ მიიყვანა საბედისწერო ნაბიჯამდე. ბევრი რამით ჰგავს უმცროსი ძმის ბედი გაბრიელისას: ორივე ბოროტების მსხვერპლი გახდა და ორივე ბოროტებითვე შეეცადა მის აღმოფხვრას. ერთიც ძარცვავს და მეორეც, ერთიც მკვლელია და მეორეც, ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ არცერთს არ აწუხებს სინანული და ოდესღაც სიკეთით გამთბარ გულებში ბოროტება დაბუდებიათ. “გეტყვი ჩემი გულის ძუნწობას, მე ის მაინც არ შემცოდებიაო”, - ამბობს გაბრიელი მის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ბატონზე. არც ბეჟანის ძმა ნანობს თავის საქციელს. მას და მის ძმას კაცი რომ შემოაკვდათ, თავზარი კი არ დასცემიათ, ეს რა ჩავიდინეთო, პირიქით, კიდევ იქაურობის აკლება უნდოდათ.
ბეჟანის ძმასაც შეხვდა ცხოვრების გზაზე ისეთი კაცი, რომელმაც თავისი კეთილი საქციელით გული ოდნავ მოულბო, მაგრამ, გაბრიელისაგან განსხვავებით, მას ამ კაცმაც უმტყუნა და გაუცრუვა იმედი. თუ გაბრიელს შეუძლია თქვას, “მე მის (მღვდლის) ხსენებაზედ ამ ქვეყნად კიდევ მადლი ღვთისა მწამს... ქვეყანასთან ძაფი არ გამწყდომიაო!, ბეჟანის ძმას სრულებით აღარ სჯერა ამქვეყნიური მადლისა და სიკეთის. მისი სიტყვებია: “სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული”.
მოთხრობაშისარჩობელაზედკვლავ მწვავედ დგას ადამიანთა შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა , მაგრამ ამ მხატვრული სახის ქვეშ იგულისხმება არა სოციალური მოვლენა, როგორც ამას ხშირად განმარტავენ, არამედ ზოგადადამიანური პრობლემა ობლად დარჩენილი გულისა. ხიდი ჩატეხილია საერთოდ ადამიანთა გულებს შორის და არა მხოლოდ განსხვავებულ წოდებებსა და საზოგადოებრივ ფენებს შორის. ეს რომ ასეა, ამაზე აშკარად მიუთითებს ბეჟანის ძმის სიტყვები: “მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით...”. იგი გაუცხოებასა და სიშორეს გრძნობს არ საზოგადოების რომელიმე ფენასთან, არამედ მთელ კაცობრიობასთანსაერთოდ ადამიანთან.
ერთადერთი რამ, რაც ბეჟანის ძმას ჯერ კიდევ ასულდგმულებს, არის მის გულში შერჩენილი ის სითბო, რომელიც პეტრეს მიერ გამოჩენილმა გულკეთილობამ ჩაუსახა და, მიუხედავად იმედის გაცრუებისა, ჯერ კიდევ უღვივისროგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი”, მაგრამ იგი გრძნობს, რომისიც მალე გაქრებადა სწორედ ეს არის ამ გმირის ტრაგედია. ეს მინავლებული ცეცხლი მაცოცხლებელი ძალაა. ვიდრე იგი ოდნავ მაინც ბჟუტავს კაცის გულში, იგი საბოლოოდ განწირული არ არის და მისი მობრუნება ჯერ კიდევ შეიძლება. თუ ჩავუკვირდებით, სწორედ აქ ჩანს მწერლის ჩანაფიქრიმკითხველსთვალი გულისააუხილოს და დაანახოს ასეთ დაჩაგრულ, განწირულ, იმედდაკარგულ, უნუგეშოდ დარჩენილ ადამიანთა გასაჭირი, მკითხველის გულში გამოწვეული თანაგრძნობით ნუგეშისმცემლები გაუჩინოს მათ, კვლავ გააღვივოს იმათ გულებში მიმქრალი ნაპერწკალი და იმ დიდ ცეცხლს შეუერთოს, რომელმაც უნდა გაათბოსჩვენის ქვეყნის გაცივებული გული”.
მოხუცი მეურმე - პეტრე
ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში არის პეტრეს სახე. ერთი შეხედვით იგი დიდად არ განსხვავდება მოხუცი გლეხის ისეთი ტიპიური წარმომადგენლებისაგან, როგორიცაა, მაგალითად, “გლახის ნაამბობისპეპია, მაგრამ ეს სახე, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, თანდათან უფრო ღრმავდება, რთულდება და საბოლოოდ წარმოგვიჩენს ადამიანური ბუნების იდუმალ მხარეებს.
პეტრეს ისეთი თვისებები, როგორებიცაა შრომისმოყვარეობა, ხელგაშლილობა, ენაწყლიანობაძალზე ტიპიურია როგორც ილიას, ისე სხვა მწერლების მიერ შექმნილი გლეხთა სახეებისათვის, მაგრამ ერთგვარად უჩვეულოა პეტრეს ხასიათის ზოგიერთი სხვა თვისება და მისი ესოდენ წინააღმდეგობრივი ბუნება.
თუ ერთ ეპიზოდში პეტრე თავმდაბალი და მორიდებულია, მეორეგან, მწერლისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, იგივე პეტრეყეინსავით გამოჭიმულიზის უშველებელ სავსე რუმბზედა გული თვითკმაყოფილებით ევსება. თუ ერთ ეპიზოდში იგი გულმოწყალეა და მშიერ-მწყურვალ ლმაწვილებს თავისთნ შეიფარებს, მეორეგან ადამიანის სიკვდილით დასჯის საყურებლად ისე მიეშურება, როგორც გასართობ სანახაობაზე.
პეტრე ძალიან ამაყი და ამპარტავანია. იგი ყველაფერს აიტანს, ოღონდ სხვას არ ჩამორჩეს და სხვისი დასაცინი არ გახდეს. მისი ეს თვისება, რომელიც ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსითაც არის გამოწვეული, იმდენად ხშირად არის მოთხრობაში ხაზგასმული, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს. როცა ყმაწვილები გაქურდავენ, პეტრე ფულის დაკარგვას სულ არ ჩივის. მას მხოლოდ ის აწუხებს, რომ შეიძლება დასცინონ პატრა ბიჭებმა როგორ მოგატყუეს და როგორ გაგძარცვესო. “სირცხვილით შინ როგორღა მივიდე”, “ეს სირცხვილი როგორა ვჭამო”, “ვისაც ვეტყვი, დამცინებს”, “ჯალაბსაც სიცილად არ ვეყოდი”, მეზობლები ჯავრით გამხეთქენ”, “სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაც” - ამდენგზის და ამდენნაირად არის გამოხატული დაცინვის შიშით გამოწვეული მისი განცდები მოცემულ ეპიზოდში. დაუმთავრებელ მოთხრობებში პეტრეს სახესთან დაკავშირებით მსგავსი აქცენტები არ ყოფილა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ თხზულების გაგრძელებაში ყოფილიყო.
სწორეს ეს სიამაყე და სურვილი, რომ ქალაქელებსაც არაფერში ჩამორჩეს, გახდა მიზეზი იმისა, რომ პეტრე სიკვდილით დასჯის სამარცხვინო სანახაობის მაყურებელთა შორის აღმოჩნდა. აქაც იგივედაცინვის შიში შეუჩნდა მოხუცს. ამ შიშით შეპყრობილს ეჩვენებოდა, რომ სახრჩობელასთან რაღაც ოინბაზობა უნდა გათამაშებულიყო, ამდენი ხალხი კი იმიტომ იყო შეყრილი, რომ ეს ამბავი ნამდვილად მოეჩვენებიათ მისთვის და შემდეგ სასაცილოდ აეგდოთ. ამ განცდებში მყოფი პეტრეს თვალწინ  საშინელი ტრაგედია დატრიალდაჩამოახრჩვეს ახალგაზრდა ყმაწვილი. მოხუცი ვერ გაერკვა, რა მოხდამართალი იყო ყოველივე ეს თუ არა. მას ძალიან უნდოდა გაეგო, მაგრამ დაცინვის შიში წუთითაც არ შორდებოდა. ამ შიშის გამო მან იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგაც ვერ გაბედა, ვინმესთვის ეკითხა, რა მოხდა. შიში კვლავ უფრო ძლიერი იყო მის გულისწადილზე. მაშინაც კი, როდესაც სიკვდილით დასჯილის ძმამ პეტრეს ბარათი გადასცა და უთხრა, სიმართლეს მანდედან გაიგებო, ამ შიშმა კვლავ გაუელვა გულში და ყმაწვილს წერილი გამოართვა არა იმიტომ, რომ სძლია ამ შიშს, არამედ იმ იმედით, რომ უცხო ყმაწვილი წასვლას ჩქარობდა და, რაკი იქ არ იქნებოდა, ვეღარ დასცინებდა.
პეტრეს კეთილი საქციელიმისი ხელგაშლილობა მოთხრობის დასაწყისში იმდენად ხიბლავს მკითხველს (და ალბათ ასევე მოხიბლავდა ასეთი კაცი გარშემო მყოფთაც), რომ ერთბაშად გიჭირს მისი ნაკლის დანახვა და იმის დაჯერება, რომ ეს, გლეხობაში გამორჩეული, ყველასაგან დაფასებული სანდომიანი მოხუცი ასე შორს არის ზნეობრივი სიწმინდისაგან, მაგრამ როცა პეტრეს მიერ ბეჟანისა და მისი ძმისადმი გაწეულ სიკეთეზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა ვიქონიოთ მხედველობაშიმოხუცმა მეურმემ, თავისი აზრით, დახმარება აღმოუჩინა არა უსახლკარო, ყველასაგან მიტოვებულ და დაჩაგრულ ობლებს, არამედ დროებით გასაჭირში მყოფ მდიდარ თავადიშვილებს, რომელთა მამაც, ალბათ, მის ასეთ სიკეთეს დაუფასებლად არ დატოვებდა. ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცეოდა პეტრე, ბიჭების ნამდვილი ამბავი რომ სცოდნოდა, ალბათსხვაგვარად. ამაზე მიგვანიშნებს ორი რამ: ბეჟანი თავადიშვილობას არ მოიგონებდა რომ არ სცოდნოდა, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში გლეხებისაგან დახმარებას ვერ მიიღებდა. ამას გარდა, პეტრე უნებლიედ თავადაც აღიარებს, რომ ბიჭებს მათი თავადიშვილობის გამო ექცევა გამორჩეული პატივისცემით. “თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ”, ეუბნება მათ და თავის ნაბადს უშლის დასაძინებლად; თავად ხმელა პურს ჭამს და ყმაწვილებს კი ვახშმად მწვადს უწვავს და ჰპირდება: “ასე ჩაგიყვანთ ქალაქშია, რომ ქარიც არ მოგადინოთ”.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთივე ყურადღებით მოქცეოდა პეტრე უსახლკარო ძმებს, ბეჟანს რომ ტყუილების ნაცვლად სიმართლე ეთქვა. “ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით, საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო”, წერს უმცროსი ძმა პეტრესადმი მიწერილ ბარათში და, არ არის გამორიცხული, რომ პეტრეც იმ უცხოებივით მოქცეულიყო, მათი ნამდვილი ამბავი რომ სცოდნოდა. ასეთი შეხედულება კიდევ უფრო გვიმტკიცდება მას შემდეგ, რაც ვიგებთ, რომ პეტრე სიკვდილით დასჯის ცერემონიალზე გასართობად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, “თამაშადმიდის. საბოლოოდ კი ამაში ვრწმუნდებით, როდესაც მწერალი ხელისგულივით გადაგვიშლის მისი გულის თითოეულ მოძრაობას.
პეტრე, რომელიც ვერ გარკვეულა, ჩამოხრჩობას დაესწრო თუ ჯამბაზობას, თავის თავს გამოუტყდება, რომ ურჩევნია, ყველაფერი მართალი იყოს, რადგან მოტყუებას თაკილობს - “თვალთმაქცობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოს ამ დროულ კაცსაო”, ჩამოხრჩობა რომ მართალი ყოფილიყო და ის ახალგზრდა ყმაწვილი მართლა რომ დაესაჯათ სიკვდილით, ამას, ავტორის თქმით, “როგორღაც უფრო ადვილად ჰყაბულდებოდა ჩვენი პეტრე”.
ჩვენი პეტრე” - იგი ოთხჯერ მოიხსენიება ასე მოთხრობის ამ პატარა (ერთგვერდიან) ეპიზოდში. ამ სიტყვებში ჩანს ავტორისეული მწარე სარკაზმიც და მისი გულისტკივილიც, გამოწვეული იმ უტყუარი ფაქტით, რომ ეს კაცი მართლაც ჩვენია, ჩვენი სისხლი და ხორცი და თან სხვებზე უკეთესი თუ არა, უარესიც არ არის.
პეტრე, როგორც არაერთგზის არის ნათქვამი, დროული კაცია და ბევრი ვაი-ვაგლახი უნახავს ცხოვრებაში. იგი არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ ავი და კარგი ვერ გაარჩიოს, მშვენივრად ხედავს თავისი გულის ბნელ მოძრაობებსაც. კაცის დახრჩობის სანახავადგამოუცდელ მოზვერსავით გამომიწია გულმაო”, გამოუტყდება იგი თავს, მაგრამ, ალბათ, იქვე იმით იმშვიდებს გულს, რომ საქმით არ ჩადის ბოროტებას. როდესაც მოკლულის ძმა სხვებთან ერთად მასაც სდებს ბრალს: “განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდეო”, პეტრეს აღმოხდება: “მე რა შუაში ვარო”, რადგან თავი უდანაშაულო, მართალ კაცად მიაჩნია, ავიწყდება, რომ სცოდავს არა მხოლოდ ის, ვინც საქმით ჩადის ბოროტებას, არამედ ისიც, ვინც ბოროტ აზრს გულში გაივლებს და, რაღა თქმა უნდა ისიც, ვისაც თავისი დაცინვის ატანა უფრო უმძიმს, ვიდრე სხვისი სასიკვდილოდ გამეტება. ამდენად, პეტრეს გულში ჩახედვით მკითხველი რწმუნდება, რომ უმოქმედო და გულგრილი ადამიანებიც თანამონაწილენი არიან მათ ირგვლივ გამეფებული ბოროტებისა.
არც უმცროს ძმას მიაჩნია თავი ცოდვილად. ისიც იმასვე ამბობს: “მე ჩემი გზა მართლის გზა მგონიაოდა იმედი აქვს, რომ ღვთის სამსჯავროზე, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეებისა, მაინც გამართლდება. მაგრამ იქნება კი ასე?
ამ ორი გმირისპეტრესა და უმცროსი ძმის ცხოვრების მაგალითზე მწერალი მოგვაგონებს, რომ არც მხოლოდ გარეგანი კეთილი საქმეებია საკმარისი სასუფევლის დასამკვიდრებლად და არც მხოლოდ ღვთისგან მომადლებული, მაგრამ გაუმრავლებელი სიკეთე. “გულ წმინდაუნდა ჰქონდეს ადამიანს დანაყოფი კეთილი”, ამის მისაღწევად კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ყველამ თავისი ნაკლი დაინახოს, სინანული და განწმენდის სურვილი გაუჩნდეს და ჭეშმარიტების გზას დაადგეს.
ის ფაქტი, რომ მოთხრობის ფინალში პეტრე თავის უკანასკნელ სიტყვებს ძველებური რიხითა და თვითდაჯერებით კი არა, “კვნესითადათრთოლვითწარმოთქვამს, უმცროს ძმას კი გულისნადების სხვისთვის გამხელის, ერთგვარი აღსარებისა და ნაქურდალის უკან დაბრუნების სურვილი უჩნდება, შესაძლოა მათ ხასიათში მომხდარი მცირე, მაგრამ სასიკეთო ძვრების ნიშანი იყოს.
დაუმთავრებელი მოთხრობის ესკიზების მიხედვით ძნელია იმის თქმა, პეტრეს სახის ასეთი ღრმა და საინტერესო ხედვა იქედანვე იღებს სათავეს თუ ახალმა ფაბულამ მოიტანა, მაგრამ რაიმე ხელჩასაჭიდი იმის სათქმელად, რომ ეს პეტრე იმ პერსონაჟის სახის სრულყოფას არ შეიძლება წარმოადგენდეს, არ არსებობს. მოთხრობისსარჩობელაზედპირველ თავში პეტრე ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნაწყვეტისმარგალიტი ლექშიმოხუცი მეურმე. ამ სახის გაშლა მოთხრობაშისარჩობელაზედმომდევნო თავებში ხდება, ესკიზების ის ეპიზოდები კი, სადაც, სავარაუდოდ, ისევ გამოჩნდებოდა მოხუცი მეურმე, არ მოგვეპოვება. შესაბამისად, რაიმე კონკრეტულ დასკვნას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ.
„ლექის“ ახალი ინტერპრეტაცია  - “ხალხის გროვა
მოთხრობაშისარჩობელაზედზემოთ განხილულთა გარდა ჩნდება კიდევ ერთი უჩვეულო მოქმედი გმირიკრებითი ხასიათის მქონე, მრავალი პირისაგან შემდგარი, მაგრამ მაინც ერთსახოვანი. ეს არის ბრბოდ ქცეული ხალხი, ყოველგვარი სიწმინდისაგან დაცლილი, ვნებებს აყოლილი, ზერელე, გულგრილი და ფარისველი ადამიანების მასა, რომელიც დაუმთავრებელ ნაწყვეტებში არ ჩანდა. ილია მისთვის ჩვეული, შეულამაზებელი, მახვილი სიტყვით და მდიდარი სტილისტური ხერხებით საოცარი სიცხადით გვიხატავს ამ უცნაურ მხატვრულ სახეს: “ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაშა ჰნახა”, წერს იგი და ესხალხის გროვამკითხველში ასოციაციას იწვევს საქონლის გროვასთან, რომლის შესახებაც ავტორი ორიოდე ფურცლის წინ წერდამინდორზედ საძოვნელად გაიშალაო".
საინტერესოდ არის ნაწარმოებში წარმოჩენილი ამ ბრბოსადმი პეტრეს დამოკიდებულება. მოხუცს არ სჯერა, რომ ეშაფოტზე აყვანილი კაცი მართლა ჩამოახრჩვეს: “ ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ”, ფიქრობს იგი, შემდეგ კი, როცა სიმართლეს გაიგებს, განცვიფრებისაგან აღმოხდება: “მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა”.
ასეთია ამ მასისადმი ავტორისა და ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის დამოკიდებულება, მაგრამ არანაკლებ კარგად ჩანს ამ მასის სახე თვით მათივე რეპლიკებიდან. აქ მწერალი იყენებს ერთ ძალზე საინტერესო ხერხსამ ხალხს ალაპარაკებს ისეთ რაღაცეებს, რაც სხვა შემთხვევაში მსმენელს შესაძლოა სავსებით ბუნებრივად და ნორმალურად მოჩვენებოდა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხრობის მკითხველის ყურს ძალზე უხეშად ხვდება და საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს. ასეთია, მაგალითად, სახრჩობელის ირგვლივ შემოკრებილი ხალხის რეპლიკები, რომლებშიაც წამდაუწუმ იხსენიება ბეჟანის დედა: “ვუი, ვუი შენს დედას!” - იძახის ერთი; “ვაი შენს დედასა, შე საცოდავის შვილო!” - მოთქვამს მეორე; “ეგ ხომ მოკვდება და წავა, ვაი მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან!” ამბობს მესამე; “რა ახალგაზრდაა ეგ უბედურის შვილი!” ამბობს მეოთხე; “რა თონეში უნდა იწოდეს ახლა ამისი დედის გული” - მოთქვამს კიდევ სხვა, ეს დედა კი, როგორც შემდეგ იგებს მკითხველი, ნაკლებად წუხს თავისი შვილების ბედზე და გარკვეული ბრალიც კი მიუძღვის მათ გაუბედურებაში . ასეთია ეს ბრბომოჩვენებითად მგრძნობიარე და სამართლიანი, სინამდვილეში კიყალბი და ცარიელი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც განასხვავებს მოთხრობასსარჩობელაზედარა მხოლოდ მისი რედაქციული ვარიანტებისაგანდიამბეგობადამარგალიტი ლექში”, არამედ სხვა ადრეული ნაწარმოებებისაგანაც: “გლახის ნაამბობიდარამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”, არის ის, რომ პერსონაჟებიგაბრიელი, კაკო და ზაქრო ძირითადად კონკრეტული პიროვნებების ბოროტების მსხვერპლნი არიან, მოთხრობისსარჩობელაზედგმირებისბეჟანისა და მისი ძმის ცოდვა კი მთელ ამ ბრბოდ ქცეულ, გულგრილ საზოგადოებას აწევს კისერზე. ამბობს კიდეც ბეჟანის ძმა: “ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად".
უცხო ქვეყანაში რად იქნებით!.. ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა”, - ეუბნება ყველასაგან მიტოვებულ, უსახლკარო ძმებს მოხუცი პეტრე მოთხრობის დასაწყისში, მაგრამ იქვე, ერთიმეორის მიყოლებით მკითხველი ისეთ საშინელ სურათებს ხედავს და ისეთი ბნელი გულების სიღრმეებს ეცნობა, რომ ყველაზე მტკივნეულად სწორედ პეტრეს ეს ომახიანი სიტყვები ხვდება გულს. მართლაც, რა კარგი იქნებოდა, ასე რომ გვეთქმოდეს, მაგრამ განა თათრის მახვილზე უარესი არ არის, საკუთარი ოჯახის წევრები რომ გაგიმეტებენ? შენივე თანამემამულეები სიკეთეზე ბოროტებით რომ გიპასუხებენ? შენს უბედურებას სასეიროდ რომ გაიხდიან? განა საქრისტიანო საქართველოს ჰგავს სახრჩობელის ირგვლივ შემოკრებილი ბრბო?
პატარა ამბავი” - ასეთი ქვესათაური აქვს ამ მოთხრობას და, ჩვენი აზრით, ქვესათაურშიც სწორედ ისეთივე სევდანარევი სარკაზმია გატარებული, როგორიც პეტრეს თავმომწონე სიქადულში. ეს პატარა ამბავი კი არა, დიდი უბედურებაა, შეიძლება ითქვას, საყოველთაო ტრაგედიაა.
კიდევ ერთი რამით განსხვავდება ეს მოთხრობა ილიას ადრეული ნაწარმოებებისაგან და ამავე მოთხრობის ადრეული რედაქციებისაგან. იქ წარმოდგენილი პრობლემები ხშირად სოციალურ ხასიათს ატარებდა , გაბრიელის, კაკოსა თუ ზაქროს უბედურების მიზეზი მათი, როგორც ყმების, სოციალური უუფლებობა იყო, ჩვენ მიერ განხილული მოთხრობის გმირებიბეჟანი და მისი ძმა კი შდარებით მაღალ წოდებრივ საფეხურზე დგანან. მიუხედავად ამისა, ნაწარმოებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ აზნაურიშვილებს სხვებთან ერთად შინამოსამსახურე ბიჭებიც კი სცემენ და უდიერად ექცევიან (“ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა...”) - სამხედრო სკოლიდან გამოქცეულ ძმებს საკუთარ სახლში ღამესაც კი არ გაათევინებენ, გარეთ გაყრიან. რაც შეეხება დაბალი სოციალური ფენის მდგომარეობას, მოთხრობაშისარჩობელაზედმათი განსაკუთრებული სიდუხჭირე არ ჩანს. პეტრეს კარგი თბილი ნაბადიც აქვს, შოთის პურებიც, ღვინოც და სამწვადე ხორციც. არც ის ჩანს, რომ ისინი არაადამიანურად შრომობდნენსიცხეში ისვენებენ, ღამით ტკბილად სძინავთ და როცა მშივრები არიან, დუქანში სადილობენ. ყოველივე ამის გამო ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, თითქოს აქ ნაჩვენები იყოსტვირთმძიმეთადამაშვრალთამონური უღელი  და ეს მოთხრობასოციალური უსამართლობის მამხილებელი  ნაწარმოები იყოს. ამ პრობლემას ილიამ არაერთი თხზულება უძღვნა, მაგრამ არასარჩობელაზედ”. პირიქით, ამ მოთხრობის სიუჟეტიდან ჩანს, რომ ამა თუ იმ წარჩინებული წოდების ქონა თავისთავად სულაც არ არის ადამიანის ბედნიერების და უზრუნველი ცხოვრების გარანტია. აზნაურიშვილიც შეიძლება დაიჩაგროს და გაუბედურდეს, როგორც ყმა-გლეხი და გლეხიც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს ისეთივე დაუნდობელი, როგორიც ზოგიერთი ბატონი იყო. ბეჟანისა და მისი ძმის ტრაგედიას სოციალური მდგომარეობა არ უდევს საფუძვლად. იგი ზოგადადამიანური მორალურ-ზნეობრივი პრობლემებით არის განპირობებული და არა წოდებრივი უსამართლობით.
როგორც ავტოგრაფული ნაწყვეტისმარგალიტი ლექში” (და მისი ვარიანტის - “დიამბეგობა”) და მოთხრობისსარჩობელაზედ ტექსტების შეპირისპირებითმა ანალიზმა ცხადჰყო, მოთხრობის ბოლო ვარიანტში მწერალმა შეცვალა ფაბულა, დახვეწა და სრულჰყო გმირთა სახეები, მაგრამ ახალ მოთხრობასაც საფუძვლად კვლავ ის იდეური ჩანაფიქრი დაუდო, რამაც ორმოცდაათიან წლებში ააღებინა ხელში კალამიეს არის საზოგადოების ლექიგულგაგრილებულ, სულიერად გაღარიბებულ ადამიანთა მასა, რომელიც ახერხებს თავის სიბილწეში ჩაითრიოს და დაიმსგავსოს არა მხოლოდ ცოდვილი ბუნების, არამედ უბოროტო, ზნეკეთილი ადამიანებიც. ამდენად, მოთხრობაშისარჩობელაზედწარმოჩენილი ხალხის ბრბო იგივე ლექია, რომლის პრობლემაც ამ მოთხრობის შექმნამდე ორი ათეული წლით ადრე აწუხებდა მწერალს.
სათაურის ცვლილება
რატომ ჰქვია მოთხრობასსარჩობელაზედ”, რა კავშირშია ნაწარმოების შინაარსი სახრჩობელასთან, ეს მოთხრობის ერთი გადაკითხვითაც კარგად ჩანსმის ერთ-ერთ გმირსბეჟანს ჩამოხრჩობით სჯიან. ამ ფაქტზეა აგებული ნაწარმოების ფაბულა და, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ მის სათაურში ეს სიტყვა ფიგურირებდეს, მაგრამ რატომ არასარჩობელადა რატომ - “სარჩობელაზედ”? ალბათ, არც ეს არის შემთხვევითი. ამიტომ კვლავ დავაკვირდეთ ნაწარმოებს.
ამგვარი, თანდებულიანი ფორმით ეს სიტყვა მოთხრობაში არაერთგზის გვხვდება : “უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა”, “სარჩობელაზედ დარჩა უძრავად”, “მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახავ”. მოხმობილ მაგალითებში ეს სიტყვა მისი პირდაპირი, ვიწრო გაგებით არის ნახმარი და აღნიშნავს დასასჯელ მოწყობილობას, მაგრამ ტექსტში იგივე სიტყვა, ასეთივე თანდებულიანი ფორმით, სხვაგან უფრო ფართო მნიშვნელობასაც მოიცავს: “ეხლა მოაგონდა, რომ წეღან სარჩობელაზედ ერთი ნაბდიანი ბიჭი სულ გვერდით აეტუზებოდა ხოლმე”. აქ სიტყვაშისარჩობელაზედ”, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა თვით სახრჩობელა, ბოძზე ჩამოკიდებული თოკით, არამედ მის ირგვლივ გამართული პროცესიასიკვდილით დასჯის ცერემონიალი. ამავე მნიშვნელობითაა ეს სიტყვა ნახმარი ბეჟანის ძმის შემდეგ ნათქვამშიც: “ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც სღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა”.
სიტყვაფორმასარჩობელასმხოლოდ ვიწრო გაგება აქვს, მოთხრობის სათაურად არჩეულ თანდებულიან ფორმაში - “სარჩობელაზედკი მწერალმა ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობა ჩააქსოვა და მასში ნაგულისხმევი სამარცხვინო პროცესის რეალური არსი დაგვანახა. ილიას აინტერესებს ის, რაც მოხდა არა მხოლოდ სახრჩობელაზე, არამედ სახრჩობელასთანახალგზრდა ყმაწვილი სიკვდილით დასაჯეს. ერთადერთი ახლობლის დაღუპვამ, ხალხის გულგრილობამ და სეირის მაყურებელთა შორის ნაცნობი მეურმის დანახვამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო მოკლულის ძმა. მაგრამ სახრჩობელაზედ მხოლოდ მათი ტრაგედია არ დატრიალებულა. ამ სამარცხვინო სანახაობაზე დასწრებით იქ შეკრებილმა ხალხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზნეობრივი დაკნინებისაკენ , რაც მწერალმა თვალნათლივ დაგვანახა პეტრეს უკეთური გულისთქმების ჩვენებით. ყველაფერი ეს მოხდა სახრჩობელასთან და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მწერალმა სწორედ ეს სიტყვაფორმა აირჩია მოთხრობის სათაურად.

4 comments:

  1. თქვენი აზრი დამიწერეთ მკლედ სარჩობელაზად ის შესახებ

    ReplyDelete
  2. ჩვენი ბებერი პეტრეც შუაში იყო. თუ ასე არ გავიგებთ, ამ ნაწარმოებს აზრი არა აქვს.

    ReplyDelete
  3. მთავარი სათქმელი მოკლედ შეგიძლიათ გადმიმცეთ?

    ReplyDelete
  4. შეგიძლიათ პეტრეს დახასიათება დაზეროთ?

    ReplyDelete