მაია ნინიძე. რეალური კომენტარი თანამედროვე აკადემიურ გამოცემაში (გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობისა და აკაკი წერეთლის პოეზიის მაგალითზე)

აკადემიურ გამოცემაში, რა ტიპის მასალასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე  - მხატვრულთან თუ დოკუმენტურთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტისთვის დართულ რეალურ კომენტარს. იგი განმარტავს მკითხველისათვის გაუგებარ ფრაზებს, ეხმარება მათ სწორ ინტერპრეტირებასა და ადეკვატურ აღქმაში. რეალური კომენტარი განთავსებულია სამეცნიერო აპარატში და, იმისათვის, რომ იგი იოლი მოსახმარი იყოს, ტექსტიდან გამოტანილ განსამარტ ფრაზას მიწერილი აქვს გვერდისა და ბწკარის ნომერი.
თანამედროვე მეცნიერს რეალური კომენტარის გაკეთებაში დიდი დახმარება შეიძლება გაუწიოს საინფორმაციო ტექნოლოგიებმა. მზა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, რომ ადამიანმა საჭირო ინფორმაცია მოიძიოს ინტერნეტიდან, არ არსებობს. თანამედროვე ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად მიმართავენ ვიკიპედიას, რომელსაც ზოგჯერ კარგი საწყისი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მაგრამ აკადემიური გამოცემის სამეცნიერო აპარატის მომზადებისას მხოლოდ მასზე დაყრდნობა, სხვა წყაროებთან გადაუმოწმებლად, სასურველი არ არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ვიკიპედიაში მასალის ატვირთვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამის სურვილი, დრო და შესაბამისი ტექნოლოგიების ( IST ) თუნდაც მინიმალური ცოდნა აქვს. ინფორმაციის მოსაძიებლად არათუ ვიკიპედიის, ზოგჯერ სოციალური ფორუმების გამოყენებაც კი შეიძლება, მაგრამ მხოლოდ საწყის ეტაპზე, იმის გასარკვევად, თუ სად შეიძლება ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო მასალის ის წყარო, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ.
ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის კომენტირებისას ძალიან დიდი დახმარება გამიწია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ატვირთულმა საგვარეულო ნუსხებმა, რომელთა მიხედვითაც გავარკვიე გრიგოლ ორბელიანის პირადი წერილების ადრესატებისა და მათში მოხსენიებული სხვადასხვა პირების ნათესაური კავშირები. კერძოდ, ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლის - სალომე იოანეს ასულ ორბელიანისა - და გრიგოლ ზურაბის ძე ორბელიანის პაპები - დავითი და ნიკოლოზი - ძმები იყვნენ, რომ გიორგი ივანეს ძე ავალიშვილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის დედის - მაია ივანეს ასული ავალიშვილის - ძმა, რომ მიხაკო ქაიხოსროს ძე ორბელიანი იყო გრიგოლის ბიძაშვილიშვილი, რომ ივანე იოსების ძე სიმონიჩს ცოლად ჰყავდა ანა ოთარის ასული ამილახვარი და მისი გერი იყო სოფიო ივანეს ასული ორბელიანი, რომელზედაც ბავშვობიდან იყო დანიშნული გრიგოლ ორბელიანი და სხვ. ამ პირებთან გრიგოლ ორბელიანის კავშირის გარკვევის გარეშე წერილების არაერთი ადგილი მკითხველისათვის გაუგებარი დარჩებოდა.
საგვარეულო ნუსხებიდან გაირკვა ისიც, რომ ორბელიანის წერილებში ნახსენებიტატოყოველთვის მისი ძმისწული ნიკოლოზ ბარათაშვილი არ არის. ამ საალერსო სახელს უწოდებდნენ გრიგოლის ბიძაშვილ ანტონ ორბელიანსაც და ზოგ წერილში სწორედ ის იგულისხმება.
რუსული ელექტრონული ბაზები ძალიან მდიდარია XIX საუკუნის ისტორიული მასალებით. მათი მეშვეობით მოხერხდა ინფორმაციის მოპოვება გრიგოლ ორბელიანის წერილებში ნახსენები არაერთი ისტორიული ფაქტის, რეალიის თუ სამხედრო პირის შესახებ. მაგალითად, ამ წყაროების გარეშე გაგვიჭირდებოდა იმის გარკვევა, თუ რას გულისხმობს გრიგოლი ფრაზაშიარენდაზედ წარმადგინონ”. აღმოჩნდა, რომ მე-19 საუკუნიდან ოფიცერთა წასახალისებლად რუსეთის არმიაში, მედლების გვერდით, შემოვიდა დაჯილდოვების მატერიალური ფორმაც. ეს იყო ფასიანი საჩუქრები, ფული და არენდა. პოლკოვნიკებს ექვსწლიანი არენდით აძლევდნენ მიწებს (პოლონეთის ტერიტორიაზე), რომელთა წლიური შემოსავალი იყო 5 ათასი ოქროს მონეტა. გრიგოლი პოლკოვნიკი გახდა 1846 წლის 14 იანვარს და ამ ბარათის წერისას მას კანონით შეეძლო ამგვარი ჯილდოს მიღება.
პეტერბურგში ყოფნის პერიოდის შესახებ წერისას გრიგოლ ორბელიანი ახსენებს სხვადასხვა სპექტაკლს  «Киа-кинг», «Поражение безбожника», «Горе от ума»», «Севильский цырульник», «Волшебный стрелок» და სხვ. რომელთა შესახებაც ინფორმაცია ასევე რუსულ საიტებზე მოვიძიეთ.
ამ მდიდარი საინფორმაციო ბაზების გამოყენებისას ხელს მიშლიდა ერთადერთი რამ - შეუსაბამობები ქართულ და რუსულ დაწერილობებში. პირთა სახელები, გვარები და ტოპონიმები რუსულად და ქართულად ხშირად სხვადასხვაგვარად გამოითქმის. გრიგოლ ორბელიანის წერილების კომენტირებისას ზოგჯერ ალღოთი თუ ვხვდებოდი, რომელი გეოგრაფიული სახელი იგულისხმებოდა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ან როგორ შეიძლებოდა დაწერილიყო ის რუსულად. კავკასიური საკუთარი სახელებიდან და ტოპონიმებიდანრუსულში ზოგჯერ г- გადადის ჰოცცო - Гоццо, ჰაჯიოვი – гаджиев, ჰუწათლი – Гоцатль, ჰარუმბეგი – Гарунбек, ზოგჯერ კი საერთოდ იკარგება, მაგ. ჰარახთოუ – Арахтау, აჰყოშა - Акуша.
ასოებიდარუსულში გადადის “к”-, მაგრამ, ამას გარდა, გეოგრაფიულ სახელებში გვხვდება გაუთვალისწინებელი დამატებითი ცვლილებებიც, განსაკუთრებით ხმოვნების ჩანაცვლება: ჩერქეი - Чиркей, შაქი - Шеки, ქობაჩი - Кубачи, ჭირყატი – Черката, ყულიცმა – Кулецма, ყოროდა – Куруда, უნჭუყათი - Унчукатль, ყუტყაშინი – Куткашен, ყარახი – Курах. ასორუსულში გადადის “г”-, მაგ. ღერნშტენცვეიბ – Герштенцвейг, კოღორი Кегер, ღაიდენი – Гейден, ნოღები – Ногайцы, მაგრამ ზოგჯერ “г”- იცვლება ასო”-, მაგ. ხოლოტლი – Голотль,  და “к”- იცვლება ასო”, მაგ. ჩაღგირეი  –Чахкер, ბუინაღი - Буйнак, რაც კავკასიური და რუსული ენების ფონეტიკური შესატყვისობის ზოგადი კანონზომიერებით არ არის ნაკარნახევი.
ასოგადადის “т”-, მაგრამ ამასაც თან ახლავს ხმოვანთა გაუთვალისწინებელი ცვლილებები, მაგ. თარკო – Тарки, ბურთანაი -  Буртунай. გვხვდება სრულიად უცნაური შესატყვისობები, მაგ.  ტონუსი – Танус, ანსატლი Анкратл, შობოტა - Шотота,  მენდი – Менде, სალათაუ – Салатавия, ალლუაი – Уллуая, ყაზანიჯი – Казанище,  რუღჯაბი -  Ругуджа, გვარების დაწერილობაში კი ორბელიანთან ხშირია შემთხვევითი უზუსტობებიც: კაზლაინოვი – Козлянинов, ვასილიცკი – Веселицкий, ჯამობეგ   – Джамов-бек, რეინკამф – Ренненкампф. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი და იგივე პირის სახელი ქართულ წყაროებშივე სხვადასხვაგვარად იკითხება, მაგ. ღაკი - ჰაკე.
ეს შეუსატყვისობები მნიშვნელოვან სირთულეებს მიქმნიდა კომენტირებისას, მაგრამ აქაც საბოლოო მიზნის მიღწევაში მეხმარებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც საშუალება მქონდა, სწრაფად გადამემოწმებინა ყველა შესაძლო დაწერილობა. კომპიუტერი და ინტერნეტი დიდ დახმარებას გვიწევს მაშინაც, როდესაც ავტოგრაფიდან ჭირს საკუთარი სახელის იდენტიფიცირება. ზოგადად, ხელნაწერის ამოკითხვისას დიდ როლს თამაშობს ინტუიცია, მაგრამ როცა საქმე უცნობ საკუთარ სახელებს ეხება, ალღო ვეღარ გვშველის და საჭირო ხდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმება.
ბევრი ძიება და ფიქრი დასჭირდა გრიგოლის ერთ-ერთი რუსული წერილის ადრესატის გვარის დადგენას. ავტოგრაფის მიხედვით ამოკითხულ იქნა გენერალი Грумлев, მაგრამ ვერავითარ ინფორმაციას ასეთ პიროვნებაზე ვერ მივაკვლიე. რამდენადაც ვიცოდი, რომ ავტოგრაფი გაკრული ხელით იყო ნაწერი, დავუფიქრდი, რომელი ასოს, ან ასოების ამოკითხვაში შეიძლებოდა დაგვეშვა შეცდომა და რომელი ასოები ჰგავს ერთმანეთს გადაბმული წერის დროს. ერთ-ერთი ვერსიის - Брусилов-ის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ეს პიროვნება გრიგოლის სხვა წერილშიც იყო ნახსენები და ინფორმაცია, რაც მის შესახებ უკვე გვქონდა, ზუსტად მიესადაგებოდა  განსახილველი წერილის შინაარსს.
რუსულ ენაზე დაწერილ ორ სხვადასხვა ბარათში ორბელიანს მოჰყავს პუშკინის ერთი და იგივე ციტატა, მაგრამ ტექსტის დაზიანების გამო ორივე წერილიდან ერთად შესაძლო გახდა სულ სამიოდე სიტყვის ამოკითხვა. მიუხედავად ამისა, ესეც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ საძიებო სისტემის გამოყენებით მეპოვა საჭირო ციტატა. იგი ისე ზუსტად ესადაგება კონტექსტს, რომ მისი იდენტიფიცირების სისწორე ეჭვს არ იწვევს. ტექსტმა ასეთი სახე მიიღო:
Я забыл вам сказать, что я уже давно ротовый командир и выезжая к помещикам говорю стих Пушкина:
[И вот из ближнего посада
Созревших барышень кумир,
Уездных матушек отрада,
Приехал ротный командир].
საძიებო სისტემები რომ არა, ვერ შევძლებდით იმის ახსნას, თუ რას გულისხმობდა გრიგოლ ორბელიანი ფრაზაში: “სტაროვსავით არ დაიმალები.” 1850 წლის 14 ივლისს ყვარელს თავს დაესხა ლეკების ხუთასკაციანი რაზმი. ილია ჭავჭავაძის მამის - გრიგოლისა - და პროპორშჩიკ დავით ჭავჭავაძის მეთაურობით სოფლის მკვიდრთ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს, გარეკეს ისინი და ნადავლიც დაატოვებინეს. ჭავჭავაძეების გმირობის შესახებ მეფისნაცვალ ვორონცოვს საგანგებოდ აცნობა ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსმა ბებუთოვმა, რომელიც თავის მოხსენებაში, ამასთანავე, აღნიშნავდა ყვარლის გამაგრებული ციხის უფროსის, პოდპოლკოვნიკი სტაროვის, შეუფერებელ საქციელს, რომელიც ყვარლის მოსახლეობას არც თავად მიშველებია თავდამსხმელთა მოგერიებაში და არც მილიციის ასეულის უფროს ლუარსაბ ვაჩნაძისთვის მიუცია დახმარების უფლება. ინტერნეტში განთავსებულმა ამ ინფორმაციამ საშუალება მომცა, რომ კომენტარი გამეკეთებინა ციტირებული ფრაზისთვის.
ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება სხვა უცხოენოვანი ბაზების გამოყენებაც. მაგალითად, ორბელიანისეული ფრაზის - “მიწის ძვრამ ეგ გაუშო და ლისსაბონი ჩაყლაპა” - კომენტირებისათვის მასალა აღმოჩნდა ინგლისურენოვან საიტებზე. გაირკვა, რომ წერილში ნაგულისხმევი უნდა იყოს ლისაბონის დიდი მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1755 წლის 1 ნოემბერს და რომელმაც მიწასთან გაასწორა ქალაქი.
კომენტირებისას ძალზე მნიშვნელოვანია მასალის ურთიერთშეჯერება და ერთობლივი ანალიზი, რომლის დროსაც ხდება ზოგადი ინფორმაციის შევსება. მაგალითად, როდესაც ერთ წერილში რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში პირი მოხსენიებულია სახელით, მეორეგან კი, ზუსტად იმავე კონტექსტში - გვარით, ჩვენ უკვე ამ პირის შესახებ უფრო სრული ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად, ჯოხაძეებით დასახლებული მამულის მყიდველად ორბელიანის ერთ წერილში ნახსენებია ანდრონიკაშვილი, სხვაში კი - იასე. ეს ორი ინფორმაცია ერთიანდება და უკავშირდება ერთ პიროვნებას - იასე ანდრონიკაშვილს. ამგვარი ანალიზის სისწორეს ადასტურებს მესამე წერილი, სადაც ეს სახელი და გვარი მსგავს კონტექსტში უკვე ერთად არის მოხსენიებული: “ერთი წიგნიც მისწერე იასეს ენდრონიკოვს.”
არ შეიძლება, რომ ორი კომენტარი, ან კომენტარი და დათარიღება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. ამ დროს რაღაც ახალი გამოსავლის ძიებაა საჭირო. მსგავს შემთხვევასთან მქონდა საქმე, როდესაც გრიგოლ ორბელიანის დედის გარდაცვალების შემდგომ წლებში მწერლის მიერ დაწერილ სამ წერილში, რომლებსაც იგი მამისეულ სახლში უგზავნიდა თავის ძმა ზაქარიას, მოკითხვას უთვლიდა დედას: “დედა დედაშვილურად მომიკითხ.” ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა ამის უკომენტაროდ დატოვება, ან იმის მტკიცება, რომ აქ მისი ღვიძლი დედა იგულისხმებოდა. კონტექსტიდან გამომდინარე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ აქ პოეტის ძიძაზე უნდა იყოს საუბარი.
მსგავსი შემთხვევა მქონდა ყაფლან ორბელიანისადმი გრიგოლის მიერ გაგზავნილ ერთ წერილთან დაკავშირებითაც. ავტოგრაფის მიხედვით, იგი თითქოს 1841 წლით დათარიღებული ჩანდა. ეს თარიღი ეწერა ზუგდიდის მუზეუმის შრომების პირველ ტომშიც, მაგრამ დამაეჭვა ტექსტის ერთმა აბზაცმა, სადაც წერია: “ძალუა ვარინკა მოდის; მოსკოვიდამ გუშინ გამოვიდოდა, თბილისში მოვა ორს-სამს კათათვესა, და ახლა აქ წავკისს ვაკონკებ სადგომსა, მაგრამ მაინც კი ვიქნებით ვიწროდ.” ვარინკა გრიგოლის VI თაობის ნათესავის - დიმიტრი თამაზის ძე ორბელიანის - ცოლს, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილ ბარბარე (იგივე ვარვარა, ვარენკა) ბაგრატის ასულ ბაგრატიონს (1804-1879) ერქვა და წერილში შეიძლებოდა ის გვეგულისხმა, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რატომ უნდა ეზრუნა მის წავკისში დაბინავებაზე გრიგოლს, როდესაც ამ ქალბატონს ოჯახის წევრები და გრიგოლზე ბევრად უფრო ახლო ნათესავებიც ჰყავდა.
ავტოგრაფისეული დათარიღების გამო ციტირებულ ფრაზას ვერ დავაკავშირებდით გრიგოლის ძმის - ილია ორბელიანის - მეუღლე ბარბარესთან, რადგან ილიამ და მან 1852 წელს იქორწინეს (მანამდე გრიგოლი ძალუად ვერ მოიხსენიებდა) და 1841 წელს, თუ წერილი ამ დროს იყო დაწერილი, მხოლოდ 10 წლის იყო. ავტორისეული თარიღი რომ არა, კონტექსტი ყველანაირად შეესაბამებოდა სწორედ ამ პიროვნებას. მას ქმარი ადრე გარდაეცვალა და გრიგოლი ყოველმხრივ ზრუნავდა თავის რძალზე. იმ გარემოებამ, რომ გაჩნდა წინააღმდეგობა წერილში მოხსენიებულ პირსა და დათარიღებას შორის, გვაიძულა ყველაფერი ხელახლა გადაგვემოწმებინა და აღმოჩნდა, რომ გრიგოლის მიერ დაწერილი ციფრი 7 ძალიან ჰგავს 4- და სოლომონ ცაიშვილმა (რომელმაც ეს წერილი სხვა 23 წერილთან ერთად გამოაქვეყნა ზუგდიდის მუზეუმის შრომების I ტომში 1947 წელს) ის არასწორად ამოიკითხა. წერილის თარიღია არა 1841, არამედ 1871 და მასში ნახსენები პიროვნება გრიგოლის გარდაცვლილი ძმის - ილიას -  ცოლი ბარბარე ბაგრატიონ-ორბელიანია. ხელნაწერის გადამოწმება და მისი სწორი ამოკითხვა პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ქეთევან გიგაშვილის, დამსახურებაა.
კომპიუტერული ტექნოლოგიები და ციფრული ბაზები ბევრად უფრო აიოლებს ქართველ კლასიკოსთა პოეზიის ცალკეული, მნიშვნელოვანი ფრაზების და ციტირებების კომენტირებასაც. მოვიხმობ მაგალითებს აკაკი წერეთლის პოეზიიდან. 1899 წელს დაწერილ ლექსშიახირებული სტუმრობა" (.2, გვ. 380), არის ასეთი ტაეპები: რა უნდა უთხრას ქართველმა / შემოხიზნულსა ვანელსა?!" და ჩაჰკიდა ხელი ყველაფერს... /ეს ჩემი იყო ყველაო". მათი კომენტირებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაცია: ვანი იყო ურარტუს დედაქალაქი, რომლის ლურსმული წარწერები ეკუთვნის ასურელთა ეპოქას, სომხები კი არმენიაში უფრო გვიან, აქემენიდების დროიდან მოვიდნენ. ამიტომ იმის დასამტკიცებლად, რომ ვანის ლურსმული წარწერები მათი აქ მოსვლის შემდეგ შეიქმნა და მათი კულტურის ნაწილია, სომეხი მეცნიერები ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ წარწერები გვიანდელი - აქემენიდების დროინდელია. ამ მიზნით სომხურ ჟურნალარარატში" გამოსაქვეყნებლად ლურსმულ წარწერას ისე შეუცვალეს სახე, რომ აქემენიდების დროინდელს დამსგავსებოდა. ლექსში ვანის ტერიტორიაზე გვიან შემოხიზნულ და უსაფუძვლო პრეტენზიების მქონე ამ ხალხზეა საუბარი.
ამავე ლექსში არის ასეთი ფრაზა: ამაში მოწმეც ბევრი მყავს /  შენივე ქვეყნის შვილიო". იმდროინდელ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, აქ უპირველეს ყოვლისა, უნდა იგულისხმებოდეს ნიკო მარი, რომელთანაც ლექსის დაწერამდე ერთი წლით ადრე - 1898 წელს ცხარე პოლემიკა ჰქონდა გამართული აკაკის სწორედ სომხეთისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. „აკაკის კრებულის" #5-ში გამოქვეყნებულ სტატიასისტორიული განხილვა სახელწოდების: არმენის, ჰაიასტანის და სომხეთის". კრებულში „Братская помощь Армянам" დაიბეჭდა მარის წერილი „Отповеди Акакию". აკაკიმ თავისი კრებულის # 7-ში დაწერა: „პროფესორ მარრის საპასუხოდ". მარმა კი გაზეთ «Новое Обозрение»-ში დაბეჭდა „Вместо ответа публицисту поэту».
მნიშვნელოვანია იმის განმარტებაც, თუ რატომ უძღვნა აკაკიმ ეს ლექსი ეზოვს (ეზიანს). გერასიმ არტემის ძე ეზოვი არის ავტორი წიგნისა „Сношения Петра Великого с Армянским Народом", რომელიც ამ ლექსის დაწერის წინა წელს (1898) გამოვიდა და სადაც მიკერძოებულად არის განხილული სომხეთისა და საქართველოს ისტორია. ავტორი ყველაფერში ცდილობს სომეხთა განდიდებას და ქართველთა დაკნინებას. ეს თემა რომ 1899 წელსაც ძალიან აქტუალური იყო, ამას ისიც მოწმობს, რომ სწორედ ამ წელს პირველად დაბეჭდილ თავის ნარკვევქვათა ღაღადში" ილია ჭავჭავაძემ ეზოვის ხსენებული წიგნის კრიტკას თექვსმეტი გვერდი დაუთმო.
ლექსისარაბი ფაშა" (. 2, გვ. 439) ფრაზების: „გაბრიყვდა არაბი-ფაშა" და  სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა". გასაგებად მკითხველს გამოადგება შემდეგი ინფორმაცია: არაბი ფაშას აჯანყება თურქული მმართველობის წინააღმდეგ წაახალისა ინგლისმა, რომელსაც თავად უნდოდა ეგვიპტის კოლონიზაცია. მან არაბი ფაშას” (Ораби Паша) ხელით განდევნა ეგვიპტიდან თურქების მმართველობა და შემდეგ თავად დაიპყრო იგი. ამავე ლექსის ფრაზაში: „უსამართლობა წინ მიდის / კანონიერის გზებითა: / სრული უფლება ეძლევა / სხვადასხვა კონგრესებითა." სავარაუდოდ, იგულისხმება 1878 წლის ბერლინის კონგრესი, რომელიც მოიწვიეს დიდმა ბრიტანეთმა და ავსტია-უნგრეთმა 1878 წლის სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულების გადასახედად და რომელმაც ფაქტობრივად სანქცია მისცა ოკუპაციების იმ ტალღას, რომელიც მას მოჰყვა. მათ შორის, ინგლისის მიერ ეგვიპტის კოლონიზაციას. ასეთი კომენტარების გარეშე მკითხველისათვის გაუგებარი რჩება ლექსის სათქმელი და თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა ცალცალკე უნდა ეძიოს ეს ინფორმაცია.
ვფიქრობთ, ლექსისვარდის" ხმაზედ" (. 1, 141) ავტორისეული ჩანაფიქრის აღსაქმელად მკითხველისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ  ანა მუსხელიშვილისა, ვისაც უძღვნა აკაკიმ ეს ლექსი იყო პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილისა ხშირად სტუმრობდა იოსებ მამაცაშვილის სალონს (აქ გამოიკვეთა წერა-კითხვის საზოგადოების ჩამოყალიბების იდეა) და აქტიურად იყო ჩაბმული მე-19 საუკუნის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი მხარში ედგა იაკობ გოგებაშვილს საგანმანათლებლო საქმეებში და 1871 წელს, ანუ იმ წელს, როდესაც აკაკიმ მიუძღვნა ეს ლექსი, დიდი მამულიშვილური საქმე წამოიწყო - ახალციხეში, ნაქირავებ სახლში დააარსა ქალთა უფასო სკოლა და თავად დაიწყო იქ მასწავლებლობა. ამ კომენტარის შემდეგ მკითხველისთვის იოლი გასაგები იქნება ადრესატისადმი პატივისცემა, რომელიც ლექსშივარდის" ხმაზედ" აშკარად ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რატომ გახდა სწორედ ანასადმი მიძღვნილ ლექსში განსახილველისიმართლისათვის მსახურების" თემა და რაზე მიანიშნებს სიტყვები: „გამიქვავდეს მაშინ ენა, / თუ რომ ვინმეს მივეფერო" “და მაინც არ აღვიარებ / შავს თეთრად და თეთრსა შავად”. ანას მამამ - ბესარიონ ღოღობერიძემ, რომელიც თავდაპირველად სამოციანელების თანამოაზრე იყო, სწორედ 1871 წელს, ამ ლექსის დაწერის წელს, როდესაც საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის იმპერატორი, უღალატა მათ და მხარი დაუჭირა მეფისათვის არა უნივერსიტეტის, არამედ კადეტთა კორპუსის გახსნის თხოვნას. ილია ჭავჭავაძემ ბესარიონ ღოღობერიძე ამ ფაქტის გამო თავისგამოცანებში" “ქვემძრომ ხვლიკადმოიხსენია (თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბესარიონ ღოღობერიძემ თავისი შემდგომი მოღვაწეობით მისივე დიდი დაფასება და პატივისცემა დაიმსახურა). აკაკიმ ანასთან პოეტური გასაუბრებით მისი მამის მიერ გადადგმული ნაბიჯი ვიღაცისთვის საამებლად სიმართლის წინააღმდეგ გამოსვლად შეაფასა და ერთგვარად შესჩივლა მას, როგორც ახლობელს.
საინტერესოა ლექსის სათაურში ვარდისგანმარტებაც. იგი ბრჭყალებშია ჩასმული და, ვფიქრობთ, უნდა მიგვანიშნებდეს სასიმღერო ლექსის სათაურზე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი მინაწერიდან ვიგებთ: “ვარდი და ბულბულილექსია სამღერალო, რუსულიდამ თარგმნილი -ის ჭავჭავაძისაგან". დღემდე საკამათოდ რჩება, ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა ეს ლექსი რუსულიდან თუ რუსმა მწერალმა ოდოევსკიმალექსანდრე ჭავჭავაძისგან, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ლექსს (იგი განსხვავებული სათაურითაც გვხვდება - “მაისის ვარდმან”) ბულბულისა და ვარდის ერთგვარი დიალოგის სახე აქვს და სავსებით შეიძლებოდა, რომ მასში "ვარდის" ნათქვამისთვის მწერალს ვარდის ხმა" ეწოდებია და მის გამოხმაურებად დაეწერა ეს ლექსი. სასიმღერო ლექსის მიხედვით, ბულბულს, რომელიც თავგამოდებული უმტკიცებს ვარდს თავის სიყვარულს, ვარდი არ უჯერებს და გამოთქვამს მისი გრძნობისადმი უნდობლობას. ოდოევსკისთან ვარდი ეუბნება ბულბულს: Зачем мне слушать? Слишком громко /Поешь ты про свою любовь. ჭავჭავაძესთან კი ვარდი ბულბულის მრავალსიტყვაობას მის სიმთვრალეს მიაწერს და ეუბნება: შეიმცერ ცრემლთა მრავლობა, / და ვალალებით გალობა / ნიავმან გბეროს, გაგიქროს - / თუ არ სახმილი, - მთვრალობა". შესაბამისად, ვარდის ხმის ხსენება აკაკის ლექსში იმაზე მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ პოეტს არ სწამს იმისი გრძნობის გულწრფელობა, ვისაც ეკამათება (ბესარიონ ღოღობერიძის). ვარდისადმი ბულბულის უპასუხისმგებლოდამოკიდებულების თემა გააგრძელა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავის ლექსში ბულბული ვარდზედ”, სადაც ვარდის ჩამოფურცვლაში ბულბული თავს იდანაშაულებს: “მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას: მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!" ამდენად ეს სახეები და ვარდისა და ბულბულის, აღმოსავლური სტერეოტიპისაგან განსხვავებული, ეს მოტივი საკმაოდ გავრცელებული იყო მე-19 საუკუნეში და მასზე ალუზია თანამედროვეთათვის იოლი აღსაქმელი იქნებოდა.
ლექსებში "მგოსანი" (. 2, 384, 551), “გედი” (.2, გვ 198, 499) და მწუხრი” (.2, 258) “ანდერძი” (.2, 274, 526) გვხვდება ერთი და იგივე სიტყვა - ზევსური: “ზევსური მისი უტყუარია”, “საამქვეყნო ზარია, / საიმქვეყნო ზევსური”, “ტკბილ-ზევსური, მწარე ზარიდა შაშვმა მისტვინოს ზევსურირომელსაც პროფესორმა მერაბ ღაღანიძემ ძალიან საინტერესო ვრცელი წერილი უძღვნაზევსური" აკაკის პოეზიაში". მისი აზრით, „ზევსური" ღმრთაებისადმი მიმართული ზეციური მიზანსწრაფვის საგალობელია, რომელშიც სამყაროს მთლიანობა და განუყოფლობაა ასახული. ტომის მომმზადებელი იზიარებს ამ მოსაზრებას თუ არა, ამ სიტყვის უკომენტაროდ დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან იგი მკითხველთა ძალიან დიდი ნაწილისთვის გაუგებარი იქნება.
ლექსში პატარძალი” (. 2, 94, 455) მკითხველისთვის ასახსნელია, რას ნიშნავს სათაურის ქვეშ მინაწერი სოლომანის ნაამბობი”, ვინ არის ეს სოლომანი, ვინ იგულისხმება ბატონში”, რომელმაც პატარძალი ერთმორწმუნე ძლიერ ცხრამთაგადაღმელსმიათხოვა, ენდო მის ფიცს და მწარედ მოტყუვდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლექსი 1883 წელს არის დაწერილი, გიორგიევსკის ტრაქტატის 100 წლისთავზე.
ლექსშისაშა ბეჟანის ძის წერეთლის ეპიტაფია" განმარტება სჭირდება ფრაზასიქ დამხვდა ლიტა ელვარე" (. 2, 375, 548). საუბარია სასუფეველზე, სადაც უკვე განისვენებდა ამ ბავშვის გარდაცვლილი პატარა და ივლიტალიტა.
ლექსში გამოცანა განსამარტავია ფრაზა "და ტროადელის გმირისა ვის ჰქვიან სახელი?” - ტროელ გმირში იგულისხმება ძველი ბერძნული მითოსური პერსონაჟი, პილოსის მეფე ნესტორი, რომლის მჭევრმეტყველებამაც დიდი როლი ითამაშა ტროელებზე ბერძნების გამარჯვებაში,Oის პიროვნება კი ვისაც ამ გმირის სახელი ერქვა, იყო ნესტორ წერეთელი.
ლექსში ენების გასამართლებაგანმარტებას მოითხოვს ფრაზა: “ვაი, გავკოტრდი, კრეზივით მე ერთ დღეს გამდიდრებული” - საუბარია ლიდიის უკანასკნელ მეფეზე, რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი სამფლობელოები და იმდენად გამდიდრდა, რომ მისი სახელი მდიდარი ადამიანის სინონიმადაც კი იქცა.
ტაეპში მტრის ღალატს არ შეუშინდა არც ბეჟან” - საუბარია ირანელი პოეტის - ფირდოუსის ეპოსის - “შაჰნამესერთი ეპიზოდის პოპულარულ ფოლკლორულ ვერსიაზე, ბეჟანისა და მანიჟეს (მანიჟავის) სამიჯნურო თავგადასავალზე, რომელიც ცნობილია ბეჟანიანისსახელით. მტერში იგულისხმება გურგინ მილადი, რომელმაც შურის გამო ბეჟანის თავიდან მოშორება განიზრახა და თურანელთა ქვეყანაში შეიტყუა იგი.
ლექსში ნინოობას” (.2, გვ. 197) კომენტარი სჭირდება ფრაზას: “სადღაა ჯვარი ვაზისა... დასდუმდა მისი ტროპარიც” - წმინდა ნინოს ჯვარი ამ ლექსის დაწერის დროს – 1891 წელს - თბილისის სიონის ტაძარში იყო დაბრძანებული. მართალია, მანამდე ის ქართველებმა თავად გაიტანეს რუსეთში და ვახტანგ VI-ის შთამომავლებმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I- უძღვნეს, მაგრამ ამ უკანასკნელის ნებით ის მომდევნო, 1802 წელსვე დააბრუნეს საქართველოში (ტროპარი მოკლე სადღესასწაულო საგალობელია, რომელიც იმ დროს რუსულად სრულდებოდა).
თუ გავითვალისწინებთ ამავე ლექსის მეორე ფრაზას: “ვის ხელში არის საფლავი ნინო მოციქულთ სწორისა?” და ამავე სათაურის მეორე ლექსის მსგავსი შინაარსის ტაეპებს: “წმინდა საფლავიც და ჯვარიც / დავკარგეთ!.. სხვების ხელშია!.." (.2, 378) შესაძლოა ვიფიქროთ, რომ აკაკი წერეთელს სჯეროდა გავრცელებული ხმების, რომ წმინდა ნინოს ჯვარი და საფლავი რუსეთში იყო გადატანილი, სიონში კი ჯვრის ასლი იყო დასვენებული. შესაძლოა ეს ხმები გამოიწვია საქართველოს სიწმინდეების მასობრივმა გატანამ ქვეყნიდან და იმ ცნობილმა ფაქტმა, რომ 1817-1821 წლებში საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა წმინდა ნინოს საფლავი გათხარა და იქვე საფლავთან აღმოხდა სული. (იხ. Дурново Н.И. Церк. вопросы в России. Браила, 1896) მეორე მხრივ, შესაძლოა მწერალი იმაზედაც მიგვანიშნებდეს, რომ ჩვენსავე ქვეყანაში ჩვენსავე სიწმინდეებს სხვები დაეპატრონნენ.
ლექსში ექსპრომტი" (. 1, გვ. 260) განმარტება სჭირდება ფრაზას: “ვენერას იუნონასთან შემაერთავი ხიდია" – ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით ვენერა სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი იყო, იუნონა კი იუპიტერის ცოლი, ქორწინებისა და შვილიერების დედოფალი. ეს ორი ქალღმერთი მუდმივად ექიშპებოდა ერთმანეთს და, როგორც ჩანს, აკაკის უნდოდა იმაზე მინიშნება, რომ მის მიერ დასახელებული გრიგოლი, ისეთი მოხერხებულია, რომ მუდმივ მოქიშპეებსაც კი მოარიგებს ერთმანეთთან.
ლექსში ხალხური” (გვ. . 2, 203, 501) განსამარტავია ფრაზები: “ქვეყანამ ეთერს შვენებით / თამარი ამჯობინაო, მიუვალ ადგილს, კლდის წვერზე, / მას დაუნიშნა ბინაო”, და მოვიდა, ბოყვას, გაჩერდა, / სადაც ამბობენ თამარსო”. “ეთერიხალხური ეპოსის გმირია, ხალხის ფანტაზიის ნაყოფი და, რა თქმა უნდა, მისი დიდი სიყვარულით შექმნილი, მაგრამ რაჭაში, ისევე, როგორც ზოგადად საქართველოს მთიანეთში, უფრო დიდი სიყვარული იყო თამარ მეფისადმი და მის შესახებ კიდევ უფრო მეტი ლეგენდა იქმნებოდა. სოფელ ბოყვაში, ეგრეთწოდებულ თამარის კლდეზეიყო გამოქვაბულ-სამალავი და ეკლესია, რომლებიც ასევე თამარის სახელს უკავშირდებოდა. ამავე ლექსიდან (გვ. . 2, 203, 501) განსამარტავია ფრაზა: “შვიდასი წელი შორიდან / იმედით უთვალყურაოსაუბარია იმ შვიდას წელზე, რომელიც მე-19 საუკუნეს აშორებდა თამარის ეპოქასთან და რომლის განმავლობაშიც ქართველი ხალხი ამაოდ მოელოდა ისეთივე აყვავების ხანას, როგორც თამარის დროს იყო.
ლექსში ხოლერა განსამარტავია ფრაზა: ზურგზე ეკიდა არძები, / უბეში მარკა ეყარა" (გვ. 209) – აკაკი აქ წერს გლეხზე, რომელსაც ხვნა-თესვა მიუტოვებია და არყით გალეშილა. სიტყვას არზაპოეტი, სავარაუდოდ, განგებ ამახინჯებს და ისე წერს, როგორც ეს გლეხი იტყოდა, მარკებს აკრავდნენ არა მხოლოდ საფოსტო გზავნილებს, არამედ ოფიციალურ დოკუმენტებს. როგორც ჩანს, მწერალს იმაზე მინიშნება უნდა, რომ ამ გლეხს სასამართლოსთან ჰქონდა გაჯანჯლებული საქმეები. სასამართლოში არზა (თხოვნა) რომ შეგეტანა, ზედ სპეციალური, ფასიანი მარკა უნდა დაგეკრა.
ამავე ლექსში განსამარტავია ფრაზა: “საწყალ მრევლს გამოულია / დრამით ძალი და ღონია" (გვ. 211) – სავარაუდოდ, ცენზურისთვის რომ თვალში საცემი არ ყოფილიყო ფულის გამოძალვაზე საუბარი, აკაკი საგანგებოდ ახსენებს ფულის ერთეულს (ვერცხლის მონეტას), რომელიც ძველ საქართველოში იყო გავრცელებული. ამავე ლექსში განსამარტავია ფრაზა: “სწყალობდეთ თითო რუბსაო" (გვ. 213) – აკაკი იუმორით ამახინჯებს იმ დროს გავრცელებული ფულის ერთეულისრუბლის სახელს.
ლექსებში ქართველი უცხოეთშიდა სხვ. (, 2, გვ. 160) ფრაზებში: “მის წინა წარსდგა სკვითელი”, “აჭრელებულხარ სკვითურად” (გვ. 223) “სკვითურ ფეხებზე ჰკიდია” (გვ. 403) – სკვითებში, სავარაუდოდ, რუსები იგულისხმება.
ლექსში ძველი და ახალი წელიწადიგანსამარტავია ფრაზა: “ზედ დაამატა ხოლერა” - ლექსი დაწერილია 1892 წლის ბოლოს. 1892 წელს რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ხოლერა ირანთან მოსაზღვრე რაიონებიდან შემოიჭრა. დაავადების პირველი შემთხვევა 18 მაისს დაფიქსირდა. ეპიდემიამ იფეთქა საქართველოშიც, განსაკუთრებით ქართლში. 1892 წელს სოფელ თამარაშენში ხოლერით გარდაიცვალა ვანო მაჩაბლის რძალი, ვასილ მაჩაბლის მეუღლენინო ვეზირიშვილი-მაჩაბლისა. სულ იმპერიის ფარგლებში დაავადდა 620 ათასი და გარდაიცვალა 300 ათასი ადამიანი.
ლექსში თემურ ლენგის ტყვეგანსამარტავია, რომელი ბაგრატი იგულისხმება ფრაზებში: “და ის ხმა ტყვედქმნილს ბაგრატსაც / მოესმა ღვთისა განგებითდა მოესმა: “ბაგრატ, გახსოვდეს” (გვ.238). ეს არის საქართველოს მეფე ბაგრატ V (ბაგრატ დიდად წოდებული, 1360-1393). 1386 წელს, როდესაც შუააზიელმა მხედართმთავარმა თემურ ლენგმა აიღო თბილისი, უამრავ ადამიანთან ერთად ტყვედ წაიყვანა მეფე-დედოფალი და უფლისწული დავითი. ბაგრატი იძულებული გახდა სარწმუნოება გამოეცვალა, რომ თემურ ლენგი მის ერთგულებაში დაერწმუნებია, მაგრამ, როდესაც იგი 12-ათასიანი არმიით საქართველოში გამოუშვეს ისლამის გასავრცელებლად, ამის შესახებ ფარულად აცნობა აქ დარჩენილ თავის ვაჟსშემდგომში მეფე გიორგი VII-. უფლისწულს საშუალება მიეცა, რომ მომხვდურებს ჩასაფრებოდა, მოულოდნელად დასხმოდა თავს და ბაგრატის დახმარებით დაემარცხებია ისინი.
ლექსში ქუთაისი” (გვ. 243) განსამარტავია ფრაზა: “აგონდება ოქროს კრავი... არგო, ფრთხილად მომცურავი” - ანტიკური წყაროებით, ქუთაისი (აია, ქუთაია) იყო ძველი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი. ამიტომ იხსენიებს პოეტი კოლხეთის მეფისაიეტის ოქროს ვერძს და ხომალდ არგოს”, რომლითაც გაიტაცა იაზონმა მედეა და ეს ვერძი.
ლექსი გამოცანები” (.2, 247, 518) კონკრეტულ პიროვნებებს ეძღვნება, რომელთა ფოტოებიც ჟურნალ კვალშიტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. ტომში მითითებულია, რომ ესენი არიან: ილია ჭავჭავაძე, დავით მუსხელიშვილი, დავით სუმბათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ნიკო (კოლა) ორბელიანი, გიორგი თარხნიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, . ჩოლოყაშვილი, . მაჩაბელი და ივანე მაჩაბელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოცანების ადრესატები, თითქმის ყველა, ბანკთან არიან დაკავშირებულნი, მეორე გამოცანის ადრესატი არტილერიის გენერალი დიმიტრი მუსხელიშვილი უნდა იყოს, რომელიც ბანკის საკითხებში აქტიურად უჭერდა მხარს ივანე მაჩაბელს და ერთხელ ილია ჭავჭავაძის ენამახვილური კრიტიკაც დაიმსახურა. ამის შესახებ საინტერესო მოგონება აქვს ექვთიმე თაყაიშვილს. დავით ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი 1879-82 წლებში იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი, მოგვიანებით, 1897 წელს კითბილისის მომრიგებელი მოსამართლე გახდა. იურისტი ნიკოლოზ (კოლა) ვახტანგის ძე ორბელიანი (1845-1925) აქტიურად იყო ჩაბმული ბანკის საკითხებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში მაჩაბლის მხარეს და ყრილობაზე ერთხელ ხანჯლითაც კი გაიწია მოწინააღმდეგეზე. გიორგი თარხნიშვილი იყო მაჩაბლის გადადგომის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მოადგილე სათავადაზნაურო ბანკში. ალექსანდრე ჩოლოყაშვილი იყო სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრი და ქალაქის საბჭოს (დუმის) დეპუტატი.  მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო ვანო მაჩაბლის მეგობარი და ბანკის გამგეობის წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საბანკო დაპირისპირებაში.
ლექსში ნეიტრალი” (.2, გვ. 264) ფრაზის: “ერთს ის ვუთხარ, მეორეს ეს, .../ბისმარკივით გამოვძვერი" კომენტარში საჭიროა აღინიშნოს, რომ გერმანიის პირველი რაიხს კანცლერი, ცნობილი პოლიტიკოსი და დიპლომატი ოტო ფონ ბისმარკი ხშირად ეწეოდა ორმხრივ პოლიტიკას.
ლექსის ქრისტე აღდგა” (.2, გვ. 268) კომენტარებში აღსანიშნია, რომ მასში მარკოზის სახარების მე-16 თავის შინაარსია გადმოცემული და ისიც, თუ ვინ იგულისხმება მარიამ იაკობისაში”. სახარების კომენტატორებისიოანე ოქროპირისა და თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, მარიამ იაკობისი ღვთისმშობელია. ამ ეპიზოდამდე, მაცხოვრის ჯვარცმის აღწერისას ეს მარიამი მოხსენიებულია არა მხოლოდ იაკობის, არამედ იოსეს დედადაც: “მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაი და იოსეს დედაი და სალომეთეოფილაქტე ბულგარელი წერს: “იაკობისი მცირისაი და იოსეს დედაი ანუ ღვთისმშობელი, რომელიც მათთვის დედა იყო. რამდენადაც იგი იოსებზე იყო დაწინდული, ხოლო აიკობი და იოსე, იოსების შვილები იყვნენ, იგი მათ დედად იწოდებოდა, როგორც დედინაცვალი, ისევე როგორც იოსების ცოლად...". ამასვე ამბობს იოანე ოქროპირი: “მარიამ იაკობისი", ვითარცა ზემო ვთქუთ, ღმრთისმშობელი არს, წმიდაი ქალწული მარიამ და სხუაი არავინ (. III, თბ. 1998, გვ. 474-480).
ამ ლექსში პოეტი სახარების შინაარსს ზუსტად გადმოსცემს, მაგრამ დასასრულისთვის სადღესასწაულო ელფერის მისანიჭებლად არაფერს ამბობს იმ შიშზე, რომელიც გაუჩნდათ მენელსაცხებლე დედებს გადაგორებული ლოდისა და ანგელოზის ხილვის შემდეგ. მარკოზის სახარების ეს თავი მთავრდება სიტყვებით: “გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ. აკაკი კი წერს: “და მიახარეს ქვეყანას: / “აღდგაო მკვდრეთით ჯვარცმული!" “აღდგა, ვინც სისხლი დაჰთხია / ახალი რჯულის დვრიტადო!” / ცა და ქვეყანა პასუხად / იძახის: ჭეშმარიტადო!” და ლექსს მაჟორული ჟღერადობით ამთავრებს.
ლექსში მესტვირე რას ამბობს?” (.2, გვ. 269, 525) განსამარტავია ფრაზა: “ცრემლით ამევსო ქამანჩა” - საუბარია ლითონის სიმებიან აღმოსავლურ ინსტრუმენტზე, რომელიც დაკვრისას მუხლზე იდებოდა და, შესაბამისად, ცრემლიც შეიძლებოდა ჩაღვრილიყო, თორემ ვერც სტვირსა და ვერც გუდასტვირში ცრემლი ვერ მოხვდებოდა.
ლექსში კენჭობია” (.2, გვ. 277, 527) განსამარტავია ფრაზა: “ყეენობა გადავარდა, / შემოვიღეთ კენჭობია”. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, სახალხო დღესასწაულ ყეენობის დროს საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ხალხი ორ მოპირდაპირე ჯგუფად იყოფოდა და თითოეულ ჯგუფს თავისი მეთაური ჰყავდა: ერთს მეფეეწოდებოდა, მეორეს ყეენი”, ან შაჰი. ყეენობა ამ ორი მეთაურის ბრძოლით თავდებოდა ისე კი, რომ დამარცხებული ყოველთვის ყეენი გამოდიოდა. სწორედ ორ ბანაკად გაყოფითა და დაპირისპირებით შეადარა პოეტმა კენჭობია ანუ არჩევნები ყეენობას. აქვე განსამარტებას საჭიროებს სხვა ფრაზაც: “ყეენობა ერთს დღეს იყო, / კენჭობიაწლიდან წლობით.” ყეენობა წელიწადში ერთხელ იმართებოდა, მაგ. სვანეთსა და კახეთში ეს ხდებოდა ყველიერის კვირას, არჩევნები კი იმ დროისთვის ძალიან გახშირებული მოვლენა იყო. XIX საუკუნის 90-იან წლებში განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირებით ტარდებოდა სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნდები. სწორედ 1894 ანუ ამ ლექსის დაწერის წელს ეს დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თანახმა იყვნენ, ყველა სახის საზოგადოებრივ საქმიანობაზე ხელი აეღოთ, თუ კენჭის ყრით ამორჩეული კომისია მათ ბანკის წარმოების საკითხებში დამნაშავედ სცნობდა.
ლექსში პანორამა” (. 2, გვ. 281) განსამარტავია ფრაზა: “მე კი ყველას მირჩევნია / პაწაწინა პანორამა:/ ჩაიხედავ, გამოჩნდება / ყველა ნათლად, უტყუარად" და ყველგან არის... ბევრგვარია / ამისთანა საჭვრეტელი". აქ საუბარი უნდა იყოს სტერეო ფოტოსურათების დასათვალიერებელ აპარატზესტერეოსკოპზე, რომელიც 1850 წელს გამოიგონეს და იმდენად პოპულარული გახდა, რომ ევროპისა და ამერიკის ყველა წარჩინებულ ოჯახს ჰქონდა. ცხადია, ის ნანახი ექნებოდა აკაკისაც. განმარტება სჭირდება ასევე ფრაზას: “ასკიკუკუს მოთამაშე, / “ფიგაროამწერლობაში” - ასკი-კუკუ ხალხური ცეკვა იყო, რომელსაც ხშირ-ხშირი ჩამუხვლა უნდოდა, მოცარტის ცნობილი ოპერის - “ფიგაროს ქორწინებისმთავარი გმირიფიგარო კი ათასნაირ ხლართებში გაბმული ადამიანის მოარული სახეა, რომელიც ერთდროულად აქაც არის, იქაც არის - ყველგან არის.
ლექსში კოლხიდელიგანსამარტავია ფრაზა: “მათუსალადაც რომ გადაიქცეს” - საუბარია ბიბლიურ გმირზე, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლით არის გამორჩეული. მან 969 წელი იცოცხლა.
ლექსში ავადმყოფიგანსამარტავია ფრაზა ნურც თქვენ ენდობით მკურნალსა, / გადამთიელსა გრძნეულსა!” ურჩევდა თურმე ჭაბუა ზაქიჭამია სნეულსა”. ცოტა ქვემოთ ლექსიდან ვიგებთ, რომ ეს ჭაბუა გვარად ორბელიანია: “ყველა მოშორდა იქ დარჩა / მარტო ჭაბუა ორბელიანი”. ჭაბუა შემოკლებული ფორმაა მზეჭაბუკისა, მზეჭაბუკ ორბელიანი (დაბად. 1794) კი იყო ქართველი პოეტი, მწიგნობარი და ერეკლე II-ის მდივანბეგი. იგი გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და ენამოსწრებულობით. შემთხვევითი არ არის ლექსში ზაქიჭამიას ხსენებაც ეს ერეკლე II-ის ვაჟის, საქართველოს უკანასკნელი მეფისგიორგი XIII-ის მეტსახელია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლექსის ალეგორიულობა ცალსახაა და სნეულში საქართველო იგულისხმება.
განმარტება სჭირდება ფრაზებს: “და გაუსინჯა, ვითომ ძრო”, სადაც საუბარია ჭურის ფსკერზე. მოკიდებოდა ლილა და / ლაინის ფერი ედვა მას!” კი მიანიშნებს მელიას მუქ ლურჯად შეღებვაზე. კომენტარს საჭიროებს ლექსის დასასრულიც: “რათ დაგავიწყდა ოფოფი /და მწევარ-მეძებრებიო? / სიკვდილის წინეთ თავდებსა / მეც იმას ვევედრებიო!”. საქმე ისა არის, რომ ჭაბუას მიერ შეწყვეტილი იგავ-არაკი მელასათვის ცუდად მთავრდება. ოფოფი მას ხელიდან გაუსხლტება და მონადირეს წამოაყენებს თავზე. აკაკი ლექსს იმ განწყობით ამთავრებს, რომ ერთმორწმუნეობით და სულიერებით მოქადულ რუსეთსაც გამოუჩნდება ძალა, რომელიც მის ცბიერებას ამხელს.
ლექსში დაკარგული ქრისტიანობა” (. 2, გვ. 307) განსამარტავია ფრაზა: “გაგვიდგა კათალიკოსიდა გვიჯობს მივიღოთ ფრანგობა” - საუბარია ანტონ კათალიკოსზე, რომელსაც 1755-1756 წლებში გაკათოლიკებისბრალი წაუყენეს და რუსეთში გადაასახლეს. ფრაზაში: “მაგრამ აღარ გვყავს, დღეს ბედ კრულს, ქუთათელ გენათელებისაუბარია ეგზარქოსი თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმის წინააღმდეგ 1819 წლის იმერეთის აჯანყების მეთაურებზე ქუთათელ და გენათელ მიტროპოლიტებზედოსითეოზსა და ექვთიმეზე. რუსები აჯანყებას სასტკად გაუსწორდნენ, მისი წინამძღოლები კი ტომარაში ჩასვეს და რუსეთის გზას გაუყენეს. მიტროპოლიტი დოსითეოზი გზაშივე მოკლეს, მიტროპოლიტი ექვთიმე კი სამი წლის შემდეგ გადასახლებაში გარდაიცვალა.
ლექსში ივერიის თანამშრომლები” (. 2, გვ. 311) განსამარტავია ფრაზამანველიძე უმეცარი, ნიჭით გამომშრალი, როსისა და მაზინს არჩევს”. მანველიძემ ანუ არტემ ახნაზაროვმა 1890 წლის ივერიის #106-ში გამოაქვეყნა სტატია ერნესტო როსი” (1827-1896), რომელშიც წარმოდგენილი იყო იმჟამად თბილისში გასტროლებზე მყოფი იტალიელი ტრაგიკოსი მსახიობის ბიოგრაფია და დახასიათება. რაც შეეხება იტალიელ ტენორ ანჯელო მაზინის (1844-1926), იგი სწორედ 1895 წელს სტუმრობდა თბილისს და, როგორც ჩანს, ახნაზაროვმა მასზედაც დაწერა სტატია ან, შესაძლოა, სიტყვით გამოვიდა.
ლექსში ოპოზიციის სიმღერაგანსამარტავია ფრაზები: “მუხთარს რჩება მისი წილი”, “მაშინ მუხთარ ფლავისაკენ / კისერს კიდევ გაიწოდებს”. ტექსტიდან ჩანს ისიც, რომ ეს მუხთარი ფაშაა: “რომე ფაშის ქადაგება”, “თვით ფაშამ კი სიმწარისგან”. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სათავადაზნაურო ბანკის საქმეებთან დაკავშირებით გამართული დაპირისპირების ერთ-ერთ პირს აკაკი წერეთელი მუხთარ ფაშას ადარებს. იმდროინდელ პრესაში რომ მსგავსი პოლიტიკური მოვლენები ფართოდ შუქდებოდა, ამას ვანო მაჩაბლის ერთი ცნობილი ხუმრობაც მოწმობს სტატიასთან დაკავშირებით რათ გაემგზავრა მუხთარ ფაშა ევროპაში”. სავარაუდოდ, ეს თურქ სარდალთან შედარება ეყრდნობა იმას, რომ მუხთარი წარმატებული სამხედრო პირი იყო, მაგრამ რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1878 წელს კავკასიაში, ერზერუმის რაიონში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. პოეტი მემარჯვენეთა ფრთასაც ასეთ მარცხს უწინასწარმეტყველებს და თან, ვფიქრობ, რომ შესადარებლად მუხთარის არჩევა მნიშვნელოვნად განაპირობა ამ სიტყვის ფონეტიკურმა მსგავსებამ სიტყვასთან მუხთალი”, რაც კონტექსტისთვის მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ფლავისმეტაფორიზებას, იგი უნდა უკავშირდებოდეს ანდაზას ალიას დარდი ფლავიაო.
ლექსში ნიკოს” - წარწერა წიგნზედ განსამარტავია ფრაზა: “და მერე ზღაპრად გადასცემს / მის დას ... პატარა ელასა" – იგულისხმება ივანე მაჩაბლის მეორე შვილიელენე.
ლექსში ირაკლის საფლავზეგანსამარტავია ფრაზა ის ჰგლოვდა საფლავს იუდის” - აქ იგულისხმება იუდეველთა წინაპარი პატრიარქი იუდაიაკობის მეოთხე შვილი (დაბად. 29.35), რომლის მიხედვითაც ეწოდა ძველი პალესტინის მცხოვრებთ იუდეველები და თვით მიწას იუდეა.
ლექსში ტუჩმარჯანა” (.2, გვ. 369) განსამარტავია ფრაზა ზოგჯერ წმინდა ცეცილია” - IV საუკუნის რომაელმა წმინდანმა ცეცილიამ ქორწინების ღამეს თავის საქმროს, რომელიც სენატის წევრი იყო, ქრისტეანობა უქადაგა და მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანთა დევნის პირობებში მათ მრავალი მორწმუნე შეიფარეს და როდესაც მათი ღვაწლი ცნობილი გახდა რომის მმართველობისთვის ორივენი აწამეს.
ლექსში ნინოობასგანსამარტავია ფრაზა - “ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე / ღვთისაგან დანათესია, / მაგრამ იმათში ყველაზე შუქურა უკეთესია”. შუქურა, შუქურვარსკვლავი, ცისკრის ვარსკვლავი არის ცის კაბადონზე ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის - პლანეტა ვენერას ხალხური სახელები.
ლექსის სათაურის ვუძღვნი . -ძისას” (.2, 353, 544) ინიციალები ემთხვევა მაკინე ამირეჯიბისას, რომელსაც აკაკიმ კიდევ ორი ლექსი უძღვნა: “კნეინა . ამირეჯიბის ალბომშიგვ. 385 და მღერალ ქალს” 253. გვ. მაკინე იყო მწიგნობრისა ბიბლიოფილის ქაიხოსრო ავალიშვილის ქალიშვილი და სარდიონ ამირეჯიბის მეუღლე. სოფელ საღოლაშენში ჰქონდათ სტუმართმოყვარე ოჯახი, სადაც ხშირად სტუმრობდნენ მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. როდესაც ლექსი პირველად იბეჭდება აკადემიურ გამოცემაში, სასურველია, რომ ადრესატის დადგენას მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს და ვარაუდის დონეზე მაინც გამოითქვას, ვის შეიძლება ეძღვნებოდეს.
ლექსში ვახტანგ გორგასლანი” (.2, გვ. 386) განსამარტავია ფრაზა: “სინდ-ინდო აბაშეთითურთ / ფეხდაფეხ შემოგივლია” - ვახტანგ გორგასალი სინდეთში, ინდოეთსა და აბაშეთში ირანელებთან ერთად 8 წელი ებრძოდა ჰუნ ქუშანებს. ძველ საქართველოში სინდეთად მდ. ინდის ქვემო წელზე არსებული ქვეყანა იწოდებოდა (ესაა ახლანდელი პაკისტანის ტერიტორია), ხოლო აბაშეთად იხსენიებოდა სისტანი, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ავღანეთის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობდა. ჯუანშერ ეტყვის: “მეფეო, / გქონია საფიქრებელი" (გვ. 388) – ისტორიული ქრონიკის ცხოვრება ვახტანგ გორგასლისაავტორია ჯუანშერი, ეს სიტყვები კი, ისტორიულ წყაროებში ნახსენები არ არის და აკაკის ფანტაზიის ნაყოფია.
ლექსში ცოცხალი სურათებიგანსამარტავია ფრაზა გიორგის ნაკვთი, ნამსგავსი” - იგულისხმება თამარის მამაგიორგი III. ასევე განსამარტავია: “ერთია ნაშთი მხარგრძელის, მეორე თვით თამარისა”. შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს დავით ბაგრატიონ-დავითიშვილი, ვისაც ეძღვნება ეს ლექსი, როგორც ბაგრატიონთა შთამომავალი. მისი დედა დარია იყო ბიძინა ერისთავის ასული, რომლის დედაც იყო მეფე ერეკლე II-ის ასული ანასტასია. რაც შეეხება მხარგრძელის შთამომავალს, იმ დროს აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდნენ არღუთაშვილ-მხარგრძელები, მაგალითად, ნიკოლოზ არღუთაშვილ-მხარგრძელი იყო ქალაქ თბილისის თავი 1891-1904 წლებში.
ლექსშიგანდეგილიაგანსამარტავია: “და თუ მსხვერპლი საჭიროა, / ვითა წვლილი ქვრივის მცირე” - საუბარია მარკოზის სახარებაში (. 12. 42) აღწერილ ფაქტზექვრივმა დედაკაცმა ორი წვლილი რომ შესწირა ღმერთს: “და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე”. უფალი გვეუბნება, რომ მისი შენაწირი სხვებზე მეტია, ვინაიდან სხვებმა შეწირეს ის, რაც მათთვის ზედმეტი იყო, ამ ქვრივმა კი შესწირა ყოველივე, რაც კი გააჩნდა.
ლექსშიჟულიკოგანსამარტავია ფრაზა: სადგურზე დახვდა დიდ აღას / მისი ყული პალიკოყული აზიის ზოგ ქვეყანაში ბარგის წამღებს, მტვირთავს ნიშნავს. ასევე ფრაზა: “წავითამაშოთ ბაქარა” - ბაქარა ბანქოს ერთგვარი ძველებური თამაშია და ფრაზა: “აღარც ფულია კასსაში /და აღარც ჩვენი პალიკო" პალიკო ყიფიანი დავით ავალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ბანკის დირექტორად აირჩიეს და ორი თვით ბაქოში მიავლინეს. თავდაპირველად ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ შემდეგ პალიკოს შვებულება და სამკურნალოდ ერთი თვით საზღვარგარეთ წასვლა უთხოვია. ახალდანიშნულმა მანსვეტაშვილმა აღმოაჩინა, რომ ბანკიდან ფული იყო გატაცებული. ყიფიანი უკან აღარ დაბრუნებულა. მანსვეტაშვილის ცნობით, მას 80 000 მანეთი კარტში წაუგია. საბანკო კრებაზე კი დადგინდა, რომ ბანკის დანაკლისი იყო 26 856 მან.
ლექსშიხმასაჭიროა ფრაზის განმარტება: “რაც ეკლესიას ივერთა მისცა მსოფლიო კრებამა” - საუბარია საეკლესიო ავტოკეფალიასა და კათალიკოსობის ინსტიტუტზე. ეს მოხდა ვახტანგ გორგასლის დროს, როდესაც მეფემ კონსტანტინეპოლის პატრიარქს  სთხოვა, ქართლში პეტრე კათალიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. 1811 წელს რუსეთის სინოდმა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენი ადგილიც წაგვართვა მსოფლიო ეკლესიათა ჩამონათვალში.
ლექსშიბებიას ნაამბობიგანმარტებას საჭიროებ ფრაზა: “შენ რომ ბოჩოლას ეძახი, / ის არის ძეგლი გმირისა: ხომ ხედავ ქუდმოხდილია /თითქო რაღაცას სტირისა". – საუბარია კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლისმიხეილ ვორონცოვის ძეგლზე, რომელიც გაიხსნა 1866 წლის 25 მარტს, მიხეილ ვორონცოვის ტფილისში ჩამისვლის 22 წლისთავზე. ვორონცოვის ფიგურა იდგა მაღალ კვარცხლბეკზე, უქუდოდ, გვერდზე მოგდებული შინელით; ხელში ქუდითა და კვერთხით.
ლექსიმგოსანი" (.2, გვ. 384) მთლიანად დავითის ფსალმუნებზე არის აგებული. მასში უხვად არის ალუზიები და ავტორის მიერვე ბრჭყალებში ჩასმული ციტატები და ფრაზაშიშეჰვედრა უფალს მგოსანმა მეფემდავით მეფსალმუნე იგულისხმება. საკომენტაროა შემდეგი მიმართებები დავითის ფსალმუნებთან. მოვიხმობ პარალელურად:
აკაკი წერეთელი: „ღმერთო ძლიერო, შემიწყალეო! / ჩემთანა გული წმინდა დაჰბადე / და სული წრფელი განმიახლეო"
დავით მეფსალმუნე: “გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 50.12.
აკაკი წერეთელი: “და უსუპის წილ სიმებს ასხურა..."
დავით მეფსალმუნე: „მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე. 50.9
აკაკი წერეთელი: მაგრამ მგოსანი ჰფიქრობს: „ამქვეყნად /ყოველი ზრახვა არის ამაო".
დავით მეფსალმუნე: &ქუოტ;ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა".34.4-7
აკაკი წერეთელი: “სულს შემუსრვილს და გულს დამდაბლებულს / ნუ შეურაცხყოფ შენ კი, მამაო!”
დავით მეფსალმუნე: „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს". 50.19            
ლექსშიეპიტაფიაგანსამარტავია ფრაზა: “იყავ შემვედრე მამისა, რომ განუსვენოს მარადის წიაღსა აბრაამისა”. ეს არის პერიფრაზი წესის აგების დროს წასაკითხი ლოცვიდანდასდებელნი შესვენებულთანი”: ქრისტე, რომელი მოხვედ მხსნელად ჩვენდა, მიცვალებულნი სულნი ლაზარეს თანა წიაღთა აბრაამისთა დაამკვიდრენ წყალობით...”
ლექსშიპანორამა” (. 2, გვ. 288) განმარტება სჭირდება ავტორის მიერვე ბრჭყალებში ჩასმულ ციტატას: “მაგრამ ხომ გაგიგონიათ: / ქვეყანას უმოახლოსა / ვირს ვარდისახარს ეძახდენ, რომ ხელი არვინ ახლოსა. ზუსტად ასეთი ფორმით ფრაზა ანდაზების ვერცერთ კრებულში ვერ ვიპოვეთ, მაგრამ შეგვხვდა ორი მსგავსი ვარიანტი, რომლებიც შეიძლებოდა პოეტს გამოეყენებინა: “ერთ ქვეყანაში (სოფელში) ბულბული არ იყო და ვირს ვარდისახარს ეძახდნენო”, “თეირანს ქალი არ იყო და ვირს ვარდისახარს ეძახდნენო”.
ლექსშიანდერძი” (.2, გვ.274) განსამარტავია ფრაზა  არც გვირგვინები, არც სიტყვა,/არცა რა ცერემონია, /არ მინდა!.. მოლას ანდაზა / მეც ბევრჯელ გამიგონია. ლექსის შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა აკაკის აქცენტიადამიანს სიცოცხლეში უნდა ვცეთ პატივი, თორემ სიკვდილის შემდეგ მსგავსი აღარაფერი სჭირდება. ვფიქრობთ, კონტექსტს ზუსტად შეესაბამება იმ დროისათვის პოპულარული ანდაზა: “მოლა მოკვდა, საფლავში ფლავი ჩააყარეს”.
ლექსისავადმყოფიპირველი სტროფი (.2, 302) : “საბძელმა უთხრა ქარსაო: / რას მომდგომიხარ კარსაო? ბზეს შემომიტან ერთ მუჭას / გაიტან ათას ძარსაო" გამოძახილი უნდა იყოს ურთიერთსაპირისპირო აზრის მატარებელი ქართული ანდაზების რეფლექსირებისა: “ვენაცვალე ქარსაო, მოიტანა კარსაოდაქარის მოტანილს ქარივე წაიღებს”. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძარი ქორის საჯდომ გოდორს ერქვა, ქარს უფრო მეტი მიაქვს, ვიდრე მოაქვს. ეს აზრი ძალიან მჭიდრო კავშირშია ლექსის ალეგორიულ შინაარსთან.
ლექსშივახტანგ გორგასლანი” (.2, გვ. 386) ფრაზაცაში ყურს უგდებ რეკასაგამოძახილია ხალხური ლექსის სიტყვებისა: ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა,/ღვთის ნებით და თვთის კარნახით სპარსნი ქართლით გადარეკა&ქუოტ;.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აფართოებს იმის შესაძლებლობას, რომ მეცნიერის მიერ მომზადებული კომენტარი ბევრად უფრო სრულყოფილი და ამომწურავი იყოს, ვიდრე იქნებოდა თუნდაც 5-10 წლის წინ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელექტრონულ სისტემაში ახალ-ახალი ტექსტური მასალისა და ცნობარების ატვირთვით უწყვეტად ხდება საინფორმაციო ბაზების კიდევ უფრო გამდიდრება. სასურველია, რომ აკადემიური გამოცემების მომზადებისას ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.

No comments:

Post a Comment