„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ - ახალი ტექსტოლოგიური კვლევები (ორენოვანი გამოცემა) ელექტრონული ბიულეტენი #2

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის  კონკურსში გამარჯვებული პროექტი

თბილისი
2015





შინაარსი
ნანა ფრუიძე:    დამატებითი მასალები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული  კრებულის (ოცტომეული) VIII-XIV ტომებიდან

ქეთევან ხითარიშვილი:  დამატებითი მასალები საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული, ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ისტორიული დოკუმენტებიდან

შარლოტა  კვანტალიანი:  დამატებითი მასალები ჟურნალ-გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიებიდან

           მაია ნინიძე: ილია ჭავჭავაძის თხზულებათა დათარიღება (ნაწილი მეორე)








ნანა ფრუიძე

დამატებითი მასალები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის
(ოცტომეული) VIII-XIV ტომებიდან


ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შესავსებად მასალის მოძიების მიზნით დავამუშავეთ ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებულის (ოც ტომად) მომდევნო შვიდი  ტომი (VIII-XIV),  რომლებიც 2006-2007 წლებში დაიბეჭდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1987 წლის მატიანეში ნაწილობრივაა შეტანილი დასახელებული გამოცემის დამუშავებულ ტომებში  წარმოდგენილი  მასალა, უხვად გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც აღნუსხული არ აღმოჩნდა; ხსენებული მასალა   წინასწარ შემუშავებული პრინციპების მიხედვით განლაგდა  ახალლექტრონულ გამოცემაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა მატიანის შევსება წყაროების შესახებ არსებული ინფორმაციით. აბსოლუტურად ყველა ტექსტს დავურთეთ მონაცემები ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, სადაც ეს შესაძლებელი იყო,  დაზუსტდა, ხელნაწერი წყარო ავტოგრაფია, ავტორიზებული ასლი თუ უბრალოდ ასლი; ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხელმოუწერელი ტექსტის ატრიბუციისათვის (მაგ.: წერილი „ცალკე საკითხები“ ილის კრებულებში არასოდეს დაბეჭდილა, ნაბეჭდი წყარო (გაზ. ,,ივერია“, 1886, 29/V,  № 114, გვ. 2)  ხელმოუწერელია, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ტექსტი შეტანილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია ჭავჭავაძის პირად საარქივო ფონდში დაცულ ხელნაწერ კრებულში (#1052, გვ. 375), რომელიც პირადად ილიას დაკვეთითაა შექმნილი, მკითხველისათვის უკვე არგუმენტია, რაც ამართლებს მასალის როგორც  ოცტომეულის შესაბამის ტომში (იხ.: ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, .VIII, 2007), ისე - ელექტრონულ მატიანეში შეტანას;  ასევე, საგულისხმოა სტატია  „წერილები სხვადასხვა რაგინდა-რაზე“ - წერილი პირველი („პატივცემულო თადეოზ! მრავალი კოკა წყალი ჩაივლიდა ავლაბრის ხიდს ქვეშ...“) (გაზ. „ივერია“, 1889, 25 აპრილი, #85). ეს ტექსტი, რომელსაც ხელს  „სფირიდონ ჩიტორელიძე“ აწერს,  პირველად შევიდა მწერლის თხზულებათა  ოცტომეულში (იხ.: ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული  ოც ტომად, . XI, 2007).  ერთხანს სადავოდ ითვლებოდა, „სპირიდონ ჩიტორელიძე“ მიხ. ყიფიანის ფსევდონიმი იყო თუ ილია ჭავჭავაძისა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ილია ჭავჭავაძის პირად საარქივო ფონდში დაცულმა ხელნაწერმა ასლმა  (#S-1568-ბ) საბოლოოდ მოჰფინა ნათელი საკითხს:   ხელნაწერი კრებულის შესაქმნელად ვარლამ ჭილაძეს ილიამ 1885 წელს დაუდო ხელშეკრულება, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიხ. ყიფიანი ცოცხალი იყო. ამდენად, თუკი „სპირიდონ ჩიტორელიძე“ მიხ. ყოფიანია, ხსენებული სტატია  ამ ხელნაწერ კრებულში ვერ მოხვდებოდა).

ზოგიერთი ნაბეჭდი წყარო ამჯერად პირველად მოხვდა აკადემიურ გამოცემაში, თუმცა ირიბი დასტური ილიას ავტორობის შესახებ დიდი ხანია არსებობდა. ასეთია ათობით მოწინავე  (მაგ. თუნდაც 1886 წლის 15 მაისს „ივერიის“ #104 გამოქვეყნებული უსათაურო და ხელმოუწერელი სარედაქციო წერილი, რომელიც ინგლის-საფრანგეთის ურთიერთობას შეეხება), რომელთა შესახებ  იონა მეუნარგია ჯერ კიდევ 1886 წლის 10 აპრილს წერდა ნ. ნიკოლაძეს: „ივერია“ გამოდის. ორ-სამ მოწინავე სტატიებს გარდა, რაც რომ პოლიტიკური და არაპოლიტიკური სტატიები იყო, სულ ილიასი არის“. ამ ცნობას ადასტურებს გაზ. „ივერიის“ თანამშრომელი არტ. ახნაზაროვიც: „ივერიის“ გაზეთად გადაკეთების  პირველ ორ-სამ წელიწადს ილია თითქმის ყოველდღე მეთაურ წერილებსა წერდა გაზეთისათვის და ეს წერილები ხელმოუწერლად იბეჭდებოდა. თუ სხვა ვინმე სწერდა მეთაურს, მხოლოდ მაშინ აღინიშნებოდა წერილის ბოლოში დამწერის ვინაობა, ფსევდონიმი ან სახელისა და გვარის ინიციალები“.
           
 ნაბეჭდ წყაროებთან დაკავშირებით ასევე გაირკვა, რომ მატიანეში არ იყო დასახელებული ავტორის სიცოცხლეში განხორციელებული მრავალი პუბლიკაცია. ნუსხას დაემატა 7 ათეულზე მეტი ახალი ჩანაწერი 1886 -1891 წლებში გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო არ იყო მოხსენიებული მატიანეში. ობიექტურ მიზეზებში, ცხადია, პირველ რიგში ვგულისხმობთ ატრიბუციის დადგენასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც მეცნიერთა არა ერთი და ორი თაობის შრომას ითხოვს, რათა სათანადო სიზუსტით აღინუსხოს ყველა ნიუანსი. ახალი აკადემიური გამოცემის VIII – XIV ტომებში ახლად შეტანილი პუბლიკაციების ატრიბუციის საკითხებზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ლ. ჭრელაშვილი, ლ. გვარამაძე, ლ. მეგრელიშვილი, იოსებ ლორთქიფანიძე,  და ა. შ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მკითხველისათვის ახალი აკადემიური გამოცემის ფორმატში უკვე ხელმისაწვდომია ილიას  ნააზრევის გაცნობა საერთაშორისო პოლიტიკის (მაგ.: „დავა საზღვრის გამო რუსეთსა და ჩინეთს შორის“, „ირლანდიის თვითმმართველობის უფლება და მისი მოწინააღმდეგენი“, „პრინცების განდევნის საქმე“, „ბავარია და ბისმარკი“, „დასთა შორის ბრძოლა პარლამენტში“, „მთავარი ალექსანდრე და ბულგარეთის პრობლემა“, „ბელგიის საომარი მზადება“,„საიდუმლო შეთანხმების გამომზეურება“, „სამთა კავშირის“ ბატონობის დასუსტება ევროპაში“ და ა. შ.),  საშინაო პრობლემების (მაგ.:„პასუხი „Новое Обозрение“-ს,  „ქუთაისის თეატრის მშენებლობის გამო“,  „საშემოსავლო გადასახადის შემოღება“, „ჭაჭისაგან არყის გამოხდაზე შეღავათიანი საბაჟო წესების შემოღება“, „ზემსკი ნაჩალნიკის“ შემოღების აუცილებლობა“, „კრება საადგილმამულო გადასახადის გაწერის თაობაზე“, „სახელმწიფო ბანკის გამართვა თავადაზნაურთათვის“, „სახელმწიფო ბანკის შეღავათიანი კრედიტი თავადაზნაურთათვის“, „რამდენი უნდა მიეცეს მუშაკაცს ცეცხლის გასაქრობად“, „რედაქტორის შენიშვნა“, „ნარკვევი“ (ჟურნალ-გაზეთებიდგან),„ქალაქის გამგეობის მტკივნეული საკითხები“ და ა. შ.),  სამეურნეო (მაგ.:„ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“,  „ხელობის სწავლების სიკეთე სოფლის სკოლებში“ და ა. შ.), თუ სხვა არსებითი მნიშვნელობის საკითხების შესახებ (მაგ.: „დავით იესეს ძე ჩუბინიშვილი“, „პროფესორ დ. ჩუბინაშვილის მემკვიდრეებს კეთილი თაოსნობა“, „ილია ოქრომჭედლიშვილი“ და სხვ.).   
           
მატიანეში  გამოვლინდა 4 ათეულზე მეტი ისეთი ჩანაწერი, რომელთა დაბეჭდვის შესახებ (ცხადია, პირველი პუბლიკაციის შემდგომ) ინფორმაცია არ არსებობდა. ასეთებია, მაგ:  „ცვლილებანი ბანკის წესდებაში“, „სიტყვა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად უსამღდელოესი ალექსანდრეს კურთხევის ცერემონიალზე“, „ალექსანდრე როინაშვილი“, „ქრისტე აღსდგა!“, „პატარა საუბარი“, „ოინბაზობაა თუ სულელობა?“, „სოფლის ახალგაზრდობა და მამულის პატრონობა“ , „ღარიბ მოსწავლეთა მიღება სემინარიაში სახელმწიფო ხარჯით“, „პოლიტეხნიკუმის დაარსების გამო“, „სოფლის მეურნების გაუმჯობესების გზები“, „წირვა და პანაშვიდი ერეკლე მეფის სულის მოსახსენებლად“, „ფიქრები გლეხკაცის გაღონიერებაზე“, „საზოგადო საქმეთა გამო“, „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“, „საკუთრების საქმე ბათომში“ და ა. შ.). 

ხშირია შემთხვევა, როდესაც პუბლიცისტი, გარკვეული რიგის საკითხებზე სტატიებს ერთი და იმავე სათაურით ბეჭდავს, რათა  მკითხველი უმალ მიახვედროს, რა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის. ამ თვალსაზრისით არც ილიაა გამონაკლისი. „ივერიაში“ ილია სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სათაურით „პატარა საუბარი“. იდენტიფიკაციის გასაადვილებლად მსგავსი სათაურით დაბეჭდილი ტექსტებისათვის ყველგან დავამატეთ სტატიის პირველი ფრაზის დასაწყისი (მაგ.: 1898  წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო, დღეს თქვენთან მინდოდა...“);  1898 წლის 22 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება „პატარა საუბარი“ („უკვე გაზეთებში გამოცხადდა ამას წინად, რომ...“); 1898 წლის 6 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება სტატია „პატარა საუბარი“ („საკვირველი კაცია ჩვენი პატივცემული თ. აკაკი წერეთელი“);  1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება სტატია „პატარა საუბარი“ („გენერა-ლეიტენანტმა, აწ განსვენებულმა ს.ი. ქიშმიშოვმა..“); 1898 წლის 5 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება სტატია „პატარა საუბარი“ („თ. გ. თუმანოვი გუშინდელ „Новое Обозрение“-ში...“) და სხვ.  

როგორც წესი, მატიანეში არ იყო მითითებული, პირველი პუბლიკაციის შემდეგ რამდენჯერ იყო გამოქვეყნებული ტექსტი და ვის მიერ იყო დასათაურებული (თუკი წერილი უსათაუროდ იყო გამოქვეყნებული) და ვინ მუშაობდა კრებულების შედგენაზე.   ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულებში ტექსტის დაბეჭდვასათან დაკავშირებით ინფორმაცია შეძლებისდაგვარად დავაკონკრეტეთ და შესაბამისი თანმიმდევრობით განვალაგეთ (მაგ.:  1888 წლის 17 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს ― „ტფილისი, 16 იანვარი“ („ჩვენში სალიტერატურო მოღვაწეობა საერთოდ...“). წერილი ილია ჭავჭავაძის სახელით  პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა  ათტომეულში  სათაურით  „გაზეთი „მეურნე“.  იქვეა მოცემული დასაბუთება ავტორობის საკითხთან დაკავშირებით.

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი #1052, გვ. 792—794;  გაზ. ,,ივერია“, 1888, 17/I,  № 11 , გვ. 1. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად (შემდგ.. ინგოროყვა), .VIII, 1957.).

რიგ შემთხვევაში მატიანეში არასწორად იყო მითითებული პუბლიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგ. თხზულებათა სრული კრებული გამოცემის წელი ან ტომის რიგითი ნომერი). ჩვენ ყველა მსგავსი შემთხვევა გადავამოწმეთ და როგორც კორექტურული შეცდომა - გავასწორეთ.  

საანგარიშო პერიოდში დამუშავებული პუბლიცისტური წერილების შესწავლისას გამოვლინდა ორი ახალი ფაქტი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიდან. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ 1886 წლის 4 მაისს ილია  დილის 10 საათიდან იმყოფებოდა არწრუნისეულ სახლში სასახლის ქუჩაზე, სადაც თავმჯდომარეობდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას (წყარო:  გაზ. ,,ივერია“, 1886, 20/IV,  № 85, გვ. 1.). ასევე, გაირკვა, რომ 1889 წლის 7 მარტს ილია დასწრებია გუბერნატორის მიერ მოწვეულ კომიტეტის სხდომას, რომელზეც განუხილავთ საადგილმამულო გადასახადის გაწერის საკითხი (წყარო:  გაზ. ,,ივერია“, 1889, 9/III,  № 51 , გვ. 1.). ეს ინფორმაცია, რომელიც თავისთავად საგულისხმოა დიდი მწერლის ბიოგრაფიის სრულყოფილად შესწავლისათვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს რომელიმე პრობლემური საკიტხის გადასაჭრელად.

საყოველთაოდ ცნობილია, მეცნიერთა რამდენ თაობას გაუწია ფასდაუდებელი სამსახური ილია გორგაძისა და  ნოდარ გურგენიძის მიერ მომზადებულმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანემ. ვიმედოვნებთ, აღნიშნული გამოცემის ახალი შევსებული და გადამუშავებული ელექტრონული ვერსია კიდევ უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა თუ ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.









ქეთევან  ხითარიშვილი


დამატებითი მასალები საქართველოს ცენტრალურ არქივში   დაცული, ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის  ისტორიული დოკუმენტებიდან
                             


ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის სრულყოფისათვის მოვიძიეთ და დავამუშავეთ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ილია ჭავჭავაძესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაცია. აღნიშნული  მასალა შეუცვლელ წყაროდ გვევლინება  XIX ს–ის  საქართველოს ბოლო პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მრავალმხრივი სურათის წარმოსადგენად. 1987 წელს ილია გორგაძისა და ნოდარ გურგენიძის მიერ შედგენილ ბიბლიოგრაფიული ხასიათის მატიანეში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გარკვეულწილად, ასახულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, თუმცა გამოვლინდა დოკუმენტები, რომელთა უმრავლესობა მათ ნაშრომში არ გვხვდება. ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ეს ნაწილი. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული მასალა გაბნეულია საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა ფონდში, რის მიკვლევასაც გარკვეული დრო ესაჭიროებოდა.

 პროექტისთვის შემუშავებული პრინციპების თანახმად, საქართველოს ეროვნული არქივში დაცულ მასალას მივეცით ინფორმაციულად ტევადი ანოტაციის სახე. ტექნიკური თვალსაზრისით, თავდაპირველად აღვნიშნეთ საარქივო დოკუმენტის თარიღი (წელი და თვე), შემდეგ–ძირითადი შინაარსი და ბოლოს მივუთითეთ  წყარო.

      მუშაობის პროცესში საარქივო დოკუმენტებში გამოიკვეთა შემთხვევები, რომლებშიც სრულად არ არის მოცემული ამა თუ იმ  პიროვნების ვინაობა.  მითითებულია მხოლოდ პიროვნების სახელი ან სტატუსი. კვლევის შედეგად დაზუსტდა  სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის ვინაობა, რაც ხელს შეუწყობს საარქივო დოკუმენტის ადეკვატურად გაგებასა და გააზრებას. მაგ: კონსტანტინე [ორლოვსკი]– თბილისის გუბერნატორი (1860-1876); [მიხეილ ვლადისლავლევი] –  1887-1890 წლებში სანკ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორი. ნიკოლოზ [ზიოროვი]- თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი. გურიის სკოლებზე მზრუნველის – ანტონ ნაკაშიძის სტატუსი დადგინდა გაზეთ ,,დროების’’  მეშვეობით ( ,,დროება’’, 1876 NN56, 61, 59, 72).

   საქართველოს ეროვნულ არქივში ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული საარქივო მასალა მრავალფეროვანია და ღირებული როგორც შინაარსობრივ-თემატური, ისე ფუნქციურ-ტექნიკური თვალსაზრისით. სხვადასხვა ხასიათისა და კატეგორიის დამუშავებული დოკუმენტაციიდან შესაძლებელია გამოვყოთ შემდეგი ანგარიშგასაწევი  თემატური ბლოკები:
     

ბიოგრაფიის ამსახველი მასალა


მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო წრეებში ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია კარგად არის ცნობილი და შესწავლილი, ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა მიკვლეული მასალა  ილიას გენეალოგიის  შესახებ - დედის მარიამ (მაგდა) ბებურიშვილის ხაზით, რომლის მინაწერის მიხედვით ირკვევა, რომ 1792 წლის 2 აგვისტოს მეფე ერეკლე II-მ ქრისტეფორე (ხაჩატურ) ბებურიშვილს აზნაურობის სიგელი უწყალობა (საე, ფ. 214, საქ. 3837).

საქართველოს ეროვნულ არქივის დოკუმენტებში დაცულია ცნობები ილია ჭავჭავაძის სამოქალაქო და  საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ.  1875 და 1881 წლებით თარიღდება საბუთები, რომლებიც ასახავს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ  ილიას ნაფიც ვექილად მიღებისა და მისი თხოვნის თანახმად, ამ მოვალეობისაგან გათავისუფლების თაობაზე. არაერთგზის  გვხვდება  ილიას კერძო საკუთრების დამადასტურებელი საბუთები. მაგალითად, თბილისის ანდრეევის ქ.  N22-ში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის პროექტი, თბილისის საქალაქო უბნის არქიტექტორის - კ. მარკოროვის დასკვნა და თბილისის ქალაქის გამგეობის საბუთი ჭავჭავაძის სახლის პროექტის დამტკიცების შესახებ და სხვა.

ილია ჭავჭავაძესთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული დოკუმენტების გარდა, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მისი უნიკალური ფოტოები.  საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოს, როგორც საარქივო მასალას, გარკვეულწილად, ნარატივის ფუნქცია ენიჭება. ის აცოცხლებს და ინახავს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ფაქტებს. ფოტოკოლექციაში გვხვდება ილიას პორტრეტები, ჯგუფური ფოტოები. მისი ფოტოები გადაღებულია როგორც ფოტოსალონებში, ისე ბუნებრივ გარემოში. ილიას ჭავჭავაძის  ფოტოგრაფები არიან: ალექსანდრე როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, ი. პანფილოვი, ს. ლევიცკი და სხვები. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ილიას ფოტოკოლექციიდან გამოცემისთვის ერთჯერადი გამოყენების მიზნით დავამზადებინეთ გარკვეული ფოტოების ციფრული პირები.


საგამომცემლო საქმე


საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას იმდროინდელი საგამომცემლო საქმიანობის შესახებ, რაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით შესაძლებელია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სტამბის გამართვის ისტორიის აღდგენა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართული წიგნების ბეჭდვას, წიგნიერების კულტურის დანერგვასა და საგანმანათლებლო საქმიანობის დახვეწას: 1886 26 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სოფ. საგურამოში უმასპინძლა ქართველ მოღვაწეებს: პეტრე უმიკაშვილს, ილია ოქრომჭედლიშვილს, ილია წინამძღვრიშვილს, ილია ბახტაძეს, გრიგოლ ყიფშიძეს, ალექსანდრე ჭყონიას, გიორგი ქართველიშვილის, სოლიკო და მიხეილ მაჩაბლებს, დიმიტრი ბაქრაძეს, რომლებმაც ამ შეხვედრაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იმსჯელეს ქართული წიგნების გამოსაცემად საკუთარი სტამბის შეძენისა და გამართვის აუცილებლობის საკითხზე. მათი გადაწყვეტილებით, ახლად დაარსებულ გამომცემლობას მოგებაც უნდა  მოეტანა. სტამბის ღირებულება განისაზღვრა 15 ათასი მანეთით. მის შეძენას საზოგადოებას ჰპირდებოდნენ ოქრომჭედლიშვილი და ქართველიშვილი (საე,ფ.481,აღწ.1,საქ.120). სამწუხაროდ, საზოგადოებამ თბილისში სტამბა ვერ დაარსა, მხოლოდ  ქუთაისის განყოფილებამ  შეძლო 1913 წელს  მისი გამართვა (ტ. ხუნდაძე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1960, გვ. 58).

ბუნებრივია, საგამომცემლო საქმის კარგად წარმართვისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ხშირად ნიშნავდა წიგნის გამოცემის კომისიის სხდომებს, რომელზეც ხშირად ისმებოდა საკითხი ამა თუ იმ წიგნის დაბეჭდვის შესახებ.

1890 წლის დეკემბრის თვეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დადო ხელშეკრულება ილია ჭავჭავაძესთან მისი თხზულებების სრული კრებულის ერთგზის გამოცემის შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ავტორსა და გამგეობას თანაბრად უნდა გაენაწილებინათ თითოეული ტომის მოგება, ავტორისთვის კი  უსასყიდლოდ უნდა გადაეცათ გამოცემის 20 ეგზემპლარი (საე, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 250). დოკუმენტში კარგად ჩანს იმდროინდელი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმიც, რომელშიც ორივე მხარის - ავტორისა და გამომცემლის- ვალდებულებები მკაფიოდაა განსაზღვრული.

წიგნების გამოცემის კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების დაბეჭდვის საკითხი. ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან გამოსაცემად შეარჩიეს: ,,კაცია-ადამიანი?!’’, ,,გლახის ნაამბობი’’, ,,რამდენიმე სურათი ანუ  ეპიზოდი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან’’ და ,,ოთარაანთ ქვრივი’’ (1902 წლის 2 ნოემბერი; საე, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 25). მოხმობილი საარქივო მასალიდან  შესაძლებელია ილიას  თხზულებების საგამომცემლო ისტორიის რეკონსტრუქცია, ასევე, კარგად ჩანს, ილია ჭავჭავაძის რომელი ნაწარმოებები სარგებლობდა  განსაკუთრებული პოპულარულობით  მისივე სიცოცხლეში.

საინტერესოა ის ფაქტებიც, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოება არ ივიწყებდა იმ უნივერსიტეტებს, რომლებშიც ქართველი სტუდენტები სწავლობდნენ და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სისტემატურად გზავნიდა ქართულენოვან წიგნებს. 1884 წლის  8 ნოემბერს საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტს შესწირა წიგნები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნაწარმოებები: ,,განდეგილი’’, ,,გლახის ნაამბობი’’, ,,კაცია-ადამიანი?!’’ და ,,დიმიტრი თავდადებული’’. ხარკოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გასაგზავნის წიგნების ნუსხას ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე( საე, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 79).


სასკოლო საქმე

როგორც ცნობილია, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრიორიტეტს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სკოლების გახსნა წარმოადგენდა.  ისინი ამ საქმის ხორცშესხმას დიდ დროსა და  მნიშვნელოვან ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს ახმარდნენ. საზოგადოების ინიციატივით, სკოლები დაარსდა არაერთ ქალაქსა თუ სოფელში: თბილისი, ბათუმი, წინარეხი, თონეთი,  ხელთუბნი, სენაკი, კავკავი, სოფ. ჩოჩხათი, ხვანჭკარა და სხვა. ილია ჭავჭავაძეს, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს (1879-1885), ხოლო 1885 წლიდან, როგორც საზოგადოების თავმჯდომარეს, სისტემატურად მიმართავს სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი (ეგნატე ინგოროყვა, ლუკა კერესელიძე და სხვები) და წლიურ ანგარიშს წარუდგენდნენ. ისინი დაწვრილებით სწერენ სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ; აცნობებენ სკოლის მოსწავლეების რაოდენობასა და იმ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, რომლითაც ასწავლიან ამა თუ იმ სკოლაში. უგზავნიან სასკოლო ინვენტარის სიას, რომელიც სკოლას  ესაჭიროება. სთხოვენ შუამდგომლობას საქართველოს გარკვეულ კუთხეში სკოლის გახსნის შესახებ. მაგალითად, 1881 წლის 28 ივნისს გურიის სკოლებზე მზრუნველი – ანტონ ნაკაშიძე მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, აღწერს გურიის სოფ. სურების გეოგრაფიულ მდებარეობას, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასა და აღნიშნავს, რომ მცხოვრებთა განათლების დონე ძალიან დაბალია, მხოლოდ ერთეულებმა იციან წერა-კითხვა. სთხოვს, რომ საზოგადოების შემწეობით სოფ. სურებში გაიხსნას სასოფლო-სამეურნეო  სკოლა (წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 48). მართლაც, 1884 წლის 5 სექტემბრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა გურიის სოფ. სურებში  სკოლის გახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ ერთ-ერთი დოკუმენტში ილია ჭავჭავაძე აყალიბებს ვლადიკავკასის სასწავლებლის ქართველი მოსწავლეებისათვის სხვადასხვა საგნის:  საღვთო სჯულის, ქართული და რუსული ენებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდებს, რაც კიდევ  ერთხელ ხაზს უსვამს ილიას აქტიურობასა და მის მუდმივ ჩართულობას სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში ( საე, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 173) .

როგორ ცნობილია, 1880-იან წლებში სამეგრელო ცარისტული რუსეთის სეპარატისტული მიზნების ერთ-ერთი პლაცდარმი გახდა. რუსეთის იმპერიამ ერის დასასუსტებლად და გადასაგვარებლად მეგრელები არაქართველებად გამოაცხადა და მათი ქართველებისგან მფარველობა იკისრა, რაც იმით გამოხატა, რომ  გადაწყდა სკოლებიდან ქართული ენა განედევნათ და მეგრული ენაზე სწავლება შემოეღოთ. ამ რეაქციის ხელმძღვანელები იყვნენ მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი, ეგზარქოსი პავლე და სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი. მათ გვერდში ედგა ცაიშის სკოლის მასწავლებელი თადა აშორდია, რომელიც მეგრული ანბანის შექმნას რუსული და ქართული ასოების გამოყენებით ცდილობდა. რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეს სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ანტაგონისტური დამოკიდებულება ჰქონდა  რუსეთის მიზნებისა და აშორდიას სეპარატისტული განწყობის გაღვივების მცდელობის მიმართ. ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ ქმედითად ცდილობდა დაპირისპირებოდა ცარიზმის მიზნებს, არამედ გაზეთ ,,ივერიის’’ მეშვეობით ამხელდა მათ. საქართველოს ეროვნული არქივში  დაცულია თადა აშორდიას 1887 წლის 28 აპრილით დათარიღებული წერილი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკის სახელზე, რომელშიც  აუწყებს მას იმის შესახებ, თუ როგორ გალანძღეს და დაემუქრნენ მას მეგრული ანბანის შედგენის გამო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი ვარლამ ერისთავი, მწერალი კოწია დადიანი და აკაკი წერეთელი, ვინმე  გ. მამფორიამ კი დუელშიც კი გამოიწვია. აშორდიას ინფორმაციით, 1885 წლის 11 იანვრის ცირკულარის წინააღმდეგ ხალხის დასარაზმად სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში თითქმის ყოველთვიურად იკრიბებოდნენ დიმიტრი ყიფიანი (ვიდრე გადასახლებდნენ), ილია ჭავჭავაძე და მათი თანამოაზრეები, ხოლო იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ უპირისპირდებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ილია ჭავჭავაძის გაზეთი ,,ივერია’’, აშორდია დაწვრილებით აღწერს სამსონ ყიფიანის სტატიას ,,წერილი კუდიანეთიდამ’’ (1887, 11 იანვარი, N7, გვ. 1-3), რომელშიც, მისივე განმარტებით, კუდიანების უფროსად-როკაპად თავად წერილის ადრესატი კირილე იანოვსკია გამოყვანილი, მის ქვეშევრდომ დემონებად კი - ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორი ფ. ლევიცკი (იონა მეუნარგიას ცნობით, აშორდიას ,,მამინაცვალი’’) და თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი, მეგრული ანბანის ერთ-ერთი ავტორი- ალექსეი გრენი. მეორე სტატია, რომლის შესახებ წერს აშორდია, არის ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის ფელეტონი ,,კაი ხუმრობაა!’’ (1887, 22 თებერვალი, N39, გვ.1-3), რომელშიც, წერილის ავტორის თქმით, მას ცოცხლად მარხავენ და წესს უგებენ. აღშფოთებული აშორდია იანოვსკის სწერს, რომ ვეღარ ახერხებს თავის შეკავებასა და უმორჩილესად სთხოვს, რომ დააჩქარონ მისი ანბანის ბეჭდვა (საე, ფ. 422, აღწ. საქ. 2891).

ილია ჭავჭავაძეს, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, მიმოწერა აქვს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრე ოქროპირიძესთან, ლორან ბროსესთან (მარი ბროსეს ვაჟი), თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ნიკოლოზ [ზიოროვთან], მასწავლებელ ანდრია ღულაძესა და სხვებთან. 

1891 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძე აცნობებს იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელ ქიქოძეს, რომ საზოგადოებამ ის  საპატიო წევრად აირჩია მწიგნობრობის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. იქვეა დაცული ეპისკოპოს გაბრიელის წერილი, რომლის ადრესატია ილია ჭავჭავაძე, რომელშიც ადრესანტი დიდ პატივად მიიჩნევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრობას და მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში (საე, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 303).

როგორც ვხედავთ, საქართველოს ეროვნულ არქივში მიკვლეული მასალა, ძირითადად, ეხება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობასა და ილია ჭავჭავაძის აქტივობას ამ ორგანიზაციის წარმართვაში. დოკუმენტებში ნაკლებად გვხვდება საარქივო მასალები ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედებიდან. ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ არქივის დოკუმენტების და ფოტოების ანოტირებული ვარიანტები დიდ დახმარებას გაუწევს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევით დაინტერესებულ მეცნიერებს, სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას.



შარლოტა კვანტალიანი


დამატებითი მასალები ჟურნალ-გაზეთების ანალიტიკური                                                     ბიბლიოგრაფიებიდან


მოცემულ ეტაპზე ჩემი მიზანი იყო, შემესწავლა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში მოთავსებული ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებამისათვის დავამუშავებე "ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის" რვა ტომი,  "ქართული ჟურნალები და გამოცემები" და " საისტორიო მოამბე" . მასალაზე მუშაობისას მრავალი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც არ იყო "გიორგაძე-გურგენიძის მატიანეში" , მაგრამ მათი ღვაწლი უთუოდ დასაფასებელია, რადგან უდიდესი შრომა გაუწევიათ, რათა ამგვარი ფაქტები მინინუმამდე დაეყვანათ და ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გადამმოწმებლის როლი დაგვიტოვეს. ილიას მოღვაწეობის არეალი იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, რომ მისი ამოწურვა და ყველა ფაქტის დაფიქსირება კვლავ დიდ შრომას მოითხოვსამის საილუსტარციოდ გამოდგება "საისტორიო მოამბეში" (19-20, 1965.) დაბეჭდილი მასალა, სადაც უხვადაა ფაქტები ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ 1864-დან 1871 წლამდე, როცა ის თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.                       

     1864 წლის 28 ოქტომბერს ალექსანდრე II- ნიცაში ხელი მოაწერა აღმოსავლეთ საქართველოში ბატონყმობის გაუქმების ბრძანებულებას. ილია ჭავჭავაძე ამ დროს, საგლეხო რეფორმასთან დაკავშირებით, გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობით, მოხელედ იყო გამწესებული ქუთაისში. 1864 წლის 8 ნოემბერს ილია ქუთაისიდან გამოიხმეს და მომრიგებელ შუამავლად გაგზავნეს დუშეთში. ამ თანამდებობაზე ილიამ დაჰყო 1868წლის 1 თებერვლამდე.

    ილიამ ამ პერიოდში საქართველოს მთელი მთიანეთი ფეხით შემოიარა, ის სახნავი მიწებისა და საძოვრების აზომვა-აღწერაში მონაწილებდა და ცდილობდა გლეხებს დახმარებოდა, გასაზომ თოკს გლეხის სასარგებლოდ ჭიმავდა და გადაბიჯების ნაცვლად გადახტომით აფიქსირებინებდა მიჯნას, ამის გამო გლეხებმა სიყვარულით "გადახტი ბატონი" შეარქვეს.

    კარგი მუშაობისთვის დუშეთის მაზრის მომრიგებელი შუამავალიილია ჭავჭავაძე, 1866 წლის ნოემბერს ფულადი ჯილდოთი, 1867 წლის 21 აპრილს "კოლიჟსკი რეგისტრატორის" ჩინით, ხოლო 1868 წლის 10 თებერვალს "წარჩინების ნიშნით" დააჯილდოვეს.
 
   1868 წლის 1 თებერვალს კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით "თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ" ("ლიტ. მემკვ.", 1, გვ. 570-571; . "დროება" , 1868, #6, გვ. 2).
 
  ილიამ დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ 1871 წლის 14 მაისამდე იმუშავა, შემდეგ ის საკუთარი სურვილით წამოვიდა და აღარასოდეს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში ("საისტ. მოამბე", III, 1947. გვ. 275).  ამის მიზეზის კი ის იყო, რომ ლიტერატურულ საქმიანობას მოწყდა: გასაჭირი, სიღარიბე, სიმარტოვე, "სუდის ნაწილის სიდამპლე და სიმყრალე" სულს უხუთავდა

   ილიამ ამ პრიოდში დაწერა "გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები", რომელიც მომრიგებელ შუამავლად სამსახურის დროს "ნაპოვნი საგნებით და საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი ისტორიებით შეიქმნა". ეს ნაწარმოები გამოქვეყნდა გაზ."დროებაში" (1867 . #33, გვ. 2-6). ამავე პერიოდში დაიწერა "დროებისპირველი  ნომრისთვის "ზოგიერთი რამ", რომელიც იმდენად გამოირჩეოდა "ეროვნული რადიკალიზმით" , რომ ცენზურამ აკრძალა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაიბეჭდა.

     ილია ჭავჭავაძის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის დროინდელი ოქმები წარმოდგენას გვიქმნის იმ რთულ მომაბეზრებელ, ზოგჯერ უაზრო საქმიანობაზე, რომელსაც ყოველდღიურად ეწეოდა ახლაგაზრდა იურისტი, დიდი მიზნებით, ოცნებებითა და გეგმებით აღსავსე საზოგადო მოღვაწე და მწერალი, ამ პერიოდში ილიას საზოგადოებრივი და შემოქმედებითი  მოღვაწეობის არეალი შეზღუდული იყო, ამიტომ მისი მეგობარი მწერლები და ჟურნალისტები რამდენჯერმე ეწვივნენ დუშეთის მომრიგებელ მოსამართლეს და სთხოვეს სამწერლო და საგამომცემლო საქმიანობას დაბრუნებოდა, სადაც მას შემცვლელი არ ჰყავდა...  ილიამ ეს თხოვნაც გაითვალისწინა, როცა საბოლოოდ უარი თქვა სახელმწიფო სამსახურზე.

    თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ინახება ილია ჭავჭავაიძის მიერ შედგენილი ოქმების ხელნაწერები, რომლებშიც ასახულია ილიას მიერ წარმოებული საქმეები და გამოტანილი განაჩენები.

     აღნიშნული დოკუმენტებიდან ვეცნობით კომპეტენტურ, განათლებულ, პრინცუპულ, სამართლიან მოსამართლეს, რომელიც გლეხსა და თავადს, მდიდარსა და ღარიბს მხოლოდ კანონიერად, პირადი სიმპატია-ანტიპატიის გარეშე ასამართლებს. მისი ბრძნული გადაწყვეტილებების წყალობით, ერთი შეხედვით უტყუარი დამნაშავე გამართლებულა, ცრუ მომჩივანი და კი დასჯილაასეთი იყო, მაგალითად, დიაკვან ოსიტოვის (ოსიტაშვილის) საქმე, რომელსაც საამ ფარესოვი (ფარესაშვილი) ედავებოდა გასესხებულ ფულს. მას ჰქონდა ხელწერილი დიაკვნის ხელმოწერით და ჰყავდა ორი მოწმე. გამოძიებამ დაადგინდა, რომ ხელწერილი ყალბი იყო და მოწმეებიც სტყუოდნენ. ილიამ ურჩია თაღლით მემამულეს, უკან წაეღო სარჩელი და, რაკი უარი მიიღო, საქმე თბილისში სამხარეო სასამართლოს გადაუგზავნა ("საისტორიო მოამბე", 19-20, 1965, გვ. 396, ოქმი #3.).

    სამოქალაქო დავები სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა იყო. ილია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რომ უსამართლოდ არ დაჩაგრულიყო ქალი, არასრულწლოვანი, ავადმყოფი, არ გაყალბებულიყო ანდერძი და სხვ. ასე დაიცვა მან ქვრივი ქეთევან კორაშვილი  მოძალადე ნათესავისაგან (ოქმი #3)  არასრულწლოვანი არუთინ დალაქიშვილი, ფიზიკური, არაკანონიერი სამუშაოსაგან (ოქმი #6), ასევე ფული დაუბრუნა ავადმყოფს, რომელსაც წამალი გამოუწერა არაკვალიფიციურმა, საბუთის არმქონე ექიმმა (ოქმი #13); შეარიგა ცოლ-ქმარი და დანგრევის პირას მისული მრავალი ოჯახი გადაარჩინა (ოქმი #16, 20), ჯარიმისაგან იხსნა გლეხი წულიაშვილი, რომელსაც თავადი კლიმიაშვილი უჩიოდა, რომ გლეხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ თავადმა თავში ჩაარტყა წულიაშვილს და მხოლოდ ამის შემდეგ შეაგინა გლეხმა...  მოსამართლემ გაამართლა ბრალდებული, ხოლო არაკეთილსინდისიერ თავადს სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა.

ვფიქრობ, ჩვენ მიერ შეკრებილი ეს მასალა ნათელს მოჰფენს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის არაერთ ფურცელს, განსაკუთრებით კი, დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ სამსახურის პერიოდს.












მაია ნინიძე


ილია ჭავჭავაძის თხზულებათა დათარიღება


პირადი წერილები


მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო მისი პირადი წერილებია, მაგრამ თუ ისინი  უთარიღოა და მიახლოებითაც ვერ ხერხდება ქრონოლოგიურ რიგში ჩასმა, კარგავს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას - გვაჩვენოს მოვლენათა განვითარება დროის ისტორიულ დინებაში. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეზე მუშაობისას (პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ) ჩვენი უპირველესი ამოცანა პირადი წერილების დათარიღება იყო.
ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი წერილი თავისი დის - ელისაბედისადმი, რომელიც 29 იანვრით არის დათარიღებული, მაგრამ წელი მითითებული არა აქვს,  მწერლის თხზულებათა ოცტომეულის მე-17 ტომში (გვ. 30) დათარიღებულია ასე - [1870 წლის შემდეგ], ლიტერატურის მუზეუმის გამოცემაში („ილია ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ.. 185)  კი - 1873 წლით. ამ ბარათში ილია ელისაბედს ატყობინებს, რომ მომდევნო დღეს დილის თერთმეტ საათზე გრიგოლ ორბელიანთან თავმოყრას აპირებდნენ ლევან მელიქიშვილი, გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ივანე მუხრანბატონი და სხვა პირები რაღაც მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და სთხოვს, რომ ელისაბედის ქმარი - ალექსანდრე საგინაშვილიც მივიდეს. ილია არ ასახელებს, რა საქმეა ეს ან ვინ არის მისი ინიციატორი, მაგრამ ამბობს, რომ ის თავად ესტუმრა მას იმ დღეს და სთხოვა საგინაშვილის დაპატიჟება. ბარათი შორიდან არ უნდა იყოს გაგზავნილი _  ლიზას იგი იმ დღესვე უნდა მიეღო, რომ ალექსანდრეს მეორე დილით შეხვედრაზე მისვლა მოესწრო. ილიას სიტყვებიც  „ამ საქმის დამწყობი ჩემთან შემოვიდა“ და „მე ჯერ კიდევ შინ ვარ შემწყვდეული“  უფრო იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის და ელისაბედი შორს არ არიან ერთმანეთისგან - ორივე თბილისშია თავ-თავიანთ სახლებში.

ბარათში მოხსენიებული ფაქტი - 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანთან თავშეყრა რაღაც მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, საშუალებას იძლევა, რომ წერილი უფრო ზუსტად დავათარიღოთ. 1878 წლის 30 იანვარს სწორედ გრიგოლ ორბელიანის სახლში მოხდა საზოგადო მოღვაწეთა შეხვედრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების განსახილველად.   შესაბამისად, წერილს ვათარიღებთ 1878 წლის 29 იანვრით.

როგორც ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში, ისე ახალი აკადემიური გამოცემის მე-17 ტომში (გვ. 24, 370) ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი წერილი ილია წინამძღვრიშვილისადმი დათარიღებულია 1861 წლის თებერვალ-მარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ბარათთან ერთად ილია ადრესატს ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად უგზავნის თავის კრიტიკულ სტატიას „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“, ზუმბერიძის ხელმოწერით და რამდენიმე ლექსს. იგი მეგობარს აფრთხილებს, რომ სტატია მიხეილ ჩიკვაიძეს გაატანოს კერესელიძესთან, ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაამხილონ ვინ არის რეალური ავტორი, ლექსები კი - თავად მიუტანოს ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორს: „ისე უნდა მოიქცე, რომ თითონ რედაკტორს და ცენზორსაც არ შეატყობინო; კანონით იმათ უთუოდ უნდა იცოდნენ, მაგრამ შენ, როგორც იყოს სხვის მხრით დააჯერე ისინი, რო მართლა და აზნაური ზუმბერიძე მართალი გვარია და არა მოგონილი...“


რამდენადაც ილიას ზემოხსენებულ სტატიას თარიღად აწერია 1860 წლის 5 ნოემბერი, ბუნებრივია, რომ პირადი წერილი, რომელთან ერთადაც სტატია გააგზავნა, ამ თარიღის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი. შესაბამისად, წერილის დაწერის საწყის ზღვრად ვიღებთ 1860 წლის 5 ნოემბერს, უკიდურესი ზედა ზღვრის დასადგენად კი დახმარება გაგვიწია ბარათში დაცულმა კიდევ ერთმა ინფორმაციამ - ილია  ადრესატს სთხოვს, გაუგოს, როგორ არის მისი „აჩრდილისა“ და „ჰაჯი აბრეკის“ ბეჭდვის საქმე. „ჰაჯი აბრეკი“ დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ 1860 წლის  მეთერთმეტე (ნოემბრის) ნომერში და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამის შესახებ ორ-სამ კვირაში მაინც არ გაეგო ილია ჭავჭავაძეს. ამას გარდა, როდესაც „ჰაჯი აბრეკისა“ და „აჩრდილის“ ბეჭდვის ამბავს კითხულობს, მწერალი არ ახსენებს თავის ლექსს „როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო...“ და პუშკინისა და ლერმონტოვის ერთნაირი დასათაურების ლექსების - „წინასწარმეტყველის“ თარგმანებს, რომლებიც 1861 წლის „ცისკრის“ პირველსავე ნომერში დაიბეჭდა. შესაბამისად, წერილის წერის დროს ილიას „ჰაჯი აბრეკი“ ჯერ არ იყო დაბეჭდილი (ან ილიამ არ იცოდა, რომ  დაბეჭდილი იყო) და 1861 წლის „ცისკრის“ პირველ ნომერში გამოქვეყნებული ლექსები ჯერ გაგზავნილი არ ჰქონდა. ცხისკრის ამ ნომერზე ცენზურის ნებართვა გაცემულია 1860 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად, კერესელიძეს ილიას ეს თხზულებები 20 დეკემბრამდე მაინც უნდა მიეღო, ავტორს კი 10 დეკემბრამდე მაინც უნდა გაეგზავნა. რამდენადაც ვიცით, რომ 5 ნოემბრის შემდეგ გაგზავნილ ამ წერილს თან ახლდა „ცისკარში“ დასაბეჭდი რამდენიმე ლექსი, ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ „ცისკრის“ 1861 წლის პირველ ნომერში დაბეჭდილი ლექსებია და, „ჰაჯი აბრეკისა“ და „აჩრდილისაგან“ განსხვავებით, ავტორმა მათი ბეჭდვის ამბავი იმიტომ არ იკითხა, რომ ჯერ არ ჰქონდა გაგზავნილი.



წერილის სიტყვები: „ერთი წიგნი მომწერე ჩემი „აჩრდილი“ და „ხაჯი აბრეკი“ რა ყოფაში არიან“ წინა გამომცემელთა მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული, თითქოს, ილია წინამძღვრიშვილი აპირებდა ამ ორი თხზულების ცალკე წიგნად გამოცემას (ტ.17, გვ. 370). რა იძლეოდა ამგვარი დასკვნის საფუძველს, გამოცემებში მითითებული არ არის და ვერც რომელიმე წყაროში მივაკვლიეთ ცნობას მსგავსი განზრახვის შესახებ. 1860-1861 წლებისთვის ილიას ჰქონდა  რამდენიმე პუბლიკაცია მხოლოდ ჟურნალ „ცისკარში“ და არ ჰქონდა გამოცემული არცერთი წიგნი. ანკი რატომ უნდა ეფიქრათ მას და ილია წინამძღვრიშვილს ამ ორი თხზულების ცალკე წიგნად გამოცემაზე, როდესაც ერთი მათგანი ორიგინალური პოემაა და მეორე - თარგმანი და მათ შორის თემატურ-შინაარსობრივი კავშირიც ნაკლებად არსებობს? გარდა ამისა, „აჩრდილის“ მსგავსი შინაარსის ტექსტს რომელიმე ჟურნალში თუ შეაპარებდა მწერალი, თორემ ცალკე წიგნად გამოცემის შემთხვევაში ცენზურა ბევრად უფრო დაკვირვებული და მკაცრი იქნებოდა. მეორე მხრივ, წერილიდან კარგად ჩანს, რომ ილია წინამძღვრიშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც ეხმარებოდა ილიას ჟურნალ „ცისკართან“ ურთიერთობის დამყარებაში. მას მიჰქონდა ივანე კერესელიძესთან ილიას მიერ გაგზავნილი ტექსტები და, სავარაუდოდ, ისვე ადევნებდა თვალს მათ ბეჭდვას. იხ. ამონარიდები წერილიდან: „ არ მინდა, რომ შენ მიუტანო კერესელიძეს ეს სტატია, რადგანაც ის მიხვდება, რომ შენ ჩემის მეტი არავინ გიგზავნის სტატიებსა... ეს ლექსები კი შენ მიუტანე კერესელიძეს. შესაბამისად, წერილში ნახსენები „აჩრდილი“ და „ხაჯი აბრეკი“ უნდა დაბეჭდილიყო „ცისკარში“ და არა ცალკე წინად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ ორიდან პირველი ტექსტი მართლაც დაიბეჭდა „ცისკრის“ 1860 წლის ნოემბრის ნომერში. რაც შეეხება „აჩრდილს“, მართალია, 1859 წელს „ცისკრის“ მე-10 ნომერში დაიბეჭდა მისი მე-5 თავი სათაურით „არაგვი“ („ჩვენო არაგვო...“), მაგრამ პოემის სხვა ეპიზოდების ბეჭდვა ილია ჭავჭავაძეს არათუ სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისში, ბევრად უფრო გვიანაც უჭირდა მასში ასახული ეროვნული და სოციალური სულისკვეთების გამო და არაერთგზის მოუხდა ნაწარმოების გადაკეთება-შემოკლება.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ბარათი დაწერილია არა 1861 წლის თებერვალ-მარტში, არამედ 1860  წლის 5 ნოემბრიდან 10 დეკემბრმდე და დათარიღების დაზუსტებასთან ერთად  იკვეთება ორი საინტერესო გარემოება: 1. ილია ჭავჭავაძეს 1860 წელს ჰქონია მცდელობა, რომ ჟურნალ „ცისკარში“ თავისი „აჩრდილის“ სხვა თავებიც დაებეჭდა და უარი მიუღია და 2. სამი თვე დასჭირვებია მისი სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“ გამოქვეყნებაზე ნებართვის მიღებას. ამ სტატიასთან ერთად გაგზავნილ ლექსებზე ცენზურის ნებართვა გაცემულია 1860 წლის 20 დეკემბერს და ისინი დაიბეჭდა „ცისკრის“ 1861 წლის პირველსავე ნომერში, სტატიის ბეჭდვაზე კი ცენზურის ნებართვა  გაცემულია 1861 წლის 20 მარტს  და იგი დაიბეჭდა „ცისკრის“ 1861 წლის მეოთხე ნომერში. როგორც ჩანს, სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო მოუხდა ავტორს თავისი ვინაობის გამხელა და სტატიის გამოქვეყნება ზუმბერიძის ფსევდონიმის ნაცვლად, საკუთარი ხელმოწერით.

მწერლის შემოქმედების აკადემიურ გამოცემაში ერთ დამოუკიდებელ ტომს შეადგენს მისი  მეუღლის - ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისადმი მიწერილი ბარათები, რომელთა უმრავლესობას ავტოგრაფში წელი მითითებული არა აქვს, დიდ ნაწილს კი - აწერია მხოლოდ თვე და რიცხვი. თუ წერილში რაიმე ისეთი ისტორიული რეალიაა ნახსენები, რომელიც კონკრეტულ თარიღს უკავშირდება, მისი დათარიღება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ასეთი შემთხვევები ბევრი არ არის. კვლევამ წარმოაჩინა, რომ ბარათების დათარიღების საუკეთესო საშუალება მასალის ერთიანი  კორპუსის კომპლექსური შედარებითი ანალიზია.

ცნობილია, რომ ბანკის წესდების დამტკიცებისა და საბანკო საქმის პრაქტიკული შესწავლის მიზნით ილია ჭავჭავაძე 1873 წლის ივლისიდან 1874 წლის აპრილამდე და 1874 წლის ნოემბრის დასაწყისიდან 1875 წლის იანვრის ბოლომდე იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში (მოსკოვი, პეტერბურგი, პოლტავა) რამდენადაც მას მეუღლესთან რეგულარული მიმოწერა ჰქონდა, გვაქვს წერილების მთელი სერია, რომლებშიც ასახულია ამ მივლინებების დროს ბანკის საქმეებთან დაკავშირებული პერიპეტიები, მწერლის შემოქმედებითი და სხვა საქმიანობა. ჩვენი ყურადღება მიიპყრო 1873 წლის წერილების ციკლიდან შინაარსობრივად ამოვარდნილმა ორმა ბარათმა (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეული . 18. გვ. 158 და 163).

ზემოხსენებულ პირველ ბარათს აწერია „19 ნოემბერი, პეტერბურღი“. მისი შინაარსიდან გამომდინარე, ილია რუსეთში ახალჩასულია: „ესეც პეტერბურღში მოვედი... ჯერ პეტერბურგში არავინ არ მინახავს, არც სენო... ხვალ სენოს უსათუოდ ვნახავ და ჩურჩხელებსაც მიუტან. წინადვე წარმომიდგენია, რა რიგად გაუხარდება ჩემი ნახვა და ტიოტია ოლიასაგან გამოგზავნილი ჩურჩხელებიეს ბარათი რომ ბანკის საქმეებზე 1870-იან წლებში რუსეთში ილიას პირველი ჩასვლის დროს - 1873 წლის 19 ნოემბერს იყოს დაწერილი, იგი ვერ იტყოდა, სენო არ მინახავსო, რადგან ოლღას დისწულს - სიმონ სტაროსელსკის 1873 წლის ივლისიდან იგი რეგულარულად ნახულობდა და ოლღას გატანებული ჩურჩხელების გადაცემასაც ოთხი თვით არ გადადებდა. ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ყურადღება მიიპყრო წერილში ნახსენებმა ოლღასათვის გაგზავნილმა თანხამ: „ფული გამოგიგზავნე 295 მან. არ ვიცი, მიიღე თუ არა“.  თანხის გაგზავნაზე საუბარი მეუღლისთვის მიწერილ  „7 ნოემბრისბარათშიც გვხვდება, რომელიც ოცტომეულის მე-18 ტომში, ზემოთ განხილული წერილისგან განსხვავებით, 1874 წლისად არის მიჩნეული. ამ ბარათიდან ვიგებთ, რომ ოდესამდე ილია ზღვით წასულა, 7 ნოემბერს ჩასულა მოსკოვში და 8 ნოემბერს აპირებდა პეტერბუტგში გამგზავრებას: „აი, დღეს მოვედი მოსკოვში... ზღვით წამოვედი.. ხვალ პეტერბურგში მივდივარ“. სწორედ ამ წერილში არის ნახსენები ოლღასათვის გაგზავნილი თანხა: „ჩემი გამოგზავნილი ფული 195 მანეთი აქამდინ, რასაკვირველია, მიღებული გექმნება და მიღების გარდა, ნახევარი დხარჯულიცა“. როგორც 19 ნოემბრის წერილიდან ჩანს, ილიას სწორედ იმ დღეს დაგვიანებით მიუღია ოლღას მიერ 27 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომლიდანაც მან გაიგო, რომ მისი მეუღლე იმ დროისთვის ჯერ არ იყო ჩასული კარდანახში და არც ილიას სიძის - ნიკოლოზ აფხაზის სახელზე გაგზავნილი ხსენებული თანხა ჰქონდა მიღებული. ბუნებრივია, მას არც ილიას მიერ 7 ნოემბერს გაგზავნილი წერილი ექნებოდა წაკითხული და ილია ამიტომ იმეორებს თანხის გაგზავნის ამბავს. ცოტა დაგვაეჭვა თანხის რაოდენობათა შორის არსებულმა განსხვავებამ, მაგრამ ამ შეუსაბამობის გარკვევაში დაგვეხმარა მესამე ბარათი  (იქვე, გვ. 189), რომელზეც თარიღი მიწერილი საერთოდ არ არის, მაგრამ შინაარსიდან ჩანს, რომ 1874 წლის 30 ოქტომბერს უნდა იყოს დაწერილი („სოლომონს ათი თუმნის მიღების ბარათი ჩამოართვი...ათი თუმანი მივიღეთ ილია ჭავჭავაძისაგან... 1874 . 30 ოქტომბერს“. ბარათის შინაარსიდან ირკვევა, რომ სოლომონ ჭავჭავაძისთვის მისაცემი ასი მანეთი (ათი თუმანი) და ზემოხსენებული 195 მანეთი ილიას ოლღასთვის ერთად გაუგზავნია ბიჭის ხელით სწორედ 30 ოქტომბერს (გიგზავნი, ჩემო საყვარელო ოლიკო, ოცდაცხრა თუმან ნახევარს“), მაგრამ 295-ის ნაცვლად 7 ნოემბრის წერილში 195- იმიტომ ახსენებს, რომ 100 მანეთი ოლღას მაშინვე სოლომონისთვის  უნდა გადაეცა, 7 ნოემბრის ბარათში კი საუბარია თანხის დახარჯვაზე („მიღებული გექმნება და მიღების გარდა, ნახევარი დახარჯულიცა“), რაც ვერ შეეხებოდა სოლომონისათვის მისაცემ თანხას. შესაბამისად, სამივე ბარათი 1874 წლისაა, და 30 ოქტომბრისა წინა ორზე (7 და 19 ნოემბრისებზე) ადრეული უნდა იყოს.

1874  წლის კიდევ ერთი ბარათი (იქვე, გვ. 163), რომელიც 1873 წლისად იყო მიჩნეული, ავტორის მიერ დათარიღებულია 14 დეკემბრით. პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილები ორი ერთმანეთის მომდევნო დღით არასდროს არ არის ხოლმე დათარიღებული, რადგან ფოსტა საქართველოსკენ ყოველდღე არ მოდიოდა. თხზულებათა ოცტომეულის მე-18 ტომში კი ეს წერილი მოქცეულია 1873 წლის 3 დეკემბრისა და 15 დეკემბრის ბარათებს შორის. თუ 3 და 15 დეკემბრის ბარათები ერთმანეთთან სრულ შინაარსობრივ კავშირშია, 14 დეკემბრის ბარათში განსხვავებული განწყობა და  თემებია. წარმოგიდგენთ რამდენიმე პარალელს 3 და 15 დეკემბრის წერილებს შორის: „ჩვენმა ფოდრიაჩიკმა ყველაფერი აღასრულა თუ არა, რაც პირობაში უწერია; ქვიშა, აგურიდაჰსწვეს და მოზიდეს თუ არა, ანუ ხე-ტყე, კარი, ფანჯარა“ / „მე რომ წამოვედი, ისე დავაწყეთ მე და პოდრიაჩიკმა, რომ აგური, კირი, კრამიტი ერთად უნდა დაგვეწვა; ხე-ტყე სახლისა, კარი და ფანჯარა მოტანილი უნდა იყოს; „ჩვენი მიშკა იპოვეს თუ არა“ / „მიშკა აპოვნინე“. ამას გარდა, სამი დეკემბრის წერილში ნათქვამსკარდანახში ალექსანდრე ლიაზანოვის სახელზედ წიგნი მოგწერეეხმიანება 26 დეკემბრის წერილის სიტყვები: „ჯერ ბაქოდამაც არ იყავ წამოსული, რომ ლიაზანოვის სახელზედ წიგნი მოგწერე“. მსგავსი პარალელები 14 დეკემბრის ბარათს 1873 წლის დეკემბრის წერილებთან არ გააჩნია, მეორე მხრივ, კი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი გამოძახილები აქვს ჩვენ მიერ 1874 წლის 19 ნოემბრით დათარიღებულ ზემოხსენებულ წერილთან: „ღვინოები კარგად გადააღებინე და მომწერე, როგორები დადგა. აქ ერთი წიგნი ვიყიდე О виноделии ის რო წავიკითხე, ელდა მეცა. იქა ჰსწერია, რომ ავდარში დაკრეფილი ყურძენიო და ავდარშივე დაწურული, ძალიან ცუდს ღვინოს დააყენებსო, ასეო, რომ ღვინო არ დაწმდებაო და ეყროლებაო. ნუთუ მართლა ჩვენს ღვინოებს ეს სიკეთე დაემართება...“/ „ეხლა ღვინოები გადაღებული გექმნებათ და შეეტყობა, როგორი დადგა. ნეტავი, მეცოდინა, კარგი ღვინოები დაგვიდგა, თუ არა. მე ძალიან მეშინიან, რომ ჩვენი ღვინოები წელს ვერაფერი იქნება, რადგანაც წვიმიანს დროს დავკრიფეთ და დავწურეთ“; რა სიკეთეს მიზამ, რომ ხე-ტყე ტყიდამ გამოტანილი დამახვედრო, თავლა დახურული, წისქვილი დაბრუნებული“ / „წისქვილი კაი ფასად მიგიცია... ჩვენი თავლისა რა ჰქენით, გაათავეთ თუ არა“; „ჩვენი მოურავი კნიაზი გიგო როგორ ირჯება“ / „ჩვენი სახლთხუცესი გიგო როგორ ირჯება“; „მომწერე, შენი ჭირიმე, წოურის ვენახი გააკეთეთ თუ არა. გიორგიმ ხომ არ დაგიშალათ“ / „წოურის ვენახი... შეიმუშავეთ, თუ არა. ავყია გიორგიმ ხომ არ დაგაპრკოლათ, ან არ დაგიშალათ...“ ვფიქრობთ, კავშირი ამ ორი წერილის დაწერის პერიოდებს შორის სავსებით აშკარაა. შესაბამისად, 14 დეკემბრით დათარიღებული ბარათიც 1874 წლისა უნდა იყოს.

წერილი, რომელიც ოცტომეულის მე-18 ტომში 1875-1883 წლებით არის დათარიღებული (გვ. 201), 1875 წლამდე უნდა იყოს დაწერილი, რადგან მასში ილია მოკითხვას უთვლის თადეოზ გურამიშვილს - „კნიაზს“, როგორც მას იხსენიებდა ხოლმე: „მათი აღმატებულება ეკატერინა თადეოზის ასული დიდად და დიდის თაყვანებით მომიკითხე, კნიაზსაც მოკითხვას მოვახსენებ“. ეს წერილი, სავარაუდოდ, გაგზავნილია დუშეთიდან საგურამოშისადაც მამასთან ერთად იყვნენ ოლღა და მისი და კატოც, კატოს მეუღლე დიმიტრი სტაროსელსკი კი, როგორც წერილიდან ჩანს, მეორე დღეს ილიასთან ერთად აპირებდა ცოლ-შვილთან ასვლას („მე და დიმიტრი ხვალ ვაპირობთ ამოსვლას“). ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, რომ წერილის დაწერის სავარაუდო ინტერვალი კიდევ უფრო შევამციროთ. დიმიტრი სტაროსელსკი 1872 წლის 25 მაისს დაინიშნა ბაქოს გუბერნატორად და ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში. შესაბამისად, წერილი 1872 წლის 25 მაისამდე უნდა იყოს დაწერილი, მაგრამ ბარათის შინაარსი ინტერვალის კიდევ უფრო დავიწროების საშუალებასაც გვაძლევს. მასში ილია ოლღას სთხოვს, მის დას - ლიზას მისწეროს, რომ დეკეული იყიდოს (თუ ფული არ ექნება, ციციშვილს გამოართვას) და თხუთმეტკაციანი ვახშმის თადარიგი დაიჭიროსილიას და რომ იმ დროს ალექსანდრე საგინაშვილის მეუღლე ყოფილიყო, ცოლისძმა სიძის  ოჯახში ასეთ განკარგულებებს არ გასცემდა. თან ალექსანდრესთვის პრობლემა არ იქნებოდა 15 კაცზე სუფრის გაშლევინება ისე რომ სხვისთვის ფული არ ეთხოვა. ელისაბედი მეორედ გათხოვდა 1872 წლის 20 თებერვალს. შესაბამისად, ბარათი მანამდე უნდა იყოს დაწერილი, როდესაც ილიასა და ელისაბედს თბილისში საზიარო სახლი ჰქონდათ.


1872 წელს ილია ჯერ კიდევ დუშეთში მსახურობდა და ბუნებრივია, დავინტერესდეთ, რამდენად ახერხებდა იქედან საგურამოში ასვლას. ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს ოლღასათვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი, რომელიც უთარიღოა, მაგრამ შინაარსიდან ჩანს, რომ დუშეთში სამსახურის პერიოდშია დაწერილი: „ოლიკო! იმ დღეს ზალიკა მებაღემ ჩემს ცხენს უწამლა და მე ისე წამოვედი, რომ ვერა ვაჩუქე რა, ამისათვის გთხოვ, სამი მანეთი აჩუქო. ოთხს კალოდს ქაღალდს უკანვე ვგზავნით, კნიაზს მიართვი. მომიკითხე ყველანი. მე ეხლავ მივდივარ დუშეთს“ (იქვე, გვ. 92). ჩვენეულ დათარიღებას ადასტურებს კიდევ ერთი გარემოება. უთარიღო ბარათში, რომელიც ჩვენი აზრით  1872 წლის 20 თებერვლამდე არის დაწერილი, ვკითხულობთ: „სახლები ვერც იყიდება და ვერც გირავდება. შენი მტერი, ჩვენი საქმეა“.  ისმის კითხვა, რომელსახლებზეა“ (სავარაუდოდ, იგულისხმება სახლი, რომელშიც რამდენიმე საცხოვრებელი ბინაა) საუბარი? იმ პერიოდში ილიას და ოლღას ჰქონდათ გასაყიდი სახლი? ამ კითხვას ნათელს ჰფენს 1873 წლის 23 თებერვლის წერილი ოლღასადმი, რომელშიც  ისევ არის საუბარი სახლების გაყიდვაზე და კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს ახალი პრობლემა არ არის: „ვნახე ლავიცკის ცოლიცა. სახლების გაყიდვისა დიდი იმედი მომცა“. როგორც ჩანს, 1872 წელს სახლების გაყიდვა ვერ მოხერხებულა. 23 თებერვილის წერილიდან ბევრი რამ ირკვევა ამ სახლებთან დაკავშირებით. იგი  ოლღას სახელზე იყო გაფორმებული, რადგან მის გასაყიდად ილიას მინდობილობა სჭირდებოდა („მანდაურს ნოტარიუსს ჰსთხოვე კანონიერიდოვერენოსტიშეადგინოს და ჩემს სახელზედ დააწერინე... თუ სახლები გაიყიდება... საჭირო იქნება“), სავარაუდოდ, ეს იქნებოდა 1862 წლის 10 მარტს მამიდის - სიდონია გურამიშვილ-სავარსამიძის მიერ ოლღასთვის ნაანდერძევი სახლი (იხ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, №1005). ოლღას ამ სახლის გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ იგი პრიკაზში ყოფილა ჩადებული და ვალის გადაუხდელობის გამო  ისედაც გასხვისება ემუქრებოდა („მაგ სახლებს პრიკაზი დღესა თუ ხვალე გაჰყიდის“), სახლი ძალიან გასარემონტებელი იყო. მის მოწესრიგებასაც და ვალის გადახდასაც ილია და ოლღა ვერ შესძლებდნენ, გაყიდვის და ვალების გასტუმრების შემთხვევაში  კი, მათი ანგარიშითრჩებოდათ  5000 მანეთი, რომლიდანაც, თუ ბანკში შეიტანდნენ, წლიურად პროცენტის სახით 350 მანეთს აიღებდნენ. შესაბამისად, სახლის გაყიდვა მათთვის უფრო ხელსაყრელი იყო და ამიტომაც გადაწყვიტეს. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ვფიქრობთ, ამ ორ წერილში ერთი და იგივე სახლის გაყიდვაზე უნდა იყოს საუბარი. ეს განზრახვა თავდაპირველად 1872 წელს გაჩნდა, მაგრამ, როგორც წერილიდან ჩანსარაფერი გამოვიდა, 1873 წელს კი გამოჩნდა დაპირება და იმედი. შესაბამისად, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ უთარიღო ბარათი 1872 წლის 20 თებერვლამდე უნდა იყოს დაწერილი.

(გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე)

http://textologi.blogspot.com/p/18.html


            

No comments:

Post a Comment