მაია ნინიძე ილია ჭავჭავაძის თხზულებათა დათარიღება (გაგრძელება)

დასაწყისი იხილეთ მისამართზე http://textologi.blogspot.com/p/2.html

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-18 ტომში (გვ. 227) არის 4 მარტით დათარიღებული ბარათი (წელი მითითებული არ არის), რომლის შინაარსიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 1875 წელს დაწერილად მივიჩნიოთ. ილიას სიმამრის - თადეოზ გურამიშვილის გარდაცვალების დროს ილია რუსეთში იმყოფებოდა ბანკის საქმეებზე. 1875 წლის 15 მარტს საქართველოში დაბრუნებული პოეტი წერილს უგზავნის პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს, რომელშიც სწერს: „ჩემს უბედურებასაც შეიტყობდი: ვიდრე რუსეთიდამ მოვიდოდი, ჩემი სიმამრი გარდაცვლილიყო“. ოლღასათვის 1875 წლის 20 და 26 თებერვალს (. 18, გვ. 190, 191) და კატოსადმი 25 თებერვალს (. 17. გვ. 61) გაგზავნილი წერილებიდან კი ჩანს, რომ მამის დაკრძალვის შემდეგ ოლღა ფეხმძიმედ მყოფ თავის დას - კატოს გაჰყოლია ბაქოში (იხ. „ნეტავი.. კატო მალე განთავისუფლდეს, შვილები კარგად ჰყავდნენ, რომ შენც მალე წამოხვიდე“, გვ. 191). 26 თებერვლის წერილში ნათქვამია, რომ მეორე დღეს ილია აპირებდა საგურამოში ასვლას, სადაც უკვე თადეოზის ნაცვლად ოლღას დედინაცვალი -  „მარია დიასამოვნადახვდებოდა. 4 მარტის წერილი სწორდ 25-26 თებერვლის ბარათების მომდევნოდ უნდა იყოს დაწერილი, რადგან მასში ილიას საგურამოში ყოფნის ამბებია აღწერილი. 25 თებერვლის წერილში ვკითხულობთ: „ხვალ საღამოზედ მე მივდივარ საგურამოს: სირაჯი წასულა ღვინოების ამოსაღებად. თქვენი დედინაცვალი დღევანდლამდე ქალაქში იყო და, რაკი შეუტყვია, რომ სირაჯი საგურამოს მისულა, დღესვე საჩქაროდ წასულა საგურამოს“. 4 მარტის ბარათში წერია: „დღეს საგურამოდან ჩამოველ, სირაჯს ღვინო მიუწყე კნიაზისა ოცდაოთხი საპალნე და ოცდაჩვიდმეტი თუნგი... ეს ფული სულ მოჯამაგირეებს დავურიგე, ვისაც ყავლი გასვლოდა...“  წერილში საუბარია იმაზეც, თუ როგორ ნელ-ნელა ყიდდნენ ოლღას დედინაცვალი და მისი ძმა გურამიშვილების ცხვარ-ძროხას და როგორ ცდილობდნენ ყოველგვარი შემოსავლის მთლიანად დაუფლებას. ამ წერილში არაფერია ნათქვამი კატოს მშობიარობაზე, 10 მარტის წერილში კი ილია უკვე ულოცავს მას ვაჟის დაბადებას. შესაბამისად, 4 მარტის წერილიც 1875 წლის მოვლენებს ასახავს და იმ დროს უნდა იყოს დაწერილი.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-18 ტომში 1875 წლით არასწორად არის დათარიღებული ის ხუთი წერილი, რომლებიც გაგზავნილია ილიას მიერ ოლღასათვის ყვარლიდან თბილისში (იხ. „მინდა შენი ნახვა და ქალაქში ჩამოსვლა“, გვ. 196) და რომლებშიც აღწერილია ჭავჭავაძეთა მიწების გამიჯვნის და დაკანონების ამბები: იხ. 28 ოქტომბრის წერილი, გვ. 193 („მე აქ იასესთანა ვარ ჩამომხტარი და ყოველს დღეს დილის რვა საათიდამ საღამოს ექვს საათამდე ზემლემერს უკან დავსდევთ“), 9 ნოემბრისა, გვ. 194 („მელქისედეკის წილობამ და ჩვენმა წილობამ მამულებზედ წილი ვყარეთ“), 13 ნოემბრისა, გვ. 195 („ეხლა ტყესა ვყოფთ ერთმანეთში“), 25 ნოემბრისა, გვ. 196 („ახლა სახნავის გაყოფაზედღა არის საქმე“) და 29 ნოემბრისა, გვ. 197 („ლამის ჩვენიმეჟევანიეგათავდეს“). გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცულია ჭავჭავაძეთა მამულების აღწერისა და გაყოფის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, რომლებიც 1884 წელს აუღია ილია ჭავჭავაძის ნათესავს, ხსენებული მიწების ერთ-ერთ მესაკუთრეს - სოფიო ალექსანდრეს ასულ ჭავჭავაძეს, რომელიც საბუთებში გარდაცვლილი მეუღლის გვარით - ბოგდანოვა-კასინსკიდ მოიხსენიება (იხ. ხელნაწერთა ფონდი # 9599 „ჭავჭავაძეების საკუთრებაში მყოფი ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი“, 1878 წლის 1 ნოემბერი; # 9608, ილია ჭავჭავაძესა და სხვა თანამესაკუთრეთა შორის ყვარლის აგარაკის გაყოფის ოქმი“ 1878 წლის 14 ნოემბერი; # 9615, # 9602, ილია ჭავჭავაძესა და სხვა თანამესაკუთრეთა შორის ყვარლის აგარაკის ტყის გამიჯვნის მორიგების სააღწერო ფურცელი“, 1878 წლის 16 ნოემბერი;  # 9603,  „თბილისის სასამართლო პალატის მიერ ილია ჭავჭავაძისა და მისი ყოფილი თანამესაკუთრეებისათვის მიწების დაკანონების დადგენილება“, 1878 წლის 29 ნოებერი), რომელთა მიხედვითაც ეს გაყოფა მოხდა 1878 წლის ნოემბრის პირველიდან 29-ის ჩათვლით და თითოეულ საბუთში დადასტურებულია, რომ ამ პროცესს ფიზიკურად ესწრებოდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე. შესაბამისად, ხუთივე წერილი დათარიღებული უნდა იყოს 1878 (და არა 1875) წლით.

ოლღასათვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილს (გვ. 199, 200), რომელშიც ილია მეუღლეს უხსნის წინა დღეს მისი ჩაუსვლელობის მიზეზს და აძლევს დარიგებას მეურნეობასთან დაკავშირებით („მომწერე, მაშინა მოიტანეს მუხრანიდამ თუ არა. თუ მოიტანეს, სადა მუშაობს. სტაროსელსკის რომ გაუთავონ, მერე გულაშვილი თხოულობს. აქაც მეხვეწებიან, სადახლოში წავიღოთო, მაგრამ ვერა ვბედავ...“)  აწერია თარიღი და კვირის დღე - „23 ღვინობისთვე, შაბათი“, მაგრამ არ აწერია წელი. მწერლის თხზულებათა ოცტომეულის მე- 18 ტომში იგი დათარიღებულია 1870-იანი წლებით, მაგრამ არგუმენტი ბუნდოვანია, წყარო კი არ არის მითითებული. იმთავითვე  ცხადი იყო, რომ წერილის დათარიღებაში გარკვეული დახმარების გაწევა შეეძლო რიცხვთან და თვესთან ერთად კვირის დღის მინიშნებას, მაგრამ, რამდენადაც ვიცოდით, რომ ასეთი დამთხვევა შეიძლება ხუთ წელიწადში ერთხელ გამეორდეს, შევეცადეთ, რომ ვიდრე წლის დასადგენად მუდმივ კალენდარს მივმართავდით, ცოტათი მაინც შეგვევიწროებინა  წერილის დაწერის სავარაუდო დროითი ინტერვალი.

ტექსტის მიხედვით, ჩანს, რომ თადეოზ გურამიშვილი უკვე გარდაცვლილია და საგურამოს მამულის პატრონობა ილიას აქვს ჩაბარებული („წიწამურის დუქანთან ორი მუხის ხეა, ძალიან კარგია, თურმე, კოპიტებისათვის...“ „ჯერ არ დაათესინო...“ და სხვ. გვ. 199). თადეოზი გარდაიცვალა 1875  წელს. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, საწყისი თარიღის კიდევ უფრო გადაწევაც გახდა შესაძლებელი. 1878 წლის ნოემბრის ბოლოსყვარელში მამულების გაყოფას რომ ამთავრებდნენ, ილიამ ოლღას მისწერა, რომ მის დიშვილს - მაკო აფხაზს ილიას და - ნინო საგურამოში გაუშვებდა, თუ ოლღა თანახმა იქნებოდა, რომ მაკო მასთან დარჩენილიყო (. 18, გვ. 198). რადგან ბარათის ბოლოს ილია წერს: „გაკოცებ შენცა და მაკოსაც“, ჩანს, რომ მისი დიშვილი უკვე საგურამოშია და, შესაბამისად, ეს ბარათი 1878 წლის ნოემბრის შემდეგ უნდა იყოს დაწერილიმაკოს საგურამოში ყოფნა მეორე ზღვრული თარიღის განსაზღვრაშიც დაგვეხმარა. 1884 წლის  19 თებერვალს ილიას მიერ ოლღასათვის პეტერბურგიდან გაგზავნილ წერილში მაკო უკვე გათხოვილი ჩანს („ძალიან მეამა მაკოს გათხოვება და კაი კაცთან შეერთება“ - . 18, გვ. 210) შესაბამისად, ეს ბარათი დაწერილი უნდა იყოს 1878 წლის ნოემბრის ბოლოდან 1884 წლის 19 თებერვლამდე, ხოლო რადგან  დროის ამ ინტერვალში 23 ოქტომბერი შაბათ დღეს ემთხვევა მხოლოდ 1882 წელს. შესაბამისად, წერილის თარიღი - 23 ოქტომბერი 1882 წელს გულისხმობს.

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებაში ილია ჭავჭავაძის შესახებ ვკითხულობთ: „როგორც კი ამოიკითხავდა გაზეთში ახალი სასოფლო-სამეურნეო იარაღების შემოღების შესახებ, უსათუოდ გამოიწერდა...“. ილიას ამ მისწრაფებას ეხმიანება დაუთარიღებელი წერილების მთელი სერია, რომლებშიცმაშინებზეასაუბარი.

მეუღლისათვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში (გვ. 240) ილია მას ემადლიერება, რომ დროულად გაუგზავნამაშინის ფულიდა სწერს, რომ სამკალ მანქანას მეორე დღეს გაგზავნის საგურამოში. 1882 წლისივერიისივლის-აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ შინაურ მიმოხილვაში, სადაც ილია ვინაობის გაუმხელლად წერს თავის  მეურნეობაზე, ნათქვამია, რომ იმ წელს ანონიმმა მემამულემ, რომელსაც თბილისის ახლოს ჰქონდა მამული, ახალი მანქანით დამკო არა მხოლოდ თავისი ყანები, არამედ მოუმკო ახლომახლო სოფლების გლეხებსაც და თან ბევრად უფრო იაფად, ვიდრე მათ ჩვეულებრივ უჯდებოდათ. შესაბამისად, მანქანა 1882 წლის ივლისის დასაწყისშივე უნდა ჰქონოდა მემამულეს, რომ ამდენის მომკა მოესწრო, პირადი ბარათი კი ამ წლის ივლისამდე უნდა იყოს დაწერილი.

მეორე წერილში (გვ. 217-218) ილია ოლღას ატყობინებს, რომ მათ მიერ გამოწერილი მარცვლეულის სალეწი მანქანა 24 ივლისს გამოუგზავნიათ ოდესიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ საგურამოში მყოფ ოლღას ილია, თუ თავადაც იქ არ იყო, რეგულარულად ეხმიანებოდა, ბარათი მანქანის გამოგზავნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მალევე იქნება დაწერილი, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში. ამავე წერილიდან ჩანს, რომ ილიას იმ დროს მექანიკური გუთანიც ჰქონია: „რა წამსაც გუთანი მოვიდეს, მეორე დღესვე გაგზავნე სახნავად... უბძანე ხოსეს, , რომ ეკიპაჟის მაზი დღეში ორჯერ წაუსოს ხოლმე გუთვნის თვლებსა, თორემ ღერძს მოსჭამს ერთის დღის განმავლობაში“. ბარათში ნახსენებია სალეწი მანქანის მწარმოებლის - ჯონ პიტსის სახელი („ჯონ პიტსი მაშინისტსაც მიგზავნის“) და ჩანს, თუ რა იმედებს ამყარებდა ილია ამ ტექნიკაზე: („ჩემო ოლიკო, თუ გავხდებით ამით რასმეს, ხომ რა კარგი, თუ არა, ნება ღვთისა აღსრულდეს...“) წერილს არ აწერია წელი. ბარათის დაწერის წლის დადგენაში დაგვეხმარა ჟურნალ ივერიის 1882 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში ილია ჭავჭავაძის მიერ ხელმოუწერლად დაბეჭდილი იგივეშინაური მიმოხილვა“, რომელშიც ის მესამე პირში მოგვითხრობს თბილისთან ახლოს მცხოვრებ მემამულეზე, რომელსაც თავის მეურნეობაში გარდა იმისა, რომ მექანიკური გუთანი და სამკალი მანქანა ჰქონდა, დღე-დღეზე ელოდებოდა მარცვლეულის სალეწი მანქანის ჩამოტანას: „იმ ზემოხსენებულს მემამულეს დაუბარებია სალეწი მაშინა, ას ორმოცდაათ თუმნამდე უჯდება. ამასთანავე, ადგილიდამვე მემაშინეც მოუწვევია და დღე-დღეზედ მოელის ერთსაც და მეორესაც“.   წერილში ისეთი დეტალებია განხილული (როგორ გაერკვნენ გლეხები გუთნის სხვადასხვა ნაწილის ფუნქციებში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ თავდაპირველად ამ ტექნიკისადმი და როგორ შეეცვალათ დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ისინი მოქმედებაში ნახეს), აშკარად ჩანს, რომ ილია თავისსავე მამულზე წერს. ეს სტატია ჟურნალივერიის“ 1882 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. შესაბამისად, მანქანა ოდესიდან 1882 წლის 24 ივლისს გამოუგზავნიათ, ოლღასათვის მიწერილი ბარათი კი - 1882 წლის აგვისტოს დასაწყისში უნდა იყოს დაწერილი.

ერთ-ერთ წერილში (. 18. გვ. 240) ილია  მეუღლეს ატყობინებს, რომ მოჭრილი ხეების ანგარიში არასწორად იყო შედგენილი („არ ვიცი, როგორ დაჰსთვალეს. იქნება ერთი ხე სამათ არის გადახერხილი და სამად დათვალეს, მაშინ, როდესაც სამად გაჭრილი ხე ერთს ხედ უნდა ჩათვლილიყო. ამას გარდა, რაც წვრილი ხეა, არ უნდა დაეთვალათ.“). იმისათვის, რომ ანგარიში სწორად აწარმოოს, საზომს უგზავნისივანოვიჩსდა მოურავ დათიას  ავალებს, რომ  თავადაც დათვალოს და ისე გაუგზავნოს ანგარიში. წერილი უთარიღოა, მაგრამ მასში აღწერილი მოვლენები ეხმიანება ზემოთ ჩვენ მიერ დათარიღებული1882 წლის აგვისტოს დასაწყისში გაგზავნილი წერილისას, რომელშიც ივან ივანიჩს ავალებს ანგარიშის ჩაბარებას (გვ. 218) და რომლის ბოლოშიც არის ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება ივან-ივანიჩის დათხოვნას აპირებდეს: „ივან ივანიჩს კი ნუ ეტყვი და ჯონ პიტსი მაშინისტსაც მიგზავნის“.  სავარაუდოდივან ივანიჩს იმედი ჰქონდა, რომ სალეწ მანქანაზე იმუშავებდა, მაგრამ, როგორც ხეების არასწორი დაანგარიშებიდან  ჩანს, არ იყო სანდო მუშა და დაითხოვეს. იმავე წლის 23 ოქტომბრის წერილში ივან ივანიჩის ნაცვლად ილია ახსენებს ვიღაცახალ რუსს“ „მაგ ახალ რუსისთვის უნდა ჩამოეტანათ ტყის მასალა, ჩამოუტანეს თუ არ ჩამოუტანიათ... უბძანე ტაჩკა გამართოს... მაგ ახალს რუსს უბძანე, გააკეთოს უსათუოდ ჩემს მოსვლამდი. საჭირო მასალა ტყისა მოატაინე“ (გვ.199-200). შესაბამისად, ეს წერილი 1882 წლის ოქტომბრამდე უნდა იყოს დაწერილი და აგვისტოს დასაწყისზე გვიან, მაგრამ არა დიდი ხნის შემდეგ. შესაბამისადმას აგვისტოს შუა რიცხვებით ვათარიღებთ.

კიდევ ერთი წერილი (. 18, გვ. 215,216)  შინაარსობრივ სიახლოვეს ამჟღავნებს 1882 წლის აგვისტოს დასაწყისში (გვ. 217-218) დაწერილ ბარათთან. ორივეგან არის საუბარი ხე-ტყის დამზადებაზე („უბძანე, ყოველივე ღონისძიება იხმაროს, რომ ხეები ჩამოაზიდვინოს... რაც რამ იმედია, რომ კუტრობიდამ გამოვალთ, ეგ შეშების იმედია... დათიასაც ჩასჩიჩინე ყოველ წუთს და ყოველ წამს, რომ ხეები აზიდვინოს“  /  თუ საქონელი და ბიჭები გუთანს გადარჩნენ, ტყიდამ ხეები აზიდვინე“, ორივეგან არიან ნახსენები დისწული მაკო და ხელოსანი იოსება, მაგრამ ივან ივანიჩი ამ წერილში უკვე არ ჩანს. თანმიმდევრობის თვალსაზრისით ეს ბარათი უფრო გვიანდელია, რადგან პირველში საუბარია საქათმის დახურვაზე („რაც ფიცარი მორჩება ბალკონის ჭერს, შეანახვინე, რომ საქათმე დავხუროთ...“), მეორეში კი, როგორც ჩანს საქათმე დახურული აქვთ, რადგან უკვე საუბარია მის შიგნიდან მოწყობაზე  - ქანდარების გაკეთბაზე („საქათმეში ქანდარები გააკეთებინე, რომ ქათმებს დასასხდომი ჰქონდეთ) და თან ქათმები უკვე ნაყიდი ჰყავთ („ქათმები ვიყიდე, მაგრამ გაფრთხილება უნდა, იპარვენ“).  წერილი კიდევ უფრო ახლო შინაარსობრივ კავშირშია 1882 წლის 23 ოქტომბრის ბარათთან. წინამდებარე წერილში ნათქვამია, რომ  მოურავის - დავით ციციშვილის დათხოვნას აპირებს, 23 ოქტომბრისაში კი უკვე ჩანს მოურავის ახალი კანდიდატურა: „დღეს საღამოზედ  უნდა მომიყვანონ ერთი სანაქებო სამოურავო კაცი, ნასწავლი და მცოდნე... თუ ახალს მოურავს მოვურიგდი, იმასაც ამოვიყვან და ამიტომ ერთი ცხენი იმისთვისაც გამოგზავნე“ (გვ.199). წინამდებარე ბარათის მიხედვითიოსება რუსიწასვლას აპირებდა: „თუ იოსება წავიდა, დავრჩები უპოვოსკებოდ და შეშას ვეღარ ჩამოვიტანთ და მაგოდენა ხარჯი ტყუილად ჩაგვივლის“ , 23 ოქტომბრის ბარათის მიხედვით კი ეს იოსება წასულა და ილიას ისევ მოუბრუნებია: „ხვალ იოსება რუსი მანდ მოვა: ისევ დავიჭირე ორ თუმნად თვეში...“(გვ. 200). შესაბამისად, ბარათი აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინტერვალშია დაწერილი, მაგრამ, რამდენადაც შინაარსის მიხედვით ის 23 ოქტომბრისასთან მეტ სიახლოვეს ავლენს, ვათარიღებთ 1882 წლის ოქტომბრის დასაწყისით.

კვლევის შედეგად მოხერხდა ოცტომეულის მე- 18 ტომში( გვ. 81-82) 1864 წლით დათარიღებული კიდევ ერთი წერილის თარიღის დაზუსტება. იგი, სავარაუდოდ, თბილისიდან ქუთაისშია გაგზავნილი. ილია მეუღლეს ატყობინებს, რომ ახალ სამსახურს იწყებს და ვერ ჩააკითხავს. სწუხს, რომ ვერავის გამოემშვიდობა. ამასთანავე  სთხოვს, რომ იქ მყოფ დიმიტრი ვეზიროვს გამოჰყვეს. წერილი უთარიღოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მისი იმ აბზაცის შინაარსს, სადაც ვკითხულობთ: „ჩემსა და შენს კარტოჩკებს გიგზავნი, ლევან გურიელს, ნიკოლაი სიმონიჩს ღოღობერიძეს, ღრანცოს, ვასილ თუმანოვს მგონი აქვს, თუ არა აქვს, იმასაც მიეცი“, ოლღა ტერიტორიულად უნდა იყოს იქ, სადაც იმყოფებოდნენ ლევან გურიელი (ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი), ნიკოლაი სიმონიჩი (1864 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მმართველი ნიკოლოზ სიმონის ძე აბაშიძე) და ღოღობერიძე (ორი ძმიდან - ნიკოლოზ და გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძეებიდან ერთ-ერთი. ისინი წარმოშობით ქუთაისიდან იყვნენ. ნიკოლოზი მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ქუთაისის საადგილმამულო ბანკს, გიორგი ღოღობერიძე კი იყო ის პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება 1861 წელს ქუთაისში დადგმული პირველი წარმოდგენა და რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული მშობლიური ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში). 

ამავე წერილიდან ჩანს, რომ ილია მუშაობას იწყებს იგორ პავლეს ძე სტარიცკისთან (იგი იყო კავკასიაში სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თბილისის სასამართლო პალატის პირველი თავმჯდომარე) . ილიამ ეს ახალი სამსახური - მომრიგებელ მოსამართლედ დაიწყო 1864 წლის 8 ნოემბერს. შესაბამისად, ბარათი დაწერილია სასამართლო რეფორმაზე იმპერატორ ალექსანდრე მეორის ხელმოწერიდან (4 ნოემბერი, 1864) 8 ნოემბრამდე.

თხზულებათა ოცტომეულის მე-18 ტომში 1865-1868 წლებით დათარიღებული ორი წერილის (გვ. 86- 87) თარიღების დაზუსტებაში დაგვეხმარა მათში მოხსენიებული ერთი ფაქტი - თბილისის გუბერნიაში საგლეხო რეფორმის წარმატებით გატარებაში მონაწილეობის გამო ილიასთვის ფულადი ჯილდოს დანიშვნა. რამდენადაც ბრძანება ამ 2000 მანეთის გამოყოფის შესახებ გაიცა 1866 წლის 8 ნოემბერს, ერთ-ერთ წერილს, რომელიც მუხრანიდან დუშეთშია გაგზავნილი და რომელშიც ოლღას სთხოვს იმის გაგებას, თუ როდის აპირებენ მისთვის ჯილდოს მიცემას („შემიტყე, ჩემს „ნაგრადას“ როდის მამცემენ“), ვათარიღებთ 1866 წლის 8 ნოემბრამდე დროით, მეორეს კი, რომელიც მჭადიჯვრიდან დუშეთში არის გაგზავნილი და რომლიდანაც ჩანს, რომ ეს თანხა ოლღას უკვე გამოტანილი აქვს („ნაგრადისას“ რატომ არა მწერ  с вычётом или без  вычёта? ხომ კარგად გაიმართე, ჩემო პატარა გვრიტო!“), 1866 წლის 8 ნოემბრის  შემდგომი პერიოდით.

ამ წერილების დათარიღება, თავის მხრივ, დაგვეხმარა 28 ოქტომბრით დათარიღებული კიდევ ერთი ბარათის წლის დადგენაში. იგი აკადემიურ გამოცემაში (გვ. 87) 1865-1872 წლების ინტერვალით არის წარმოდგენილი. ეს წერილი ქვიშხეთიდან დუშეთშია გაგზავნილი და მასში ოლღას  ატყობინებს, რომ დაახლოებით ხუთ დღეში შეძლებს ჩაკითხვას მის საგურამოში წასაყვანად.  ილია მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მის დას - ელისაბედს მუცელი მოეშალა და  მოსწონს ოლღას წინადადება, რომ ლიზას დუშეთში მათთან წასვლა შესთავაზონ. წერილი უთარიღოა, მაგრამ, რამდენადაც ჩვენ მიერ 1866 წლის 8 ნოემბრამდე დათარიღებულ ბარათშიც იმავე სურვილს გამოთქვამს, რომ ლიზო დუშეთში აიყვანონ (შდრ. რასაკვირველია, თუ წამოვა, დუშეთს წამოვიყვანოთ“ / „ლიზო  შენთან გადმოიყვანე“, ვფიქრობთ, რომ 28 ოქტომბერს დაწერილი ეს ბარათი, რომლის მიხედვითაც თავისი დის ამბავი ახალგაგებული აქვს, წინ  უსწრებს 1866 წლის 8 ნოემბრამდე დაწერილს და ისიც იმავე წლისაა.


ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დათარიღებული ოცდაერთი  წერილის ჩასმა ქრონოლოგიურ რიგში და მათში გადმოცემული ინფორმაციის დაკავშირება კონკრეტულ თარიღებთან, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეს და კარგ საფუძველს შექმნის მომავალი აკადემიური გამოცემისთვის.



ყრმობისდროინდელი ორი ლექსი


 1938 წელს გიორგი ლეონიძემ მიაკვლია ილია ჭავჭავაძის ორ, მანამდე უცნობ, ყრმობისდროინდელ  პოეტურ  ტექსტს, მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მათგანი მეორის გაგრძელებას წარმოადგენდა და გამოაქვეყნა საერთო სათაურით - „ჩალაუბანი“ (გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1938 წ., 12 აპრილი, № 9). ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის პირველი ტომის მომმზადებლებმა (1987) არ გაიზიარეს მოსაზრება ამ ტექსტების ურთიერთკავშირზე და ისინი დაბეჭდეს ცალ-ცალკე - სათაურებით „რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” და „...დავსწერ სოფლისა ქებასა“. ტექსტების დათარიღებისას - 1848 წლით და 1840-იანი წლების დამლევით - მეცნიერები ეყრდნობოდნენ კოხტა აფხაზის მოგონებას, სადაც იგი წერს, რომ ლექსში „რწყილთაგან ტანჯვაი...“ აღწერილი მოვლენების დროს „ილია იქნებოდა ასე 11 წლისა“. სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა დარჩა იმავე მოგონებაში აღნიშნული სხვა მინიშნება - „კარდანახში ვიყავით [ორივე გემნაზიელები]“. ილია გიმნაზიაში 14 წლის ასაკში - 1851 წელს შევიდა. შესაბამისად, კოხტა აფხაზის მოგონება აშკარად წინააღმდეგობრივია და ზემოხსენებული ორი დეტალიდან ერთი არასწორია. ფრაზა „იქნებოდა ასე 11 წლისა“ მიგვანიშნებს, რომ მოგონების ავტორს ასაკი ზუსტად არ ახსოვს. მეორე მხრივ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ილია და კოხტა აფხაზი ერთად სწავლობდნენ გიმნაზიაში და შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს 1851 წლამდე (ყვარელს და კარდანახს სულ ცოტა 30 კილომეტრი მაინც აშორებს ერთმანეთისგან). საფიქრებელია, რომ ამ ორი ყმაწვილის დაახლოებისთვის გიმნაზიაში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩენასთან ერთად ხელი შეეწყო 1851 წელს ილიას დის - ნინოს გათხოვებას ნიკოლოზ აფხაზზე და ამ ორი გვარის დანათესავებას. შესაბამისად, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ლექსი 1851 წლის შემდეგ იყოს დაწერილი და კოხტა აფხაზს ილიას ასაკის მითითებისას დაეშვა შეცდომა. ამ ვარაუდს მხარს უჭერს ამ ორი ტექსტისა და თავისი დის - ნინოსადმი მიწერილი  ილიას კიდევ ერთი ლექსის - „ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ!“ ურთიერთმიმართების შესწავლა.

რატომ მიიჩნია გიორგი ლეონიძემ, რომ მის მიერ ნაპოვნი ორი ტექსტი ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენდა? აქვს თუ არა ამ მოსაზრებას ობიექტური საფუძვლები?

1. ორივე ლექსი დაწერილია სოფელ ჩალაუბანზე. როგორც კოხტა აფხაზის მოგონებიდან ჩანს, ამ სოფელში ის და ილია გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხვდნენ: „ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით [ორივე გემნაზიელები]...  ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით... საღამოთი შინისაკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვარდით“. ჩალაუბანში ილიას ახლობლები არ ჰყოლია (ასე რომ არა, უცნობი გლეხისას არ გაათევდნენ ღამეს) და რომ არა ეს ერთი უცნაური შემთხვევა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას ამ სოფელზე ლექსის (მით უფრო, ორი ლექსის) დაწერა მოსვლოდა აზრად.

2.ორივე ლექსი დაწერილია „ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვით  და შაირის პოეტური ფორმით („დღესა ერთსა რწყილთა მეფეს სენი ძველი გაუახლდა“ / „დავსწერ სოფლისას ქებასა მე ყრმაჲ გამოუცდელი“)

3. აკადემიურ გამოცემაში უფრო გვიანდელად მიჩნეული უსათაურო ტექსტი ბევრი ასპექტით - ავტორის ვინაობის მინიშნებით („სახელათა მძევს ილია“), პოეზიის ავკარგიანობის შესახებ მსჯელობით („ნუ გეგონოსთ, რომ მე მინდა პოეტობის სახელდება“, „როგორც ხმასა ყორანისას ბულბული არ მოიწონებს,/ ისე ჩემსა ლექსთ-თხზულებას პოეტი არ შეიწყნარებს“, „მისთვის მოვიხმე კალამი და სრული გონიერება,“), ღვთისადმი მიმართვებით („ეჰა, ღმერთო, შენ ხომ იცი“, „ვახსენოთ ღმერთი, დავიწყოთ ქებაი მისი სოფლისა“) „ვეფხისტყაოსნის შესავალს მოგვაგონებს. ამასთანავე, მეორე ტექსტის სათაური - „რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი“ – „ვეფხისტყაოსნის“ იმ თავების სათაურებს წააგავს, რომლებშიც სიუჟეტი ვითარდება. შესაბამისად, სწორედ აქ გვხვდება  - საგმირო ეპიზოდების პაროდირებაც („შემომესივნეს იგინი, გაიმართა დიდი ბრძოლა... ზოგსა ვხოცდი, ზოგსა ვსტყორცნი, ზოგი სადღაც დამემალა... რომელი რომელს შევსტყორცნე, დაიხოცნენ უზრუნველათ“).

4. პირველი ტექსტის პირველივე ფრაზა „კვლავ მოგითხრობთ ჩემს ანბავსა“ აშკარად მიგვანიშნებს, რომ მას კიდევ რაღაც მსგავსი ტექსტი უსწრებდა წინ.

5. აკადემიურ გამოცემაში უფრო გვიანდელად მიჩნეული ტექსტი მთავრდება მინაწერით „ქება დასრულდა“, ხოლო უფრო ადრეულად მიჩნეული ტექსტი - მთავრდება სიტყვებით „სრულ იქმნა“. ჩვენი აზრით, ტექსტების ბოლოს ამ ერთნაირი სტილის მინაწერების არსებობაც მათ ერთიანობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, კერძოდ, უნდა მოწმობდეს, რომ  პირველ შემთხვევაში დასრულდა თხზულების ქებითი ნაწილი, მეორეგან კი დასრულდა მთლიანი ტექსტი. შესაბამისად, მათი თანმიმდევრობა აკადემიურ გამოცემაში არასწორია.

თავისი დის - ნინოსადმი მიწერილი  ლექსი - „ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ!“ მწერლის თხზულებათა აკადემიურ გამოცემაში მართებულად არის დათარიღებული 1852 წლით, რადგან მასში მოხსენიებულია ილიას დისწული გიგო აფხაზი. ილიას დამ - ნინომ და ნიკოლოზ აფხაზმა იქორწინეს 1851 წლის 11 თებერვალს. მათი პირველი ვაჟი გიგო იმავე წლის ბოლოსაც  რომ დაბადებულიყო, ლექსი მაშინვე ვერ იქნება დაწერილი, რადგან აქ გიგოს ნათლობაც არის ნახსენები („და შემწეობას მისთვის მასსა ვთხოვ, ვისთვის მან თეთრი იმოსა“). შესაბამისად, უფრო სავარაუდოა 1852 წელი. რაც შეეხება ამ ლექსისა და ზემოხსენებული ტექსტების ურთიერთმიმართებას,  ნინოსადმი მიძღვნილ ლექსში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ „ჩალაუბნის ქებაც“ ავტორს ამ ტექსტთან ერთად მიურთმევია თავისი დისთვის („ამ წიგნთან გიძღვნი ჩალაუბანის ქებას“). აქ რომ სწორედ ჩვენ მიერ ზემოთ განხილულ ტექსტზეა საუბარი, მიგვანიშნებს პარალელები: „გიძღვნი ჩალაუბნის ქებას“ / „დავსწერ სოფლისას ქებასა... ქებაი მისი სოფლისა... ქება დასრულდა“. ასევე შდრ. „მრავალსა ჰპოვებ მუნ შეცოდებას“ / „ვიცი, ამის წამკითხველი შეცდომასაც ბევრსა პოებს“ და სხვ. ცხადი ხდება, რომ 1852 წელს ილია სწვევია თავის დას და მისდამი მიძღვნილ ლექსთან ერთად მიურთმევია ჩალაუბნის ქებაც, რომელიც იმავე პერიოდში უნდა შეექმნა. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ამ დროს მას „რწყილთაგან ტანჯვაი“, რომელიც ჩალაუბნის ქების გაგრძელებას წარმოადგენს, ჯერ არ ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ტექსტის ქვეშ მონაწერი - „ქება დასრულდა“ მიგვანიშნებს თხზულების ერთი ეტაპის დასრულებაზე და არა მის მთლიანად დასრულებაზე. ტექსტის ბოლომდე დასრულების აღმნიშვნელი მინაწერი - „სრულ იქმნა“ გვხვდება სწორედ მეორე ტექსტის - „რწყილთაგან ტანჯვაის...“ ბოლოს (საგულისხმოა, რომ მსგავსი წარწერა გვხვდება ნინოსადმი მიძღვნილ ლექსთანაც მის ადრეულ ავტოგრაფში. ტექსტს ბოლოში მიწერილი აქვს: „გათავდა ეს ლექსი“). რამდენადაც კოხტა აფხაზის მოგონებაში ნახსენებია „მამითადი“ და გამოძინება კაკლის ხის ქვეშ („მამაჩემს მამითადი ჰქონდა... ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვარდით გარეთ ლოგინებითურთ... ერთს დიდ კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა მაინც გამოვიძინეთ“, „ლიტერატურული მემკვირეობა”, ტ. I, 1935 წ., გვ. 563), ვფიქრობთ, რომ იგი 1852 წლის ზაფხულში უნდა იყოს შექმნილი ჩალაუბნის ქებასთან ერთად. საგულისხმოა, რომ სტილით და მხატვრული ღირებულებით სამივე ლექსი თანაბარი დონისაა და არ არის საფიქრებელი, რომ მათ 4 წელი აშორებდეს ერთმანეთს. ჩალაუბნის შესახებ დაწერილ ლექსებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი „შედევრებია“, მაგრამ საკმაოდ მდიდარი ლექსიკა, დახვეწილი იუმორი და მარჯვე პაროდირება, ჩვენი აზრით, 11 წლის ყმაწვილისგან, თუნდაც იგი მომავალი გენიოსი იყოს, ნაკლებ მოსალოდნელია და ეს ლექსები, ამ მოსაზრებითაც, დაწერილი უნდა იყოს არა 1848 წელს, არამედ უფრო გვიან. მართალია, ჩვენ მიერ მოხმობილი არგუმენტების მიხედვით, 1852 წელი არის სავარაუდო თარიღის ქვედა ზღვარი და ეს ლექსები, იმავე არგუმენტების გათვალისწინებით ილიას შეიძლებოდა გიმნაზიაში სწავლის მომდევნო წლებშიც დაეწერა (1856 წლამდე) და გიგო აფხაზიც არა ჩვილი, არამედ თუნდაც 3-4 წლისა ყოფილიყო, მაგრამ ამ ლექსებს (მათ შორის, ნინოსადმი მიძღვნილსაც) ისეთი ხალისი და სილაღე ეტყობა, რომ არა გვგონია, იმ დროს ილიას და მის დას ახალგადატანილი ჰქონოდათ მამის სიკვდილი (გრიგოლ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1852 წლის 8 დეკემბერს) და უფროსი ძმის მკვლელობა (1854 წლის 3 ივლისს). ვფიქრობ, ასაკობრივ სიმწიფესთან ერთად, ამ ორმა ტრაგედიამაც განაპირობა ჭაბუკი ილიას მეტამორფოზა, რომელიც აშკარად დაეტყო 1852 წლის მომდევნო პერიოდის მის ლექსებს:   „სიტკბოება თვის მამულში”, „ჭაბუკობაზედ”, *** („დაღონებული, არ ვიცი, რაზედ”) და „მოთქმა საწყლისა”. 


სამი გამოცანის ადრესატები და დათარიღება
1
რად გვინდა ვინ ხარ, სიდამ ხარ,
ვისი სისხლი, ვისი შვილი?
თვითონ გიცნობთ, რაც კაცი ხარ,
არად უნდა ამას ცილი.
წა, უკუსდეგ, - აი შმაგი,
უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი,
შაბაშ საქმე შენგან ქმნილი!
უშენოდ ვერ სძლებს ”Листок”-ი
ვერც ჯდომას, ვერცა წოლასა;
შენთაგან გაჭრას გიწონებს
და ეშმაკებთან სრბოლასა;
შენთან არავინ ჰკადრულობს
არცა ზავს, არცა ბრძოლასა, -
სჯობს უყოლობა კაცისა
შენისთანისა ყოლასა.
2
ჩემი აწ ესე ნათქვამი
მისი სახე და დარია:
ვითომდა იღვწის ჩვენთვისა,
ჩვენთვის სდის ცრემლთა ღვარია,
ძმობას გვიქადის, ერთობას,
ისმის ზათქი და ზარია,
მაგრამ რა ”დუმას” შეერთვის,
მაშინ ის ჩვენთვის მკვდარია.
ბევრს აქეთ-იქით თავს ახლის,
ჩლუნგია, არა მჭრელია;
რაზომცა ჰნათობს სინათლე,
მისთვის ეგრეცა ბნელია.
ახლებში თავს სდებს, გვატყუებს,
არ ახალია, ძველია,
რაც გინდ რამ ქერქი იცვალოს,
გველი ეგრევე გველია.
3
კალამი რამ უშოვნია -
მით ჰლამობს განვლოს ფონია,
მაგრამ უნარი წერისა
არცა აქვს, არცა ჰქონია;
თავს იქებს, თუმცა მის ქება
სხვისგან არ გაგვიგონია;
ყვავი რა ვარდსა იშოვის,
თავი ბულბული ჰგონია.


ზემოთ მოხმობილი უთარიღო  სამი გამოცანა („რად გვინდა, ვინ ხარ...“), რომლებიც ერთადერთი ავტოგრაფის სახით არის შემორჩენილი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,  # 131.) და მწერლის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა,  1871 წელს დაწერილი  „გმოცანებისგან“ და „კიდევ გამოცანებისგან“  იმით განსხვავდება, რომ  არ იწყება ნაგულისხმევ პიროვნებათა გარეგნობის აღწერით (იხ.: „ულვაშსრული მელოტია...“ „ბუღაა და კისერმოკლე...“, „პირტიტველა და ჭროღთვალა“; „ერთი არის ტანად მომცრო...“, „ბაიყუშივით თავდიდა“). ამასთანავე, პირველი გამოცანა მიმართვის ფორმით არის დაწერილი და არა მესამე პირში.  შესაბამისად, უთარიღო სამი გამოცანა 1871 წლის გამოცანების ნაწილი, დამატება ან ვარიანტი არ უნდა იყოს, მაგრამ,  სავარაუდოდ, ისევე, როგორც წინა გამოცანებს, ამათაც უნდა აერთიანებდეს  ერის ცხოვრებაში მომხდარი გარკვეული  უარყოფითი მოვლენები და მწვავე დაპირისპირება საზოგადოების  სხვადასხვა წრეებს შორის. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნება, რაც ამ გამოცანებშია ნახსენები არის  „Листок-ი“ და „დუმა“. „Листок“-ში გაზეთი ,,Тифлиский Листок-ი უნდა იგულისხმებოდეს, რომელსაც ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ხოლმე ილია, ხოლო „დუმაში“, ჩვენი აზრით, თბილისის საქალაქო საბჭო, რადგან რუსეთის სახელმწიფო საბჭოს ,,Тифлиский Листок-თან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო და თან იგი პირველად 1906 წელს მოიწვიეს, როდესაც ილია ამგვარ პოეტურ პამფლეტებს, სავარაუდოდ, აღარ წერდა. ამიტომ ორიენტაცია ავიღეთ „თბილისის დუმაზე“

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში პირველი გამოცანის ადრესატად მიჩნეულია დავით კეზელი (გვ. XXV), პავლე ინგოროყვა იზიარებს ამ მოსაზრებას და იმასაც ვარაუდობს, რომ მეორე გამოცანა შეიძლება გიორგი წერეთელს გულისხმობდეს.(იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. I, 1951, გვ. 457). რაც შეეხება ამ გამოცანების თარიღს, ინგოროყვა მას ზოგადად, 90-იანი წლებით ათარიღებს (იხ. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული ცხრა ტომად. პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედაქციით, ტ. I, 1925 წ., გვ. 420), მაგრამ, რამდენადაც ზემოხსენებულ გამომცემლებს არ მოჰყავთ არავითარი კონკრეტული არგუმენტები, ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებია თითოეული ეს მოსაზრება.

პირველი გამოცანის ფრაზა: უშენოდ ვერ სძლებს ”Листок”-ი / ვერც ჯდომას, ვერცა წოლასა“ მიგვანიშნებს, რომ გამოცანაში ნაგულისხმევი პიროვნება  ასოცირდებოდა გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკთან“. ამ გაზეთს სომეხი ეროვნების რედაქტორი ჰყავდა - ივანე ხეჩატუროვი, მაგრამ იგი აქ ნაგულისხმევი ვერ იქნება, რადგან ტაეპები: „შენთაგან გაჭრას გიწონებს და ეშმაკებთან სრბოლასა“,  „სჯობს უყოლობა კაცისა / შენისთანისა ყოლასა.“  იმაზე მიმანიშნებელია, რომ სატირის ობიექტი სხვის წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს ანუ ქართველი უნდა იყოს და არაქართულ საქმეს აკეთებდეს. მართალია, ილიას პოლემიკა ივანე ხეჩატუროვთანაც ჰქონია, მაგრამ უფრო ხშირად  მის მარჯვენა ხელს - დავით კეზელს აკრიტიკებდა, იმიტომ, რომ ქართველი იყო და თავისივე ერის  წინააღმდეგ  უსამართლო ბრალდებებით გამოდიოდა. 1889 წლის პამფლეტში  ამბავი ყბად-ასაღები და წყალ-წასაღები ილია წერს: „Листок-ისათვის ცომს ვანუა ჰზელავს და ზოილი აფუებს“, ხოლო მეორე პამფლეტში სახელდახელოს დეპეშა (ყბადასაღები და წყალწასაღები) აღნიშნავს: ყველას მოსწონს გულუხვობა ,,Тифлиский Листок“-ისა. ამბობენ ჯერ ამისთანა ჯილდო ზოილისათვისაც არ გაუმეტნია ,,Тифлиский Листок“-ს“. ზოილი დავით კეზელის ფსევდონიმი იყო. იაკობ მანსვეტაშვილი 1890-იან წლებში სათავადაზნაურო ბანკში არსებული დაპირისპირებების შესახებ საუბრისას აღნიშნავს: „ცნობილი ენა-ღვარძლიანი მეფელეტონე ზოილი დანავარდობდა «Тифлисский Листок»-ის ფურცლებზე... ლამაზი, მარილიანი სიტყვისთვის ხომ ღვიძლ მამასაც არ დაინდობდა. «Тифлисский Листок»- ეკუთვნოდა ძმებს ხაჩატუროვებს... ესენი უფრო უჩუჩხუნებდნენ და მუგუზლებს უმატებდნენ იმ კოცონს, რომელიც ბანკის გარშემო იყო ანთებული. ამათ რა ენაღვლებოდათ, თუ ქართველობა დას-დასად დაიყო, ერთმანეთს სისხლის მტრებად გადაეკიდნენ“. მოგვიანებით დავით კეზელმა ახალი ფსევდონიმი -  Novus-ი აირჩია და ილია ჭავჭავაძის წერილებშიც თანდათან გახშირდა Novus-ის კრიტიკა: ერთგან ვკითხულობთ: „...ჩვენი ძალგულოვანი Novus-იც არ დაიშურებს მაშინ ჩვენს სარჩლს-ქომაგობას. ვიცით იმისი კეთილი გული... ამისთანაებში ის ისეთი ავტორიტეტია, რომელსაც სიზმარიც კი დაეჯერება“. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ აქაც დავით კეზელი იგულისხმებოდეს.

გამოცანის ფრაზა: შენთან არავინ ჰკადრულობს /არცა ზავს, არცა ბრძოლასა“ მოგვაგონებს 1894 წელს „ორხმიან საახალწლო  ოპერეტში“ დავით კეზელის სახელით  წარმოსათქმელ  ფრაზას: „ვისაც ვებრძვი, არ მებრძვიან,/ მაშ მე ვარ გამარჯვებული“.


მეორე გამოცანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია „დუმის” ხსენება: „მაგრამ რა ”დუმას” შეერთვის / მაშინ ის ჩვენთვის მკვდარია.“ ლექსის მიხედვით, გამოცანაში ნაგულისხმევი პირის „დანაშაული“, სავარაუდოდ, ამ „დუმის“ წევრად გახდომაშია. ისტორიული მასალიდან იკვეთება თბილისის დუმაში არჩეული ორი პიროვნების სახე, რომელთა შესახებაც ილიას შეიძლებოდა ასეთი რამ ეთქვა, 1893 წელს არჩეული გიორგი წერეთელი და 1897 წელს არჩეული გიორგი თუმანიშვილი. 1893 წლის 16 მაისს ჩატარებულ არჩევნებში ქართველთაგან მხოლოდ ექვსმა კაცმა გაიმარჯვა (ამ ექვსიდან  ერთი თავად ილია ჭავჭავაძე იყო 498 ხმით 438-ის წინააღმდეგ), მაგრამ  ეს კენჭისყრა საქალაქო საქმეთა საგუბერნიო  საკრებულომ  უკანონოდ სცნო და დანიშნა ხელახალი არჩევნები (30 მაისს), რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო უარეს შედეგს მოიტანდა. ამიტომ ქართველმა კანდიდატებმა  უარი თქვეს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობაზე. გამონაკლისი იყო მხოლოდ ვინმე კალოუბნელი და გიორგი წერეთელი. ილია ჭავჭავაძემ  ეს ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ღალატად შეაფასა. მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ივერიაში“ ამის შესახებ დაიწერა: „კენჭის ყრაზე უარი სთქვეს ყველა ქართველებმა, გარდა ბ–ნ გიორგი ექვთიმეს ძის წერეთლისა, რომელმაც თავი გამოირიცხა ქართველთაგან“ (ივერია, 1893, 1 ივნ. № 112, გვ. 1). შესაბამისად, ვფიქრობთ, ამის გამო ილია ჭავჭავაძეს შეიძლებოდა ეთქვა გიორგი წერეთელზე: „მაგრამ რა ”დუმას” შეერთვის / მაშინ ის ჩვენთვის მკვდარია.“

მეორე მხრივ, ილია ჭავჭავაძე კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა იმან, რომ 1897 წელსაც იგივე განმეორდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი თვეების განმავლობაში ცდილობდა ემხილებია არსებული დუმის ნაკლოვანებები და დაერწმუნებია საზოგადოება, რომ არჩევნებში აუცილებლად მიეღოთ მონაწილეობა, ვერაფერს გახდა მყარ კლანად ჩამოყალიბებული სომხური ბურჟუაზიის წინააღმდეგ. გიორგი ლასხიშვილის მოგონებებში 1897 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „ვფიქრობდი...  ქართველების სიაში შეტანილი არიან ილია ჭავჭავაძე და სხვა ცნობილი მოღვაწეები, ამიტომ სომხები წინდახედულად მოიქცევიან და არ მოისურვებენ ქართველთა ეროვნულ გრძნობის შელახვას-მეთქი. მოლოდინი გამიცრუვდა... ოც კანდიდატიდან ქართველი აირჩიეს მხოლოდ შვიდი კაცი ისეთები, რომელთაც თითქმის არავითარი წონა არ ჰქონდათ ქართველ საზოგადოებრიობაში...  გააშავეს ილია ჭავჭავაძე, ვლადიმერ მიქელაძე, გიორგი წერეთელი და სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. დამატებით არჩევნებზე უარი სთქვეს და უარი განაცხადეს იმათაც, ვინც არჩეული იყო. ამრიგად ახალ საბჭოში მოჰყვა მხოლოდ ერთი ქართველი თავ. გიორგი ორბელიანი“. გიორგი ორბელიანის მიმართ პრეტენზიებს ნაკლებად გამოთქვამდნენ, რადგან, როგორ ჩანს, მისი პოზიციები იმთავითვე ცნობილი იყო, მაგრამ, გიორგი ლასხიშვილის თქმით, საერთო აღშფოთების ობიექტად იქცა გიორგი თუმანიშვილის პოზიცია („ყველა ლანძღვა-გინებითა და წყევლა-კრულვით იხსენიებდა გიორგი თუმანიშვილს, ეძახდა მას «მოღალატეს» და სხვა“, გიორგი ლასხიშვილი, მემუარები, 1885-1915, ტფილისი : 1934 დანართი: "სახელთა საძიებელი", გვ. 297-306), რომელიც ეროვნებით სომეხი იყო, მაგრამ, ბევრი ქართველისაგან განსხვავებით, დაჟინებით მოითხოვდა, რომ თუმანიშვილად მოეხსენიებიათ და არა თუმანოვად, იყო განათლებული ადამიანი, აქტიური საზოგადო მოღვაწე, ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებელთაგანი,  ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის ავტორი და ქართველებს ეგონათ, რომ ის ბრმად არ დაუდგებოდა გვერდით თავის თანამოძმეებს და შეეცდებოდა, რომ ქალაქის საბჭოს არჩევნების დროს თბილისის სხვა ეროვნების მოქალაქეთა ინტერესებიც ყოფილიყო გათვალისწინებული.

რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, ამ არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა  დუმის ახალარჩეული  წევრის, გაზეთ „Новое обозрение“-ს რედაქტორის -  გიორგი თუმანიშვილისა და Тифлисский листок-ის თანამშრომლის - დავით კეზელის საერთო პოზიციები და ინტერესები. დავით კეზელმა 1898 წელს Тифлисский листок ~-Si (1898, #55, გვ. 81, 82) გამოქვეყნებული სტატიით სცადა ჩარეულიყო გიორგი თუმანიშვილისა და ილიას პოლემიკაში პირველის მხარდასაჭერად. საპასუხო სტატიებში ილია ჭავჭავაძე Novus -ს ანუ დავით კეზელს თუმანოვის ამქრის „მებუკეს“ უწოდებს და გიორგი თუმანიშვილს ასე მიმართავს: „თქვენის ამქრის მებუკე Novus-ი იუდა ისკარიოტელს მაცხოვრად ვერ გაგვიხდის, ბევრიც რომ კუდი იქნიოთ, ერთმანეთზე გამობმული“, მეორეგან წერს: „...თ. . თუმანოვი Novus-ისათვის ისეთი კაცია, რომ არამც თუ სიზმარი, სულელობაც კი დაეჯერება“. („ოინბაზობა თუ სულელობა“ ტ. 14 1898 გვ.86). Тифлисский листок-ის პოზიცია საქალაქო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩანს ილიას 1897 წლის 19 მარტის წერილიდან: „სომხებმა დაიჩემეს სხვისი პატრონობა ტფილისში...  აქაური სომხობაც ამას არამც თუ უარს არა ჰყოფს, პირიქით, იქადის კიდეც ,,ტფილისის ლისტოკის“ პირით, _ ასეც უნდა იყოსო: ქალაქი ტფილისი ჩვენი საკუთრებაა და მისი სვე-ბედი ჩვენს ხელთ უნდა იყოსო“.

გადავავლოთ თვალი ილია ჭავჭავაძის იმდროინდელ პოლემიკურ წერილებს და ვნახოთ, შეიძლება თუ არა, რომ გამოცანების მეორე ლექსში გიორგი თუმანიშვილი იგულისხმებოდეს. სტატიაში „გიორგი თუმანოვისა და მისი ამქარის აზრები“ 1898 წლის 17 იანვარს ილია ჭავჭავაძე წერდა: „იგი ცალის ყბით, რომელიც ჩვენკენა აქვს მოქცეული, მითამ ჩვენთვისა სტირის და სწუხს და მეორეს ყბით, რომელიც თავის ამქრებისათვის მიუშვერია, იცინის და ჰხარობს, მითამ, ნუ გეშინიანთ, სულელებს ვაბრიყვებო“. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ მასზე ესეც ეთქვა: „ვითომდა იღვწის ჩვენთვისა,/ ჩვენთვის სდის ცრემლთა ღვარია“. იმავე სტატიაში ვკითხულობთ: „ძმობა და ერთობაო, მაინც არ იშლის და გაიძახის ეს უსტაბაში თავისის ამქრისა“. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მის მიერ ძმობისა და ერთობის ქადაგების სიყალბე ილიას ასეც გამოეთქვა: „ძმობას გვიქადის, ერთობას,/ ისმის ზათქი და ზარია“. ძმობისა და ერთობის ქადაგებას ამოფარებული ღალატი ლეიტმოტივად გასდევს ილიას წერილის მთელ პასაჟს, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ მოიქცნენ თუმანიშვილი და „მისი ამქარი“ 1897 წლის არჩევნების დროს: „ჩვენის სატახტო ქალაქის საბჭოში ქართველი თითქმის არ გააჭაჭანეს. . . თუმანოვი, რომელიც ასე გულტკბილად გვიქადაგებდა და გვიქადაგებს ძმობასა და ერთობას, როგორ მოიქცა? იმან არამც თუ ამაში არ დაინახა გატეხა ძმობისა და ერთობისა, არამედ თვისის საქციელით ბეჭედიც დაჰკრა. სხვა, მართლის გულით მქადაგებელი ძმობისა და ერთობისა, ამისთანა საბჭოს ზურგს შეაქცევდა...აგრამ... ამასაც არ დასჯერდა: მოურავობაც კი მოეწყურა ამისთანა ძმურად შემდგარ კრებულისა... ძმობის გამტეხთა შორის ჯდომა და მეთაურობა, ესე იგი მოურავობა, განა ორპირობა არ არის იმით მხრით, ვინც ძმობისა და ერთობის იავნანას გვიგალობს ყოველდღე?“ იქვე ვკითხულობთ: „ჩვენ . . თუმანოვს იმას კი არ ვუწუნებთ, რომ იგი სომეხია. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ორპირი კაცია, რომ იგი ჩვენთან ჰკაკანებს და კვერცხს კი სხვაგან ეზიდება.“ შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ სიტყვები „მაგრამ რა ”დუმას” შეერთვის, / მაშინ ის ჩვენთვის მკვდარია.“ გიორგი თუმანიშვილზე იყოს თქმული.

მას შემდეგ, რაც მოჰყავს ციტატები თუმანიშვილის სტატიებიდან, სადაც იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თბილისი ძველთაგანვე სომხების ქალაქი იყო, ილია წერს: „ის ლოღიკა, რომელსაც დღეს . . თუმანოვი ასე თმაგლეჯით გაჰკივის, ,,სადა ხარო~, მართლა სად იყო, რომ ეს სასაცილოდ ასაგდები ციფირები დაიჯერა და სხვასაც დასაჯერად მიართვა?“ სხვაგან ილია აღნიშნავს: „თ. გ. თუმანოვს, როგორც უკვე ყველას მოეხსენება, არამცთუ საკუთარი აზრი არა აქვს, სხვისი აზრის გაგების უნარიც არა ჰქონია.“ იგი ამახვილებს ხოლმე ყურადღებას თუმანიშვილის მსჯელობის ალოგიკურობაზე და ხშირად აშარჟებს მის ნათქვამებს: „შეიძლებაო კაცი კარგი პოეტი იყოს, კარგი ორატორიცა და პუბლიცისტად კი და ჟურნალისტად არ ვარგოდესო. მართალია, შეიძლება. ხოლო, ხომ ისიც შეიძლება, რომ კაცი არც კარგი პოეტი იყოს, არც კარგი ორატორი და არც კარგ პუბლიცისტად ვარგოდეს და არც ჟურნალისტად? ამბობენ, ეხლა . . თუმანიშვილი ამ ახალს საიდუმლოებას იკვლევსო და თავისს საკუთარს ნაწერებში ეძებს ამის საპასუხოდ უტყუარს საბუთებსა და მაგალითებსაო. ღმერთმა ხელი მოუმართოს, თავანკარა წყაროსათვის მიუგნია“. შესაბამისად, არ იქნება გასაკვირი, რომ ილიას მასზე დაეწერა: „ბევრს აქეთ-იქით თავს ახლის,ჩლუნგია, არა მჭრელია;/ რაზომცა ჰნათობს სინათლე, მისთვის ეგრეცა ბნელია.

1897 წლის 20 დეკემბრის სტატიაში „ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა“ ილია თუმანიშვილის გაზეთს - „Новое обозрение“-ს „სუტ-ლიბერალურ ავანჩავანს“ უწოდებს, რომელიც სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას „რეტროგრადობას“ ეძახის და წრიპინს იწყებს: „დახეთ, დახეთ, შემუსრეს დედააზრი ლიბერალობისაო“. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ გაზეთის რედაქტორის შესახებ მას ეთქვა: „ახლებში თავს სდებს, გვატყუებს, არ ახალია, ძველია,“


1898 წლის 17 იანვრის სტატიაში ილია გიორგი თუმანიშვილზე წერს: „ბევრი ლიტერატურული კუდიანობა სცოდნია და ამასთან მელურად მიცოცვა და გველურად კბენა... იმან სულ სხვა მხრით მორთო თავისი მელური კუდის ქნევა და გველური სისინი“. შესაბამისად, ვერც იმას ვიტყვით, რომ სიტყვები „რაც გინდ რამ ქერქი იცვალოს,/ გველი ეგრევე გველია“ გიორგი თუმანიშვილზე არ შეიძლებოდა დაეწერა.


ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, უთარიღო გამოცანები დაწერილი უნდა იყოს 1897 წელს (მაისის შემდეგ) და ძირითადად ინსპირირებული უნდა იყოს ქალაქის საბჭოს არჩევნების შედეგებით. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელმაც განაპირობა, რომ სომხებმა ისევ შეძლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობის მოპოვება, იყო მათი მხარდამჭერი რუსულენოვანი გაზეთების აქტიური პროპაგანდისტული აგიტაცია. ორივე მათგანის („Тифлиссий листок“ და   „Новое обозрение“) რედაქტორი სომეხი იყო - ივანე ხეჩატუროვი და გიორგი თუმანიშვილი, მაგრამ პირველი მისი ქართველი თანამშრომლის - დავით კეზელის ხელით აკეთებდა თავის საქმეს. ასეთ სიტუაციაში ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მესამე გამოცანის ობიექტი? ლოგიკურად ეს უნდა ყოფილიყო თემასთან დაკავშირებული და ასეთივე პოზიციების მქონე პიროვნება.

1897 წლის არჩევნების წინა პერიოდში ილიასა და თუმანიშვილის პოლემიკაში ჩაერთო ქართულ გაზეთ „კვალის“ რედაქტორი - გიორგი წერეთელი,  თუმანიშვილის სიძე (დის ქმარი), რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ბრალი დასდო სომეხთა უსამართლო ლანძღვაში: ,,ერთ დღეს სომხები ყბათ აიღეთ, იმათი ღირსება მიწასთან გაასწორეთ, მცარცველები და კონტრაბანდისტები დაარქვით...“  („ღია წერილი . ილია ჭავჭავაძეს“: გაზეთი ,,კვალი”, 1897, #17, გვ. 328-330) ილია ჭავჭავაძე გრძნობდა, რომ გიორგი წერეთელი  არჩევნების წინ ისევ ცდილობდა სომხების კეთილგანწყობის მოპოვებას (ხმების მიღების მიზნით) და სტატიაში „ბ-ნ გ. წერეთლის წერილის გამო“ აღნიშნავდა: „ჩვენ მოგვივიდა თითო-ოროლა წერილი ლანძღვისა და გინებისა იმის გამო, რომ ქართველ-სომხის საქმეზე ჩვენი აზრი გამოვთქვით... ჩვენ არ გვიკვირს, რომ ბ-ნი გ. წერეთელი შიგ ჩარევია სახელიანად ხსენებულ უსახელო ავტორებს. ერთი დიდი ღირსება ბ-ნ წერეთლისა ის არის, რომ თავის დღეში არ უღალატნია თავისის ზნე-ჩვეულებისათვის: ვისიც ერდო მაღალია, ის იმისი მაყარია. ეხლანდელ დროში, როცა ,,ჰუმანობა“ და ერთობ კაცური კაცობა სულელობაა, ამისთანაების ალღოს აღება დიდი უნარია მეძებარისათვის და რა კურდღელს დაიჭერს, ამას ხომ დრო გამოაჩენს.“

ვნახოთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მესამე გამოცანაში გიორგი წერეთელი იგულისხმებოდეს. 1896 წელს ფელეტონში „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ ილია ჭავჭავაძე წერდა: „კიდევ სხვა მაგალითს მოვიყვანდი ამისთანა მადლიან შემოქმედობისას, ზეგარდამოშთაგონებისას, თუნდა ,,რუხ მგელს“ გ. წერეთლისას, მაგრამ ვწუხვარ, რომ არვის წაგიკითხავთ და თაგვებს დარჩათ შესაჭმელად. თაგვებმა უფრო იციან ამისთანა სანუკბარის ყადრი... აი ეხლაც გვპირდება გ. წერეთელი, ოღონდ ,,კვალზე,, ხელი მომიწერეთო და ჩემს ახალს ნაწერს ,,გულქანს“ მუქთად მოგართმევთო. მოდით და ამისთანა საჩუქარს ზურგი შეაქციეთ! თაგვებს ეხლავე სუნი აუღიათ, კბილებს თურმე ჰლესენ და სიხარულით იძახიან: რა გვეშველებოდა, რომ ბ-ნი გ. წერეთელი არა გვწყალობდესო“. შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, რომ მასზევე დაეწერა: „კალამი რამ უშოვნია -/ მით ჰლამობს განვლოს ფონია,/ მაგრამ უნარი წერისა/ არცა აქვს, არცა ჰქონია;“.

იმავე სტატიაში ილიას გიორგი წერეთელი საკუთარი თავის ქების დიდოსტატად ჰყავს გამოყვანილი : „ვიღაცამ წამოროშა, რომ თავისის თავის ქება დამპალ კიტრადაც არა ჰღირსო. სტყუის, თქვენმა მზემ. მაშ რამ ააცოცა ჩვენი ბრძენი . წერეთელი და დაასკუპა მუმიასავითმესამე დასისთავზე? ამისთანა ცხადს მაგალითს მარტო ბრმა თუ ეურჩება და იმედი მაქვს, თქვენში ბრმა არავინ არის, ღვთისა და თქვენის წყალობითა“. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ მასზე ესეც ეთქვა: „თავს იქებს, თუმცა მის ქება / სხვისგან არ გაგვიგონია“.

1900 წელს სტატიაში „უმეცრობის ფართი-ფურთი“ ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიაზე წერდა: „ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, რა ძალა ადგა -ნ ჟორდანიას, რომ ესეთს ბოდვას მოჰყვა და უმეცრობის მტვერ-ბუქი ააყენა... ბარემც თავისს ქერქში ყოფილიყო და კუსავით ფეხი არ გამოეყო, ვითომდა მეც ნახირნახირო. მაგრამ რას იზამთ? ხელთ ჩაუგდია ,,კვალი~ და ხომ მოგეხსენებათ: ,,ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია~. (1900 „უმეცრობის ფართი-ფურთი“ გვ. 356 ტ. 14) 1897 წელს „კვალს“ არა ნოე ჟორდანია, არამედ გიორგი წერეთელი რედაქტორობდა და თუ გავითვალისწინებთ ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას მისდამი (რომელიც ზემოთ მოხმობილი ციტატებიდან კარგად ჩანს) და იმ ფაქტს, რომ გაზეთი ილიას წარმოსახვაში შეიძლებოდა „ვარდთან“ ყოფილიყო ასოცირებული, სავსებით შესაძლებელია, რომ გიორგი წერეთელთან და „კვალთან“ დაკავშირებითაც ეთქვა რუსთველის იგივე სიტყვები: „ყვავი რა ვარდსა იშოვის,/ თავი ბულბული ჰგონია“.

როგორც ვხედავთ, ორი რუსული გაზეთის („Тифлиссий листок“ და „Новое обозрение“) წარმომადგენლებს დაემატა ქართული გაზეთის - „კვალის“ რედაქტორიც და შეიკრა ის ჯგუფი, რომელიც თავიანთი ჟურნალისტური აგიტაციით ხელს უწყობდნენ თბილისის ქალაქის საბჭოში ისევ სომხური კლანის გამარჯვებას და რომლებმაც, ჩვენი ვარაუდით, გამოიწვიეს ილია ჭავჭავაძის ამ გამოცანების შექმნა. შესაბამისად, ისინი დაწერილი უნდა იყოს 1897 წლის მაის-ივნისში.

.




No comments:

Post a Comment